ლაშა გვასალია: მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი კასრებიდან ამოღებული მასალები

ლაშა გვასალია: მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი კასრებიდან ამოღებული მასალები




გვესაუბრება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო
ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია:

- მოგესალმებით, ბატონო ლაშა. რა მდგომარეობაა რეგიონში, ზოგადად, პოლიტიკური სოციალური, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები, ალბათ, ართულებს ვითარებას.
- მივესალმები „საერთო გაზეთს“, თქვენს მკითხველებს და უნდა გითხრათ, არ არის სახარბიელო მდგომარეობა, განსაკუთრებით, პანდემიის თვალსაზრისით.
ჩვენ არ ვართ ძლიერი ეკონომიკის ქვეყანა და რა ვითარებაშიც ჩააგდო პანდემიამ მძლავრი ქვეყნების ეკონომიკა, ყველამ დავინახეთ…
სხვა გზა არ არის, უნდა ვისწავლოთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ქვეყანა არ დავღუპოთ.
- სამ კვირაში არჩევნები იქნება, როგორია წინასაარჩევნო განწყობა რეგიონში?!
- ადამიანის ფსიქოლოგია არის ასეთი - მისი ბუნება ყოველთვის ახლისკენ არის მიმართული, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს გააზრებული არ აქვს, რა იქნება და როგორი იქნება ის ახალი, თუმცა ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ახალი უკეთესი იყოს, ადამიანს, ზოგადად, მოსვენებას არ აძლევს.
ჩვენს შემთხვევაში, ეს ახალი ვერანაირად ვერ იქნება უკეთესი იმიტომ, რომ „ახალი“, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, მოსვლა კი არა, დაბრუნება, ყველამ ვიცით, რომ ახალი არ არის, ხოლო ეს მოსვლა მხოლოდ უბედურებებთან არის ასოცირებული. ცხადია, „ნაცმოძრაობას“ ვგულისხმობ, თუმცა არის მეორე „ახალიც“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ არის გამოყოფილი, მაგრამ არსებობს ერთი ჭეშმარიტება - არ შეიძლება განშტოება ფუძეზე ძლიერი იყოს, არ შეიძლება ტოტი უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე მუხის ტანი.
ამის გათვითცნობიერებას სჭირდება მეტი განმარტება, საუბრები და ჩვენც დავდივართ მოსახლეობასთან, ვუხსნით ყველაფერს.
თუმცა ბევრი რამ მაინც მოქალაქეებზეა დამოკიდებული - მათ უნდა გაარჩიონ, განაზოგადონ. გაიხსენონ, ვინ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით.
რა თქმა უნდა, აღმშენებლობითი პროცესები უნდა გაგრძელდეს.
პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როცა 8 წლის განმავლობაში ჩავატარეთ 7 არჩევნები, მაგრამ მომდევნო სამ წელს გვექნება დიდი შესვენება, ოღონდ შესვენება არჩევნების კუთხით, თორემ, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, იწყება დიდი აღმშენებლობის პერიოდი, სოციალური პროგრამების განხორციელების, განათლების სისტემის გაძლიერების და სხვა თვალსაზრისით.
- თქვენ კი ბრძანეთ, რომ უამრავი სოციალური და ეკონომიკური პროექტი განხორციელდა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, თუმცა ოპონენტებს თუ მოვუსმენთ, გეგონება, ქვეყანა დაიქცაო.
დამისახელეთ კონკრეტული პროექტები, რომლებიც უახლოეს დროში განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
- სამეგრელოში თითქმის ყველა სოფლის ცენტრამდე და თემამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია ან ბეტონის საფარით არის მოპირკეთებული. აქ, ცხადია, ცენტრალურ გზატკეცილებს არ ვგულისმობ, ეს გზატკეცილები თანამედროვე სტანდარტების დონეზე არის გაკეთებული, მე ვსაუბრობ სოფლის გზებზე. თითქმის ყველა სოფელში არის კეთილმოწყობილი ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, გარემონტდა და აიგო ახალი სკოლები, კეთილმოეწყო სასწავლო დაწესებულებებში, თვითონ შენობებში, სველი წერტილები.
„ქართუ ჯგუფის“ დაფინანსებით შენდება მემორიალური სახლ-მუზეუმი სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღესრულა, გამშვენიერდა სახლ-მუზეუმის გარშემო მთელი მიდამო. თქვენ უნდა ნახოთ, სასწაულია იქაურობა, ბეტონის გზა არის მიყვანილი მთელ სოფელში.
- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანებს თუ ეხმარებით და რა ინიციატივები გაქვთ ამ თვალსაზრისით?
_ სოციალური დახმარების კუთხით რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმუშავა, ასეთი სამუშაოები რამდენიმე ათეული წელია, არ განხორციელებულა საქართველოში. მარტო C ჰეპატიტის პროგრამა იქნება საკმარისი, რომელიც საამაყოდ ეყოფოდა ნებისმიერ მდიდარ ქვეყანას.
ვახორციელებთ თანადაფინანსებებს სხვადასხვა ქირურგიული ოპერაციების დროს, ასევე, გვაქვს სუბსიდირებები ონკოდაავადებულთათვის. ასეთი ინიციატივები არ ჰქონია არც ერთ ხელისუფლებას „ქართულ ოცნებამდე“.
ზუგდიდში შენდება თანამედროვე ტიპის უმაღლესი დონის თეატრი, რომელიც შალვა დადიანის სახელობისაა. ეს იქნება უნიკალური, მართლაც საოცარი რამე. ჯერ დამთავრებული არაა და რომ ნახავთ, გაოგნდებით.
შენდება საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ამ ბიბლიოთეკაში იფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები, ახალგაზრდული გაერთიანებები და ა. შ.
არაფერს ვამბობ დადიანისეულ სასახლეზე, ნიკოსეულ სასახლეზე, რომლებიც რეაბილიტირებული იქნა. დიდძალი თანხები დაიხარჯა ამაზე.
იმდენი პროექტები განხორციელდა და იმდენი კარგი საქმე გაკეთდა, რომ ჩამოთვლას დასჭირდება ძალიან დიდი დრო.
რაც მიმდინარე პროექტებია, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რაც არის დაგეგმილი, ეს ცალკე საკითხებია.
ხალხი ხედავს ყოველივე ამას, მაგრამ, მთავარია, მათ იცოდნენ: ჩვენს ქვეყანას სჭირდება შრომოსმოყვარე გუნდი, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, არ გაჩერდება და ხალხის კეთილდღეობისთვის იზრუნებს კვლავ.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან ვიცით, როგორია ხალხის განწყობა.
- თქვენ ბრძანებთ, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს აუცილებლად აირჩევს?
- „ქართული ოცნება“ არის ზურგი, ძალა თავისი ამომრჩევლებისთვის.
ბევრი მოთხოვნები აქვს ხალხს, მაგრამ უცებ ყველა საკითხს ვერ მოვაგვარებთ. თანმიმდევრულად, ნელ-ნელა ყველაფერი კეთდება და კიდევ გაკეთდება.
უფრო სწრაფად, მეგობრებო, ვერ გაკეთდება ჩვენნაირი ეკონომიკის პირობებში.
პრემიერმაც ბრძანა და ჩვენც ასე ვაპირებთ - 2 ოქტომბერს ვასრულებთ არჩევნებს და 3 ოქტომბრიდან ვიწყებთ კი არა, ვაახლებთ აღმშენებლობით პროექტებს, ინფრასტრუქტურაზე, ქალაქზე, რაიონებზე, რეგიონზე, ხალხზე ზრუნვას.
ოპოზიციას კი ერთი მიზანი აქვს - ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მინდა მათ ერთი რამე ვკითხო და გვიპასუხონ - ვინ შექმნა ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო, რომელსაც უცხოელებიც ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ?
ხომ გვახსოვს, წინასაარჩევნოდ რა უბედურებებიც ტრიალებდა ქვეყანაში, რა თავდასხმები და ხელჩართული ომი იყო.
- როგორც მახსოვს, თქვენ არაერთხელ ყოფილხართ ნაციონალებთან ფიზიკურ დაპირისპირებაშიც კი.
- ჩხუბებს აღარ მოვთვლი, 2012-ში სამჯერ დამაკავეს. ჩემთან ერთად დააპატიმრეს ჩემი მეგობრებიც. ჯერ გვაწამეს, მერე სადღაც ტყეში დაგვსვეს, მეორედ - მთაში და ის ხალხი, რომლებიც დღეს ვითომ მაღალ სტანდარტებზე ლაპარაკობენ არჩევნებთან დაკავშირებით, გონს მოეგონ. ჩვენ არ გვჭირდება სწავლება, საკუთარ წარსულს გადახედონ და მოინანიონ, რაც ჩაიდინეს.
- ნაციონალები და მათი მომხრეები ლაპარაკობენ: არავითარი სამეგრელოს ტყის ბუნკერები, არავითარი ციხის წამებები არ ხდებოდა, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მოგონილიაო. წავიდა კაცი პოლიტიკიდან და მაინც ვერ მოინელეს მისი არსებობა.
- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ბუნკერებიდან, კასრებიდან ამოღებული მასალები. ასევე სიები, სადაც იყო ჩამოთვლილი ასაწიოკებელი, დასარბევი ადამიანები და მათი ოჯახები.
ოდიშში რომ იყო საწამებელი ბუნკერი, ეს მოგონილია?
ისეთი საქმეები აქვთ გაკეთებული, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
21-ე საუკუნეში ადამიანს ისეთი რამ თავში როგორ უნდა მოუვიდეს, რასაც იქ აკეთებდნენ.
თუ არ ახსოვთ, გავახსენებ: 2012 წლის არჩევნების წინა დღეებში როგორ შემოარტყეს ჩემს სახლს ალყა და რაც ჩაიდინეს - ოჯახი დამიწიოკეს, ჭინკებივით ძვრებოდნენ ღობეებიდან.
ეს იყო წმინდად დიქტატორული რეჟიმი, რომლის გამეორება საქართველოს სხვას არაფერს მოუტანს სახელმწიფოებრიობაზე ოცნების დაკარგვის გარდა.
- ამის ჩამდენმა ხალხმა არაერთხელ სცადეს სამეგრელოში პოლიტიკური თანამდებობების დაკავება… ჯერ სააკაშვილის ცოლმა, მერე ბევრმა სხვამ, ახლა ენმ-ის ახლანდელი ლიდერის ნიკა მელიას მამა იქაჩება ზუგდიდის მერობისთვის.
- რაც სანდრამ მიიღო, იმას მიიღებს ანზორ მელიაც. მაგრამ მან ხომ მშვენივრად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს ვერ მოიგებს? მაგრამ, დავუშვათ, მოხდა სასწაული და მოიგო, რა მერი უნდა იყოს ანზორ მელია. ის არის თბილისელი კაცი, რომელიც ზუგდიდში წელიწადში ერთხელ ან, მაქსიმუმ, ორჯერ თუ ჩამოვიდოდა. ზუგდიდი მისთვის იყო ბავშვობის მოგონების ქალაქი. ზუგდიდს კი სჭირდება ზუგდიდელი კაცი, ადამიანი, რომელიც ქალაქს იცნობს საფუძვლიანად. ანზორ მელია ზუგდიდის მერი რომ გახდება, ეს არის აბსურდი და ბუტაფორია.
მაგრამ, სავარაუდოდ, მათი მიზანი არცაა არჩევნებში მოგება. მათ, სინამდვილეში, არ აინტერესებთ 2 ოქტომბერი, მათ სჭირდებათ 3 ოქტომბერი, რომ დაიწყონ აყალმაყალი და არეულობა.
- ანუ იციან, რომ წააგებენ?
- რა თქმა უნდა, და ეს ეტყობათ კიდევაც.
გამოკითხვებსაც ხომ აწარმოებენ და ხვდებიან, რეალურად, როგორ აქვთ საქმე.
- ერთ ტელევიზიაში ამასწინათ გამაოგნებელი ინტერაქტივი დადეს.
- ტვ-I-ის ინტერაქტივში ისეთი მონაცემები იყო, ალბათ, თავად ტვ-I-საც ეცინებოდა _ მათ უკვე აირჩიეს მელია მერად და უკვე აქვთ ახალი სტუდია, ტვ-I არის მთავარი ტელე-არხი საქართველოში, ინგა კვლავ ქართული ჟურნალისტიკის დედაა და გვლოცავს სავსე ღაბაბით და ღარიანი ძუძუებით.
იმდენი მაგათ არ აუდგათ გვერდები, რამდენიც ასე არ იქნება და მაგას ვერ ეღირსებიან.
2 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს, ხოლო „ნაცმოძრაობა“ უნდა ამოიშალოს მოქმედი პოლიტიკური სივრციდან.
- თქვენ ალბათ უსმინეთ ამასწინათ ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას. მან თქვა, საკმაო ელექტორატი მყავს და 2 ოქტომბრის შემდეგ რა შედეგებიც არ უნდა დაიდოს, „ქართული ოცნება“ მაინც დაიშლებაო. რას იტყვით ამაზე?
- გიორგი გახარია ჯერ ბიზნესომბუდსმენი იყო, მერე მრჩეველი, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, თანამდებობებთან ერთად ხომ არ დაბადებულა? ეს ხომ იყო „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურება და გადაწყვეტილება?
მას არ უნდა გაეხლიჩა გუნდი.
ამიტომ მიმაჩნია, რომ გახარიამ იჩქარა და არასწორი ნაბიჯი გადადგა.
- წასვლით თუ ხელახალი მოსვლით?
- მელიას დაპატიმრების გამო არ უნდა წასულიყო თანამდებობიდან და გუნდი არ უნდა მიეტოვებინა.
მელიას ერთი კაცი კი არ აპატიმრებდა, არამედ ინსტიტუტი და კანონი. კანონს უჩვენა ზურგი გახარიამ.
- როგორ დაახასიათებთ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიას?
- ნამდვილად დადებითი, გამოცდილი, უმწიკვლო ადამიანი და მუხლჩაუხრელი მშრომელია. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და, კერძოდ, ზუგდიდს. მამუკა წოწერია, მერად არჩევის შემთხვევაში, ნამდვილად დადებითად დაამახსოვრებს თავს ზუგდიდს.
- ბატონო ლაშა, ინტერვიუს განმავლობაში მე თქვენ გისვამდით შეკითხვებს, როგორც თანამდებობის პირს, მაგრამ ახლა, როგორც მწერალს, ისე მინდა გკითხოთ, როგორ გესახებათ ჩვენი ქვეყნის განვითარების მომავალი?
- ბოლო ხანების ისტორიაში მოხდა სახელისუფლებო ჯაჭვის წყვეტა - როცა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს.
დღემდე რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის იმ უბედურებების გამოძახილი.
ვერ შედგა ეროვნული თანხმობა. თავის დროზე პატრიარქიც იყო მოწადინებული ამაზე, მაგრამ ყველას გვახსოვს, სააკაშვილმა ჩაშალა ეს მოლაპარაკება. მან ხელი არ მოაწერა ეროვნული თანხმობის დოკუმენტს.
- ვერ ვიხსენებ, როდის მოხდა ეს ფაქტი?
- 2005 წელს შედგა ეროვნული თანხმობის კომისია, ეროვნული, კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით. გურამ აბსანძემ მოაწერა ხელი ეროვნული ხელისუფლების მხრიდან. ხელი მოაწერა, ასევე, ჩვენმა პატრიარქმა ილია II-მ, მაგრამ შეკრებაზე, რომელიც ქაშუეთში შედგა, არ გამოცხადდა მიხეილ სააკაშვილი.
- რას გულისხმობდა ეროვნული თანხმობის დოკუმენტი?
- ეროვნული თანხმობა ეს იყო პოლიტიკური და სოციალური შურისძიების იდეის დაძლევის დოკუმენტი, ანუ გარკვეულ დონეზე უნდა აგვერჩია, როგორი სახელმწიფო გვინდოდა და შევთანხმებულიყავით კონკრეტულ საკითხებში.
დაპირისპირებები, ლანძღვა-გინება უნდა დასრულებულიყო.
დოკუმენტში იყო მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ სტაბილიზაციას შექმნიდა ქვეყანაში.
ეს მოხდებოდა ხატის წინაშე, ეკლესიის და პატრიარქის ავტორიტეტის დახმარებით.
შეთანხმება ჩაშალეს მაშინ სააკაშვილმა, ბოკერიამ და სხვა ნაძირლებმა.
იმ პერიოდში დაუპირისპირდნენ გურამ აბსანძესაც. აითვალწუნეს პატრიარქი და შეთანხმება ნელ-ნელა ეროვნულ უთანხმოებაში გადაზარდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო პირველი ნაბიჯები გადადგმულიყო ეროვნული შუღლის მოსასპობად და უარი თქვა ყოველგვარ რევანშსა და შურისძიებაზე.
თუმცა ისევ ვხედავთ კონფრონტაციას და ეს კვლავ „ნაცმოძრაობიდან“ მოდის.
ესენი საშველს არ აძლევენ ქვეყანას. ყველა დონეზე უტევენ სახელმწიფოს. მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში გვამყოფებენ. ვერ ამოისუნთქა ქვეყანამ, რომ თანხმობისკენ ნაბიჯები გადაედგა. სხვათა შორის, იმ შეთანხმების საკითხში 2005-ში აფხაზებიც იყვნენ ჩართული.
სააკაშვილი და მისი მეგობრები დღემდე ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში არ მოხდეს ეროვნული თანხმობა. ეს აძლევთ საშუალებას, მუდმივად იტივტივონ პოლიტიკური სივრცის ზედაპირზე, რადგან წყნარ სიტუაციაში მათი ადგილი აღარ იქნება.
როგორც მაშინ ჩაშალეს მოლაპარაკება, ახლაც იგივეს ცდილობენ. როგორც კი დაიწყებოდა საუბარი ქვეყნის საჭირბოროტო საკითხების გადაჭრაზე, მაშინვე იწყებდნენ აქციებს, ლანძღვა-გინებას, საელჩოებთან მივარდნას და ა. შ.
გასაქანი არ მისცეს ამ ქვეყანას ამ რუსეთის იმპერიიდან მართულმა სამარცხვინო მარიონეტებმა.
სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ - რუსეთიდან არიან ესენი მართული.
- ძალზე საინტერესო ფაქტის მომსწრე ვართ - ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს რუსეთის აგენტობას, ხელისუფლება - ოპოზიციას.
- მათი ბრალდებები ისეთივე სიმართლეა, როგორიც იყო ინტერაქტივის გამოკითხვა ტვ-I-ზე.
ესენი რას ლაპარაკობენ, რა მნიშვნელობა აქვს? - ბიძინა ივანიშვილიც და ირაკლი ღარიბაშვილიც არიან ნაღდი ქართველები და ეს არაერთხელ დაამტკიცეს.
რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, იმხელა ქველმოქმედებები საქართველოს ისტორიაში აქამდე არავის ახსოვს. ჩვენი ისტორია არ იცნობს უფრო დიდ მეცენატს, ადამიანს, რომელსაც ამდენი ფული ექნება დახარჯული ქვეყანაში, ამდენი მიმართულებით.
დემაგოგიას აზრი არ აქვს. ყველას გვაქვს თვალები და ყურთასმენა და ყველა კარგად ვხედავთ, ვინ რისი მოქმედი და გამკეთებელია.
ჩვენს ქვეყანას ჰყავს საუკეთესო პრემიერ-მინისტრიც.
ბოლო დღეებში სესხის აღებასთან დაკავშირებით რაც განაცხადა, ეს იყო ნამდვილად ლიდერის განაცხადი.
ზვიად გამსახურდიას შემდგომ პირველად დავინახე ასეთი დამოუკიდებელი და თავისუფალი ლიდერი და ესაა მნიშვნელოვანი.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს სახელმწიფო უთუოდ შედგება და თავის სიტყვას იტყვის როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე ყველა მიმართულებით, მანამდე კი წინ საპასუხისმგებლო არჩევნები გვიდგას, სადაც გამარჯვება ქვეყნის გადარჩენის ტოლფასია.

ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი''