ლელა კურდღელაშვილი: ცოტა მიაყენოს იმ ,,სასტავმა'', პატრიოტიზმი რაა, ვიცით ამ ქვეყანაში!

ლელა კურდღელაშვილი: ცოტა მიაყენოს იმ ,,სასტავმა'', პატრიოტიზმი რაა, ვიცით ამ ქვეყანაში!




ლელა კურდღელაშვილი (ჟურნალისტი):

1992 წელს 9 თვის ფეხმძიმემ ქმარი ომში გავაცილე - კი, ბიჭები მიდიან და შენც უნდა წახვიდე მეთქი. ისე ვიმშობიარე, არ ვიცოდი, ცოცხალი თუ იყო. 
2008 წლის 12 აგვისტოს ღამით, ომში დაღუპული ბიჭები რომ მიაბარეს მუხათგვერდის მიწას, ყვავილებიანი ქოთანი ვესროლე მეოთხე სართულის აივნიდან სახლის წინ გაჩერებულ მანქანას, საიდანაც ბოლო ხმაზე აწეული ტაშ-ხოშიანი საქეიფო მუსიკა გუგუნებდა. ძლივს გადავრჩი დაჭერას - სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისთვის. ცხონებული ზურაბ ჭავჭანიძე იყო მაშინ მთავარი მომრიგებელი - მართლა გიჟი ქართველი და ძალიან ვაჟკაცი.  მახსოვს, აგვისტოს ომისას მაგასაც ჰქონდა პრობლემა - თავი დაადო და მარტო წავიდა საომრად, მერე, რაღაც მუხები ჩამოათრია რუსებისთვის წართმეული და ეზოში დაყარა. მოკლედ,  მაშინ ორივე გამოვძვერით შარიდან. 
აი, ახლა რომ სასტავი ამტკიცებს, პატრიოტები ვართ და კვერცხებს მაგრად ვისვრითო, და თავის დროზე ვეტერანებს არბევდა და უჟაპუნებდა, მერე ლამის წელში უვარდებოდა რუსულ ელიტას და არასდროს იმ ვეტერანების სამარცხვინო დახმარება არ გაუპროტესტებია, ცოტა მიაყენოს იმ ,,სასტავმა". პატრიოტიზმი რაა, ვიცით ამ ქვეყანაში და შორს გამიზნული მავნებლობა რაცაა, ისიც ვიცით. 
ევროპასთან ჩაშლილი მოლაპარაკება და კიდევ ერთხელ ჩაგდებული ტურისტული სეზონი რას მოიტანს, ეგეც გვესმის. 
ემოციებიც, სხვებზე მეტი გვაქვს, ბრძოლაც გვესმის და სტუმრის დახვედრის წესებიც. 
გმირი მაშინ ხარ, როცა მტერს შენი ნებით არ გადაულოცავ მიწას, გინდაც ქვა-ღორღიანს და არა მაშინ, როცა შენივე მტერის ჰიბრიდული ომის მონაწილე ხდები. 
მთავარი გმირობა ახლა კვერცხების და მაგარ მაგარი ფრაზების სროლა კი არა,  კომპრომისია და თუ გაქვთ უნარი, შედით პარლამენტში და მიეცით შანსი ამ ქვეყანას, რომ წინ წავიდეს. კულინარების საძმოს და 2008 წლის ომში გაფარჩაკებულ სააკაშვილს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას, თორემ კვერცხის სროლა ძაან ადვილია და გინებაც ბევრმა უკეთესად იცის, გინდ რუსულად და გინდაც მშობლიურ ენაზე. 87 წლის ბებერს კი არა, მოქოქილ ტანკებს ვაგინებდით 9 აპრილის მერე თბილისის ქუჩებში გოგო-ბიჭები.