,,ლევან, მიყვარხარ''

,,ლევან, მიყვარხარ''




ყოველ ორშაბათს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოგიყვებათ ერთი გმირის ისტორიას:

ლევან აბაშიძე - დაიბადა 1963 წლის 22 მაისს. 1980 წელს, თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე.  1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.
ლევან აბაშიძის დებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ, მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განასახიერა. ხოლო მთავარი როლი, ეკრანზე, შეასრულა 1984 წელს, გიორგი შენგელაიას ფილმში: „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობმა, ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არა ერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის, აღსანიშნავია ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975), ტატო კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წელს კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990), ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986), გუგული მგელაძის „ფესვები“ (1987), მიხეილ კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985), ალექსანდრე კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987) და სხვა...
1992 წელს, ერთდროულად, სამ ფილმში იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან უყვარდა, გადაღებები მიატოვა და აფხაზეთში, სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლ მეგობრებს, 6 სექტემბერს შეურთდა. მეორე დღეს, 7 სექტემბერს, ბრძოლის ველზე, ერთად იყვნენ: სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ყუმბარას გია გადაეფარა, რომ მეგობრების სიცოცხლე ეხსნა, მაგრამ საბედისწერო შემთხვევამ, იმ დღეს, სამი ბიჭი იმსხვერპლა, მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ეს მოხდა ზემო ეშერასთან... აფხაზეთთან ერთად, დაკარგული თაობა, მთელმა ერმა დაიტირა...
“დედა, მე მივდივარ სოხუმში!” გავშეშდი… იქ ვინც იბრძვის, იმათ, დედები არ ჰყავთო? – მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები – გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე – ლევანიც… ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა… ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა… გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი: “არა, მეგობარო!” ეს ლევანის ბოლო ფილმია…ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ლევანი დღემდე უყვართ და დღემდე ახსოვთ.” – ამონარიდი ლევან აბაშიძის დედის, მანანა ხიდაშელის ინტერვიუდან...
როცა ლევან აბაშიძე ჩამოასვენეს, მეორე დილით, მისი სახლის წინ, წარწერა გაჩნდა. თეთრი საღებავით, დიდი ასოებით ეწერა: "ლევან, მიყვარხარ", მეორე დილით, ახალი წარწერა დაემატა: "მე უფრო ძალიან მიყვარხარ", შემდეგ_ "მე ყველაზე მეტად მიყვარხარ" . ყოველ დილით, ახალ- ახალი წარწერა ჩნდებოდა და ბოლოს, გაჩნდა ერთი ძალიან ცუდი კალიგრაფიით დაწერილი წინადადება :"არავინ არ იცის, მე რა ძალიან მიყვარხარ"... (წარწერა ეკუთვნოდა მიკა სტრიმბიანუს ,ლევანის უკანასკნელ სიყვარულს).
მიკაელა სტრიმბიანუ, მოლდოველი სტუდენტი იყო, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა. ის 18 წლის იყო, როცა 25 წლის ლევანს შეხვდა და ეს შეხვედრა დიდი სიყვარულის საწყისად იქცა. 
"ლევანი საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. დღესაც კი ვგრძნობ მის სუნთქვას და ხშირად მესიზმრება, რომ სულ ხელს მკრავს – ალბათ უნდა, დიდხანს ვიცოცხლო, ის კი ისევ ისეთი ახალგაზრდა დარჩეს ჩემს მეხსიერებაში. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა – მე მაშინ თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა ვიყავი... ლევანი 25 წლის, ცნობილი მსახიობი ბიჭი იყო. პირველივე შეხედვისას ვიგრძენი, რომ ეს ის ადამიანი იყო, ვინც მჭირდებოდა, ვინც ძალიან ჩემი იყო და ვისთვისაც მზად ვიყავი, ყველაფერი დამეთმო. მართლა უზომოდ გვიყვარდა ერთმანეთი და ვერ წამომედგინა, მის გარეშე ცხოვრებას თუ გავაგრძელებდი... ძალიან მანებივრებდა. ვგრძნობდი, როგორი შურის თვალით მიყურებდა ყველა გოგო, როცა ლევანის გვერდით ამაყად მივაბიჯებდი რუსთაველის გამზირზე. მეც ვეჭვიანობდი, მაგრამ, ერთხელ შემთხვევით მოვისმინე მისი საუბარი ქალთან – ეუბნებოდა, მე საყვარელი ქალი მყავს გვერდითო. ძალიან ამაყი ვიყავი იმ წუთას. არ დამავიწყდება, ისე გამახარა ამ ნათქვამმა... არასდროს უთქვამს მიყვარხარო. ამას ვგრძნობდი. მოგვიანებით ,გიო მგელაძემ მითხრა, ლევანმა გული გადამიშალა და მითხრა, მიკა არის ქალი, რომელმაც მაგრძნობინა – რა არის სიყვარულიო. თავისი ხელით დაკრეფილი მინდვრის ყვავილები მოჰქონდა, ნამცხვრებს ყიდულობდა, კაბებს მჩუქნიდა… ჩემ გამო ჩხუბობდა. მოდიოდა ნაცემი, ცხვირგატეხილი… ჩვენი ბოლო კონტაქტის გახსენება ძალიან მიმძიმს. კიშინიოვში ვიყავი. 5 სექტემბერს დარეკა. დედაჩემმა აიღო ყურმილი. აფხაზეთში მივდივარ და უთხარით, იქიდან დავურეკავო. ორი დღის შემდეგ დაიღუპა… როდესაც კიშინიოვში მივდიოდი, გამაცილა და მითხრა_რომ ჩამოხვალ ყვავილებით დაგხვდებიო. ამის ნაცვლად, ყვავილები მე დავაწყვე გაჩერებულ გულზე.,, მე ასეთი სიყვარული აღარ მწვევია. მიყვარდა, მაგრამ მივხვდი, რომ ის ისეთი ძლიერი სიყვარული არ იყო. ამიტომ მარტო დარჩენა გადავწყვიტე."- მიკა სტრიმბიანუს ინტერვიუდან...
????გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი, ლევან აბაშიძის მეგობარი: "ლევანის ყველა მეგობარს მიაჩნია, რომ მასთან განსაკუთრებული მეგობრობა ჰქონდა და ეს ასეც არის. რატომ? იმიტომ რომ ლევანს თავად შეეძლო განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა.თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, ისეთი სიყვარული და სინათლე დატოვა, ბევრმა  რამდენიმე ხანგრძლივი ცხოვრება რომ განვლოს ამას უბრალოდ ვერ შეძლებს, ვერ მოასწრებს. ის სინათლე, ის სიყვარული, რაც მან დატოვა თავის ცხოვრებით და მართლაც გმირული აღსასრულით, დღემდე მოგვყვება. ეს ის არის, რასაც დრო ვერ ერევა და ამითაც გვეხმარება მძიმე დღეებში, მძიმე წუთებში გვინათებს და ხელს გვიწვდის. ეს შეუძლიათ მხოლოდ ლევანის მსგავს ადამიანებს. ისინი არიან ადამიანი- დღესასწაულები. ცხადია, ხშირად  არ იბადებიან, დღესასწაულიც ხომ ეს არის, ის ხომ ყოველ დღე არ არის, მას ველოდებით და გვიხარია მისი მოსვლა. ასეთი იყო ლევანი, ადამიანი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის გაგრძელდება, იცოცხლებს და არასოდეს დასრულდება."
გიორგი გაჩეჩილაძე, ლევან აბაშიძის თანამებრძოლი, მეგობარი: " 1 სექტემბერს, ჩვენ გადავედით გუმისთის იქით და ავიღეთ ეშერას მიდამოები, იქ რუსების საიდუმლო ლაბორატორია იყო და მის გარშემო ტერიტორიები მთლიანად ჩვენ დავიკავეთ. 2 სექტემბერს, შევარდნაძემ და ელცინმა მოაწერეს ხელი შეთანხმებას და გამყოფ ხაზად განისაზღვრა გუმისთა. ალბათ, ეს შეტევაც იმიტომ განხორციელდა, რომ ჩვენ უკან დაგვეხია და გამოვსულიყავით. ჩვენი უკან გამოსვლა, რატომღაც, დაგვიანდა. წესით, ჩვენ უნდა გადმოვსულიყავით გუმისთის აქეთა მხარეს.  ეს ამბავი 7 სექტემბერს მოხდა, წინა დღეები შედარებით სიწყნარე იყო, მაგრამ 6-ში და 7-ში სერიოზული შეტევები დაიწყეს, ეტყობა, ითხოვდნენ ჩვენგან, შეგვესრულებინა შეთანხმების პირობები და გუმისთის აქეთა მხარეს გადმოვსულიყავით. 6 სექტემბერსაც შეტევა იყო , ღამეც გვესროდნენ სნაიპერი მუშაობდა  და 7 სექტემბერსაც მთელი დღის განმავლობაში. ლოკაციაზე უნდა მივსულიყავით, სადაც ადრე ჩვენი პოზიცია იყო, ჩვენ, ოთხივე ერთად ვიყავით გასულები. ჩასაფრება მოგვიწყვეს. ეშერა ისეთი ადგილია, შეჭრილ- შემოჭრილი პოზიციები იყო. ხშირად ხდებოდა ისეთი რამე , რომ 2 მეტრში ერთმანეთს ვეჩეხებოდით მოწინააღმდეგეები. მარადმწვანე მცენარეები იყო, მანდარინის პლანტაციები და ხილვადობა პრაქტიკულად არ იყო. ძალიან ახლოს იყვნენ შემოჭრილები ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენ, 4 ადამიანი_ ლევან აბაშიძე, სუხი სულხანიშვილი, გია ნადირაშვილი და მე ჩასაფრებაში მოვყევით, რის შედეგადაც მოხდა ეს ტრაგედია, 3 ჩემი მეგობარი დაიღუპა, მე დავიჭერი...ეს იყო დარტყმა ჩვენზე, რომელმაც გადაარჩინა ჩვენს უკან მყოფი 25-მდე მებრძოლი, რომლებიც, სადღაც 30 მეტრში იყვნენ ჩვენი პოზიციიდან, სახლის უკან, ლოდინის რეჟიმში. ჩვენს პატარა ჯგუფზე ამ შემოტევამ, შეიძლება ითქვას, რომ ფარის როლი ითამაშა იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მიგვიშვეს, გვიყურებდნენ, როგორ ჩავწექით, პოზიციები დავიკავეთ და ცეცხლი გაგვიხსნეს ჯერ ხელყუმბარები გადმოყარეს და მერე, ძალიან ახლო მანძილიდან იყო სროლა, იქამდე, სანამ ეს შეტევა ჩვენების მხრიდან არ იქნა მოგერიებული. ბუნებრივია, მსხვერპლი,მოწინააღმდეგე მხარესაც ჰყავდა..  ლევანი წინა დღეს ჩამოვიდა, ჩვენ ომამდეც ვმეგობრობდით, მთაწმინდელები ვიყავით და რა თქმა უნდა, ჩვენთან მოვიდა. ჩვენთან ერთად იყო წინა ხაზზე, სანამ დაიღუპებოდა. ის ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი. ლევანი ყველას უყვარდა. სიმპატიური იყო ძალიან და ბევრ გოგოს უყვარდა. ძალიან საინტერესო და შემოქმედი პიროვნება იყო. ბევრ ფილმში ჰქონდა ნათამაშები ასაკის მიუხედავად, ომის დროსაც 3 ფილმზე მუშაობდა, მაგრამ მიატოვა გადაღებები და  ჩვენთან ჩამოვიდა. ის ყველასთვის მაგალითის მიმცემი იყო. წავიდა და ყველას დაგვანახა, რომ ყველაფერზე აღმატებული, ბევრად უფრო მაღალი ღირებულებაა, სამშობლო და მისი დაცვა, შენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი. ლევანმა, თავისი ცხოვრებით, სამშობლოს სიყვარულის და მისთვის თავგანწირვის მაგალითი დაუტოვა მომავალ თაობებს..."