მამაცი ალიკო

მამაცი ალიკო




„ყოველი ძილის წინ, უსინდისო ვიყო, ღმერთმა მაინც იცის დანამდვილებით, რომ ყოველი ძილის წინ ვარ კრწანისის ბრძოლაში, ბოლო ეპიზოდი რომაა, მესამე დღე, ერეკლეს ჯარი რომ ტყდება და ვეღარ უძლებს, რეზერვი აღარ ჰყოფნის, სანამ 300 არაგველი შემოვა, მანამდე „დეშეკათი“ მივდივარ, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით, ყველაზე მეტად როცა უჭირს ერეკლეს, მაშინ გადავტენი ხოლმე და ბალახებივით ვთიბავ სპარსელების ჯარს“, - ამის შესახებ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემაში - „ნოესთან“ ისაუბრა (ტელეკომპანია ,,იმედი").

***

1795 წელი. ბრძოლა ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის თბილისთან, კრწანისის ველზე. აღა-მაჰმად ხანმა თავისი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ ერეკლე მეორეს ქართლ-კახეთის სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. გეორგიევსკის ტრაქტატის ერთგული ერეკლე რუსეთის მეფეს დახმარებას სთხოვდა. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა, 8 სექტემბერს სოღანლუღ-იაღლუჯის ჩრდილოეთ კალთებსა და კუმისის ტბას შორის, სარვანის მინდორზე დაბანაკდა. ქართველთა ლაშქარი 5 ათასამდე კაცს ითვლიდა, აქედან 2 ათასი იმერეთის სამეფოდან იყო, სოლომონ მეორე მეთაურობდა.

***

9 სექტემბრის დილას, სანამ მზე შუბის ტარზე ამოიწვერებოდა, ალიკო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევით ორჯერ გადავიდა იერიშზე. მან მტერი ორჯერვე ახლოს მოუშვა, შემდეგ კი ერთბაშად ცეცხლითა და მახვილით უკუაქცია.

10 სექტემბერს სპარსელები მიხვდნენ, რომ ალიკოსთან თამაში ცეცხლთან თამაში იყო, ის სოღანლუღის მხრიდან თბილისში არ შეუშვებდა და ამიტომ სომეხი მელიქების რჩევით გადაწყვიტეს, თელეთიდან შინდის-ტაბახმელისკენ ასულიყვნენ და იქიდან დაშვებულიყვნენ კრწანისის ველზე, საიდანაც უფრო იოლად მოადგებოდნენ თბილისს. ამ გზით თაბორის ქედიდანაც შეიძლებოდა პირდაპირ აბანოთუბანში დაშვება, მაგრამ იქ ალიკოს ერთგული თანამებრძოლი ლევან იოსელიანი იყო გამაგრებული თავისი რაზმით, ირანელები დიდ ჯახს მოერიდნენ.

10 სექტემბერს, ერეკლეს ბრძანებით ბრძოლას დავით ბატონიშვილი სარდლობდა, ხოლო მის პირველ მოადგილედ ალიკო ელისაშვილი დაინიშნა.

ერეკლე მეორეს ხელში ჭოგრიტი მოემარჯვებინა და ფრონტის ხაზს გაჰყურებდა.

- მეფეო, მომეცი ჭოგრიტი, მე შენთან შედარებით მაღალი ვარ, უკეთესად დავინახავ ფრონტის ხაზს, უმალ მოგახსენებთ, რასაც კი შევნიშნავ, არარაის დამმალავი არ ვარ, ღმერთი ნუ გამიწყრება, ჩემმა მზემ, - მიმართა ალიკომ ერეკლეს და თავი ჩაჰკიდა.

ერეკლემ ჭოგრიტი ნელა დაუშვა, ირგვლივ მიმოიხედა, უკან ზომაზე მეტად აყლარწული ჭაბუკი წამომდგარიყო.

- ალიკო, მე აღფრთოვანებული ვარ შენი სიმამაცით... ხან გაოცებასაც ვერ ვმალავ, მტრის რიგებს რომ თიბავ, მაგრამ კარგად დაიმახსოვრე, შენ ჩემთან შედარებით უბრალოდ გრძელი ხარ და არა მაღალი! - მიუგო ერეკლე მეორემ და ჭოგრიტი ისევ მოიმარჯვა.

- ჰო, დიდო მეფეო, თქვენზე მაღალი არავინ სუფევს ცის კამარაზე! - გაიჯგიმა ალიკო.

- რა ცის კამარაზე, ბიჭო, ჩიტი ვარ? - გაღიზიანდა ერეკლე.

- არა, დედამიწაზე... ამას წინებზე ფრიდრიხ დიდმა დამაბარა, დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში პრინცი ერეკლეო.

- შენ საიდან იცნობ ფრიდრიხ დიდს?

- ჯუნიორ ვაშაძემ წამიყვანა მაგის დაბადების დღეზე, თაკო ჩარკვიანმა გააცნო თურმე ადრე, ფრიდრიხის დიდი ბებია ყოფილა გიგანების ახლო ნათესავი მეთხუთმეტე საუკუნეში.

- როცა ნახავ, მადლობა გადაეცი.

- ვის, ჯუნიორს?

- ფრიდრიხ დიდს!

- ააა, ჰოოო, მა რააა, გადავცემ, - თითქოს დაიბნა ალიკო.

- ახლა კი დავით ბატონიშვილთან ერთად თაბორის ქედის სამხრეთ ფერდობებთან, შინდისის მიდამოებში განლაგდი და მიზანში თელეთის ქედის ჩრდილო ფერდობები ამოიღე, მტერი იქიდან დაეშვება კრწანისის ველისაკენ.

- სამთავრობო აგარაკები როა, მანდ ჩავსაფრდე?

- ჰო, ოფთალმოლოგიური კლინიკა და სასჯელაღსრულების დაწესებულებები როა, მანდა.

მტერმა თელეთის ქედზე გადმოსვლა მართლაც დაიწყო. ალიკომ ტყვიამფრქვევი მოიმარჯვა და ჰეეე... მიდი, მოვდივააარ... თიბა და თიბა წყეული სპარსელები. დიდად დაზარალებული მტერი რამდენიმეჯერ უკან გაბრუნდა. თუმცა სპარსელებს ახალი, დასვენებული, დიდი ძალა ემატებოდა თელეთის ქედის მეორე მხრიდან. 75 წლის ერეკლემ ბაირაღი აიტაცა, იშიშვლა ხმალი და მომხდური მტრის რაზმების შუაგულში შევარდა. ქართველებმა საღამოსათვის მრავალრიცხოვან მტერს დიდი დანაკარგით უკან დაახევინეს. მათი განახევრებული რაზმები თელეთის ქედის მეორე მხარეს, თავიანთ ბანაკისკენ გადადევნეს. 10 სექტემბერს ქართველები გამარჯვებული მობრუნდნენ თბილისში.

ალიკო კარგ ხასიათზე დამდგარიყო, ლევან იოსელიანს გადაეხვია, ხომ ჯანმრთელადა ხარ, ბიჭო, განაკაწრი ხომ არსად გაქვსო? არაო, მიუგო ამან, ამ გახვითქულმა იოსელიანმა, შენ ხომ ჯანზედ ხარ, სპარსელთა ისარი ხომ არსად გაგერჭო, ან იღლიაში ან სადმეო? არაო, ვერ მიართვეს აღა მაჰმად-ხანსაო, მაგას ხვალ გავაძევებთ აქედანო, დედას ვუტირებთო.

- ბიჭო, ამ ომს რომ მოვიგებთ, ,,იასნია", არ არი პრობლემა, მაგრამ სახლში რო დავბრუნდებით, რა ვქნათ, არ შევიდეთ პარლამენტში? - ჩაილაპარაკა იოსელიანმა.

- უნდა შევიდეთ, ერთი მაგათიც, ჩვენ აქ ვიბრძოლოთ, სპარსთა, ოსმალთა, თურქთა და სელჩუკთა ლაშქრები ვამარცხოთ და ისევ სააკას ჭკუაზე ვიაროთ? ერეკლეც დაბერდა, ვეღარა ჰქაჩამს, ხელფასებსაც ვეღარ იხდის, ხვალე რა იქნება, არავინ იცის, - მიუგო ალიკომ.

- აღა-მახმად ხანს შემოუთვლია, თბილისში შემომიშვით და ნადავლს შუაზე გაგიყოფთო, შალვა ნათელაშვილმა თქვა, ერთი მაგი დედაც ვატირე, ცოტა ხნით შემოვუშვათ, ივანიშვილის სახლ-კარი ავაოხრებინოთო, ხეირსაცა ვნახამთ, ქვეყანასაც გავანთავისუფლებთო. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს უარი ვუთხარი, არ გამოვა, ეგ ისეთი ჩათლახია, ჩვენც ზედ მიგვაყოლებს-მეთქი.

- ეეეჰ, შალიკო არაადეკვატური გახდა, ატრაკებს!

- დავიძინოთ, ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, დიდი ომი გვაქ გადასატანი, - თქვა იოსელიანმა და ,,ბუშლატა" წაიფარა.  

ღალატი

პირველი ბრძოლით დაშინებული აღა-მაჰმად ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა. თუმცა ღამით ციხიდან მოღალატეთა ხელშეწყობით გაპარულმა სპარსელთა ჯაშუშმა შაჰი დაარწმუნა ქართველებს იმდენი შნო და მარიფათი არ აქვთ, როგორც შორიდან მოსჩანს, თუ მიაწვები დაამარცხებო.

გათახსირებულ აღას ჯარი, წინა დღის მარცხის მიუხედავად, რაოდენობრივად შვიდჯერ მეტი იყო ქართველთა ჯარზე. მან თავის არმიას უკან 6 ათასი თურქმენი ჩაუყენა და უბრძანა, უკანდახეული სპარსელი მებრძოლები ადგილზე გაენადგურებიათ.

11 სექტემბერი, დილის 7 საათი. ქართველთა ჯარს თვით ერეკლე სარდლობდა. მის პირველ მოადგილედაც, რასაკვირველია, ხმათა უმრავლესობით, ალიკო დაინიშნა. თავი მხოლოდ ნიკა მაჭუტაძემ შეიკავა, მან ღიად განაცხადა, ალიკო ვერ არი თავის მატორზეო. ვახტანგ გორგასალმა კი არა... ვახტანგ მეგრელიშვილმა თქვა, ვაცადოთ, ბატონო, ვაცადოთ, სად გვეჩქარებაო?   

ალიკო ბედაურზე შემომჯდარიყო და აღმა-დაღმა დააგელვებდა, საჯარისო ფორმირებებს ამოწმებდა. დილიდანვე ჟინჟღლავდა, სოღანლუღის მიდამოებში ნისლი ჩამდგარიყო. სოღანლუღის გზით წამოსული შაჰი თბილისისკენ მომავალ საქარავნე გზის მთიან ნაწილს მოადგა (დაახლოებით იქ, სადაც მარნეულისა და რუსთავის გზები იყოფა). გზის ერთ მხარეს თელეთის ქედის კლდოვანი ფერდობები იყო, მეორე მხარეს ადიდებული მტკვარი. ჩასაფრებულმა ალიკომ ასეულობით მებრძოლი დაუხოცეს აღას და გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

მიუხედავად ალეკოს შეუპოვრობისა, შეუვალობისა და პრინციპულობისა, შაჰი უკან დახევას მაინც არ აპირებდა, უეცრად მან ცხენი შეაბრუნა ადიდებული მტკვრისაკენ და თავისიანებს შესძახა: „ვინც ჩემი ერთგულია, მომყევით, თუ მტკვარმა წამიღოს, ჩემი გვამი ამოიღეთ და მიწაში დაფალით, ალიკოს არ დაანებოთ“. შაჰმა მდინარე გადაცურა, მებრძოლთა ნაწილი უკან მიჰყვა. 300 სპარსელი დაახრჩო ადიდებულმა მტკვარმა. ნავთლუღისკენ გასული შაჰი, რამდენიმე ათასი კაცით მტკვრის მარცხენა ნაპირს აღმა აჰყვა და გაღმიდან თელეთის ქედის ფერდობები დაათვალიერა. ნახა, რომ ქართველები ძალზე ცოტანი იყვნენ.

სასტიკი ბრძოლა გაიმართა. აღა-მაჰმად ხანის ცხენს ალიკოს ზარბაზნიდან გავარდნილი ტყვია მოხვდა და სისხლისმსმელი შაჰი ტლაპოში გაგორდა. ვინ იცის, როგორ შეიცვლებოდა ომის ბედი, ტყვია რომ მხედარს მოხვედროდა. ერეკლე მეორემ კონტრშეტევაზე გადასვლა ბრძანა, მაგრამ ქართველთა მცირე ძალები თანდათან ამოიწურა და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. მარცხი გარდაუვალი იყო. მეზარბაზნეებმა მოახერხეს მტრის შეტევის დროებით შეკავება. ერეკლე ალყაში ექცეოდა, მტერი დაატყვევებდა ან მოკლავდა მეფეს, მაგრამ ერთგულმა თანამებრძოლებმა ძალით გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან. მან 150-მდე მხედართან ერთად საგურამოსკენ გასწია, შემდეგ თავი მთიულეთს შეაფარა. მტერი ქალაქში შევიდა. მოსახლეობამ მას ქუჩაში გაუმართა ბრძოლა. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, ათასობით  ქართველი ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს.

სად იყო ამ დროს მამაცი ალიკო? სად იყო და... იგი იმდენად გაამწარა მარცხმა, წიხლი გაიქნია, საბანი გადაიძრო და გამოეღვიძა. მეტიც, კინაღამ იატაკზე მოადინა ბრაგვანი.

 ***

მიუხედავად მარცხისა, ალიკო და პალიკო, ანუ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მაინც შევიდნენ პარლამენტში. მათ, როგორც თვითონ ამბობენ, ძალიან ხშირად უყივით სისხლი და ეკეტებათ ჭკუა სამშობლოზე ფიქრისას. მათ, როგორც ჩანს, უკვე დაიწყეს წერა ,,გალობანი სინანულისანი": ,,ჭკუა მეკეტება საქართველოზე, მეც, ლევან იოსელიანსაც და ვინც ჩვენ პარტიაში - "მოქალაქეებში" ვართ, ყველას. ზუსტად ვიცოდით, რომ აბსოლუტურად სწორ რამეს ვაკეთებდით შეთანხმების გადარჩენით, მოლაპარაკების პროცესის შენარჩუნებით და პარლამენტში შესვლით. საქართველოსთვის და ხალხისთვის საჭირო რამეს ვაკეთებდით. გული მიჩუყდება, როცა მახსენდება იმ საშინელი რამდენიმე თვის მანძილზე როგორ ვამხნევებდით ერთმანეთს და ვეუბნებოდით, რომ უნდა გაგვეძლო - გაგვეძლო, ვინაიდან ასე სჭირდებოდა საქართველოს! უნდა გაგვეძლო და ბოლოს ყველა ჩვენ აზრზე დადგებოდა, ვინც საშინლად გვლანძღავდა - ისინიც. დიახ, ჩვენ და საქართველომ გავიმარჯვეთ! პოლიტიკა უნდა იყოს და იქნება ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვა. ჩვენ ჯიუტი ხალხი ვართ, საქართველოს მომავალზე მოფიქრალი, ჯიუტი და თავზეხელაღებული ხალხი! მადლობა მოქალაქეებო - გაუმარჯოს საქართველოს"!!!

ეს სიტყვები ეკუთვნის ალიკო, იგივე ალეკო, ალექსანდრე ელისაშვილს, რომელსაც წინ დიდი ბრძოლები ელოდება - მაგალითად, 1917 წლის რევოლუცია (მაშინ თეთრ გვარდიაში მსახურობდა), გასაბჭოების წინააღმდეგ გამოსვლები, განკულაკების გაპროტესტება და რაც მთავარია, მეორე მსოფლიო ომი, როცა მარშალ ჟუკოვის პირველი მოადგილე გახლდათ მეტანკისტეობის დარგში.

 ***

ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო გიჟებისგან.

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა