ლაშა გეგეჭკორი: მეშვიდე დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაისვენა

ლაშა გეგეჭკორი: მეშვიდე დღეს მიხეილ სააკაშვილმა დაისვენა




სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად სააკაშვილმა 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს მიმართა და განმარტა, რომ ყველაფერი რაც ამ ქვეყანაშია გაკეთებული და აქამდე არ გააფუჭეს, მისი გაკეთებულია.
„მიხეილ სააკაშვილმა, პირველ დღეს შექმნა - საქართველო; მეორე დღეს - დროშა; მესამე დღეს - სასამართლოს დარბაზი; მეოთხე დღეს - სკამი; მეხუთე დღეს - პატიმრის გალია; მეექვსე დღეს - ტრაილერი; მეშვიდე დღეს - მიხეილმა დაისვენა“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

ინფორმაციისთვის, 13 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე, იმ დროს, როცა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო, მოსამართლემ მას მიმართა და მისკენ შეტრიალება მოსთხოვა, რაზედაც ბრალდებულმა უპასუხა, რომ ის მხოლოდ ქართველ ხალხს მიმართავს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს პატივს არ სცემს.

„ეს სხდომის დარბაზი ჩემი აშენებულია, ეს დროშა, რომელიც თქვენ უკანაა, ჩემი გაკეთებულია, ეს სკამიც, რომელზეც ზიხართ, ჩემი დადგმულია, ეს აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც, ჩემი აშენებულია. მე სად ვარ, ამის განმარტება თქვენგან არ მჭირდება. ყველაფერი რაც ამ ქვეყანაშია გაკეთებული და აქამდე არ გააფუჭეს, ჩემი გაკეთებულია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.