მამუკა არეშიძე: კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანას პატრონი აღარ ეყოლება

მამუკა არეშიძე: კოალიციური მთავრობის პირობებში ქვეყანას პატრონი აღარ ეყოლება




გვესაუბრება ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე:

- ბატონო მამუკა, ცოტა ხნის წინ თურქეთის პრეზიდენტმა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, საკმაოდ, პომპეზური დახვედრა მოუწყო. თურქეთის ინტერესები კავკასიაში, ცნობილია. რა ხდება, დღეს, ამ მიმართულებით?
- შეხვედრა მართლაც პომპეზური იყო. ასეთ შეხვედრებს, როგორც წესი, ძლიერი ქვეყნების წარმომადგენლობისთვის აწყობენ-ხოლმე. ამ შეხვედრის პარალელურად, აუცილებლად, უნდა გავაანალიზოთ ის ვითარება, რაც ზოგადად, კავკასიაშია. მთავარი ის გახლავთ, რომ ზუსტად ასი - 1921 წლის შემდეგ, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, თურქეთი, სამხრეთ-კავკასიაში დაბრუნდა, თანაც, საკმაოდ აქტიურად და აგრესიულადაც კი. პრაქტიკულად, იგი, დღეს, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს აკონტროლებს, სამშვიდობო პროცესის მონაწილეა, სამხედრო კონტინგენტი როგორც სამშვიდობო ჯგუფი, ყარაბაღში ჰყავს და პლუს, ახლა, თავად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის მშენებლობას იწყებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეკონომიკური თვალსაზრისით, აზერბაიჯანში საკმაოდ მყარად არის, ასევე, ჩვენს ქვეყანაშიც. საქართველოს ეკონომიკური ბმა თურქეთზე ძალიან დიდია, ხშირ შემთხვევეაში, ჩვენი ინტერესების შელახვის ხარჯზე. მოგეხსენებათ, თურქეთი ძლიერი, მდიდარი ქვეყანაა და საქართველოში ეკონომიკური გავლენების შენარჩუნებას ყველა მეთოდით ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აშშ-ს მოკავშირე და ჩრდილოეთ-ატლანტიკური ალიანსის საკაოდ წონიანი წევრია, ის ცდილობს რეგიონში საკუთარი თამაში ითამაშოს და თავისი პოლიტიკა გაატაროს. ამის ნათელი მაგალითია ყარაბაღის მოვლენები. პრაქტიკულად, თურქეთმა და რუსეთმა ყველაფერი გააკეთეს, რათა რეგიონში დასავლეთის უფლებები შეეზღუდათ. აი, ამიტომ იყო თურქეთში ღარიბაშვილის ვიზიტი ასეთი პომპეზური. ამ ყველაფრის ბოლო შტრიხი კი შემდეგია: თურქეთს ძალიან უნდა საქართველო, როგორმე, ექვსეულის ფორმატში ჩაითრიოს, რაც რუსეთმა და თურქეთმა იმისათვის მოიფიქრეს, რათა სამხრეთ-კავკასიის გავლენები მათ შორის გადანაწილებულიყო და ირანისთვის შედარებით ნაკლები გავლენა დაეთმოთ. დანარჩენი სამი ქვეყანა, აქ, მარიონეტი და მეორეხარისხოვანია. ჩათვალეთ, რომ თურქეთის აქტივობა, ექვსეულში საქართველოს შეყვანის თაობაზე, მოსკოვთან არის შეთანხმებული. თვითონ მოსკოვს, გასაგები მიზეზების გამო, ამის კეთება გაუჭირდება, ამიტომ, თურქეთის მეშვეობით მოქმედებს.
- კავკასიის რეგიონში გავლენების გასამყარებლად ბრძოლა მიდის. როგორ აისახება ყოველივე საქართველოს დღევანდელობაზე. რით აიხსნება დასავლეთის ასეთი ყურადღება ჩვენს მიმართ?
- რასაკვირველია, ყარაბაღის მოვლებნებმა გეო-პოლიტიკური ვითარება შეცვალა. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, ხანდახან, საკუთარ თავზე მაღლა ხტება იმისთვის, რომ სამხრეთ-კავკასიიის სივრცეში თავისი პოლიტიკური გავლენები დააბრუნოს. სწორედ ამისთვის იყო დასავლეთის მხრიდან დიდი აქტიურობა, როდესაც აქ, მიშელის მეთაურობით ძალიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები ჩამოდიოდნენ, რათა ჩვენს ქვეყანაში სტაბილური ვითარება დაებრუნებინათ. ეს ვიზიტი საქართველოს სიყვარულით კი არ იყო განპირობებული, არამედ იმით, რომ სამხრეთ-კავკასიის დასაბრუნებლად, დასავლეთს, სერიოზული პლატფორმა სჭირდება. ეს პლატფორმა, შეიძლება, მხოლოდ საქართველო იყოს. ამიტომ, აქ, აუცილებლად, სტაბილური ვითარება უნდა იყოს, რათა დასავლეთმა თავისი გეგმა განახორციელოს. 
საქართველოსა და კავკასიის სივრცის გარდა, არის კიდევ შავი ზღვის საკითხი, რომელიც უმნიშვნელოვანესია დასავლეთისთვის, ნატოსთვის და კერძოდ, აშშ-სთვის. იგი, საქართველოში, გავლენებს თუ დაკარგავს, აქედან გამომდინარე, სამხრეთ-კავკასიასა და შავ ზღვაშიც იგივე პრობლემის წინაშე დადგება. მათ ეს ძალიან კარგად გააცნობიერეს და ამიტომაც ანერვიულდნენ. პლუს, ამას ემატება ის, რომ დასავლური გათვლებით, უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებები შეურაცხყოფილნი უნდა იყვნენ იმით, რომ ნატოს სამიტზე არ დაპატიჟეს. თავი რომ მოუქონონ უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებას, საჭირო გახდა ასეთი მაღალი რანგის ჩინოვნიკების შეხვედრები. სამიტზე არდაპატიჟება კატასტროფა არ არის. ქართული პოლიტიკის იწილო-ბიწილოს გამო, აქ, საზოგადოებას არც მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ საქართველო ნატოს სამიტზე დაპატიჟებული არ არის. 
- რა დგას პრო-დასავლური რიტორიკის უკან. შარლ მიშელმა განაცხადა: ოპოზიცია რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალსო. მეორე მხრივ, დასავლეთის სახელით, დამნაშავეების შეწყალება ხდება. რა უნდა დასავლეთს?
- დასავლეთს სურს შექმნას ქვეყანა პლატფორმა, რომლის ტერიტორიიდან შესაძლებელი იქნება არამხოლოდ სამხრეთ-კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც დასავლური პოლიტიკის გატარება, პლუს სამხრეთის მიმართულებით სივრცეების კონტროლი, ვგულისხმობ, წინა აზიის ტერიტორიას, პლუს საზღვარი ჩრდილოეთ-კავკასია, რომელიც რუსეთის ნაწილია. მოკლედ, ამერიკელებისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ-კავკასიაში მყარი მდგომარეობის შექმნა. ეს შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიიდან. აი, ეს უნდათ. ჩვენ, ხშირად, ვსაუბრობთ იმაზე, რომ დასავლეთი თავისი პოლიტიკური კლიმატის შექმნას ცდილობს, კერძოდ, საქართველოში თავისი ფასეულობების დანერგვით. ეს გახლავთ ეკონომიკური, პოლიტიკური, ფინანსური მართვის წესები. ბევრი ისეთი რამის დანერგვა ხდება, რაც ერთი მხრივ, დასავლეთს აქ ყოფნას და თავისუფალი პოლიტიკის გატარებას უიოლებს, მაგრამ ეს, აბსოლუტურად, მიუღებელია აქაური საზოგადოებისთვის.ე.ი. პრაქტიკულად, ასე გამოდის: დასავლეთს არამარტო თავისი პოლიტიკური, არამედ იდეოლოგიური ბაზის შექმნაც უნდა. ამ ფასეულობების ნაწილი საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად, მიუღებელია. აქედან გამომდინარე, ეს იწვევს ანტაგონიზმს და რეგიონში, დასავლური იდეის განვითარებას, უაღრესად ამუხრუჭებს.
- შარლ მიშელის დოკუმენტი ბიბლიად გავიხადეთ. „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს თუ მიიღებს, ამით გადავრჩებით? რა შუაშია თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტოსთან, ეს რა ლოგიკაა?
- კარგი კითხვაა. ეს კითხვა ბევრ რიგით მოქალაქეს აწუხებს. სოციალური პრობლემატიკით დაკავებული მოქალაქეების საზრუნავი რით იკვებონ, ეს გახლავთ. ის რომ პოლიტიკური პროცესი ცალკე მიდის და საზოგადოებრივი ცხოვრება - ცალკე, იმდენად ნათლად გამოჩნდა, რომ უკვე უხერხულობაც იქმნება. აი, ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს პოლიტიკური კულტურის ძალიან დაბალ დონეს, უკულტურობას. ჩვენ, პრაქტიკულად უცხოურ პოლიტიკურ ელიტას საშუალებას ვაძლევთ ჩვენს საქმეებში ძალიან აქტიურად ჩაერიონ. რაც უფრო გააღებ კარს, ბუნებრივია, მით უფრო გააქტიურდებიან. დასავლელი პოლიტიკოსები რომლებიც ჩართულნი არიან შერიგების, პოლიტიკაში სტაბილიზაციის შექმნის პროცესში, გაკვირვებულნი არიან იმდენად ფართოდ გააღო ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ კარი, რომელიც მათ ეუბნება: თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს ნაცვლადო. ეს ქვეყნისთვის უბედურებაა. ის სამარცხვინო სურათი, რომელიც ორბელიანების სასახლეში ხელის მოწერისას იყო, ჩემი ცნობიერებიდან არასდროს ამოვა. ამ თვალსაზრისით რთული ვითარებაა შექმნილი. ჩვენ თუ გვინდა, რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, მარტო ატრიბუტიკა კი არ არის საკმარისი, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკური თავმოყვარეობა. რის უფლებასაც მისცემ იმას გააკეთებს იქნება ეს დასავლეთი, რუსეთი თუ სხვა ნებისმიერი მეზობელი. თუ პოლიტიკური თავმოყვარეობა არ ექნებათ, შედეგი, ყოველთვის, ასეთი იქნება. რაც შეეხება 43%-ს, ეს ციფრი მმართველი ძალის მიერ დასახელდა. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მას შეუძლია 43% აიღოს. „ნაცმოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის კულუარული ფარიკაობა მიდის - ვინ უფრო მიჰყვება დასავლურ ნარატივებს. გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს ამოცანა ბევრად უკეთ გადაჭრა. „ნაცმოძრაობამ“ ვაჭრობა დაიწყო. ეს იმიტომ კი არა, რომ დასავლეთს ანგარიშს არ უწევს. არა! დასავლეთს ანგარიშს ძალიან კარგად უწევს, მაგრამ თავისი ლობისტური ინსტიტუტების მეშვეობით ცდილობს იგი დაარწმუნოს, რომ დასავლეთისთვის საქართველოში თავად უფრო საჭირო და მნიშვნელოვანი ძალაა. 
- რაც უფრო მეტი პარტია შევა პარლამენტში, მით მეტი შანსი ექნებათ კოალიციური მთავრობა შექმნან. ეს რამდენად მისაღებია ქვეყნისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ძალიან სუსტია?
- დიახ, დასავლეთი ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობის კონტროლი უფრო მარტივი იქნება, რათა საკუთარი პოლიტიკა გაატარონ. მაგრამ ვერ ითვალისწინებენ კავკასიურ მენტალიტეტს. მათ არ იციან, რომ კოალიციური მთავრობის ხელში, ქვეყანას პატრონი აღარ ეყოლება. მით უფრო ქაოტური ვითარება იქნება, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს, ეს უკანასკნელი კი დასავლეთის გავლენების შემცირებას და ა.შ. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებიან და ცდილობენ ერთნაირი მეთოდოლოგიით იმოქმედონ, როგორც აფრიკაში, ლათინო-ამერიკაში, ისე საქართველოში. ამიტომ აქვს, ბოლო დროს, დასავლურ პოლიტიკას ამდენი მარცხი. ამის მაგალითებია ერაყი, ავღანისტანი და ა.შ.
- „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შევიდა. ევროპამ მეორედ დაგვწერა მათზე ჯვარი?
- ევროპამ კი არ დაგვწერა, ეს, ჩვენ, თავად მოვახერხეთ და მათზე ჯვარი დავიწერეთ. ხელისუფლებამ თავიდანვე არ გადადგა სწორი ნაბიჯი, რათა შეეზღუდა ის რადიკალიზმი, რაც ოპოზიციურ ძალებში გაჩნდა. მან ოპოზიციაში მოკავშირის პოვნა ვერ მოახერხა. ეს ძალიან ცუდია იმიტომ, რომ კოალიციური მთავრობები სწორედ შიდა პოლიტიკური თამაშების შედეგად იქმნება. 
- პოლიტიკაში ახალი მოთამაშეები - გახარია და ვასაძე შემოვიდნენ. როგორ გესახებათ მათი მომავალი?
- ჯერჯერობით, პოლიტიკაში შემოსული გახარიაა, ვასაძის აქტივობა არ ჩანს. ვასაძეს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც გულისხმობს პოლიტიკის კეთებას ტრადიციონალიზმზე დაყრდნობით. ანუ, ტრადიციული ფასეულობების პროპაგანდა და ქართული იდეოლოგიის ჩამოყალიბება. პრინციპში, ამას თავისი ხიბლი აქვს. ამიტომაც ვასაძესთან ბევრი ადამიანი ცდილობს შეხვედრას. რაც შეეხება გახარიას, საზოგადოებაში გაოცება, ზოგ შემთხვევაში, გულისწყვეტა გამოიწვია თავად პრეზენტაციის ფორმამ, მისი გუნდის წარდგენამ და მერე, გამართულმა პრესკონფერენციამ, სადაც ახალი არაფერი თქმულა არც გადადგომის მიზეზებზე და არც იმაზე, როგორ ხედავს იგი საქართველოს განვითარებას. მოკლედ, იმედგაცრუების ნიშნები გაჩნდა. 

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი"