პოზიტივი - ნაზიკო პოლიტიკაში არ მიდის!

პოზიტივი - ნაზიკო პოლიტიკაში არ მიდის!




მეგობრებო, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო… ამ ქვეყანაში იმდენი იკლიკანტური ამბავი ხდება, უკვე ასარჩევად მაქვს საქმე. არა, ადრეც ბლომად ხდებოდა უცნაური რაღაცები, მაგრამ ეხლა ნამატნავად ბევრია. მოდით, კარგი ამბით, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, პოზიტივით დავიწყებ: ნაზი ჯანეზაშვილი როა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სულ რომ დაობს და სულ რომ პრეტენზიები აქვს, იმან სრული სერიოზულობით განაცხადა, ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაშიო. ეხლა არ მითხრათ, რა არის აქ საპოზიტივოო… აბა, რას ამბობთ, ამხანაგებო? განა თქვენ დღემდე გინახავთ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ასე ხელაღაბით განეცხადებინოს, არ წავალ პოლიტიკაშიო? არ არსებობს, ასეთს ვერ დამისახელებთ, ასეთი მხოლოდ ნაზიკოა, სულ რომ ჯიჯღინებს, ჯანეზაშვილი. ისე, თქვენი არ ვიცი და მე სადღაც გულის კუნჭულის კიდევ უფრო ღრმა კუნჭულში მეწყინასავით, დღეს ქართულ პოლიტიკას თუ რამე აკლია, სწორედ ასეთი მჟღერი გვარ-სახელები აკლია… აბა, ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტში განცხადებას რომ გააჟღერებს, ისე ნიკა მაჭუტაძე გააჟღერებს? არა მგონია!
განა მაჭუტაძის ჟღერადობასა ვწუნობ? არა, სწორედაც რომ საპარლამენტო გვარია, მაგრამ რაღაც ვერ არი შემტევი, რაღაც დონდლოს შთაბეჭდილებას ტოვებს.
მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გილოცავთ, ძლივს საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, იურისტი, უგზოდ და უკვლოდ განათლებული, რომელმაც პირდაპირ მოგვახალა, მეო, პოლიტიკაში არ წავალო, ორიგინალური უნდა ვიყოო. აი, იგრძნო ადამიანმა თავისი უპირატესობა სხვებისგან განსხვავებით და ეგრევე დადგა საკუთარ თავზე მაღლა. მეტიც, მან ეგრევე დათრგუნა თავისი ქვენა გრძნობები, რომლებიც ხშირად დაუკითხავადაც კი მიიწევენ პოლიტიკაში. ამან ეგრევე ამოსდო ლაგამი ქვენა გრძნობებს, წიხლიც კი დააჭირა და ჩასძახა: აბა, აბა, ეხლა ეგეთი რაღაცები არ იყოსო! კი, შეიძლება ამაში არის მაზოხიზმის ნიშნები, მაგრამ სამაგიეროდ ერში ინერგება ორიგინალურობა, ანუ პოლიტიკაში წაუსვლელობის სინდრომი. განა ეს ცოტაა, ამხანაგებო? განა ეს არ უნდა გვიხაროდეს და ამას პოზიტივად არ უნდა ვთვლიდეთ? განა არ სჯობს, ქალბატონი ნაზიკო შევიდეს ფიგურული სრიალის წრეზე, ჩაეწეროს ბატუტზე მხტომელთა გუნდში, ან კიდევ სულაც ხელი მოჰკიდოს მებოცვრეობას, ვიდრე წავიდეს პოლიტიკაში და ნერვები აშლევინოს ათეულობით დარტყმულ ვირეშმაკას?!
აეგრე, ქალბატონო ნაზი, აეგრე!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"