ნიკუშა შენგელაია: საქართველოში რომ ევროპა არსებობდა, მაშინ ევროპაში არ იყო ევროპა

ნიკუშა შენგელაია: საქართველოში რომ ევროპა არსებობდა, მაშინ ევროპაში არ იყო ევროპა




„საერთო გაზეთის“სტუმარია მხატვარი ნიკუშა შენგელაია:

- ბატონო ნიკუშა, ნაცებმა და მისმა ტელევიზიებმა თეა წულუკიანს ომი გამოუცხადეს. ისინი, ისევ, ყველა სფეროში არიან გაბატონებულნი, ასევე, მწერლობაშიც. როგორ ფიქრობთ, გაჩნდა შანსი რომ ქართული კულტურა განვითარების ნორმალურ გზას დაუბრუნდეს?
- ნაცები რასაც აკეთებდნენ, ყველამ ვიცით. ტერმინი - ჩარეცხილებიც ხომ მათ დროს გაჩნდა. თეა წულუკიანი შეხვდა კულტურის წარმომადგენლებს, ეცნობა მათ პრობლემატიკას. სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ასევე, ჩვენი ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობაც, რითაც ქვეყანა მდიდარია. იმ რესურსით, რაც გაგავაჩნია, ბიუჯეტს ვგულისხმობ, პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია. ქალბატონი მინისტრის მჯერა, აქტიური ადამიანია, თავის სფეროს საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა. მის მიმართ კრიტიკა გასაკვირი არ არის - ვინც საქმეს აკეთებს, ყოველთვის, კრიტიკის ობიექტი ხდება. ჯერ ახალი მინისტრია, შედეგებს დრო გვაჩვენებს. ქალბატონი თეა, მეიმედება. ვფიქრობ, მისი მიდგომა საკითხებისადმი მართებულია. ხომ ნახეთ, როგორ მიუდგა ხელოვნების მუზეუმის, გელათის და ა.შ. თემებს.
- ხელოვნების მუზეუმი ახსენეთ, რაზეც ნაცებს ერთი ამბავი აქვთ ატეხილი: ბიძინა მუზეუმს გვინგრევსო.
- ნაცებისთვის ყურის გდება როგორ შეიძლება. მათ რომ დაუჯერო: მთვარე მზეა და პირიქით, მზე _ მთვარე. ამ აბსურდს როდემდე უნდა ვუსმინოთ. ისინი გაბოროტებულნი არიან. მათ სულ არ აინტერესებთ საკუათარი ქვეყანა როგორ განვითარდება. ჩემი რჩევაა: მათ, ნუ ვუსმენთ. ისინი, საერთოდ, ყურადღების ღირსნიც არ არიან. ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და იარსებებენ, მერე რა? ადამიანი, ბოლოს, მის მიერ გაკეთებული საქმეებით ფასდება. ისტორია ყველას თავის ადგილს მიუჩენს.
მას შემდეგ რაც 2012 წელს ბეჭებზე დავდეთ, მათი აზრი ვინმეს აინტერესებს? ახლა, თავიანთ ტელევიზიებში, ერთმანეთში რას ჭორაობენ, საერთოდ არ მაინტერესებს. 
ვინ არიან ნაცები? - ისინი ნორმალური საზოგადოების დღის წესრიგში დიდი ხანია აღარ არსებობენ. დიახ, სწორედ ასე დაწერე: ჯანსაღი საზოგადოების დღის წესრიგში, „ნაცმოძრაობა“ როგორც ოპოზიცია, აღარ არსებობს.
- ნახევარი მილიონი ადამიანი ვინც მათ ხმას აძლევს, საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს?
- რა ვქნათ, საზოგადოება, ხალხი ჭრელია. 3 მილიონიან ერში ნახევარი მილიონი ასეთი რომ იყოს, გასაკვირი არაა. ყველა ერში ასეა. ადამიანი ყველა ერთნაირია? - ზოგს აქვს სინდისი, ნამუსი, გონიერება, ზოგს - არა. რას ვიზამთ, მათ თავიდან ხომ ვერ აღვზრდით.
ეს გახლავთ დემოკრატია. მთავარია, რომ ხელისუფლებაში, ქვეყნის სათავეში ვერასდროს მოვლენ, ადამიანების ბედს ვერ განაგებენ როგორც ამას ადრე აკეთებდნენ და უამრავი უდანაშაულო ადამიანი ციხეებში ჰყავდათ გამოკეტილი, ხალხს ქონებას ართმევდნენ და ა.შ. იყვნენ თავისთვის და ასხან შენობებს საღებავები, იწიკვინონ და უსტვინონ „სვისტოკში“ რამდენიც უნდათ.
- ხოშტარია, აღნიშნულ ქმედებებს სულაც არ თვლის სამართალდარღვევად და შესაბამის სამსახურში დაბარებას პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
- რას ჰქვია პოლიტიკური დევნა?! ჩვეულებრივ მოქალაქეს რომ იგივე გაეკეთებინა, ხომ დაიბარებდნენ და ჯარიმასაც გადაახდევინებდნენ. ეგ რა, წითელი კოჭია, თუ ვინ არის, რა დამსახურებისთვის უნდა ეპატიოს რაც ჩაიდინა?!? პოლიტიკაში ყოფნა ინდულგენცია არ არის. კანონი უნდა კანონობდეს და ყველასთვის ერთი იყოს - ჩვეულებრივი ადამიანისთვის, გლეხისთვის, მუშისთვის, პოლიტიკოსისთვის, პარლამენტარისთვის.
- ნაცები რასაც შეეხენ, ყველაფერი გაანადგურეს. სამართლიანობისკენ ნაბიჯი რატომ ვერ გადავდგით?
- სამართლიანობა, ნაწილობრივ, აღდგა, რადგან ნაცები ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა. გეთანხმები, ამ მხრივ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მეტი ანალიტიკური გადაცემები უნდა გადიოდეს, პრესაც უნდა წერდეს ამ პრობლემებზე, შედგეს კონსესუსი და შემდეგ, მათ პასუხი მოეთხოვოთ. ასე არ შეიძლება - ვიღაც, გუშინ ერთ მხარეს იყო, დღეს - მეირე მხარესაა. ვეღარ გაიგებ, რა ხდება? ერთიდაიგივე ხალხი წრეზე ტრიალებს. პრობლემა არსებობს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება. ახლა, ქვეყანას უნდა მივხედოთ, პანდემიამ ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაგვაყენა. ირაკლი ღარიბაშვილი პრობლემების დაძლევას ცდილობს. ათწლეულის გეგმაც დადეს და მუშაობენ, რათა როგორმე, ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა შეინარჩუნონ და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები დაიდოს. საქმე ხომ კეთდება, ამაზეც ვილაპარაკოთ. ჩვენ, იმ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ რაშიც დღეს ვიმყოფებით. მითებში და სიზმრებში ყოფნა, არ გვარგია, რადგან მერე, ვიღვიძებთ და ცხვირწინ პრობლემები გვხვდება. ეს უნდა გავიაზროთ.
- დღეს რა პოლიტიკური რეალობის წინაშე ვართ?
- ძალიან რთული რეალობა გვიდგას. კერძოდ, რეგიონში - აზერბაიჯანში, სასომხეთში რუსეთის პოზიციები ძლიერდება. აგერ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგანან და არსად წასვლას არ აპირებენ. აქვე, შავზღვისპირეთშიც იძაბება მდგომარეობა, სადაც დასავლური სამყარო, ნატო გავლენებს ზრდიან და ა.შ. ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა. ამ დროს, მედია ჭორიკნობით არის დაკავებული და მთავარ პრობლემებზე ანალიტიკოსები არ საუბრობენ. სერიოზულ პრესას არავინ კითხულობს. მხატვრებმა, პოეტებმა ერთმანეთს ველაპარაკოთ და ასე განვიცადოთ ქვეყნის ბედი თუ რა ვქნათ? სად არიან პოლიტოლოგები, ისტორიის მცოდნენი - შეაფასონ, რა ხდება ქვეყნის გარშემო.
- რა არის ის მთავარი პრიორიტეტები, რაზეც გსურთ, რომ პოლიტოლოგებმა, პოლიტიკოსებმა იმსჯელონ?
- ვიმსჯელოთ: როგორ გადავრჩეთ, განვვითარდეთ, როგორ შევიდეთ, რეალურად, ევროპულ ოჯახში. რამდენი წელია ერთიდაიგივე გვესმის. არსებობს საკითხები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ, ვერ ვწყვეტთ. ჩვენს მაგივრად ამას უფრო დიდი ქვეყნები აკეთებენ. აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ყურადღება მივაქციოთ იმას, რითაც საუბარი დავიწყეთ - კულტურას, ხელოვნებას, მწერლობას, განათლებას, განათლებას და ისევ, განათლებას. დიახ, ვისაუბროთ იმაზე: რა რეალობაში ვართ და ხვალ რა გველოდება. სულ მიკვირს: რატომ ცდილობს ოპოზიცია ქვეყნის არევას, დანგრევას? განა, თავად აქ არ ცხოვრობენ? სკამის გულისთვის სამშობლოს წირავ?!
- ახლა, ევროპული ოჯახი ახსენეთ, სადაც გეი-პარადის ჩაშლის გამო, საყვედურები გვითხრეს. რეალური ევროპა როგორია?
- ევროპული ოჯახი არის ფასეულობები, ღირებულებები. ჩვენც, ხომ ევროპული ოჯახის წევრები ვართ. აქ რომ ევროპა არსებობდა, მაშინ ევროპაში არ იყო ევროპა. ტრადიციული ევროპა სულ სხვაა. მას.მედია არ აშუქებს იმას, რაც ფასეულია და რაზეც ევროპა დგას. ეს არის შრომა, ქვეყნის სიყვარული. ჩვენ, მენტალურად, კულტურულად, აბსოლუტური ევროპელები ვართ. კარს გვიღებენ თუ არა, ეს სხვა თემაა. არსებობს კულუარული, სცენური პოლიტიკა. ბევრი პრობლემაა, თუნდაც, ნატოსთან დაკავშირებით. ისინი ანგარიშს უწევენ უზარმაზარ ქვეყანას - რუსეთს. ჩვენ, გვინდა ევროპულ ოჯახში, მაგრამ როგორ მოხერხდება ეს, მხოლოდ ჩვენზე კი არა, ევროპელებზეა დამოკიდებული. რაც შეეხება პრაიდს, ამის წინააღმდეგ საფრანგეთშიც გამოვიდნენ და უნგრეთშიც. იცი რა, მზის ქვეშ არსებობის უფლება ყველას აქვს. ოღონდ, ეს პრობლემატიკა თავსმოხვეული არ უნდა იყოს. 
- რას ნიშნავს, როცა აშშ-ში კაპიტოლიუმში შეჭრისთვის პირი ტერორისტია, ხოლო აქ, იგივე ქმედებისთვის გმირი?
- ვინ თქვა, რომ მელია გმირია. იგი, იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ქუჩაში ეს არეულობა დამთავრებულიყო, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო. რუსეთისგან შესაძლო საფრთხეა და აქ, არეულობა არ აწყობთ. ხომ შეიძლება ამით რუსეთმა ისარგებლოს? ამიტომ, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შეიყვანეს, რათა პროცესები პარლამენტში გადასულიყო. ყველამ აღიარა, რომ მელია დამნაშავე იყო და კანონი დაარღვია. ისიც კი არ უთქვამთ: პოლიტ.პატიმარიაო.
- ახლახან, „ენ-დი-აი“-ს კვლევა გამოქვეყნდა - საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესებულიაო. რეალურად, რა დემოკრატია გვაქვს საქართველოში?
- მე რომ მკითხო, დღეს, დემოკრატია დიდი დოზითაც კი გვაქვს. დიახ, ისეთი დემოკრატია გვაქვს, მგონი, ბევრ ქვეყანასთან შედარებით, გადამეტებულიცაა. 
- წინა კვირას ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოვიდა. რა უთხრა ამით დასავლელ პარტნიორებს, ქართველ ხალხს „ქართულმა ოცნებამ“?
- უთხრა ის, რომ სადავეები საგარეო პარტნიორებიდან გადმოიბარა ქვეყანამ, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა. სამწუხაროდ, დოკუმენტში ვალდებულებები ჩაიდო, რაც არჩევნების ფუნდამენტს არანაირად არ ეფუძნებოდა. არჩევნების თემას, წესით, ქართველი ხალხი წყვეტს. 43% გაუგებარი ინიციატივა იყო. პარტნიორი კი არ უნდა გკარნახობდეს პირობებს, არამედ, ქვეყნის კონსტიტუციას, საკანონმდებლო ბაზას უნდა დაეყრდნო.

თამარ შველიძე

,,საერთო გაზეთი"