ოკუპირებულ აფხაზეთში კლინიკები გადატვირთულია - პაციენტების უმეტესობა ვაქცინირებული არ არის

ოკუპირებულ აფხაზეთში კლინიკები გადატვირთულია - პაციენტების უმეტესობა ვაქცინირებული არ არის




ოკუპირებულ აფხაზეთში ვაქცინაციის ტემპი კვლავ ძალიან დაბალია. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო ტელეგრამ-არხი „ამრა"  წერს, „ომიკრონის“ გამოჩენა ოკუპირებულ რეგიონში სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. 
ინფექციურ განყოფილებაში 30-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული, თავისუფალი ადგილი, ფაქტობრივად, აღარ არის. ექიმებს დატვირთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა, პაციენტების დიდი ნაწილი აუცრელია. 
„ვაქცინირებული არ ვარ, არც ვიცი, რატომ... ჩემი ქმარი აიცრა და მისთვის ვირუსი არ გადამიდია. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ავიცრათ, არ დავესწროთ არანაირ ღონისძიებას, ქორწილებს“... - ამბობს კოვიდინფიცირებული პაციენტი ანა ადლეიბა, რომელიც ახლა ვირუსს საავადმყოფოში ებრძვის.
ოკუპირებულ აფხაზეთში  პაციენტების დიდი ნაწილი კორონავირუსით ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში დაინფიცირდა, მოსახლეობა რეგულაციების დაცვაზე, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობს. 
რეგიონში ბოლო 24 საათში 463 ტესტი ჩატარდა, 127 ტესტის პასუხი დადებითი იყო.