პროგრამა „განახლებული რეგიონები“ - ზუგდიდი

პროგრამა „განახლებული რეგიონები“ - ზუგდიდი




პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა ქუთაისისა და ამბროლაურის შემდეგ ზუგდიდში გაიმართა.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მალხაზ თორია,  მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
„ძალიან საინტერესო განხილვა გვქონდა და საინტერესო არეალები წარმოადგინეს მუნიციპალიტეტებმა. მაგალითად, ზუგდიდის შემთხვევაში ეს არის დადიანების სასახლემდე მისასვლელი ბულვარი, ხობში  ეს არის ხობის წყალთან ჩასასვლელი ახალი პარკი და სარეკრეაციო სივრცე, ფოთში კი - ცენტრალური ქუჩა, რომლის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ასევე, პროგრამის ფარგლებში ახალი სარეკრეაციო პარკი გაკეთდება მესტიაში და ასე შემდეგ. ჩამონათვალი მეტყველებს პროგრამის მოცულობასა და დიდ მასშტაბზე, რაც უზრუნველყოფს მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკური ეფექტს, ახალი შესაძლებლობებისა და დამატებითი შემოსავლების გაჩენას ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის სხდომაზე დამტკიცდა ზუგდიდსა და ფოთში  ურბანული განახლების სიღრმისეული პროექტების მომზადება, რაც ორ დიდ ქალაქში შექმნის შემდგომი განვითრების საფუძველს.
სამეგრელოს შემდეგ კომისიის სხდომები გურიასა და აჭარაში გაიმართება. 
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. 
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.