ორმაგი სტანდარტი, ანუ წინ წყალი, უკან - მეწყერი

ორმაგი სტანდარტი, ანუ წინ წყალი, უკან - მეწყერი




„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან საქმის ჩვეულებრივ გაგრძელებას. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისი თ. მათ შორის შემდგომში თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით“. - ასეთი განცხადება გამოაქვეყნა კრისტიან დანიელსონის უშედეგო მედიაციით განაწყენებულმა თუ გაბრაზებულმა შვიდმა ევროპარლამენტარმა, რომლებიც ბატონი კარლ ჰარცელის თქმით, საკმაოდ წონიანი და გავლენიანი ფიგურები არიან ევროპარლამენტში და მათი მოსაზრებების უყურადღებოდ დატოვება საქართველოსთვის სახარბიელო და მომგებიანი არ იქნება.
თუ ვინმე დახარალდება ევროკავშირის მიერ განხორციელებული ამ მკაცრი ღონისძიებებით, ცხადია, პირველ რიგში დაზარალდება ისედაც დაზარალებული და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქართველი ხალხი, რომელსაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ ეს უაზროდ და უმიზეზოდ აბოჟირებული ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს აცხადებენ და პარლამენტში არ შედიან.
სამაგიეროდ, სანქციების დაწესებით და სხვა სადამსჯელო ბერკეტის ამოქმედებით იხეირებს ოპოზიცია, კერძოდ, „ნაცმოძრაობა“, რომელსაც ღიად აქვს გაცხადებული, რომ მის პოლიტიკურ ინტერესებში შედის ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი შეიქმნას, რომ მოსახლეობს მასობრივად გამოვიდეს ქუჩაში და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვოს.
თუ ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, ამით დაისჯება და იზარალებს ის, ვინც უდანაშაულოა, მაგრამ მოიგებს ის, ვინც მთავარი დამნაშავეა ამ ხელოვნური კრიზისის შექმნაში.
აქვე იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ დასავლეთმა მკაფიოდ და ხაზგასმულად განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაცია ერთადერთ სახელმწიფოს, რუსეთს, აძლევს ხელს, გამოდის, რომ ეს შვიდი ღრმად პატივცემული ევროპარლამენტარი, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ ძალებს ეხმარება და იმ ძალებს უმაგრებს ზურგს, ვინც საქართველოში რუსეთისთვის მომგებიან ამინდს ქმნის, რაც, პირდაპირ თუ ირიბად, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
რუსულ წისქვილს კიდევ თქვენგან დამატებით წყლის დასხმა რაში სჭირდება, ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ვერ ხედავთ, ისედაც ნახევარი მსოფლიო ჰყავს დოლაბებში მოქცეული და თავის ნებაზე ფქვავს.
იმის მტკიცებას ნამდვილად არ ვაპირებ, თითქოს ეს შვიდი ევროპარლამენტარი რაიმე სახის ფარულ კავშირში იმყოფებოდეს რუსეთთან, თუმცა მსგავსი ტიპის ბოლომდე გაუაზრებელი განცხადებები არასასიამოვნო ეჭვებს რომ აჩენს, ესეც ფაქტია.
ოცდაათი წელია საქართველო ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, თუმცა ეს დაჟინებული და მტკიცე სწრაფვა ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა და არავინ იცის, კიდევ რა საფასურის გადახდა მოუწევს.
უმუშევრობა, სიღარიბე, ქვეყნიდან გაქცეული მილიონობით ადამიანი, ოკუპირებული ტერიტორიები, საგარეო ვალები, არამყარი ეკონომიკა, არასტაბილურობა, უიმედობა და უპერსპექტივობის შეგრძნება _ აი, ეს მიიღო საქართველომ დასავლური ორიენტაციის შედეგად და ამ დროს სანქციებზე საუბარი და იმაზე მინიშნება, რომ შეიძლება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები გადაიხედოს, დიდი უსამართლობაა.
ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები მართლაც არის გადასახედი, ოღონდ არა საქართველოს, არამედ ევროკავშირის მხრიდან.
პირველყოვლისა, ალბათ, ის უნდა გაირკვეს, რა სახის დემოკრატიაა ის, რასაც ევროკავშირი სავალდებულო ნორმად სთავაზობს ქართულ მხარეს.
ამ დემოკრატიის მიხედვით, თურმე პოლიტპატიმრად ითვლება პარლამენტში შეჭრის მცდელობის ორგანიზატორი ნიკანორ მელია, რომელმაც მოგვიანებით დემონსტრაციულად მოისროლა ელექტროსამაჯური და საჯაროდ განაცხადა: არ გადავიხდი! ვერ დამიჭერენ!
აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომელიმე ევროპელ მელიას რომელიმე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში მსგავსი რამ გაეკეთებინა, რა ზომებს მიიღებდა ეს სახელმწიფო კანონისა და სახელმწიფოს აბუჩად ამგდები ევროპელი მელიას წინააღმდეგ?
ის, რაც ევროპელ მელიას არ ეპატიება, რატომ უნდა ეპატიოს ქართველ მელიას და უფრო მეტიც, ამ დამნაშავე ქართველ მელიას რატომ უნდა მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი?
ხომ არ შეიძლება, დემოკრატია იმ ბორკილად იქცეს, რომელიც ქვეყანაში ელემენტარული წესრიგის დამყარების საშუალებას არ გვაძლევს?
მეექვსე თვეა, ევროპარლამენტის ჩართულობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, ხელისუფლებასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, რომლის არაფორმალური ლიდერი და ხელმძღვანელი, უკრაინის მოქალაქე, სისხლის სამართლის დამნაშავე, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილია.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინმეს უთქვამს ევროპარლამენტიდან, რა უნდა ამ კაცს პოლიტიკაში და რა უფლებებით ერევა პოლიტიკურ პროცესებში - ის ხომ ციხეში უნდა იჯდეს და სასჯელს უნდა იხდიდესო.
მოლაპარაკებებში მონაწილე ფასილიტატორი ელჩები, ევროპარლამენტის მაღალჩინოსანი მედიატორები მოლაპარაკების მაგიდას რომ უსხედან, ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ ეს გაუთავებელი დებატები და მოლაპარაკებები, სინამდვილეში, მსჯავრდებულ სააკაშვილთან აქვთ და ის იღებს გადაწყვეტილებებს და არა უდუმაშვილი, არა სამადაშვილი თუ ბოკუჩავა.
„ნაცმოძრაობის“ მისამართით ხშირად ისმის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, რომ ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს.
მთავარი ოპოზიციური ძალა კი არა, „ნაცმოძრაობა“ მთავარი კრიმინალური ძალაა, რომელსაც მისი „გლავარის“, სააკაშვილის მეთაურობით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს უამრავი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, რომლისთვისაც არც ევროპარლამენტს, არც აშშ-ს, არც საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრიბის სხვა წარმომადგენლებს სათანადო შეფასება არ მიუციათ, რის გამოც, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული „ნაცმოძრაობა“ ისევ ხელისუფლებაში აპირებს მობრუნებას.
ეს ყველაფერი უკიდურესად შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისთვის, რომელსაც საკუთარ ზურგზე აქვს ნაწვნევი „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის მთელი სისასტიკე.
იმის გამო, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან აშკარად საიდუმლო კავშირებით შეკრული „ნაცმოძრაობა“ და მისი ბელადი აბუჩად იგდებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროპარლამენტს, მთელ დასავლეთს, საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრებით სანქციებით?
სადაური სამართალია ეს?
„წინ წყალი, უკან - მეწყერი“ ჰქვია იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.
მას უკან დასახევი გზა არ აქვს - უკან რუსეთია, წინ - ევროკავშირი, რომლის კარებთან წლებია ვდგავართ და შიგ შესვლის უფლებას არ გვაძლევენ.
თუ ასე გაგრძელდება, დაიღუპება ეს უძველერი კულტურის უნიკალური ქვეყანა, თავისი უნიჭიერესი და ულამაზესი ხალხით და თუ ეს მოხდება, მის დაღუპვაში თქვენც გექნებათ თქვენი წილი, პატივცემულო ევროპარლამენტარებო!
ამ წერილსაც იმ სიტყვებით დავამთავრებ, რომლებიც „საერთო გაზეთის“ წინა ნომერში ვთქვი: `ბოლომდე რომ შეგვჭამს მტერი, მერე, ალბათ, საქართველოს ფიტულს დაასვენებთ თქვენს მუზეუმებში წარწერით - ნეშტი ქვეყნისა, რომელიც თავისუფლებისთვის ბრძოლას და ჩვენთან მეგობრობას შეეწირა.

ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი"