მიხა და ეკა

მიხა და ეკა




მიხეილმა ფანქრის წვერზე დააფურთხა და ისტორიული წერილის წერა დაიწყო: მე ჩემ აშენებულ ჰოსპიტალში გადმომიყვანეს მოტყუებით. გამიუქმეს შეხვედრა დედასთან. როდესაც მომიყვანეს, ატყდა დიდი ჟრიამული და სტვენა, ეს ჟრიამული არ შეწყვეტილა ამ წუთამდე. შემდეგ დაიწყეს ჩემი გადმოთრევა გინების ქვეშ. გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში, მითრიეს თმებით, შემომახიეს ,,ტრუსიკიც" და მაიკაც, თან მეძახდნენ, შე ტრაწიანოვო. მე გავუწიე წინააღმდეგობა, იქით შევეკამათე, ტრაწიანები თქვენ ხართ-მეთქი. ერთი ნიღბიანი კაცი მომვარდა, შენ ის სააკაშვილი არ ხარ, ხალხ რო აწვალებდიო? გიცანი, შე ჩათლახოვო. ამ დროს დავაფიქსირე არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რომლის შესახებაც აუცილებლად ვაცნობებ ხალხოსან ნინო ლომჯარიას. მერე ამ კაცმა ამწია, ჰაერში შემათამაშა და იატაკზე დამახეთქა. გონება დავკარგე. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ჩემი ორგანიზმიდან გრუხუნით რაღაცა გამოვარდა. როცა გავიღვიძე, საწოლზე ვიწექი, სასთუმალთან ლიზა მეჯდა, მას ჩემი ხელი აეღო, გულში ჩაეკრა და სასოებით დამცქეროდა, თვალთაგან ცრემლი ჩამოსდიოდა. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რომლის შესახებაც აუცილებლად ვაცნობებ უკრაინელ ხალხოსან ლუდმილას...

კარზე რაღაცნაირი კაკუნი გაისმა, თან გაბედული, თან გაუბედავი.

- თუ პუტინის მონა ხარ, არ შემოხვიდე! - ბრძანა თავისებური ორიგინალური ხმით მიხეილმა და კარს გამჭოლი მზერა ესროლა.

- ეკა ვარ ხერხეულიძე, ბატონო პრეზიდენტო, ღმერთმა დამიფაროს, პუტინის მონა ვიყო, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციებით გეახელით - მიუგო ქალის ხმამ კარს იქიდან.

- შემოდი, რაღას უცდი? როცა საქმე მამულს ეხება, შეგიძლია, არც კი დააკაკუნო, მით უფრო, ხერხეულიძეებს არ გჭირდებათ ასეთი მორიდებულობა. წუხელ სამი არაგველი მესტუმრა, სამასივენი ვერ ჩამოვედით, უმეტესობას კოვიდი შეგვეყარა, გულით და სულით შენთან ვართ, როგორც კი გამოვჯანმრთელდებით, ეგრევე გამოვალთ აქციებზეო.

- დიახ, ჩემი ცხრა ძმაც მზადაა, ბატონო მთავარსარდალო, - თქვა თვალებგაბრწინებულმა ეკამ და კარი ქუსლით მიხურა.

- მოიწი აქეთ, აგერ ჩამოჯექ, მომახსენე, რას ჰფიქრობს ხალხი, - აღმართა მარჯვენა ხელი ვახტანგ გორგასალივით სარდალმა.

- მუხლებზე ჩამოგიჯდეთ, თქვენი მუხლების ჭირიმე? - წაეტანა ფეხებზე ეკა.

- არა, ამ ეტაპზე არა, ჯერაც დასუსტებული ვარ ორმოცდაათდღიანი გაუსაძლისი შიმშილობისა და არაადამიანური წამების შემდეგ.

- დიახ, მესმის... თუმცა ფრიად სასურველი კი იქნებოდა თქვენს მუხლებზე მორჭმით ჩამოჯდომა, - სახე წამოუწითლდა ეკას.

- მომახსენე, რა დაგაბარეს ჩემმა საყვარელმა, ჩემმა გმირმა თანამემამულეებმა.

- ფშავნი, ხევსურნი, სვანნი, იმერნი, ამერნი, მეგრელნი, რაჭველნი, კახელნი და სუყველანნი მზად არიან, თქვენი გულისთვის თავნი გასწირონ, ჩემო პრეზიდენტო!

- რას ჰქვია, ჩემთვის? დღეს ყველამ თავი უნდა გაწიროს სამშობლოსთვის! - აჭყვიტინდა მთავარსარდალი, ზეზე წამოდგა, გულის ფიცარზე მუშტი დაიბრაგუნა.

გულის ფიცარმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა, თითქოს  სვეტიცხოვლის ზარს შემოჰკრესო ერეკლეს ხმალი. ეკამ აშკარად გაიგონა ზარის ხმა, ტანში სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა მთავარსარდლის არაამქვეყნიურობაში.

- ბოდიში, ჩემო პრეზიდენტო, შემეშალა, ყველა მზადაა, შიშველი ხელებით შეებრძოლოს რუს ოლიგარქს და კლანჭებიდან გამოსტაცოს საკუთარი მამული, ენაც და სარწმუნოებაც!

- ეგ მომწონს, გულს სალბუნად ედება, მაგრამ მე მაინც ვერ ვხედავ გარეთ გამოსულ ფშავებს, ხევსურებს, სვანებს და თუნდაც წალენჯიხელებს, ვერ ვხედავ მეხად გავარდნილ ყიჟინას, მახვილთა ჟღარუნს!

- ნუ სწუხხართ, თქვენ მალე გაიგონებთ მახვილთა ჟღარუნს, დაინახავთ რუსთაველზე დაგორებულ თავებს და გამარჯვების აღსანიშნავად განხორციელებული ფეიერვერკების ბათქსა და ბუთქსა!

- ჰოოო, მე ყოველთვის მომწონდა ბათქიც, ბუთქიც, ჭახიც და ჭუხიც, ეს იყო ჩემი ცხოვრების დედააზრი, მაგრამ ახლა პუტინის მიზანია, ბიძინა ივანიშვილის ხელით ეს ყველაფერი ჩამიკლას. ვერ ეღირსებიან ისინი ამას, თუ საჭირო იქნება, მამულს შევეწირები კიდევაც, აგერ ჩამოვაბამ ,,პროსტინას" და გავუყრი თავსა შიგან! - გადავიდა ყროყინზე მიხეილი.

- ნუ ლაპარაკობთ ასე მრისხანედ, ჩემო საფიცარო პრეზიდენტო და მთავარსარდალო, ,,პროსტინა" რა საკადრისია? საქართველო ვერ გადაიტანს ამას, დავიღუპებით, ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება აღარასოდეს გვეღირსება, ევროკავშირი ოცნებად გადაგვექცევა, რუსეთი წაგვლეკავს!

- ჰმ... მაშინ გადაეცი ფშავთა და ხევსურთ, სვანთა და კახთა, ტრაკები გაანძრიონ და დამიხსნან ტყვეობიდან!

- დაგიხსნიან, მა რას იზამენ? - მუხლებზე დაეცა ეკა.

- აააააახხხხხხყყყ... როდის? - გადაიხარხარა მიხეილმა. ეს იყო სიმწრის სიცილი, - წამოწექით, დაადეთ მიწას ყური, ნუთუ არ გესმით გუგუნი? რევოლუცია სულს ისე მოსწყურდა, იყო არაბეთს როსტევან, მეფე ძალიან ჭკვიანი... ეს არის ტაიფუნი, რომელიც წალეკავს ბოროტ ქოცობას და სულ მალე ამ დუნიაზე დავრჩებით მხოლოდ ჩვენ, მომავლის ადამიანები. მე ძალიან მომეწონა თაკო ჩარკვიანის იდეა, დიახაც, უნდა გამოვიტანოთ მთელმა საქართველომ ლეიბები, დავყაროთ რუსთაველზე და გავწვეთ!

- სამწუხაროდ, ლეიბები არ გვყოფნის.

- არ არის აუცილებელი, ყველას ლეიბი ჰქონდეს, ფშავნი და ხევსურნი ნაბდებზე დაწვებიან, გურულნი - სიმინდის ფუჩეჩზე, კახელნი - ვაზის ფოთოლზე, აჭარელნი - ამოქარგულ ფარდაგებზე, განა ამაზეც მე უნდა ვიფიქრო?! - გადაატრიალა თვალები მიხეილმა და ზემოთ აიხედა, ჭერში, სადაც სამი ცალი ბუზი გარინდულიყო.

- მე სულ ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ თქვენ გენიოსი ბრძანდებით, - ჩაიდუდუნა ეკამ.

- ეგ ბავშვმაც კი იცის, ჩაატარონ გამოკითხვა დედამიწის ნებისმიერ წერტილში, მე ვარ ცოცხალი ლეგენდა, რომელიც ამჟამად მიჯაჭვულია კავკასიონის ერთ-ერთ ქედზე. ოოოხ, ჭილყვავნო, რა დროს ჩამიგდეთ ხელადა? მალე დადგება გაზაფხული ჩვენს ქუჩაზე, მალე ამოჰხეთქავს გამარჯვების ყიჟინა თავისუფლების მოედანზე და იქმნება ნათელი ირგვლივ!

- დიახ, ჩემო სარდალო... მე პირადად მზად ვარ, როგორც კი აქედან გავალ, ეგრევე მოვიჭრა მარცხენა ძუძუ!

- ძუძუ?

- ჰო, მარცხენა ძუძუ, რათა გადვიკიდო მშვილდი და შხამიანი ისრები დავუშინო ოლიგარქის სასახლეს. მე ვიქნები ქართველი ამორძალი, ვინც ამას გააკეთებს, მა რაააა!

- უუუხ, შენ გენაცვალე, ცხრა ძმა და ერთი და ხერხეულიძე, ისტორია ეხლა იწერება, რაც აქამდე დაიწერა, მაკულატურაა. ვინ იყვნენ ჩემამდე გურჯები? დადიოდნენ აცა და ბაცა, ეხურათ რაღაცნაირი ქუდები და მუდამ ეწვოდათ კუდები, მწნილის ჩადებაც კი არ იცოდნენ, მე ვასწავლე. ჩიტო-გვრიტო, ჩიტო მარგალიტო დააააა... აი, რას ნიშნავს ჩიტო და გვრიტო? კაი, ჩიტო ჰო, მარგალიტო რა შუაშია? სწორედ ამაზე მინდოდა ვახტანგ გორგასალთან საუბარი, მაგრამ სად არი? მას შემდეგ, რაც ,,პლენად" ჩავბარდი, არ გამოჩენილა, ისაო, წელი მტკივა, ვერ დავდივარო. ერთხელ ჩავიდა ზელენასთან უკრაინაში და მორჩა. არა, კიევში რო ჩამოდიოდა ჩემთან და ლუდსა წრუპამდა, ხო კარგი იყო?!

- სად არი გუბაზი, განა ეგ არ წრუპამდა ნუნუა ფიასა?! - დაასხა ცეცხლზე ნავთი ეკამ.

- გველკუა ვალერი, ზის აქუსთან და ბოდავს, განა გამოვა გარეთ, განა გამოქანდება, განა დაეჯახება ჰოსპიტლის კედელს, განა გამოარღვევს ყველა ზღუდეს და განა გამიყვანს აქედან? კიევში კონიაკს რო წრუპამდა, თან მეუბნებოდა, შენ ჩამო, დანარჩენი ჩემ კისერზე იყოსო, მე და აქუ ჩავუდგებით სათავეში მასობრივ გამოსვლებს, არც ჯანი გვაკლია, არც ღონე, გავკრამთ, გავიტანთ ბოლომდეო. აჰა, ჩამოველ სანზონასა შინა, ვზივარ ჰოსპიტალში, ეგ არი და გორის ციხე. ვისი იმედიც მქონდა, ყველა დაიმალა, ცოლებიც კი აღარ მოდიან, მარტო ლიზა დაიარება კიევიდან.

- ნუ მიწყენთ, ჩემო მთავარსარდალო და... ბოლო-ბოლო, რამდენი ცოლი გყავთ? - შეაპარა ეკამ და თან ენაზე იკბინა, იფიქრა, შეიძლება ბელადი აფეთქდესო.

- კარგი შეკითხვაა, დავითვალოთ, ტარანი ხო თვლით არი? ესე იგი, ელენე იყო, ხათუნა იყო, ვერა იყო, ის იყო, ეს იყო, სოფიკო იყო, მავანი იყო, ჯანდარელი მადონა იყო, ყვარლელი ჟუჟუნა იყო, ქობულეთელი ლამარა იყო, წყნეთელი მაია იყო, ავლაბრელი სუსანა იყო... თორმეტი გამოვიდა?

- დიახ, ჩემო მბრძანებელო... სანდრა დაგავიწყდათ, ლიზაც.

- ჰმ... სანდრამ ვერ გამიგო, რომ მე ყოველწლიურად ახალი შთაგონება მჭირდება!

- ეხლა უნდა წავიდე, ფშავთა, თუშთა და ხევსურთა წარმომადგენლებს უნდა შევხვდე ლოდების დაგორების თაობაზე, - შეჰბედა ეკამ მიხეილს.

- რა ლოდები, რამე გამომრჩა? - დაცქვიტა ყურები მიხეილმა.

- ისეთი არაფერი, ჯერ მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს, გვინდა, ბარისახოდან თავისუფლების მოედანზე ლოდები დავაგოროთ და ექვსივე შემოსასვლელი ჩავკეტოთ.

- გენიოსური გადაწყვეტილებაა, ეგ ვისი იდეაა?! - შემოჰკრა ტაში მიხეილმა, შემდეგ კი შეხტა და შემოტრიალდა.

- ნუგზარ წიკლაურმა, სხვა ვინ მოიფიქრებდა?

- ნუგზარი სწორუპოვარი გმირია, გადაეცი, შენი იმედი მაქვს-თქო. ეგ არი ვეშაპი ზღვის გარეშე, ლომი ტყის გარეშე... აააახხხხყყყყ! - პალატაში უცნაური ხვიხვინი გაისმა, ეს იყო მიხეილის საფირმო სიცილი.

- მეც ამნაირადა ვფიქრობ, თქვენო უგმირესობავ, ეხლა კი ნება მიბოძეთ, დიდი სინანულითა და თანაგრძნობით გადავდგა ნაბიჯი გარეთ, - დახარა თავი თითქმის იატაკამდე ეკამ.

- შეჩერდი, ხერხეულიძეთა შთამომავალო! - შეჰყვირა ისევ რაღაცნაირად მიხეილმა.

- დიახ, აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს, თქვენო უსათნოესობავ.

- გავიგე, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ხელისუფლებასთან ხახუნის პროცესშია, - ჩაიდუდუნასავით მიხეილმა, ემანდ არავინ გვისმენდესო.

- ნუთუ?

- ამ წუთას შემატყობინეს, ნიკანორ მელია ეხახუნება ხელისუფლებასო. 

- ეგ გამორიცხულია, თქვენო უხახუნოესობავ, როგორ შეიძლება, ნიკანორი ხელისუფლებას ეხახუნებოდეს?

- ჩემი წყაროები არ ცდებიან... ეხლა კი გასცი, გამშორდი, მიხედეთ საქმეს, ერთი ადგილი გაანძრიეთ, აღსდექით მტანჯველთა წინააღმდეგ!

კარი ჭრიალით მიიხურა, ეკამ ნაბიჯი დიდი სინანულით გადადგა. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო, ირგვლივ ჭილყვავნი დათარეშობდნენ, ზოგი დიდი იყო, ზოგიც პატარა, მომცრო. ეკას გულმა უცებ რეჩხი უყო, დავამარცხებთ კი ამდენ ჭილყვავსო? ეეეჰოოო, ამოიგმინა და თავი სახლისკენ მიმავალ ორღობეს მისცა.

მიხეილმა ისევ დააფურთხა ფანქრის წვერზე, რამდენიმე წამით ჩაფიქრდა და წერა განაგრძო: ხალხნო და ჯამაათნო, თუ ესენი არ დამსვამენ პრეზიდენტად, საერთოდ აღარ დავლევ წამლებს. თუ სასწრაფოდ არ გამიღებენ ჰოსპიტლის კარს, რომელიც ციხე მგონია, პირში აღარაფერს ჩავიდებ ფაფების გარდა. ვბრძანებ, ხვალვე შეიქმნას ჩემი გათავისუფლების სახალხო კომიტეტი, სადაც ყოველდღე დასცხებენ დოლსა და გაწელავენ გარმონს. საღამ-საღამოობით ანგარიში ჩაჰბარდეს გიულ დედულის. ბრძანებას ხელს ვაწერ მე, ამ ქვეყნის დამფუძნებელი, განმავითარებელი, ამღორძინებელი და შამქმნელი!

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა