ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკის პარამეტრები უმჯობესდება

ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკის პარამეტრები უმჯობესდება




“საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებული პარამეტრები განაგრძობენ ზრდას და განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებლები ყოველთვიურად უმჯობესდება და არამხოლოდ 2020 წლის მიმართებით, არამედ 2019 წლის მაჩვენებლებსაც კი აჭარბებს. 2021 წლის ივლისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 42.4%-ით გაიზარდა და 390.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2019 წლის მაჩვენებელს 20.6%-ით გადააჭარბა. აღნიშნული ფაქტი ნათლად წარმოაჩენს, რომ ქვეყანაში იზრდება წარმოება და უმჯობესდება ეკონომიკა,” – ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ 2021 წლის ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ექსპრეს მონაცემები. 
აღნიშნული ინფორმაციით, 2021 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით ექსპორტი გაზრდილი თითქმის 28%-ით 2 275 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს 7.7%-ით გადააჭარბა. ხოლო იმპორტი გაიზარდა 19.3%-ით და 5 209.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „2020 წელი საკმაოდ რთული იყო ყველა კომპონენტის მიხედვით. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ცალსახაა, რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებიც ამის დადასტურებაა,“ - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.