პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები თვის ბოლომდე გიხსნება

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები თვის ბოლომდე გიხსნება




2 კვირის განმავლობაში, 10 რეგიონში ჩავატარეთ სხდომები, რომელსაც კომისიის წევრები ესწრებდნენ სრული შემადგენლობით - ადგილობრივი თვითმართველობის პირველი პირები, მერები, რწმუნებულები, ყველა შესაბამისი სამსახურისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ასეთი მაღალი ჩართულობა განპირობებულია იმით, რომ პროგრამას „განახლებული რეგიონები“ სჭირდება ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„რაც შეეხება წინა კვირაში ატეხილ ქარიშხალს ჭიქაში. რეალურად, ტენდერები სრულყოფილად გამოცხადდა, ერთადერთი მუხლი ქმნიდა მისი ორაზროვანი აღქმის, ერთგვარი ინტერპრეტაციის საფუძველს. აქედან გამომდინარე, მოხდა დაზუსტდება, 15-დან 5 ტენდერი შეწყდა და შესწორების შემდეგ გამოცხადდა ხელახლა, დანარჩენი 10 კი მიმდინარე მდგომარეობაშია. რაც შეეხება რეგიონებში შერჩეულ სარეაბილიტაციო არეალებს, ყველა მუნიციპლიტეტში დამტკიცდა შესაბამისი ლოკაციები. ძირითადად, გაკეთდება რეკრეაციული სივრცეები, რაზეც არის ყველაზე დიდი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობისგან, ესაა სკვერები, პარკები და მსგავსი ინფრასტრუქტურა,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ტენდერებიდან ერთი ნაწილი 25 მაისს გაიხსნება, მეორე ნაწილი კი - 27 მაისს. შესაბამისად, დაახლოებით 1 თვეა განსაზღვრული იმისათვის, რომ გამარჯვებულმა კომპანიებმა პირველადი კონცეფციები წარმოადგინონ და უკვე ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.

„საკმაოდ მასშტაბური პროექტებია და აქედან გამომდინარე, ეს არის კარგი გამოცდილების თვალსაზრისით, რაც დეცენტრალიზაციის ჭრილში, ადგილობრივი თვითმართველობისთვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, კომისიამ გადაწყვიტა, რომ სიღრმისეული ურბანული განახლების პროექტები განხორციელდეს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი, წყალტუბო, ვანი, რაც ამ 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში ყველგან შექმნის შემდგომი განვითარების საფუძველს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.