მწყემსი ირაკლა

მწყემსი ირაკლა




გიჟივით გამოეღვიძა. მთელი ღამე ბორგავდა, ვერ ისვენებდა, ფეთი შეჰყროდა. გვიან ჩაეძინა, მაგრამ ამას ძილი კი არა, ძილქუში ერქვა. საღამოს დაურეკეს, ხელის მოწერას აპირებენო. ამან თავი გაიგიჟა, არ არსებობსო, მე და შალოს პირობა დაგვიდეს, პარლამენტში არ შევალთო, ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები არ გავხდებითო, ,,ოცნების" დედაც ვატირეთო. ამან რო გათიშა ტელეფონი, ამ შემტყობინებელმა, ახლა იმან დარეკა, მეორე შემტყობინებელმა, ამუ კეთილისმსურველმა. იმას კაცის ხმა ჰქონდა, ამას - ქალისა:

- ალიო, ირაკლ, სალამი და ალეიქუმი, ჩემო ძვირფასო, ჩემო გმირო, ცოტნე დადიანო, დავით აღმაშენებელო... თაკო ვარ, ვერ მიცანი?

- ჰო, ალიაქოთზე გიცანი, მაშ, - ჩაიბუყბუყა ირაკლამ და ერთი გემრიელად დაამთქნარა.

- ბიჭო, მე, თაკოს, ჩარკვიანს, საქართველოს მომავალ დედოფალს ღალატი მეწვია უცაბედად, თავს მეხივით და მეტეორივით კი დამეცა, მაგრამ ჰმ... ეგეთები გადამიტანია? ამასაც გადავიტან!

- რა ხდება, ჩემო გაუტეხელო თანამებრძოლო, წეღან შემატყობინეს, ხელს აწერენო, პარლამენტში შეთრევას აპირებენო.

- ჰო, ბიჭო, ყოველი მხრიდან ღალატსა და თავზე დამხობილ წუმწუმასა აქვს ადგილი... რუსეთის ხელი ურევია ამ ყველაფერში, პუტინის დამპალი ხელი. გუშღამ ჯუნიორი ძალიან წვალობდა, უცნობი ზარები შემოსდიოდა, წინ პლიუსი რო უწერია ხოლმე, ეგეთი, ოთახიდან გარბოდა, ტუალეტში იკეტებოდა და ვიღაცას ეჩუკჩუკებოდა. ნუ, ეხლა, ხო გასაგებია?!

- გასაგებია, ან პუტინი იქნებოდა ხაზზე, ან კიდე ლავროვი!

- მე უფრო ლავროვზე ვეჭვიანობ, ნინო ბურჯანაძემ გააცნო თურმე და იმის მერე აეგრე ეჩუკჩუკება, მე რა ვიცოდი? პრემიერ-მინისტრობა შევთავაზე და არ ინდომა, ეგ ნორმალურია?!

- ამათი მოღალატეობრივი გამოხტომები მკლავს და მინელებს, ჯიგარში ცხელი შამფურივით მერჭობა და მიტრიალებს, გადასერილი მკერდიდან თქრიალით მომდის სისხლი... ვაჰმეეე, ავიღებ ეხლა თოფსა და დავხოცამ ყველასა!!!

- მაიცა, ძმაო, ირაკლ, ეგრე შეშფოთებით საქმე არ გამოა, აქეთ მოგვდგებიან, აქეთ დაგვადანაშაულებენ, ეხლა დავჯდები, შევადგენ გეგმას, ჩემი პარტიის მრავალრიცხოვან არმიას მოველაპარაკები და მერე მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას. ეტყობა, მაგათ ჰგონიათ, ჩვენ მაგიდა არ გაგვაჩნია. ჰმ... მაგიდაცა გვაქ, სკამებიც და ფარდაგებიც, ფლოსტებიც, შლოპანცებიც!

ირაკლამ ტელეფონი გათიშა და დივანზე მიაგდო. თვალები ჯერ გადაატრიალა, შემდეგ კი გადმოატრიალა, ამას წინებზე ნიკოლოზ მაჭუტაძემ უთხრა, თუ გინდა, კარგი რეზონი გქონდეს, როცა გაიღვიძებ, თვალები ჯერ უნდა გადაატრიალო, შემდეგ კი გადმოატრიალოო, ანუ ჯერ უნდა გადაპრაწო, შემდეგ კი გადმოპრაწოო. ეს ერთგვარი ვარჯიშია როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში, ისე ოჯახურ ყოფაშიო.

ირაკლამ თავი სინანულით გადააქნია, რა კარგი სიტუაცია იყო შალოს ფანჩატურში... იკრიბებოდნენ ძველი მეგობრები, ერთმანეთს დარდებს უზიარებდნენ, ჩაის წრუპავდნენ, ბუტერბროდებს მიირთმევდნენ, ძველ დროს იხსენებდნენ. ეხლა კი რა გამოდის, ფანჩატურში აღარ შეიკრიბებიან, ჩაის აღარ მოწრუპავენ, ძველ დროს ვეღარ გაიხსენებენ, განა რამე მადლი აქვს ეგეთ ცხოვრებას? ჰა, განა ფასი არ დაჰკარგა სიცოცხლემ? არა, რა გამოვიდა? ბიძინა ისევ აქ არი, ისევ ბლატაობს, ისევ მაგისი ხალხია ზემო თაროს, ირაკლას და მის თანამოაზრეებს რა ვირის თავ-ფეხი, რა კურკლი და მურკლი? ისე, ბავშვობიდან წვალობს ირაკლა ერთი რაღაცის ამოხსნაზე... რა განსხვავებაა კურკლსა და მურკლს შორის? კურკლი რაც არი, მიხვდა, გაიგო, მაგრამ მურკლი რა არი, ვერა და ვერ ამოხსნა. ვერც ვერავინ ნახა ამ დუნიაზე, ეს რომ იცოდეს. ერთადერთმა ნიკოლოზ მაჭუტაძემ გადააქნია მრავალმნიშვნელოვნად თავი და მიუგო: თქვენა, ბატონო ირაკლი, ძალიან კარგი დაჟინებული მზერა გაქვთ, მაგრამ რეზონი გაკლიათო. როცა რეზონი მოგემატებათ, მაშინ მიხვდებით მურკლის მნიშვნელობასო. რა თქმა უნდა, ეს კი იყო მეტად ღრმააზროვანი განმარტება, თუმცა არასაკმარისი... მაინც გაუგებარი რჩებოდა, რა კავშირი უნდა ყოფილიყო კურკლსა და მურკლს შორის. ირაკლას გაახსენდა, ერთხელ, როცა ათი-თერთმეტი წლისა იქნებოდა, შეიძლება თორმეტი-ცამეტისაც იყო, ხელში ქაღალდი ჩაუვარდა. დააკვირდა ამ ქაღალდსა და როყიოდ ამოიკითხა: ,,დალაი ლამას ბრძნული ჰაზრები". სწორედ იქ ეწერა, იმ ქაღალდზე, მეცხვარემ იცის კურკლისა და მურკლის მნიშვნელობაო. იმ დღის მერე ჩაეთესლა ირაკლას, რომ წასულიყო მეცხვარეობაში და მწყემსადაც ემუშავნა. თუმცაღა... ვინ დააცადა? განა მამულზე ფიქრმა მისცა საშველი? მიდი, კაცო, გაიდე კომბალი მხარზე, გაჰყევ ფარას, გაზაფხულზე გარეკე მთისკენ, შემოდგომაზე გამოჰყევ, გამორეკე ბარისკენ. იარე იალაღებზე, შეჰყევ თვალუწვდენელ მთებსა და აკვნესე სალამური პატრიოტულად. განა ამას რამე შეედრება? რა პოლიტიკა, რის პარლამენტი, რაის დეპუტატობა, რომელი მინისტრობა? აჰა, ეგე, ვითომ ერთად იყვნენ, ვითომ თანამებრძოლობდნენ, ერთადა სჭამდნენ, ერთადა სვამდნენ, ერთადაც ჰკურკლამდნენ, მაგრამ რა გამოიდა? ისევ ღალატმა ატკინა გული, ისინი შევიდნენ, ეს კიდე დარჩა ისევ გარეთ. დარჩა რა, განა რამე? უბრალოდ ტეხავს გარეთ დარჩენა. აი, გარეთ რო დარჩები, მერე ყავლი გაგდის და აღარც ინგა გრიგოლიას აინტერესებს შენი ამბავი, აღარც გირეკავს, აღარც გიწვევს, აღარც ჭკუას გეკითხება. არადა, შენ ხომ გაწუხებს სამშობლოს ბედი? შენ ხომ პატრიოტი ხარ და ცოტნე დადიანობა გწადია? ირაკლას თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა, პატრიოტულად ამოიღმუვლა და ,,კრაოტზე" დაჭრილი დათვივით გადაკოტრიალდა.

 ***

ირაკლა სარდაფში ჩავიდა, ,,ვიკლუჩატელი" ხელის ცეცებით მოძებნა. გაუჭირდა, წლებია, აქ არ ყოფილა. ,,შიფანერკიდან" სამხედრო ტანისამოსი და ბათინკები გადმოიღო, დაბერტყა, მოიზომა, წაიღიღინა: ჰმ... მივალ მივყვები მე ჩემ ფარასაააა!

ირაკლა ,,ტაბურეტკაზე" ჩამოჯდა, თავი ჩაჰკიდა, თავში მოგონებები წამოუტივტივდა... უფრო სწორედ, ლიტერატურული მოგონებები... განა ალექსანდრე ყაზბეგი არ მუშაობდა მწყემსად? განა ვისზე რა ნაკლები იყო? ჰოდა, ესეც აეგრე იზამს... ეგებ მთაში მატყლის საყიდლად ფრანგები ისევ ამოვიდნენ? ეგებ მივიდნენ ირაკლასთან და ჰკითხონ რამე? ეს რომ ფრანგულად გაუბამს, აეგ იქნება დიდი მაზალოობა. ისინი გაოცდებიან და ჰკითხავენ, საიდან იცი ფრანგულიო? ჰმ... ირაკლა ამაყად ეტყვის, აქ, მთაში ყველა მწყემსი ჩემზე უკეთ ფლობს ფრანგულსო, აღარაფერს ვამბობ ინგლისურზე, ესპანურსა და იტალიურზეო. განა ყაზბეგი თავიდან ყაზბეგი იყო? ჩოფიკაშვილმა აიღო ეგეთი გრანდიოზული ფსევდონიმი და გაუმართლა კიდევაც, მთელ დუნიაზე ცნობილ კაცად გადაიქცა. ირაკლას მომენტალურად გაუკვირდა კიდევაც, რა მაგარი განათლებული ვყოფილვარ, ნეტავ ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფია საიდან ვიციო? მერე გაახსენდა, როგორ გადაამტვრია ქართულის მასწავლებელმა თავზე სახაზავი, შე დებილო, ყველგან თოფი რანაირად გელანდებაო? თოფჩიკაშვილი კი არა, ჩოფიკაშვილიო! შეიძლება დადგეს დრო, ირაკლამაც გადაიკეთოს გვარი. თუკი მისმა წინაპრებმა ერთხელ უკვე გადაიკეთეს, ეხლა რაღა პრობლემა უნდა იყოს? არც არაფერი! კაცი იყავ კაცური და რა გვარიც გინდა, იმ გვარისა იყავ, სადაც გინდა, იქ ილოცე!

ალბათ დადგება დრო, როცა ირაკლაც დასწერს: მას შემდეგ, რაც ფანჩატურელმა ამხანაგები ღალატისა და არაკაცობის გზას დაადგნენ, გადავწყვიტე, მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიში და სიამოვნებით სავსე ცხოვრება, რომელიც მწყემსს განუშორებლად თან სდევს. მე თვითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რამოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლით მოვაგროვე, მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე. რასაკვირველია, ჩემი განზრახვა ბევრმა შეიძლება მასხარად აიგდოს, ეგეთ სახელიან კაცს მეცხვარეობა არ ეკადრებაო, მაგრამ ეს იმ პოლიტიკოსების სინდისზე იყოს, რომლებიც თვეების განმავლობაში შალოს ფანჩატურში ისხდნენ და ყვერებს იფხანდნენ. ეხლა დაუწყებენ ჭკუის სწავლებას, გამოკითხვასა და ჩიჩქვნას, რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, რა გამოცდილება გაგაჩნიაო? ხომ არ არი ეს იძულებითი წასვლა, ხომ არ ურევია ამ საქმეში ბიძინას ხელიო? მე არავის არაფერს ვეკითხები და მით უფრო ბიძინას, ეგღა მაკლიაო, გამოსცრა კბილებშუა ირაკლამ. ტანისამოსი აიღო, ბათინკები და ყველა საჭირო ხარახურა ,,მეშოკში" ჩაყარა, კედელზე ჩამოკიდებულ თოფს ერთხანობას უყურა, მთაში უთუოდ დამჭირდებაო. განა ის გაიფიქრა, ნადირი წამოგვეპარება, ცხვარს გაიტაცებსო? არა, თავში უფრო ცუდი რამეები წამოუტივტივდა, ხომ შეიძლება, პოლიტიკური თვალსაზრისით მტერმა ესროლოს? იქნებ მისი ცემა მოინდომონ? იქნებ ვინმემ პანჩური ამოარტყას? კედლიდან თოფი ჩამოხსნა, ჩახმახი მისწია, მოსწია, კასწია, გამოსწია და დაიძახა: ბაააახ! ირაკლამ დაიძახა თავისივე პირითა, განა თოფმა? ხვალ ტყვია-წამალს იყიდის, დატენის და მერე დააძახებინებს თოფსა.

ირაკლას ისღა დარჩენია, კარგად მოიფიქროს, საით, რომელი მიმართულებით უნდა დურთოს თავი, ჭაჭუნის აღკვეთილის საძოვრებისკენ თუ ალვანისკენ? სწორედ ეხლა უნდა ჩაიცვას მეცხვარის ჩექმები და პლაში, ეხლა იწყება სეზონი, თუ ამ სეზონს არ აუწყო ფეხი და ჩამორჩა, მერე წამოაძახებენ, ცხვრის გადარეკვას თავი აარიდაო, სადაც ვაჟკაცობა და თავდადება იყო საჭირო, იქიდან გაიქცაო, მზამზარეულს მიუჯდაო... არადა, ირაკლას თავადვე სძულს, მზამზარეულ ,,სტოლს" რომ მიუჯდებიან ხოლმე, ფუჰ, ეგ რა ვაჟკაცობაა, რა გაგება და რა ქართველობაა?!

ტელეფონის ზარი გაისმა. ირაკლა ფიქრებიდან გამოერკვა.ისევ ის რეკავდა, ცოტა ხნის წინ რომ დარეკა. ერთ ხანობას იფიქრა, არ ვუპასუხებო, უკვე სულერთიაო, აღარავინ მაინტერესებსო, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მაინც გადაძალა და ეკრანს თითი ატაკა:

- ჰო, ალიო.

- ისევ მე ვარ, ახალი სტრატეგია დავწერე და მინდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარგადგინო.

- რა სტრატეგია, აღმაშენებელი?

- არა, როგორ გეკადრება, უფრო იქითამდელი, ადრეული, გენაცვალე... აბა, რაააა!

- რა ჰქვია?

- გაოგნდები, ,,სტრატეგია გორგასალი" ჰქვია, ხო მაგარია? ადგილობრივი არჩევნების დროს წარგადგენ პრემიერად!

- ადგილობრივი არჩევნების დროს პრემიერად როგორ უნდა დამნიშნო?

- როგორც ჯუნიორს ვნიშნავდი საპარლამენტო არჩევნების დროს, გენაცვალე... აბა, რააა!

- გვიანია... არც კი ვიცი, რანაირად გითხრა, ცხვარში მივდივარ მწყემსად.

- რას ამბობ, გაგიჟდი?

- მამულის სიყვარულმა გამაგიჟა, თავი მტკივა!

- სად მიდიხარ, შირაქისა და ელდარის ზამთრის საძოვრებზე?

- ჯერ არ ვიცი, ვაზუსტებ.

- მერე, სამშობლოს რას ეუბნები, რა პასუხსა სცემ მომავალ თაობებს? ირაკლა ოქრუაშვილი მწყემსად? ო, ღმერთო, შენ დაამხე და გააპარტახე ოლიგარქია მთელ დუნიაზე, ეს რას მოვესწარი?!

- მე ოპოზიციამ მიღალატა!

- რათა ჰფიქრობ ასე? შალიკომ არ გიღალატა, არც ნინომ, არც მე, არც გერონტიმ, არც გურუნტიმ, არც იმანომ, არც ამანომ... მეც კი გავბრაზდი, მაგრამ ერთი ამათიც, აუ, რამდენი ვაააააართ!!!

- მე მაინც უნდა წავიდე!

- ჩემი აზრით, შენ ,,რაზგონი" გჭირდება, ადი მთაში, არეკე ცხვარი და მერე იქიდან გამოექანე, ეს იქნება ,,სტრატეგია გორგასალის" დასაწყისი. მე გამოვალ ტელევიზორში და მოსახლეობას ავუხსნი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შენი გამოქანება თუშეთიდან ან ხევსურეთიდან. შენ იმდენად დიდი პიროვნება ხარ, მთაწმინდა ძალზედ ვიწრო და მოკლეა.

- არის შენს სტრატეგიაში რაღაც რომანტიკული, გამოქანების პროცესი მომწონს უფრო მეტად.

- ხომ ვარ გენიოსი?

- კი, რა თქმა უნდა, არ უნდა მაგას ჭიჭინი.

- ჰოდა, ჯოს, ჯოს, ჯოს!

 ***

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა.

ავტორი იმედოვნებს, რომ ბატონ ირაკლას სხვა ე.წ. ოპოზიციონრებიც მიბაძავენ, ზოგი მეცხვარეობას მიხედავს, ზოგი - მეღორეობას, ზოგი - მეჯორეობას, ზოგი კიდევ მებადრიჯნეობას. ყველა პროფესია საპატიოა, არც ერთს არ ვაკნინებთ, მაგრამ არ შეიძლება წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები საკანონმდებლო ორგანოძი ისხდნენ და უაზროდ იბრიქებოდნენ. სანამ ამ ქვეყანაში ყველა თავის ადგილს არ დაიკავებს, მანამ არაფერი გვეშველება.