ნაციონალები ბელადს გიჟის ,,მოწმობას'' უჩალიჩებენ

ნაციონალები ბელადს გიჟის ,,მოწმობას'' უჩალიჩებენ




როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხი თავის მცირერიცხოვან სექტასთან ჰყავს გაიგივებული და მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სულელია, იდიოტია, გონებაჩლუნგია, რომელიც ადვილად შეიძლება მოატყუო, გააბითურო, თვალში ნაცარი შეაყარო.
ის უდიდეს შეურაცყოფას აყენებს საქართველოს, როცა აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია, რითაც ცდილობს, ხაზი გადაუსვას ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას და საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს 2003 წლამდე, ანუ „ვარდების რევოლუციამდე“, ერთი ველური ტომი ვიყავით, რომელსაც სახელმწიფო არ გაგვაჩნდა და ამან, ამ შლეგმა და ფსიქოპათმა, შეგვიქმნა.
(სხვათა შორის, მოსაზრებას, რომ ქართველი ერი სანახევროდ ველური, არაცივილიზებული, უკულტურო და ტლუ ერია, რომელის მართვა რკინის მათრახით შეიძლება, ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში აქტიურ პროპაგანდას უწევდნენ ბატონი სააკაშვილი და მისი კნეინა სანდრა).
ისტორიას ახსოვს მკვლელები, რომლებსაც უსასტიკესი მკვლელობები ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ ყველა მათგანში მაინც იყო დარჩენილი ადამიანურობის რაღაც ნაპერწკალი, რომელიც მათთან ურთიერთობის დროს უეცრად გამოანათებდა და ამ თავისი უეცარი გამონათებით გაგაოცებდა და გაგაკვირვებდა _ როგორ შეიძლება, ამ მხეცში ეს ადამიანური ნაპერწკალი ენთოსო.
როგორც ჩანს, ღმერთი ბოლომდე არასდროს ტოვებს ადამიანს, როგორი მონსტრი და ურჩხულიც არ უნდა იყოს იგი და ყოველთვის უტოვებს რაღაც შანსს სიბნელიდან უკან, სინათლისკენ დაბრუნდეს.
სიბნელიდან სინათლისკენ დასაბრუნებელი გზა სინანულზე გადის, როცა ადამიანი თვითონ იქცევა საკუთარი თავის მიუკერძოებელ მსაჯულად და თვითონ გამოაქვს განაჩენი საკუთარი თავისთვის მის მიერ ჩადენილი დანაშაულების თუ შეცდომების გამო.
არავითარი აზრი არ აქვს, რამდენი წელი იჯდება ადამიანი ციხეში - 6,16,36 თუ მან თვითონ არ მოუწყო საკუთარ თავს სასამართლო და ის განაჩენი არ გამოუტანა, რასაც იმსახურებს.
თუ ეს არ მოხდა, ადამიანი სინათლის იმ ნაპერწკალს არ ჩაებღაუჭა და გვირაბის ბოლოს მბჟუტავი სინათლისკენ არ დაიწყო სვლა, ის ისეთივე გამოვა ციხიდან, როგორიც შევიდა.
სააკაშვილში ადამიანურობის იმ მცირე ნაპერწკალსაც კი ვერ ვხედავ, რომელიც მკვლელებში, სადისტებსა და მოძალადეებშიც კი შეიძლება დაინახო.
სააკაშვილი ბოლომდე დაცლილია ისეთი ადამიანური თვისებებისგან, როგორიცაა სინანული, სინდისის ქენჯნა, სირცხვილის გრძნობა, სხვა ადამიანების მიმართ პატივისცემა, რიდი, კრძალვა, მორალური, ზნეობრივი მოვალეობები და ვალდებულებები.
რამდენიმე საათი ილაპარაკა მან სასამართლო პროცესებზე და ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უთქვამს ასეთი ფრაზები: „ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა,“ „ვწუხვარ, რომ ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასეთი უბედურება დატრიალდა“, „ვნანობ, რომ რაღაც ვერ გავთვალე, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა“, „არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო“, „ძალიან მაწუხებს ეს ამბავი“ და ა.შ. და ა.შ.
არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაც უგნურმა და რეგვენმა ურჩია მას, ასე მოქცეულიყო თუ თვითონ გადაწყვიტა, თავის მართლების ეს გზა აირჩია, ფაქტია, რომ მან ხელიდან გაუშვა პოლიტიკური რეაბილიტაციის უნიკალური შანსი, სათანადოდ ვერ გამოიყენა ის ტრიბუნა, საიდანაც შეეძლო იმ ასიათასობით ადამიანისთვის მიემართა, რომლებიც უკიდურესად უკმაყოფილონი არიან მისი საქციელით.
ის ლაპარაკობდა საკუთარი მხარდამჭერებისთვის და არა ქართველი ხალხისთვის, არა საქართველოს მოსახლეობისთვის.
სააკაშვილის ორივე გამოსვლა, ეს იყო არასწორ აქცენტებზე აგებული წმინდა წყლის დემაგოგია, გათვლილი პრიმიტიულად მოაზროვნე დაბალი ინტელექტის ადამიანებზე, რომლებსაც თვალთმაქცი და ფარისეველი სააკაშვილი ოცი წელია ბღუჯა-ბღუჯა აყრის თვალში ნაცარს, რის შედეგადაც ეს საბრალო ადამიანები საბოლოოდ დაბრმავდნენ და ფსიქიკურად დაინვალიდდნენ.
„ნაცმოძრაობა“ დიდი ხანია პოლიტიკური ორგანიზაცია კი არ არის, კერპთთაყვანისმცემლების სექტაა თავისი მთავარი კერპით, სააკაშვილით, გვარამიას ყაიდის შამანებით და მჩხიბავებით, სააკაშვილის მიერ თავის დროზე დაქრთამული და „დავერბოვკებული“ ე.წ. ინტელიგენციით, პროსტიტუციის დონეზე დასული ჟურნალისტებით.
საარაკო ამბავია, რომ ამ სექტას XXI საუკუნისთვის აბსოლუტურად შეუთავსებელ ანომალიურ მოვლენას, ჯოჯოხეთის რეგიონალურ ფილიალს, რომელმაც საქართველოში სისხლის ტბები დაყენა და ცხედრები ზვინებად დადგა, მფარველები და პარტნიორები ჰყავთ დასავლეთშიც, ანუ იქ, საითკენაც ხსნისა და გადარჩენისთვის მივისწრაფვით.
რუსეთში ხომ რუსეთია, მაგრამ დასავლეთშიც რუსეთია, თუ რა უბედურება ტრიალებს ამ ზნეობამორღვეულ მსოფლიოში?
საქართველო გაოგნებული, გაკვირვებული და გაოცებული უყურებს სააკაშვილის დანაშაულებრივ საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს და ვერ გაუგია: სააკაშვილს ასამართლებენ ამ პროცესებზე თუ სააკაშვილი ასამართლებს „ქართულ ოცნებას“ და მასთან ერთად იმ საქართველოს, ვინც მის მხარეს არ არის?
სააკაშვილის მხარდამჭერები გახარებულები არიან, რადგან ჰგონიათ, რომ სააკაშვილმა თავისი მჭევრმეტყველებით ბეჭებზე დადო „ქართული ოცნებაც“ და დანარჩენი საქართველოც, თუმცა ვიღაც-ვიღაცები, რომლებსაც სიტყვების ბრახაბრუხის მიღმა დამალული ქვეტექსტებისა და მინიშნებების ამოკრეფა უყვართ, თვლიან, რომ სააკაშვილმა თავისი „ლექციის“ ძირითადი ნაწილი ჩაშვებებს დაუთმო, თანაც ამ ჩაშვებებს ტექნიკურად ისეთ მაღალ დონეზე ახორციელებდა, თუ ყურადღებით არ იქნებოდი, შეიძლება ვერც მიმხვდარიყავი, რას აკეთებდა ეს ჩაშვებაში დახელოვნებულ-დაოსტატებული კაცი.
პირველად პუტინი და ლუკაშენკო ჩაუშვა, თუმცა იმას ვერ მიხვდა, რომ ამ ჩაშვებით საკუთარი თავიც ჩაუშვა და ამ ორ ბატონთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრობაში ამხილა.
სააკაშვილის მონათხრობის მიხედვით ირკვევა, რომ პუტინმა, ლუკაშენკოს პირით, სააკაშვილი გააფრთხილა, პატარკაციშვილი ემზადება პრეზიდენტობისთვისო და ამანაც პრევენციული ზომები მიიღო - მომიტინგეებს დაერია და სასტიკად გაუსწორდა. მერე „იმედში“ შევარდა, დალეწა და დაანგრია იქაურობა, ჟურნალისტებს ჯერ სცემა და შემდეგ ქუჩაში გამოყარა, თუმცა სასამართლოზე მერაბიშვილს და პოლიციას გადააბრალა ყველაფერი - აზრზე არა ვარ, რა მოხდა - მე მეძინაო.
პუტინის, ლუკაშენკოს, მერაბიშვილის ჩაშვების შემდეგ ჯერი თემურ ჯანაშიაზე მიდგა - მე რომ მაბრალებთ რაღაც-რაღაცებს, მე რა ვიცი, ვინ რას წერდა ცარიელ ბლანკებზეო.
სააკაშვილს ჯერ არაფერი უთქვამს ბიძამისზე, თემურ ალასანიაზე, მაგრამ თუ დასჭირდება, არც იმას დაინდობს და ზედ შეიძლება დედამისი გიულიც მიაყოლოს, რომელმაც, როგორც ამბობენ, კაპიკების ფასად მილიონების ღირებულების ქონება ჩაიგდო ხელთ და ქ-ნ გიულის თუ დავუჯერებთ, სწორედ ის არჩენს ღარიბ-ღატაკ შვილს.
სოციალურ ქსელში ზოგჯერ გაიელვებს მოსაზრება, რომ სააკაშვილის გვერდით ციხეში უნდა იჯდეს მთელი მისი ოჯახი - დედა-გიული, ბიძა-თემური, მეუღლე-სანდრა, რადგან ეს არის დამნაშავეთა ოჯახი, რომელიც მთლიანად ჩაფლულია კორუფციაში.
ამ ოჯახს რომ უყურებ, რწმუნდები - რაც დედაა, ის არის შვილი, რაც ბიძაა - ისაა დისშვილი, რაც ქმარია, ის არის ცოლიც.
მომავალი გვიჩვენებს, შეძლებს თუ არა ქართული მართლმსაჯულება ერთ დიდ საქმედ შეკრას ამ ოჯახის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მერე ერთი საერთო საოჯახო ციხე აუშენოს ამ კორუმპირებულ ოჯახს, მანამდე კი ენადგაკრეფილი სააკაშვილისგან ახალ-ახალ ჩაშვებებს უნდა ველოდოთ.
სააკაშვილს ჯერჯერობით იმედი აქვს, რომ მისი გავლენიანი მფარველები მალე გაათავისუფლებენ ციხიდან, მაგრამ, როგორც კი ეს იმედი გადაეწურება და მიხვდება, რომ ის მიატოვეს, მან შეიძლება გუდას პირი მოხსნას და ამ გუდიდან ისეთი ამბები ამოალაგოს, „ვიკილიქსი“ მონაგონი იყოს…
სააკაშვილი არ არის მხოლოდ რეგიონალური მნიშვნელობის ავაზაკი, ის „პადდელნიკია“ საერთაშორისო მასშტაბების ავაზაკებისა, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ჩაშვებისკენ მიდრეკილი კაცი უცებ დიდი აღსარების ხასიათზე არ დადგეს.
როგორც შინ, ასევე გარეთ, ბევრს, ძალიან ბევრს არ აძლევს ხელს სააკაშვილი რომ ცოცხალია.
სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ყველამ ხელი დაიბანა და მის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.
მან ასი ყური და ასი თვალი უნდა გამოიბას, რომ ამ „განსაკუთრებულ“ პატიმარს რაიმე არ მოუვიდეს და ეს ყველაფერი მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს.
ძალიან რთული და მძიმე მისია აკისრია დღეს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა ისე მწყობრად და გამართულად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები, იმედია, ამ რთულ ამოცანას ღირსეულად გაართმევენ თავს.
***
სინანულის, როგორც განწმენდის, განახლების და ხელახლა დაბადების უნიკალურ ფენომენზე ვსაუბრობდით წერილის დასაწყისში.
სინანულია ის სასწაული, რომლითაც განგება ადამიანს შანსს აძლევს, ხელახლა შვას თავისი თავი.
სააკაშვილს, როგორც ჩანს, ეს დიდი მადლი არ არგუნა ღმერთმა.
ის ისეთი იცოცხლებს ბოლომდე, როგორიც გაჩნდა.
თუმცა იმ სასამართლო პროცესებს თუ გავიხსენებთ, რამდენიმე დეტალის გარდა, მას ისეთს არაფერს ეკითხებიან, რამაც შეიძლება სინანულის გრძნობა მოჰგვაროს და სინდიდის ქენჯნამ შეაწუხოს.
მილიარდები აქვს კაცს საქართველოდან გაზიდული და რამდენიმე უბადრუკი მილიონის გამო თავზე ნაცარს ხომ არ დაიყრის?
ან მიტინგების დარბევისა და დაწიოკების გამო რატომ ეწვევა სინანული, როცა ბრძოლის ველზე უპატრონოდ მიტოვებული ჯარისკაცების და მტრის პირისპირ დარჩენილი ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ბედზე არ შეწუხებულა.
ბოტოქსების, მასაჟების, სექსუალური ცუღლუტობებისა და სახელმწიფოს ხარჯზე ლამაზმანებისთვის ჩამორიგებული ძვირფასი სამკაულების გამო ხომ არ დაიწყებს სინანულს, როცა ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდებისა და ციხეებში ნაწამები ათასობით პატიმრის გამო ერთი კურცხალიც არ ჩამოვარდნია.
საქართველოს ტერიტორიის 20% დაკარგა კაცმა და არ უნანია. ახლა თქვენ გინდათ, მუცლის ქონის დადნობაზე დახარჯულ კაპიკებზე იდარდოს?
არ უნანიაო, კი ვამბობთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ვინმე ეკითხება სააკაშვილს ამ სასამართლო პროცესებზე ისეთ რამეს, რომ ერთბაშად გულს სინანული შემოაწვეს, მუხლებზე დაეცეს და ერსა და ბერს პატიება სთხოვოს?
***
როგორც მოვლენებზე დაკვირვება გვიჩვენებს, სააკაშვილს მისიანები ფსიქიკური ავადმყოფის, ჩვენებურად რომ ვთქვათ, გიჟის „მოწმობას“ უჩალიჩებენ, ოღონდ ამის გაკეთება ისე უნდათ, რომ სააკაშვილის გაგიჟება „ქართულ ოცნებას“ დაბრალდეს.
სააკაშვილი ცომაიას ტრაილერში რომ მიძვრებოდა და არაჟნების გვერდით სელფებს იღებდა, მაშინ ნორმალური იყო, მაგრამ ციხეში გადატანილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ მძიმე ფსიქიკური აშლილობები დაეწყო?
_ ფსიქიატრი სჭირდება, ფსიქოლოგი სჭირდება! - ხაზგასმით ამბობს სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე და იგივეს იმეორებს ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, რომელიც ვეტერანი ნაცია და „ნაცმოძრაობასთან“ მოყვრობისა და თანამშრომლობის ძალიან დიდი ხნის სტაჟი აქვს, თუმცა პირველი საგანგაშო ზარი სააკაშვილის არაადეკვატურობასთან დაკავშირებით, მაინც ნიკა გვარამიამ შემოჰკრა, როცა ტელევიზიით გამოაცხადა, მიშა კითხვებზე მთლად ადეკვატური პასუხებს არ იძლევაო.
მიშას საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობა „მეცნიერულ“ დონეზე ახსნა ნაციონალმა ჩალაძემ, რომელმაც სააკაშვილის ცუდად ყოფნის მიზეზად ჰოსპიტლის ეზოში მდგარი ავტომანქანა დაასახელა, საიდანაც თურმე ისეთი დასხივება ხდება სააკაშვილზე, რომელმაც შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს.
ასეა თუ ისეა, ნაციონალებს ისეთი სურათის დახატვა სურთ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტურად ნორმალური სააკაშვილი ჩააბარეს, „ქართული ოცნება“ კი ამ საღ-სალამათ კაცს ნელ-ნელა ხელოვნურად აგიჟებს.
თქვე აფერისტო ნაციონალებო, „ქართული ოცნება“ ჩანასახშიც კი არ არსებობდა მაშინ, როცა ეს დიაგნოზი დაისვა: თქვენ ხართ ცნობილი გიჟი, ბატონო მიხეილ!
ეს სიტყვები, თუ არ ვცდები, ოცი წლის წინათ ითქვა.
კაცი ოცი წლის წინათაც ცნობილი გიჟი იყო და ამის შესახებ თქვენ ახლა გაიგეთ, ნაცებო?!
როგორც ახლახან გაირკვა, სააკაშვილი ციხეში ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა და ალბათ ახლაც იღებს, რაც მარიამ ჯიშკარიანმა ისევ და ისევ „ქართულ ოცნებას“ დააბრალა და ამ ამბავს ფარმაკოლოგიური წამების კვალიფიკაცია მისცა.
ვითომ არ იცის ჯიშკარიანმა, რომლის ორგანიზაციაც ნაცების დროს პენიტენციურ დაწესებულებებს „აკვირდებოდა“ და ისე კარგად აკვირდებოდა, რომ პატიმრების წამების არც ერთი ფაქტი არ დაუნახავს, რომ ციხის ადმინისტრაციას და ციხის სამედიცინო პერსონალს უფლება არ აქვს აუკრძალოს პატიმარს იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც იგი პატიმრობამდე ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა.
ანუ სააკაშვილი ფსიქოტროპულ წამლებს (ჯიშკარიანისვე თქმით, ძალიან მძიმე და სერიოზულ მედიკამენტებს) ციხეში შესვლამდეც სისტემატურად იღებდა, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ამ ადამიანს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
ჩემი აზრით და არამარტო ჩემი, არამედ ბევრი ადამიანის აზრით, მთავარი ის კი არ არის, რამდენი წელი იჯდება სააკაშვილი ციხეში, იმ ექვს წელს კიდევ ექვს წელს დაუმატებენ თუ რაღაც მიზეზებით საერთოდ გაათავისუფლებენ ციხიდან.
ეს კი არ არის მთავარი, მთავარი ის გახლავთ, რომ სააკაშვილი ვერასოდეს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და მის ხელში ვერასოდეს ვერ მოხვდეს ძალაუფლება.
ძალაუფლებით შეიარაღებული სააკაშვილი უკიდურესად საშიშია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, არა მარტო მისი მოწინააღმეგეებისთვის, არამედ მისი მხარდამჭერებისთვისაც, პირადად მისთვისაც და ეს რომ ასეა, ამას არც გამოძიება სჭირდება, არც სასამართლო პროცესები, არც სხვადასხვა კონსილიუმების მიერ გამოტანილი სამედიცინო დასკვნები, რადგან სახეზეა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების დამამტკიცებელი არაერთი ფაქტი, რომლებსაც აქ არ ჩამოვთვლი, რადგან ეს ყველაფერი უამრავჯერ არის ჩამოთვლილი, დაზუსტებული და დადგენილი.
არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, რა ბრალდებებს წაუყენებს სააკაშვილს შოთაძის უწყება, ან რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე ორკოდაშვილი, მიუხედავად ამ სამართლებრივი რიტუალების შედეგებისა, მთელმა ქვეყანამ იცის, რა საშინელებები აქვს ჩადენილი პატივცემულ სააკაშვილს.
რატომ სჩადიოდა ეს კაცი ამ საშინელებებს - არანორმალურია? სადისტია? პარანოიკია? შიზოიდია? ფსიქოპათია? - ეს სპეციალისტებმა გაარკვიონ და დაადგინონ - ქვეყანამ კი იმის მიხედვით გააკეთოს დასკვნა, რაც გარკვეული და დადგენილია - ამ ადამიანის ძალაუფლებასთან მიშვება არ შეიძლება!!!
რამდენი ადამიანიც არ უნდა უჭერდეს მას მხარს - ათასი, ათიათასი, ასიათასი, ხუთასიათასი, მაინც ურყევი და მტკიცე უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება - ამ ადამიანის ძალაუფლებასთან მიშვება არ შეიძლება!!!
ვინც არ უნდა დაგვიქნიოს თითი დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან, ბრიუსელიდან თუ ვაშინგტონიდან, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ დემოკრატიაზე თუ სხვა ზოგადკაცობრიული მნიშვნელობის ღირებულებებზე, ჩვენ იმავე პოზიციაზე უნდა დავრჩეთ - ამ კაცის ძალაუფლებასთან მიშვება არ შეიძლება!!!
ხმამაღლა უნდა ითქვას ისიც, რომ, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ მოგვიწოდებს, ვინც ამ „დიადი“ მიზნისთვის იბრძვის, ის საქართველოს ყველაზე საშიში, ყველაზე დაუნდობელი მტერია.
ქვეყნის მტერია პოლიტიკურ ორგანიზაციად წოდებული „ნაცმოძრაობა“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას უფრო ჰგავს, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას.
სააკაშვილი თუ არანორმალურია, ფსიქიატრიულში გადაიყვანეთ, ხოლო ნორმალურები, რომლებიც ამ არანორმალურის ხარჯზე ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ, ციხეში ჩასვით.
ციხეშია მელიების, გვარამიების, სამადაშვილების, ხოშტარიების, ბარამიძეების, წიკლაურების, ხერხეულიძეების, დეკანოიძეების და კიდევ სხვა მრავალი უსინდისოს ადგილი, რომლებსაც ქვეყნის ბედი ფეხებზე ჰკიდიათ, ოღონდ თავიანთი ეგოისტური ზრახვები აისრულონ.
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - რამდენი ხანია აი, ამ რეჟიმში აცხოვრებენ ქვეყანას ნაციონალი კრიმინალები.
კრიმინალები ციხეში!
გიჟი - საგიჟეთში!
სხვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ არსებობს!

ვახტანგ ხარჩილავა