ნანა კაკაბაძე - სააკაშვილი, სასამართლო და სამართალი

ნანა კაკაბაძე - სააკაშვილი, სასამართლო და სამართალი




ნანა კაკაბაძე (ორგანიზაცია ,,ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე):

სააკაშვილი რომ სასამართლოს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებების ტრიბუნად იყენებს, ეს ყველამ იცის, ისიც არავისთვისაა გასაკვირი, რომ ის პოპულისტური განცხადებებით, საკუთარი თავის  ზეაღმატებულ ხარისხში აყვანით, ყველაზე  დიდი რეფორმატორის სტატუსის საკუთარ თავზე მიწებებით  საკუთარი სექტის გაფართოებას ცდილობს.  
მისი ასეთი გამოსვლები სულ უფრო კომიკურ ხასიათს იძენს და კიდევ უფრო მეტად არწმუნებს სექტის გარეთ მყოფ საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება არათუ არარეალური და არასასურველი, არამედ ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველიც იქნებოდა, რადგან სააკაშვილი, სამართალი და სამართლიანობა ურთიერთსაწინააღმდეგო და ერთმანეთთან  შეუთავსებელი მოცემულობებია. ეს ადამიანი არც მალავს, რომ ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედ მიაჩნდა და ამიტომაც  ყველა შენობის აშენებას, ნივთის შეძენას  თუ ცვლილებას განხორციელებულს საბიუჯეტო სახსრებით, პირადად მისგან გაღებულ წყალობად მიიჩნევს. ასე რომ, ამ მხრივ, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უფრო გამოაჩენს თავის რეალურ სახეს. 
მეორე მხრივ, მისი „დაუცხომელი მგზნებარება“ შეურაცხყოფს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს, რაც მძიმე კვალს ტოვებს მოქალაქეთა აღქმებზე და განწყობებზე.
ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს მოსამართლეთა სრულიად არაადეკვატური რეაქციები სააკაშვილის მხრიდან წამოსულ ლანძღვაგინებისა და შეურაცხყოფის იმ კორიანტელზე, რომელსაც მისი „მგზნებარე“ გამოსვლებისას ადგილი აქვს სასამართლოზე.
ვფიქრობთ,რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე წაყრუებას, გაუმართლებელია, რომ მოსამართლეები გარეგნული სიმშვიდით და ურეაქციოდ იღებდნენ მისგან მომდინარე შეურაცხყოფებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ სხვა ნებისმიერი ბრალდებულის მხრიდან სასამართლოს მიმართ ამის მეათედი შეურაცხყოფის და მუქარის გაჟღერების შემთხვევაში ნებისმიერი მოსამართლე სასამართლო დარბაზიდან გააძევებდა შეურაცხმყოფელს.
ორმაგი სტანდარტების ასე აშკარა დემონსტრირება აშკარად შეურაცხყოფს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებს ასევე მოსამართლეებს, რომელთა ნაწილიც შესაძლოა პოლიტიკურად თანაუგრძნობენ კიდეც მას და ამიტომ საკუთარ ფუნქციებს შეგნებულად ივიწყებენ.