მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია




საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ის გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები. უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ, შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.