მანდატებდახეულები და შუბადახეულები

მანდატებდახეულები და შუბადახეულები




ის იყო, წერად დაჯდომა დავაპირე (ჰაზრთა საქსოვად), ჩემ ტელეფონზე ზარი გაისმა. ქუთაისიდან დარეკა ერთმა კარგმა, ამ ქვეყანაზე შეყვარებულმა კაცმა - ჯერ შეგვაქო, ნამუშევრები მოგვიწონა, თქვენი გაზეთი ხელიდან ხელში გადაგვაქვსო, თუ რომელიმე ჯიხურში გაუყიდავი დარჩა, ნერვები მეშლებაო. ახალი წელიწადიც მოგვილოცა და ერთი იდეაც შემოგვთავაზა... უფრო სწორად, მოგვიწოდა, ე.წ. ოპოზიციონრებს შევეშვათ, მათ იგრძნეს, რომ გადაშენების პერიოდი დაუდგათ და ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენო. ბუნებრივია, მადლობა ვუთხარ ამ ადამიანს, მეც მივულოცე, ჯანმრთელობა ვუსურვე და შევთავაზე, ეს მოწოდება თქვენი სახელით "გავაჟღეროთ"-მეთქი. არაო, ჩემი გვარ-სახელი საჭირო არ არი, უბრალოდ ე.წ. ოპოზიციას თავი დაანებეთ, ხელი არ შეუშალოთ, კისრებს თავადვე წაიმტვრევენ, პროცესი უკვე დაწყებულიაო.

ვეთანხმები... დაე, წაიმტვრიოს კისერი ყოვლად ურჯულომ, წუწკმა, გათახსირებულმა ოპოზიციამ და წაიღოს პოლიტიკური წერილი გაღმა, მარილზე, მაგრამ... ჩვენ, ჟურნალისტებმა როგორ გავატაროთ ის "მარგალიტები", რომელიც ასე უხვად ასხია იმავე ოპოზიციას? არა და ვერა... აი, თავად ნახეთ, დღეს საქართველოში რაღაც ანომალიური სიტუაციაა: ჩატარდა არჩევნები, იყო 1%-იანი ბარიერი, ზოგმა გადალახა, ზოგმა - ვერა. ეხლა მიადგნენ გადაულახავები ძლივ გადალახულებს და ეუბნებიან (ამბობენ, აშანტაჟებენ კიდევაცო), პარლამენტში არ შეხვიდეთ, მანდატები დაწვითო, დახიეთო, ფერფლი მტკვარს გაატანეთო!

ვინ არიან გადაულახავები? ირაკლი ოქრუაშვილი, დავით ჭიჭინაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნინო ბურჯანაძე, კახა კუკავა, ეკა ბესელია და სხვები. ესენი ფაქტობრივად არავის სჭირდება, ფორმალურად დაპრაკუნობენ შალიკო ნათელაშვილის ფანჩატურში... თუმცა ხელს კი აწერენ ყველა "დოკუმენტზე", რომელსაც ადგენენ გადალახულები თავიანთი ჩიქორთული ქართულით. მეტიც, გადაულახავები გამოდიან ტელევიზორში დასეტყვილი ინდაურებივით და ამტკიცებენ (ქაღალდზე ხელსაც აწერენ), პარლამენტში ცოცხალი თავებით არც ჩვენ შევალთო!

კი, მაგრამ თქვენ ხომ არც ისე შედიხართო?

ჰმ... გეგონოთო!

აბა, რანაირად, ბარიერი ვერ გადალახეთო!

ჰმ... ეგ სიმბოლურად ვერ გადავლახეთ, გაზაფხულზე ხელახალი არჩევნები ჩატარდება, გადავლახავთ კი არა, ამ ხელისუფლებას სანაგვეზე გავისტუმრებთო.

ესე იგი, არარსებულ მანდატებს ავანსად ხევთო?

რაც გინდათ, ის დაარქვით, არჩევნები გაყალბდა, მორჩა, გათავდა, დროშები ჩქარა, ცეცხლის მზე აენთო, მიშა ჩამოდიო!

ჰა, ჰა, ჰა... ნინა ძალო (ბურჯანაძე) იძახის, მიშა, ჩამოდიო.ეს ის ქალია, თავი გმირად რომ მოჰქონდა... კიდევ ის ქალია, შარშან, შარშანწინ და იმის წინ სასამართლოში მიშას წინააღმდეგ ჩვენებებს რომ აძლევდა, 2011 წლის 26 მაისს დამჩაგრაო. წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, ხალხო, ესენი აქ აღარ არიან, სადღაც სხვა განზომილებაში დაფარფატებენ. ნინა ძალო, პუტინთან რომ დაკუსკუსებდა "კლეჩატი" "პრავიზონკით", ჩამომჯდარა "პროდასავლელ" გვარამიასთან და იმაზე ბჭობს, როგორ უნდა დახიოს არარსებული მანდატი.

თუმცა!

არ დაგავიწყდეთ, მას აქვს ისეთი ძვირფასი შუბა, რომლის დახევაც (სავარაუდოდ) უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე მანდატისა. ეგ ის შუბაა, 2001 წელში მამამ რო უყიდა საჩუქრად, პარლამენტის თავმჯდომარედ დაწინაურებასთან დაკავშირებით. მართალია, მაშინ მამა ანზორმა ჩაუწყო ძია ედუარდთან, მაგრამ ჩაწყობის შეფერებასაც ხომ ნიჭი უნდა? ჰოდა, შეიფერა "წიოწია ნინამ" ცოტა ხანს... მერე მიშას მოვალეობასაც ასრულებდა (ალბათ გახსოვთ) ორჯერ და როცა საპარლამენტო არჩევნებისას საკუთარი კვოტა მოითხოვა, ამოაწევინეს ერთი ადგილი "კრესლოდან". მაშინ გაიბუტა, ისე წარმოაჩინა, გეგონება ოპოზიციონერი გახდა, თურმე თამაშობდა, თავის გეგმებს აწყობდა. არ გამოუვიდა. ადრეც დავწერე და ახლა უნდა გავიმეორო... უფრო სწორად, ცოტა უკეთესად უნდა დავწერო:  

2012 წლის ზაფხულია, "ნაცმოძრაობა" მიფარჩაკებულია. ნინო ძალომ გაიგო, რომ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და მცირეოდენ მაგაზეც იყო საუბარი (პრესაში გამოვაქვეყნე). მეორე დღეს თავის კაბინეტში დამიმარტოხელა.

შევედი თუ არა, კიკინები გაიშალა - კიდევ რა გითხრა ბიძინამ ჩემზეო?!

არაფერი-მეთქი.

ჰმ... რას ჰქვია, არაფერი? თვალებზე გეტყობა, რომ კიდევ რაღაცა გითხრაო!

არა, რას ამბობთ... რომც ეთქვა, ამბავს ხომ არ მოგიტანთ-მეთქი?

მაგ კაცს რა უნდა ჩემგანო?!

ვააა... მე რა ვიცი-მეთქი?

რატომ არ მხვდებაო?!

არც ეგ ვიცი-მეთქი.

არა, დარწმუნებული ვარ, ჩემზე რაღაცები გელაპარაკა, აუცილებლად უნდა მითხრაო!

ვერა-მეთქი.

კარგიო. წამოხტა და დაიწყო ბოლთის ცემა, მერე კედლებზეც დაიწყო სიარული, არ არი ეგ კაი კაციო.

რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილს "სახალხო კრების" ლიდერები მიუგზავნა, შემხვდეს, კოალიციაში მიმიღოსო. ბატონ ბიძინას არ უნდოდა, მაგრამ ხათრით დათანხმდა. თან ყველა გააფრთხილა, შედეგი არ იქნებაო.

ნინო ძალო შეხვდა. ხელი ჩამოართვა, სურათი გადაიღო, ჩაი დალია და იმედგაცრუებული დაეშვა სოლოლაკიდან. აი, მას შემდეგ ჩაიდო გულში ბოღმა.

ხშირად იმასაც ამბობს (წაიტრაბახებს ხოლმე), მე არ მინდოდა, თორემ ივანიშვილთან საერთო ენას გამოვნახავდიო. "სახალხო კრების" ყოფილო ლიდერებო, გამოდით, თქვით, როგორ ეხვეწებოდით ბიძინა ივანიშვილს, პატრიოტია, გვერდით დაიყენეთო. ხომ გამართლდა მისი სიტყვები? ხომ აღმოჩნდა ფარული "ნაცი"? სხვათა შორის, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ მეც არ მეგონა, მიხეილ სააკაშვილთან თუ იყო გარიგებული, ვერ წარმოვიდგენდი. თქვენ კი თხებივით გაგყიდათ, დღეს იმ დამნაშავეებთან დგას, რუსთაველზე რომ ჩაგხოცეს. სირცხვილი და თავის მოჭრა!

იცით, ყველაზე ამაზრზენი და აუტანელი რა არის? წლების შემდეგ ისევ ყოფილები რომ ბლატაობენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - თავი ვერაფრით გამოიჩინა, ერთი ხე არსად დაურგავს. იმდენად უსახურად იმსახურა ამ თანამდებობაზე, ალბათ ჟამთააღმწერელი საერთოდ გამოტოვებს, ისტორიაში ვერც კი დაფიქსირდება. თუმცა აქვს ერთი შანსი, ვლადიმერ პუტინს რომ შეხვდა "კლეჩატი პრავიზონკით", ეგ მომენტი უნდა შევიტანოთ ისტორიულ წყაროებში, მაგრამ აქ ისევ ჩნდება ერთი საჩოთირო "მაგრამ", რა უნდა დაწეროს ჟამთააღმწერელმა, რაო, რისთვის შეხვდა, რა გადაწყვიტესო, რა უნდოდათო? არაფერი!

შევეშვათ "წიოწია ნინას", თავი რკინის ლედი რომ ჰგონია და სინამდვილეში რკინის ღვედიც არ არი... იმას ვამბობდი, ძალაუფლების გარშემო ისევ ყოფილები დასუნსულებენ - უგულავები, ბოკერიები, ბაქრაძეები, ბობოხიძეები, იმანოები, ამანოები... ძაღლებივით იწევენ, ძველი "დიდების" დაბრუნებას ლამობენ, მაგრამ არ გამოსდით, ვერც გამოუვათ, რადგან ჩვენ (ხალხი) მაგათზე ჭკვიანები ვართ.

გამოგიტყდებით... გული ძალიან მწყდება ხოლმე, როცა ბიძინა ივანიშვილის მიერ ოდესღაც კაცად ქცეული გამოშტერდება და რაღაც ნაძირლობებს წამოაწვენს ხოლმე. ნახეთ, რას ბოდიალობს გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი:

"შეიძლება არც გაყალბებულა არჩევნები... თუმცა მაინც ხელახალი არჩევნებია ჩასატარებელი, რათა კრიზისი ავიცილოთ".

როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია? ჩემი აზრით, ძაან მაგრად ასხია და შესაბამისად, ძაან მაგრადაც სცვივა!

არაო, კაცო, შეიძლება არჩევნები საერთოდ არ გაყალბებულა, მაგრამ ხელახლა მაინც უნდა ჩავატაროთ, რათა კრიზისი ავიცილოთო. რა კრიზისი უნდა ავიცილოთ, რამდენიმე თავგასიებულს რევოლუცია რომ მოუნდა? რამდენიმე უდღეურის თავში ქარიშხალი რომ ამოვარდა? რამდენიმე უბედურს ისევ მაღალი თანამდებობა რომ უნდა? "დავაი", მარგველ, კარტოფილი დათესე, საღამოს ერთი ჭიქა არაყი გადაჰკარ, ტოლი მოძებნე, კოჭი გააგორე, ფისი ქენი, დაიძინე! არარაობა იყავ, კაცმა პრეზიდენტად გაქცია, მაინც ვერ შეიფერე, ვერ გაქაჩე, ფორმალურად დაბოდიალობდი, ფორმალურად მიედ-მოედებოდი. ისევ გინდა? რა გინდა? პრეზიდენტობა? უკვე გითხარი, ფისი ქენი, დაიძინე-მეთქი!

მე პირადად ბედნიერი ვიქნები, თუკი არც ერთი "ნაცი" არ იქნება პარლამენტში. ამაზე ვოცნებობ. დიახ, ვეთანხმები იმ ქუთაისელ კაცს, თითქოს (ერთი შეხედვით) ჰარაკირს იტარებენ, მაგრამ ამავე დროს ცდილობენ, თავი გადაირჩინონ, ამ დღეებში თავიანთივე მომხრეების "დასამშვიდებლად" ახალი სისულელე გამოაგდეს შეკითხვით: ვინ იქნება კარგი პრემიერი - ნიკა გილაური, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე თუ ბათუ ქუთელიაო? აჰა, თავიანთ "სასტავებში" გამოკითხვებს ატარებენ, პრემიერად ვინ გინდათო? იცით, ამას რატომ აკეთებენ? ტემპი რომ არ დაუვარდეთ, იმიტომ. მართალია, აღარც ტემპი აქვთ, აღარც "გნასი", მიწოლითაც ძალიან ძნელად იქოქებიან, მაგრამ გიჟებმა იციან ხოლმე რაღაც-რაღაცების ამოჩემება - ამჯერად პრემიერის თანამდებობაზე აქვთ გაჭედილი... აბა, რა გგონიათ, მარტო ინტერნეტი ჭედავს ხოლმე?

და ბოლოს, მეგობრებო... იცით, რატომ გაიჭედნენ ეს საცოდავები? ფული აქვთ აღებული თემურ ალასანიასგან, პირობა აქვთ დადებული, რომ არ უნდა "გაუპრავონ" ბიძინა ივანიშვილს არჩევნები. ამ დროს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ სჭირდება ამათი "გაპრავება", ყველამ კარგად იცის, რომ არც არჩევნები გაყალბებულა და არც ვინმეს მოსყიდვას ჰქონია ადგილი, ამ ქვეყანაში არჩევნებს აყალბებს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა"!

ეს იციან უცხოელმა დამკვირვებლებმაც, დიპლომატებმაც და ელჩებმაც. ამიტომაც მიდის მათზე მასირებული შეტევა მიხუინების მხრიდან. ეგეც თქვენი პროდასავლური ძალა! ალბათ გახსოვთ ჩემი წინა წერილები, სადაც ხაზგასმით ვწერდი, რომ ესენი არიან რუსეთის აგენტები, რა მედასავლეთეები, სადაური პროამერიკელები? მეტიც, ესენი არიან მოღალატეები!

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"