ოხ, მე ამათი!

ოხ, მე ამათი!




(პოლიტიკური ნოველა)

- სალამ ალეიქუმი, მამავ ბატონო! - მიესალმა თავის დაკვრითა და ხელის გაქნევა-გამოქნევით ნიკანორი ანზორს, ანუ თავის მამას.

- სალამ ალეიქუმი, ჩემო გმირო შვილო, მაგრამ რათ მესალმები ეგრე უცნაურად გადამთიელის ენაზედ? - შეცბუნდა უცებ ანზორი.

- არ გეუცნაუროს, მამავ ბატონო, ეხლა ეგრეა საჭირო, მთელ ევროპას უნდა მოვდო ახალი ამბავი, ეგეთი ტაქტიკა ავირჩიე. განა ქართულად გამარჯობის თქმა დამავიწყდა? მაგას ვერ ეღირსება ბიძინა ივანიშვილი, ვერა! - გადაატრიალა თვალები ნიკანორმა აღმოსავლურ ყაიდაზედ.

- ნეტავ რა ჩაგიდვია შენს მრავალწახნაგოვან პოლიტიკურ უზურში, ჩემო დიდებავ? - აიჩეჩა მხრები ანზორმა და ბროწეულის კუკრუჯანი გადააწოდა ნიკანორს.

- ჯერ ერთი, მამავ ბატონო, მე უნდა დავამტკიცო, რომ გარეჯი საქართველო არ არი, სწორედ ამიტომაც მივესალმები ამიერიდან ყველას მუსლიმანურ ყაიდაზედ. ეს იქნება პროტესტის ერთგვარი ფორმა. შემდეგ უნდა დავამტკიცო, რომ არც აფხაზეთია საქართველო და არც სამაჩაბლო. მეტიც, მე აუცილებლად შთავაგონებ კაცობრიობას, რომ მაწონი კი არის თეთრი, მაგრამ ყოველთვის არ არის თეთრი, პერიოდულად შავია!

- ჰო, შავია, მა რააა... იმ დღესაც აუობდა დედშენსა, თლა გაშავებულიყო. ვერ ისწავლა ამ ქალმა ზომა-წონა და ვადა! - გამოთქვა უკმაყოფილობა ანზორმა.

- აი, მამავ ბატონო, სწორედ ეგ არ იციან ,,ქოცებმა", ბიძინა ივანიშვილი ჩასძახებთ ხოლმე, მაწონი თეთრიაო და ეგენიც ამოსძახებენ: ჰოოო, მამავ და მარჩენალო, თეთრია, მა რააა!

- ერთი რა მაგის პასუხია და... მამაზე და მარჩენალზე გამახსენდა, ჩემი ნაყიდი ,,მაზერატი" მოგეწონა? იეფად ვიშოვნე, ეგეთები ორასი ათასები ღირს დოლარში, მე ასორმოცდაათში ვიყიდე. არა ბიჭო და ბიძინასავით მოსკოვს შევეკითხებოდი, აი!

- ეხლა ,,ქოცები" დაიწყებენ, ესაო და ისაო, გამოვიდა ციხიდან და ეგრევე მაგარ მანქანაში ეცაო. მაგას უჭირსო? მაგასა სტკივა ხალხის გასაჭირივო? არაფერიცო!

- იიიჰ, რასაც ეგენი არ იტყვიან, ის გაგიკვირდეს! - ჩაიქნია ხელი ანზორმა.

- ისე, რაღა დაგიმალო, მამავ ბატონო და... ძაან კაია ციხის მტანჯველი დიქტატურიდან თავისუფლებაზე გამოსვლა, თანაც ევროკავშირის გირაოთი! - თქვა ამაყად ნიკანორმა.

ნიკანორი მდიდრულ სავარძელზე ნებიერად გადაწვა, თვალები მინაბა და მოგონებებში ჩაიძირა - გაახსენდა, როგორ სტანჯავდნენ ბადრაგები დილა-საღამოს, როგორ უტრიალებდნენ ,,დუბინკებს" ცხვირწინ და ემუქრებოდნენ, თუ არ აღიარებ, რომ მაწონი მუდამ თეთრია, ტრაკში გაგიკეთებთო. ნიკანორი მიხვდა, რაოდენ უსიამოვნო უნდა ყოფილიყო ტრაკში ,,დუბინკის" გაკეთება, მაგრამ მაწვნის სითეთრე რომ ეღიარებინა, რა კაცობა იქნებოდა? კაცობას თავი დავანებოთ, ეს ხომ პოლიტიკური იდეალების ჩაფლავებას შეუწყობდა ხელსა და ევროპაც ხელს ჩაიქნევდა საქართველოზე?

- რამ ჩაგაფიქრა ასერიგად, ჩემო საამაყო ვაჟკაცო? - ჩახედა თვალებში ანზორმა.

- წარსულმა წარმიტაცა, მამავ ბატონო.

- მძიმე წარსულმა, ხომ?

- რა თქმა უნდა, მე ხომ სულ მძიმე წარსული მქონდა? მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მესამე მსოფლიო ომით დამთავრებული, ყველაფერმა ამ ჩემ ქაჩალ თავზე გადაიარა. ბოლო-ბოლო, რა ყისმათზე გამაჩინე, მამავ ბატონო?! - აღტყინდა უცებ ნიკანორი.

- იყუჩე, შვილო, რაც შენ ქაჩალ თავზე დატრიალდა, ეგ მხოლოდ რჩეულთა ხვედრია... აბა, გაიხსენე, განა ლენინიც ქაჩალი არ იყო? განა ვლადიმერ ილიჩის თავზე კი არ დატრიალდა 1917 წლის რევოლუცია? მე არ მახსოვს, ერთი ამოეკვნესოს, ერთი დაეჩივლოს, - გაუფართოვდა თვალები ანზორს.

- ჰო, ვიცი ეგ ამბები, აღარ გამახსენო, მამავ ბატონო.

- ერთ რამეს გკითხავ მხოლოდ და არ დამიმალო, ჩემმა მზემან.

- მე არასოდეს გიმალავ რამეს.

- გაწამეს?

- არ მეგონა, მაგას თუ მკითხავდი.

- რათა?

- როგორ ფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ისე გამომიშვებდა?

- როგორ, თვითონ მოდიოდა ხოლმე?

- რა თქმა უნდა, თითქმის ყოველღამ შემოდიოდა საკანში, ჩამომიჯდებოდა ბალიშთან და მეძახდა: ნიკანოოოორ... აკი ვერ დამიჭერო, ბიჭო?! აი, ეს იყო ყველაზე გაუსაძლისი. თან ხითხითებდა, უხაროდა, ხომ დაგიჭირეო? ერთი-ორჯერ ირაკლი ღარიბაშვილიც შემოვიდა, კახურ მოტივებზე მაგინა, შენი ყველაყისას გაიტანო, ფეხებზეც არა მკიდიხარო, თუ საჭირო იქნება, ყვერებით დაგკიდებ ლეღვის ტოტზეო. განა რამე? როდის იყო, კახელებისა რამე მწყინდა? არა მწყინდა, უბრალოდ ადამიანის უფლებები ამნაირად რო ილახება, აეგა მკლავს და მინელებს, მამავ ბატონო.

- ოხ, მე ამათი! - წამოხტა ანზორი და დაიწყო ბოლთის ცემა შუა ოთახში.

- ახ, მამიჯან, ,,ვოტ ტაკაია, დოლია" მამულისთვინ თავდადებულებისაააა! - აღმოხდა ქვეშეცნეულად ნიკანორს.

- თუმცა, ჰო, რომ არა ამათი დუნდუკლარული საქციელი, რომ არა ამათ მიერ დამყარებული დიქტატურა, შენ ხომ გმირადაც ვერ შეიქმნებოდი? არა, შენ მაინც შეიქმნებოდი სხვა პერიოდში და სხვა გარემოებაში, მაგრამ შეიძლება ეგეთი სიმძაფრით არ შექმნილიყავი! - დაასკვნა ანზორმა და ძვირადღირებულ ,,ტაბურეტკაზე" ჩამოჯდა.

- დიახ, მამავ ბატონო, შენგან ვისწავლე გარემოებათა თეორია, რომლის წყალობითაც წარმოიშვებიან ხოლმე გმირები და მერე ქრებიან. ბევრი ქრება, ბევრი არა ქრება... მთავარია, გასაქრობთა სიაში არ მოხვდე! - დაასკვნა ნიკანორმაც.

- გარემოებათა თეორია არის დედამიწის მამოძრავებელი ძალა და გულის კუნჭულის იდუმალება. შეიძლება გარემოება გათქვა, იდეალებს ანაცვალო, თუკი ეს მამულსა და დედულს სჭირდება, მაგრამ იდუმალება მაინც უნდა დაიტოვო რაღაც დოზით. თუ შენში იდუმალება აღარ იარსებებს, თუ შენი სხეული იდუმალებისგან დაიცლება, მორჩა, აღარაფერი გეშველება, ხელი უნდა ჩაიქნიო. აი, რატომ არიან ,,ქოცები" უცნაურნი და რაღაცნაირნი? მათში არ არსებობს არც იდუმალება და არც გულის კუნჭულში ჩამარხული ამ იდუმალების თესლი. შენი დიდი ბებია ამბობდა ხოლმე, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. სწორედ ეგრე მოუვიდათ ,,ქოციონალებს". შენმა დიდმა ბებიამ არც კი იცოდა, ოდესმე ეგეთი ,,ნაროდი" თუ მოევლინებოდა ამ ქვეყანას, მან უბრალოდ იწინასწარმეტყველა და ეგ არი, გენიოსი ქალი იყო. სწორედ მისგან მოგვდგამს მელიებს გენიოსობა. აბა, შენ სადმე გენიოსი მელია გინახავს? გეთები არ არსებობენ, მელიების არსი საერთოდ დაკავშირებულია ეშმაკობასთან, ტყუილთან, მალულობასთან და ასე შემდეგ. ჩვენ კი სხვანაირები გამოვედით - გმირნი, მამაცნი, კამაცნი, ავანნი, ჩავანნი და მალე დადგება დრო, როცა უხილავი ძალა სრულად გადმოგვაბარებს დედულისა და მამულის სადავეებს.

- იჰ, ძალიან ჭკვიანურადა ჰბაზრობ, მამავ ბატონო! - შეჰყვირა უცებ ნიკანორმა და ერთი გემრიელად გაიზმორა, ძვირადღირებულად.

- მე სუ ჭკვიანურათა ვბაზრობდი, მაგრამ ვინ მიჯერებდა? როდესაც გამოვედი და ვთქვი, თუ ,,ნაცმოძრაობა" ვერ გაიმარჯვებს, თავს მოვიკლავ-მეთქი, გახსოვს?

- რა თქმა უნდა, ეგ ისტორიული სიტყვები მთელ კაცობრიობას ახსოვს, მაგას ვინ დაივიწყებს? მაგის შემდეგ განაცხადა ფრიდრიხ დიდმა, აქეთ მე ვარ, იქით კიდე უფლისწული ანზორიო.

- კაცობრიობას კი ახსოვს, მაგრამ ვინმე მიფასებს?! - გადაატრიალა თვალები ანზორმა, - სხვანაირად გაიგეს, შიგა და შიგ ქირქილებდნენ, გაგიჟდაო, ავმა სულებმა შეიპყრესო, თავის მოკვლა სად გაგონილაო? ვერც კი მიხვდნენ, რომ ეს იყო სიმბოლური თავის მოკვლა. მაგალითად, ადამიანს აქვს ორი თავი, ერთი რეალური, მეორე - სიმბოლური. ამიტომ ეტყვიან ხოლმე ზოგიერთს, შე ორი თავი ხო არა გაქვსო? ჰოდა, მე ვაპირებდი სიმბოლური, ანუ არარეალური თავის მოკვლას. ვერ გამიგეს, ვერ აღმიქვეს, ვერ გამითავისეს, სამშობლოსთან ვერ გამაიგივეს. ილიაო, აკაკიო, ვაჟაო, როდემდე უნდა მივსტიროთ გარდაცვლილ ადამიანებს? ცოცხლებიც ხო უნდა დავაფასოთ? განა შეიძლება, უზურში სუ წინა საუკუნეები გვქონდეს? ბოლოს და ბოლოს, მართლა ეგეთი მაგარი იყო ილია ჭავჭავაძე? ვინ არღვევდა გლეხების უფლებებს საგურამოში, მე? ჩავიდოდა ხოლმე თავადი ჭავჭავაძე და გადაუკეტამდა ხოლმე წყალსა. შენ გგონია, ბიძინაზე ნაკლები ბარბაროსი იყო? რამდენი ადამიანიც მე გადამირჩენია გულის ოპერაციებითა, შუნტირებითა და მუნტირებითა, რომელი ილია მოვა ჩემთან?! ერთი აკაკი იყო კიდე, რააა, დადიოდა, დაქეიფობდა, სულ წუწუნებდა, ფულიკო. ფულიკო, ფულიკოო, გაიძახოდა. ვაჟაო, კაცს ცოლი მოუკვდა და ერთი თვის მემრე გაიგო, შირაქში იყო გადახვეწილი სახინკლაოდ!

- დაგაფასებენ, მამავ ბატონო, გპირდები!

- როდის?

- როცა ამ ქვეყნის ავანი და ჩავანი გავხდები, როცა ბიძინას გავაგდებ აქედან!

- ეგ უნდა გააკეთო, ნიკანორ, თუ არ გააკეთებ, თავს მოვიკლავ... ოღონდ სიმბოლურად, მეორე თავს მოვიკლავ!

- არ გინდა ეხლა, მამავ ბატონო, მე შენ არც ერთ თავს არ მოგაკვლევინებ.

ნიკანორმა დაღლილი თავი დივან-კრესლოზე გადადო, ჯერ ისევ წარსულში ჩაიძირა, შემდეგ კი სასოებით ჩაეძინა. ანზორმა შინაურებს ხელით ანიშნა, თქვენი სუსი არ იყოს, საქართველოს მომავალს სძინავსო... სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოს მომავალსაო, აბა, მსოფლიო ისტორიას თუ ახსოვს, ევროკავშირს ვინმესთვის გირაო გედეეხადოს? ჰა, ახსოვს? რაც არ არი, რა ემახსოვრება? ჰოდა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ნიკანორი შეიძლება მსოფლიო მბრძანებელი გახდეს. არა, მსოფლიო მბრძანებელი ცუდი ნათქვამია, ეგ ადრე იყო ხოლმე კარგი, ეხლა დემოკრატიის პირობებში რაღაცნაირადა ჟღერს.

ნიკანორმა ამოიხვრინა, ანზორი ფეხაკრეფით გავიდა ძვირადღირებული დარბაზიდან.

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა 

,,საერთო გაზეთი"