ოთარ ანგურიძე: ინფლაცია საგარეო და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული, მოსალოდნელია ფასების შემცირება და ინფლაციის კლება

ოთარ ანგურიძე: ინფლაცია საგარეო და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული, მოსალოდნელია ფასების შემცირება და ინფლაციის კლება




თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი ოთარ ანგურიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკური სექტორის მინისტრებისა და მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. 
ექსპერტმა მთავრობის მეთაურის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლაც ყველანაირი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს. 

ოთარ ანგურიძის შეფასებით, გასულ წელს ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირებაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. 

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ვფიქრობ წელი საინტერესოდ დაიწყო ქართული ეკონომიკისათვის იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც დიდი ხანი გვქონდა ლოკდაუნი და ძალიან ბევრი მიმართულებით გაჩერებული იყო ყველაფერი, „კომენდანტის საათი“ იყო და ა.შ. ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ჩვენს ეკონომიკას. 

ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 2021 წელი აღდგენის წელი იქნებოდა. 2020 წელს ვიყავით მინუსებში და ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ პლუსებში გავსულიყავით. შესაბამისად, წლის დასაწყისში აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ ეს მინუსი პლუსზე მაინც გადაგვეყვანა, გაგვენულებინა და შემდეგ პლუსით დაწყებულიყო წელი. 

თუმცა, ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ამან გამოიწვია არა მხოლოდ პლუსზე გასვლა, არამედ ეკონომიკაში უფრო მეტი ამბიციები გაჩნდა და წლის ბოლოს მივიღეთ ორციფრიანი ეკონომიკური ზრდა, მიუხედავად იმისა რომ ამ ეტაპზე მხოლოდ 11 თვის მონაცემები ვიცით. 

ყველა წინაპირობა არის იმისა, თამადად ვთქვათ, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება. ამაზე პოზიტიურად ძალიან ბევრმა მიმართულებამ იმოქმედა. ერთადერთი რაც თავის ნიშნულამდე ვერ აღდგა, თუმცა, რა თქმა უნდა აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება 2022 წელს, ეს არის ტურიზმის სექტორი და ვფიქრობ აქაც საკმაოდ კარგი შედეგები გვექნება. 

ჩვენ 2019 წელი ტურიზმის თვალსაზრისით რეკორდული გვქონდა, ვიზიტორების რაოდენობა 9 მილიონზე მეტი და ეს პირველი წელი იყო, როდესაც ამხელა ვიზიტორების რაოდენობა დაფიქსირდა ჩვენს ქვეყანაში. 2020 წელს რაც ხდებოდა გვახსოვს და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ისევ მოიმატა ტურისტების რაოდენობამ. 

ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე წელს ამ მიმართულებითაც გაუმჯობესება გვექნება. ასევე, ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ტურისტული ცენტრების რაოდენობა, ახალი საკურორტო ზონები დაემატა და ა.შ. 2020-2021 წელი სრულად იქნა ათვისებული იმისათვის, რომ მომხდარიყო გადაიარაღება ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ანუ დღეს ტურიზმის სექტორი უფრო მეტად მომზადებულია. 

კარგი და აღსანიშნავია ის, რომ ექსპორტი რეკორდული რაოდენობით გვეზრდება, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში. ანუ ეს რას ნიშნავს ? ჩვენს ქვეყანაში იზრდება გარკვეული მიმართულებებით წარმოება იზრდება. შეიძლება ერთი მიმართულებით ბუმი არ გვქონდეს, მაგრამ ნელ-ნელა ყველა მიმართულებით უმჯობესდება როგორც რაოდენობრივი წარმოება, ასევე პროდუქციის ხარისხობრივი განვითარება. ეს ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდება და აქ იმ ფაქტორსაც გამოვყოფდი, რომ ჩვენთან იმპორტიც იზრდება“, - აღნიშნა ანგურიძემ. 

რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებებს, ინფლაციის შემცირებასა და ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემების დაძლევაზე, ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია ინფლაციის კლება. 

ექსპერტი ამბობს, რომ „ფასები, როდესაც პიკზე მივა, ბუნებრივია უკან დაიხევს და ზრდის ტემპი აღარ იქნება“. 

„ის, რომ მოსალოდნელია ფასების შემცირება და ინფლაციის კლება, ამას მარტო ჩვენი მთავრობის წევრები და ეკონომისტები კი არა, არამედ მსოფლიო ანალიტიკოსებიც ამას ამბობენ. იმიტომ რომ ეს ფასების ზრდა განპირობებული იყო პანდემიური კრიზისით და საგარეო ფაქტორით, რაც 2020 წლის დასაწყისში დაიწყო და რაც ნაწილობრივ 2021 წელსაც გაგრძელდა. 

ეს ყველაფერი ინერციით მოდიოდა. შესაბამისად, ამ ინერციას აქვს თავისი პიკი. რაღაცა პიკზე მივიდა და გაჩერდა. როდესაც ამ პიკს მიუკაკუნებს ეს ფასები, ეს ყველაფერი უკან წამოვა. ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე, მით უმეტეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გვაიმედებენ და ამბობენ, რომ პანდემია წელს დასრულდება. თუ ეს პანდემია დასრულდება, ფასების ზრდის ტემპი და ტენდენცია შეჩერდება. 

როცა ფასების ზრდაზე საუბრობენ, სავსებით რეალურია, რომ პიკი ამოწურული იქნება 2022 წლის პირველ კვარტალში. ფასები, როდესაც პიკზე მივა, ბუნებრივია უკან დაიხევს და ზრდის ტემპი აღარ იქნება. შეიძლება ისეთი ტემპით ქვემოთ აღარ წამოვიდეს, მაგრამ ზრდის ტემპი აღარ იქნება და აღარ შეგვაშინებს. სავსებით შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ფაქტორებით არის განპირობებული, ეს არის თურქეთის ფაქტორი,  სხვა ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ფინანსების მოძრაობასთან, რაც ბუნებრივია ჩვენნაირ პატარა ქვეყანაზე ასახვას პოვებს“, - დასძინა ოთარ ანგურიძემ. 

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს; მისივე თქმით, ქვეყანამ 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

რაც შეეხება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებებს, ნათია თურნავას თქმით, ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გეგმა, რომლის მიხედვით გაზაფხულიდან მოსალოდნელია ნორმალიზაცია.

გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის ბოლოს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოს მიზნობრივი მაჩვენებლისგან შორს არ იქნება.