მტრები

მტრები




ყველაფერი ძალიან მარტივადაა - ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში არ შევიდა, ოპოზიცია კი არა, საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერია.

მე კარგად მესმის, რომ უკიდურესად მძიმე ბრალდებაა ეს - არ არის უბრალო საქმე, შენს თანამემამულეებს, შენი სახელმწიფოს მოქალაქეებს ქვეყნის მტერი უწოდო, თუმცა მე კი არა, თვითონ მათ, ამ ოპოზიციის წარმომადგენლებმა შექმნეს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მათთთვის მტერი გვეწოდებინა.

მათ თვითონ გამოუტანეს საკუთარ თავს ეს განაჩენი. თვითონ, საკუთარი ხელით დაწერეს საკუთარი საბრალდებო დასკვნა და ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ ქვეყნის მტრები არიან.

გამაოგნებელი აღიარებაა, შოკისმომგვრელი ლუსტრაციაა, რომელსაც ძნელია, ლოგიკური ახნა მოუძებნო.

ნორმალური, საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, რომელიც, რაღაც მიზეზების გამო, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდის და საკუთარ ხალხს მტრობს, ცდილობს, ეს საძრახისი საქმე დამალოს, შენიღბოს, კონსპირაციულად იმოქმედოს, ამათ კი ღიად და დაუფარავად განაცხადეს, რომ, დიახაც, საკუთარი სამშობლოს დაუნდობელი მტრები არიან.

არ არის ეს გასაოცარი ამბავი?

რაშია საქმე - ყველა სიკეთესთან ერთად ესენი ნორმალურებიც არ არიან?

მე მგონი, მათი ეს გამაოგნებელი სქციელი მათი ნორმალურობა-არანორმალურობით კი არა, სულ სხვა, გაცილებით რთული და სერიოზული საიდუმლოთი არის განპირობებული, თუმცა ეს საიდუმლოც იმდენად მარტივად ამოსახსნელი რამ არის, რომ მას საიდუმლო არც ეთქმის.

რა საიდუმლოზეა საუბარი, ამის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას ამბობს ოპოზიცია.

- „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის მაინც არ აპირებს ხელახალი არჩევნების დანიშვნას, რის გამოც ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ტყუილად ჰგონია ხელისუფლებას, რომ, რადგან ახალ არჩევნებს არ ნიშნავს, ამით პრობლემა ამოწურულია, წინ გველოდება უმძიმესი ზამთრის თვეები. კორონავირუსის და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გარდაუვალია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კრიზისი. მოსახლეობა შიმშილისთვის არის განწირული, გაზაფხულზე ხალხი ქუჩაში გამოვა და „ქართულ ოცნებას“ იძულებულს გახდის, ახალი არჩევნები დანიშნოს. - აი, ასეთია ოპოზიციის ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტით არის გამყარებული - იმის გამო, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ვღებულობთ ერთპარტიულ პარლამენტს, რაც პრობლემებს შეუქმნის „ქართულ ოცნებას“, ეჭვქვეშ დააყენებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაკომპლექტებული ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმურობას, რაც, ცხადია, მძიმედ აისახება საქართველოს მომავალ ურთიერთობებზე დემოკრატიულ სამყაროსთან. ყველაფერი ეს ერთად შეკრებილი, სხვა გზას არ უტოვებს „ქართულ ოცნებას“, გარდა ერთისა _ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, - ასკვნიან ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

ხომ არაფერი დამიმახინჯებია ოპოზიციონერთა არაერთგზის ხმამაღლა დეკლარირებული მოსაზრებებიდან?

არა, ნამდვილად არა!

იმიტომაც ვთქვი, ესენი ქვეყნის მტრები არიან-მეთქი და ეს შეფასება ზუსტია.

როცა სვავივით ხარ ჩასაფრებული და იმ დროს ელოდები, როცა შენი ხალხი, შენი სამშობლო დაიმშევა, გაღატაკდება, გაუბედურდება და სხვა გზა არ დარჩება, გარდა იმისა, რომ სასოწარკვეთილი ქუჩაში გამოვიდეს, აი, იმ მომენტს რომ ელოდები, მტერი არა ხარ, აბა, რა ხარ?!

შენი გეგმა, შენი „გამარჯვების“ ფორმულა ხომ იმაზეა აგებული, რომ ეკონომიკური კრიზისი გამწვავდეს, ამიტომ ნათელია, ცხადზე ცხადია, შენ, ოპოზიცია, იმისთვის კი არ იბრძოლებ, რომ ქვეყანას როგორმე წაეხმარო, არამედ ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდეს და ქვეყანაში აუტანელი, კატასტროფული სიტუაცია შეიქმნას, რომ ამით ისარგებლო და ხელისუფლებაში მოხვიდე.

როცა ეს გაქვს ჩაფიქრებული, როცა ასეთი გეგმა გაქვს შემუშავებული, მტერი ხარ, აბა, რა ხარ?!

თუმცა სიტყვა „მტერი“ ზუსტად ვერ გამოხატავს იმ სათქმელს, რასაც ეს ოპოზიცია იმსახურებს.

მტერი, რომელსაც ღირსების გრძნობა აქვს, ისეთი სულმდაბლური საქციელის ჩადენას არ იკადრებს, როგორსაც ეს „ჩვენებური“ ოპოზიცია კადრულობს.

მტრებზე უარესი მტრები არიან ესენი, დაუნდობლები, ეგოისტები, უტიფრები, უსირცხვილოები, რომლებიც დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ლაპარაკობენ, ამ დროს კი სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები არიან.

სააკაშვილი თავად არის მონა, რომელსაც ძლიერნი ამა სოფლისანი სხვადასხვა დაკვეთების შესასრულებლად აღმა-დაღმა დაარბენინებენ, ესენი კი მონის მონები არიან.

ქართველ ამომრჩეველთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც რაღაც მიზეზების გამო „ქართული ოცნება“ არ მოსწონდა, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო „ნაცმოძრაობა“, ხმა სხვადასხვა პარტიებს მისცა - ზოგმა „ლელოს“, ზოგმა - „გირჩს“, ზოგმა - „ევროპულ საქართველოს“, ზოგმა - „მოქალაქეს“, ზოგმაც - „სტრატეგია აღმაშენებელს“, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ სულ ტყუილად გაისარჯა - აღმოჩნდა, რომ მათ მიერ ცვლილებების იმედით არჩეული პარტიები „ნაცმოძრაობას“ ექვემდებარებოდნენ და მის დირექტივებს ემორჩილებოდნენ.

ხომ გახსოვთ, თავიდან როგორ მკვეთრად ემიჯნებოდა აფერისტი ხაზარაძე სააკაშვილს? ბოკერიას და უგულავას, იგივე გიორგი ვაშაძის ხისტი განცხადებებიც ხომ გახსოვთ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მისამართით?

მათ ამომრჩეველმა ხმა მისცა, როგორც „ნაცმოძრაობის“ ალტერნატიულ ძალას, მაგრამ, როგორც ვთქვით, სულ მალე ცხადი გახდა, რომ ისინი მწარედ მოატყუეს.

არჩევნები მოგვპარესო, რომ ბრძანებენ ეს ვაჟბატონები, „ქართულმა ოცნებამ“ კი არა, სწორედ ამ პოლიტაფერისტებმა მოპარეს არჩევნები თავიანთ ამომრჩეველს, თვალში ნაცარი შეაყარეს, გააბითურეს, შეურაცხყოფა მიაყენეს.

მე რომ ხელისუფლება ვიყო, მართლავ დავნიშნავდი რიგგარეშე არჩევნებს და ვნახავდი, რა ხმებსაც მიიღებდნენ ეს კლოუნები მათ მიერ ერთხელ უკვე მოტყუებული მხარდამჭერებისგან.

ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას და ქვეყნის ჩამოქცევას ელოდებიან ეს ლეშზე დაგეშილი სვავები-მეთქი, ვთქვი ზემოთ.

ისინი ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ ამგვარი განცხადებებით საკუთარ ამომრჩევლებსაც უპირისპირდებიან და მათაც წირავენ სასიკვდილოდ.

ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეეხება და ოპოზიციის მხარდამჭერებს არ შეეხება, თუ რაშია საქმე?

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ოპოზიციის მხარდამჭერები სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ?

რა თქმა უნდა, არა!

ასე რომ, ეს უბადრუკი და ცალტვინა ოპოზიცია მთელ ქვეყანას უცხადებს ომს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას, „თავისიანებსაც“ და „სხვისიანებსაც“ ერთნაირად წირავს უბედურებისთვის.

მიკვირს, ძალიან მიკვირს, ჩვენი მრავალრიცხოვანი ექსპერტთა, ანალიტიკოსთა, პოლიტოლოგთა მთელი ლაშქარი სწორედ ამ კუთხით რატომ არ შიფრავს, რატომ არ აანალიზებს შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და რატომ არავინ ცდილობს, ადამიანებს აუხსნას და დაანახოს, რა მახინჯია, სინამდვილეში, გარედან ფერად-ფერადი ფალასფულასით შეფუთული და შენიღბული ამ ვაიოპოზიციის ზრახვები?

***

არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხი ძალიან აინტერესებს ჩვენს საზოგადოებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს პასუხები არ ჩანს.

კითხვა პირველი - ვინ აფინანსებს ამ ოპოზიციას, ვინ იხდის იმ კოლოსალურ ხარჯებს, რაც ამათ საარჩევნო კამპანიას სჭირდება?

ხომ არავისთვის არის საიდუმლო, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციამ უზარმაზარი თანხები დახარჯა?

ხომ ყველამ ვიცით, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებში ორჯერ მეტ ფულს უხდიდა თავის კოორდინატორებს თუ კომისიის წევრებს, ვიდრე „ქართული ოცნება“?

ისიც ხომ ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ ამ მრავალრიცხოვანი მიტინგების მონაწილეებს 50–70 ლარს უხდიდნენ.

ადამიანები პროფესიონალ მომიტინგეებად ჩამოყალიბდნენ და მიტინგებზე, როგორც სამსახურში, ისე დადიოდნენ.

- რატომაც არა, თვეში 500–600 ლარი გამომდის და ჩემთვის, უმუშევარი კაცისთვის, ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა, - მითხრა ერთხელ „ნაცმოძრაობის“ „შტატიანმა“ მომიტინგემ და ამის შესახებ დავწერე კიდევაც.

მომიტინგეების, ადმინისტრაციის, აქტივისტების შენახვის გარდა, სხვა უამრავი ხარჯია, რომელსაც მილიონები სჭირდება.

ვინ იხდის ამ ფულს?

ასე, მაგალითად, ვინ უხდის ფულს შალვა ნათელაშვილს, რომელიც ბოლო ხანებში ისეთი ბედნიერი და გაბადრული დადის, აშკარაა, დიდი „მაყუთი“ იშოვა.

ვინ იხდის ამ ფულს?

ვინ იხდის და, სააკაშვილიო, - ამბობენ.

არ მჯერა!

სააკაშვილი ისეთი წუწურაქია, საკუთარი სიამოვნებისთვისაც კი ვერ იმეტებდა საკუთარ ფულს და ბიუჯეტის ხარჯზე „ჟიმაობდა“ (უკაცრავად გამოთქმისთვის) კახპებთან.

მერაბიშვილი ამ ხარჯებს მიშას „სირის გადასახადს“ (კიდევ უკაცრავად) ეძახდა.

აი, ასეთი კაცი გარისკავს და საკუთარ მილიონებს დახარჯავს პოლიტიკური ბატალიების დასაფინანსებლად, რომელიც, არავინ იცის, რით დამთავრდება?

ისიც ხომ ცნობილია, რომ მიშას ფული არ აქვს და დედის კმაყოფაზეა საწყალი.

აბა, ვინ იხდის ამ ფულს?

წარმოუდგენელია, გამორიცხულია, რომელიმე დასავლური სახელმწიფო აფინანსებდეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ამ სპეცოპერაციას კოდური სახელწოდებით „არჩევნები გაყალბდა“! რომელიც, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების მიტაცებას ისახავს მიზნად.

მიშა არა! დასავლეთი არა! აბა, ვინ დარჩა?

ვინ დარჩა და დარჩა ის, ვისაც ყველაზე მეტად აწყობს საქართველოში დესტაბილიზაცია, ქაოსი, სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ამით ისარგებლოს და ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს სრული კონტროლი მთელ ქვეყანაზე, რითაც, ფაქტობრივად, თავისი გავლენის ქვეშ მოაქცევს არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის მთელ რეგიონს.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი რუსეთის დაკვეთას ასრულებდა, ხოლო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები დღიურ მუშებად ჰყავდა დაქირავებული.

სააკაშვილს არც დაუმალავს, რომ ის განხიბლული იყო დასავლეთით და მისი აზრით, საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკა კოლონიალურ ხასიათს ატარებდა. არჩევნების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მან მსგავსი შინაარსის განცხადებები არაერთხელ გააკეთა, ხოლო მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები მოლაპარაკებებში ჩაერთვნენ, მათ წინააღმდეგ, ფაქტობრივად, ღიად ამუშავდა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტული მანქანა _ ტელეკომპანია „მთავარის“ მეთაურობით და ელჩებს ლანძღვა-გინების კორიანტელი დაატეხეს თავს.

ფაქტია, როცა ელჩებს უცხადებ ომს, ომს უცხადებ იმ სახელმწიფოებსაც, რომლებსაც ეს ელჩები წარმოადგენენ.

შეხვედრების ოთხი რაუნდი გაიმართა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, მაგრამ არც ერთ ამ რაუნდს შედეგები არ მოჰყოლია.

ელჩების წინადადებას, ბარიერგადალახული პარტიები შესულიყვნენ პარლამენტში და იქიდან გაეგრძელებინად მუშაობა პრობლემების მოსაგვარებლად, ოპოზიცია კატეგორიული უარით შეხვდა.

უფრო მეტიც, თითოეული ამ რაუნდის დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ისინი უკან არ დაიხევენ, რომ მათი ერთიანობა ურყევია და ამ ელჩების შემოთავაზებები მათთვის არაფერს ნიშნავს.

ამ განცხადებებით თითქოს ვიღაც უხილავ უფროსს აბარებდნენ ანგარიშს ოპოზიციის ლიდერები.

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უხილავი უფროსი? სააკაშვილი?

ალბათ, სააკაშვილიც, მაგრამ მის გარდა ოპოზიციის ამ ურყევ პოზიციაში აშკარად იკვეთებოდა სხვა ძალაც, რომელიც მთელ ამ პროცესს წარმართავდა და დისტანციურად ხელმძღვანელობდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ძალა რუსეთია, რომელიც სააკაშვილის და ოპოზიციის პირით აშშ-სა და ევროკავშირს მიანიშნებს, რომ აქ, საქართველიოში, ისე, როგორც დანარჩენ კავკასიაში, სიტუაციას ის აკონტროლებს და არა აშშ და ევროკავშირი. ის არის აქ უფროსი და მის გარეშე არაფერი გადაწყდება.

ადრეც ვთქვი და, მე მგონია, სწორად ვთქვი: ამ ჩვენმა „გულადმა“ და „პრინციპულმა“ ოპოზიციონერებმა, მართალია, აშშ და ევროკავშირი ფეხებზე დაიკიდეს, მაგრამ ერთი მოსკოვიდან უბრძანონ, შედით პარლამენტშიო, ეგრევე კისრისტეხით შეცვივდებიან შიგ.

ის, რაც ამ მოლაპარაკებებზე ხდება, რუსეთის მხრიდან გაჟღერებული ღია მესიჯია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი - სულ ტყუილად გაქვთ აშშ-სა და ევროკავშირის იმედი. ვერც ერთი დაგეხმარებათ და ვერც - მეორე. ამიტომაც ჩემსკენ მოტრიალდით, თუ გინდათ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოთ, თუ არა და…

თუ არადა, მიიღებთ რევოლუციას, როგორც არაერთხელ მიიღეთ - ასე იშიფრება ეს ქვეტექსტი, რომელიც თვენახევარია ამ მოლაპარაკებების მიღმა იკითხება.

- ნუ გეშინიათ, რევოლუცია კი იქნება, მაგრამ ეს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია, - გვამშვიდებს ნიკანორ მელია, რომელიც თავისი საქციელებით ძველ ბიჭს, უფრო ზუსტად, ხულიგანს უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკოსს.

რას ნიშნავს ეს „მშვიდობიანი რევოლუცია“, გასულ კვირას შალვას ფანჩატურიდან გამოსული „რევოლუციონერი“ პოლიტიკოსები სხაპასხუპით რომ აანონსებდნენ?

- რას ნიშნავს და, ქუჩაში გასვლას და მოქალაქეთა მშვიდობიან პროტესტს, დემონსტრაციებს, მანიფესტაციებს, მიტინგებს, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, ახალი არჩევნები დანიშნოსო, _ ასე განმარტავდნენ მშვიდობიანი რევოლუციის იდეას შალიკოს ფანჩატურში შეკრებილი სააკაშვილის მაყრიონის წევრები.

მივმართავ ამ პროვოკაციული და ავანტურისტული იდეის ავტორებს, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს: რა გინდათ თქვენ, მთელი საქართველოს ამოწყვეტა გინდათ? ასე დაგავალათ, ასეთი შეკვეთა მოგცათ თქვენმა პატრონმა? რა ხალხმრავალ მიტინგებზე და აქციებზე ლაპარაკობთ თქვენ, თქვენ ქვეყნის გამყიდველებო, ვერ ხედავთ, ქვეყანაში კორონაეპიდემია რომ მძვინვარებს? 9 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლის გამო 2000 ლარით აჯარიუმებენ ადამიანებს, თქვენ კიდევ ათასობით და ათიათასობით ადამიანის ერთად შეკრებას აპირებთ, რომ ვირუსის გავრცელებამ ისეთი მასშტაბური ხასიათი მიიღოს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი გახდეს.

ოღონდ თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და ქვეყნის ამოწყვეტა გაქვთ გადაწყვეტილი?

მიმიფურთხებია თქვენი პოლიტიკისთვის და თქვენი პოლიტიკოსობისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ფსევდოპატრიოტობისთვის, მიმიფურთხებია თქვენი ფსევდოქართველობისთვის.

თუ ასე გააგრძელებთ, საქართველო აუცილებლად შეგაჩვენებთ და უკუნითი უკუნისამდე დაგწყევლით.

***

როგორც წერილის დასაწყისში ვთქვი, ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დარაზმული მტერი, მტერს კი ისე უნდა მოექცე, როგორც მტერს უნდა ექცეოდე.

ამიტომაც აბსოლუტურად სწორი მგონია ის ნაბიჯები, რომლებსაც ხელისუფლება ამ ოპოზიციის იარლიყით შენიღბული მტრის სახიფათო ქმედებების აღსაკვეთად დგამს.

ცხადია, გამოჩნდებიან ძალები ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რომლებიც ხელისუფლების ამ მკვეთრ გადაწყვეტილებებს სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებების შეზღუდვად მონათლავენ, თუმცა, სინამდვილეში, „ქართულ ოცნებას“ არავინ და არაფერი შეუძღუდავს - ის ცდილობს, მტერს ხელები დაუმოკლოს და ქვეყანას დიდი უბედურება ააცილოს თავიდან.

ეს არის და ეს!

ვახტანგ ხარჩილავა

"საერთო გაზეთი"