რამაზ საყვარელიძე: ჩვენ პოლიტიკური ოპოზიცია არ გვყავს

რამაზ საყვარელიძე: ჩვენ პოლიტიკური ოპოზიცია არ გვყავს




გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, როგორ შეაფასებთ ივანიშვილის პოლიტიკიდან მოულოდნელ წასვლას?
- დადებითად. ამ ნაბიჯის შეფასებისას ყურადღებას სხვადასხვა საკითხზე ამახვილებენ - ზოგი ამბობს, თითქოს, უმადურობა მობეზრდა, ხელი ჩაიქნია და წავიდა, ზოგის აზრით, შესაძლო უსიამოვნებებს გაერიდა - სანქციებს და ა.შ., ოღონდ, ეს ცოტა გაუგებარია - თუ სანქციები ელოდა, პირიქით, ამის გაკეთება უფრო ადვილია პოლიტიკას ჩამოშორებული ადამიანის მიმართ, ზოგიც თვლის, რომ ნაადრევად წავიდა, რადგან ქვეყნის წინაშე სერიოზული პრობლემებია - კოვიდი, ეკონომიკა და ა.შ. პირადად, მიმაჩნია, რომ რამდენიმე თვალსაზრისით სწორი, დროული ნაბიჯი გადადგა.
- რას გულისხმობთ? ფიქრობთ, რომ წასვლის დრო სწორად იყო შერჩეული?
- გააჩნია, რატომ წავიდა.
- გაგვანდეთ თქვენი მოსაზრება - რატომ წავიდა?
- მან საკმაოდ ბევრი საფიქრალი დატოვა. წერილში აღნიშნა: მიდის, რადგან დაინახა, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული პარტია - „ქართული ოცნება“ უკვე მყარად დგას ფეხზე და მისი იქ ყოფნა ზედმეტია. ასევე, თქვა, რომ აღარ დაბრუნდება, რაც შემდეგი მიზეზით ახსნა: თუ ყველაფერი კარგად წარიმართა მისი კვლავ პოლიტიკაში მოსვლის აუცილებლობა აღარ არის და თუ საქმე ცუდად წავიდა ე.ი. მე ვერ გამიკეთებია რაღაც სათანადოდ და რისთვისღა დავბრუნდეო. ეს ყველაფერი შესაძლებელს ხდის პასუხი გავცეთ კითხვას: რატომ წავიდა იგი დღეს და არა გუშინ ან გუშინწინ. ზოგმა თქვა: არჩევნებამდე უნდა წასულიყო და უფრო თანასწორ ბრძოლას ვიხილავდითო. ამ პოზიციის ავტორისთვის ივანიშვილის ამოცანა ყოფილა თანასწორი ბრძოლა გვენახა, ხომ. განა, შეიძლებოდა მისი ოცნება ეს ყოფილიყო - ნეტავ, მანახა ჩემი გუნდი უჩემოდ არჩევნებში რას გააკეთებსო. ცოტა არაბუნებრივია ასეთი რამის დაშვება. მით უმეტეს, რომ მოხდა უნიკალური რამ - „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მესამედ გაიმარჯვა. ივანიშვილისთვის ამ მესამე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი, სულაც არ ნატრობდა იმას, რაც ზემოთ მოგახსენეთ. მაშინ, შემდეგ რამეზე უნდა გვეფიქრა: თვითონ ხომ დაშორდა თავის პარტიას და ბარემ, ეიძულებინა რეიტინგიანი წევრები - გახარია, კალაძე პარტიიდან გამოსულიყვნენ და „ქართული ოცნება“ ურეიტინგო წევრების ამარა დაეტოვებინათ და ენახათ - გაიმარჯვებდა თუ არა. ასე ფიქრი საბავშვო ბაღს ჰგავს. ივანიშვილმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა: სურს „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში ნახოს და ნატრობს: გაჩნდეს პარტია, რომელიც მას ოპოზიციაში გადაიყვანს. თუმცა, მას არასად უხსენებია, რომ ასეთ პარტიას დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში ხედავს. პირიქით, მან ხაზი გაუსვა შემდეგ გარემოებას: დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის წამყვანი ოპოზიციური ძალა - „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები დამნაშავენი არიან იმაში, რაც წარსულში ხდებოდა. ამიტომ, მათი უკან მობრუნება არ შეიძლება. პრაქტიკულად, საზოგადოებაც მომწიფდა საიმისოდ, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში არ მოუშვან. ანუ, არსებულ ოპოზიციაში ივანიშვილი ვერ ხედავს იმ ძალას, რომლისთვისაც ხელისუფლების გადაბარება შეიძლება. ეს იგივე ძალაა, რასაც საქართველო, ქართველი ხალხი 2012 წელს გაექცა. ამიტომ, მასთან მიბრუნება დაუშვებლად მიაჩნია. როგორც აღვნიშნე, ბევრი ამბობს: ივანიშვილი არჩევნებამდე უნდა წასულიყოო. ასეთი საქციელი ხომ ამ ოპოზიციის გამარჯვებაზე მინიშნება იქნებოდა. ანუ, ეს 2012 წლამდე ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალების ხელახალი რეანიმაცია იქნებოდა. მკაფიოდ ჩანს, რომ ასეთი რამ ივანიშვილს დაუშვებლად მიაჩნია.ე.ი. მას დაუშვებლად მიაჩნია დღეს არსებული წამყვანი პოლიტიკური ოპოზიციის ხელისუფლებაში მობრუნება და ამავე დროს, მისთვის სანატრელია ახალი ოპოზიციური ძალის დანახვა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს. ანუ, საუბარი იმაზე კი არ მიდის: აბა, თანაბარია თუ არა ძალები დღევანდელ ოპოზიციასთან, სპორტული შეჯიბრის აზარტი კი არ არის, არამედ საქმიანი საუბარია იმაზე თუ როგორ პოლიტიკურ ხელს შეიძლება გადააბაროს ადამიანმა ქვეყანა. ნაციონალების ხელში ქვეყნის ჩაგდება, დაუშვებელია. ვხედავთ, რომ მას სურს გაჩნდეს ალტერნატივა იმ პარტიისა, რომელსაც დღეს უჭირავს ქვეყნის საჭე. ანუ, გაჩნდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეეძლება ქვეყნის სწორი გზით მართვა. ამაზეა საუბარი.
- საუბრობენ, რომ ახალი ძალის შექმნას ივანიშვილი თავად აპირებს. ეს რამდენად რეალურია და რა -აზაზე შეიძლება მან ახალი პარტია შექმნას?
- არ ვიცი, მიჭირს ლაპარაკი იმიტომ, რომ მეტისმეტად მცირე დროა გასული. ფაქტია, რომ გინდ ახალი პარტია შეიქმნას, გინდ ძველი გარდაიქმნას, „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში ყოფნა, ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ორგანიზმისთვის, ძალიან ძნელი იქნებოდა თუ მმართველი გუნდის სათავეში კვლავ ივანიშვილი იქნებოდა. ასე, ფაქტობრივად, ივანიშვილთან დაპირისპირებას მივიღებდით, რაც იმთავითვე წამგებიან მდგომარეობაში ამყოფებდა ნებისმიერ პოლიტიკურ არსებას, პარტიას, რომელიც პოლიტიკაში შეაბიჯებდა. აი, ამ მხრივ, გაუთავისუფლა მან გზა სიახლეს - „ქართულ ოცნებას“ გაცილდა და მასთან კონკურენცია ადვილი გახადა სწორედ თავისი ფაქტორის გამოყვანით. ოღონდ, ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც, თვითონ ქმნის ახლა ამ პარტიას და ა.შ. ფაქტია, რომ მან „ქართული ოცნების“ კონკურენტუნარიანობა შეამცირა. მერე, რა პროცესებზეა საფიქრალი, ეს უკვე სხვა საკითხია. ვფიქრობ, ახალი ძალის შესაქმნელად საკმარისად დიდი ბაზა არსებობს. მგონია, რომ სწორედ ამ ბაზის არსებობამ მისცა საფუძველი ივანიშვილს ეს ბანიჯი გადაედგა. ჯერჯერობით, არ დავკონკრეტდები. მოვა დრო და ექსკლუზიურად გაგანდობთ ვინ არის ეს ახალი ძალა ჩემი მოსაზრებით.
- წეღან ახსენეთ: ივანიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ მყარად დგას ფეხზეო. თქვენც ასე მიიჩნევთ, რომ ეს პარტია მყარად დგას ფეხზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს ივანიშვილის გარეშე გაუმკლავდება?
- იცით რა, როცა ვამბობთ: მყარად დგას ფეხზეო, გააჩნია სიტუაციას, რას ვგულისხმობთ. ვაჟკაცი კაცი ფეხზე მყარად დგას, ხომ. ასევე, პატარა ბავშვიც და ასაკოვანიც. ყველა დგას ფეხზე, მაგრამ ქარიშხალი როცა ატყდება, რომელიღაც უფრო ადვილად წაიქცევა. მაგალითად, პატარა ბავშვი და მოხუცებული. იქამდე, ხომ იდგნენ მყარად? - იდგნენ იმიტომ, რომ მათ არავინ ეჯახებოდა. ნიავი თუ დაუბერავს არცერთი არ წაიქცევა. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია მყარად დგას იმ წინააღმდეგობის, იმ ალტერნატივის პირობებში, რის წინაშეც დღეს არის. საზოგადოებას აქვს ორი არჩევანი - ხმა მისცეს ან „ქართულ ოცნებას“ ან ხმების წართმევას, ადამიანთა მოკვლას, ძალადობას, ტყუილს. ასეთია ალტერნატივა.
- მაგრამ თუ ქარიშხალი ატყდება, რა ბედი ელის „ქართულ ოცნებას“?
_ ქარიშხალი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ნიშნავს. იგი თუ გაჩნდა, მერე, უკვე, „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადაყვანა რეალური იქნება. ივანიშვილიც ამას ამბობს: მინდა ვიხილო პარტია, ვინც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანს, ოღონდ, ეს 4–5 წელიწადში იქნებაო.
- დიახ, ივანიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ 4–5 წელს იქნება. რეალურად, ამ გუნდის ავტორიტეტი საკმაოდ დაბალია. ხალხმა ეს გუნდი არ მიიღო, ამიტომაც გაექცათ ბევრი მხარდამჭერი. თავად, ივანიშვილიც წავიდა, ეს ნიშნავს რომ პარტია არ ვარგა?
- ქმარი სამსახურიდან მშიერი მოვიდა, ცოლი ეუბნება: სადილი დამეწვაო. თუ შეჭამს სადილს უგემური, დამწვარი უნდა ჭამოს თუ არადა მშიერი დარჩეს. როგორ მოიქცევა ქმარი?
- მაგალითად, მე, მშიერი დავრჩებოდი.
- თქვენ და ალბათ, ბევრი სხვაც მშიერი დარჩებოდა როგორც პიროვნება, მაგრამ ქვეყანას ხომ ვერ დატოვებ ხელისუფლების გარეშე, მას ხომ ვერ აშიმშილებ, უნდა აირჩიო იქედან, რაც გაქვს. საერთოდ, პოლიტიკა არის არჩევანი იქედან, რაც გაქვს. მაღაზიაში ჩახვედით კაბის საყიდლად, მაგრამ არ მოგეწონათ, საერთოდ არ იყიდით იმიტომ, რომ სხვა მაღაზიებიც არსებობს, ხომ. მაგრამ თუ ისეთი პირობა შეგექმნათ, რომ ხელცარიელი ვერ დაბრუნდებით, ხომ ეცდებით სხვებთან შედარებით რომელიც უფრო მისაღები იქნება, იმით დაიმშვენოთ ხელი. შეიძლება არცერთი გუნდი არ მოგწონს, მაგრამ რომელიც უფრო მისაღები იქნება ის უნდა აირჩიო. ნაციონალებთან შედარებით „ქართული ოცნება“ უფრო მისაღებია. ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ იდეალურია. თუ იგი იდეალური აღმოჩნდება და ახლადმოსულ ძალასაც აჯობებს, მაგას რა სჯობს, კარგად გვქონია საქმე.
- ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, „ქართული ოცნებიდან“, კონსულტაციებს არ გავწევ, არავინ დამირეკოსო. როგორ მოიქცეს ის 950 ათასი ადამიანი, ვინც მის გამო მისცა ამ პარტიას ხმა?
- ვინ მისცა ივანიშვილის გამო ხმა? ის რომ არა, ანუ, ხმას ნაციონალებს მისცემდნენ?!
- ფაქტია, რომ ივანიშვილს ავტორიტეტეს მისცეს ხმა და არა კობახიძის ან თალაკვაძისას. ახლა, გვეუბნებიან: ეს არ არის ის პარტია, რომელსაც ხალხი უნდა გაჰყვესო?
- ხალხს რა არჩევანი აქვს - ან „ქართული ოცნება“ ან ნაციონალები ხომ. ამ არჩევანში აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ თუ რადგან ივანიშვილი იყო იქ, მხოლოდ იმიტომ?! მან ტელე-ინტერვიუში თქვა: თუ ხალხი, ამ პირობეებში, ნაციონალებს აირჩევს, ე.ი. მათი ღირსი ყოფილა და ჩემს დაბრუნებას, საერთოდ, რა აზრი ექნებაო. აქამდე, ტექსტი ასეთი იყო: ხალხის კულტურა გაიზარდა და მან ნაციონალებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არჩევანი გააკეთა. მაგრამ თუ ივანიშვილი არის ამ არჩევანის საფუძველი, მაშინ გამოვა, როგორც თვითონ ამბობს, მას მიზნისთვის ვერ მიუღწევია, ხალხში პოლიტიკური კულტურა ვერ აუმაღლებია და მაშინ ქართული საზოგადოებისგან გვერდზე გადგება - რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
- პირველად როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მან ტირანია ჩამოგვაშორა, შემდეგ დაბრუნდა, რათა პოლიტიკური სისტემა შეექმნა და ახლა, წავიდა, რადგან დაინახა, რომ ხალხმა საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა?
- დიახ, თვლის, რომ საზოგადოებამ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა და თავად პოლიტიკიდან წავიდა, რათა ხელი შეუწყოს მომავალი არჩევნებისთვის ღონიერი ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. იგი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 4–5 წელიწადი, უპრობლემოდ იქნება ხელისუფლებაში. ეს დრო ხომ ფაქტობრივად, მომავალი არჩევნების თარიღია. ისევ დავსვათ კითხვა: რატომ წავიდა ივანიშვილი დღეს და არა გუშინ? - იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მესამედ უნდა გაემარჯვა და საზოგადოება ნაცებისკენ არ უნდა გადახრილიყო. რატომ წავიდა დღეს და არა ხვალ, ზეგ? - იმიტომ, რომ ახალ პოლიტიკურ ძალას - „ქართული ოცნების“ ალტერნატივას იმის საშუალება მიეცეს, რომ მომავალი არჩევნებისთვის შეიქმნას, ჩამოყალიბდეს. აი, ამიტომ წავიდა იგი დღეს და არა გუშინ, ხვალ ან ზეგ, რათა მოსახდენი მომხდარიყო.
- ბატონო რამაზ, ჯერ არ გარკვეულა ერთპარტიული იქნება პარლამენტი თუ ოპოზიცია შევა. ამ ფონზე, როცა პროცესი დასრულებული არ არის, ხომ არ მოახდენს ივანიშვილის წასვლა უარყოფით ზემოქმედებას?
- არ მგონია ივანიშვილის წასვლამ ამ პროცესში რაიმე როლი შეასრულოს. იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის“ მიმართ ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ივანიშვილს ხომ არ ჰქონდა. ანუ, „ქართული ოცნება“ იმიტომ ხომ არ არის ნაცების წინააღმდეგი რომ ასე ივანიშვილს უნდა. თუ პარტია თვლის რომ ასეა და ივანიშვილის ხაზით ინარჩუნებს წინააღმდეგობას, მაშინ გაუგებარ პროცესებთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ მხოლოდ ივანიშვილის დამსახურება არ არის ის, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ასეთი სურათის შექმნას ცდილობს სააკაშვილი. ვინც საქართველოში მოვლენებს აკვირდება, ასევე, საპროტესტო მუხტის სხვადასხვა გამოვლინებას, მიხვდება: რაც სააკაშვილის დროს იყო, პრაქტიკულად, დღეს აღარ არის. ახლა, პარტიული საპროტესტო გამოვლინებებია და არა საზოგადოების. დიახ, საპროტესტო აქციები გარკვეული პარტიების ღონისძიებებია და არა საზოგადოების პროტესტი, რის გამოც ამ აქციებმა მასშტაბი ვერაფრით შეიძინა. ამ პროცესს თუ დავაკვირდებით, მაშინ სააკაშვილთან დაპირისპირება ივანიშვილს არ უნდა დაბრალდეს. სააკაშვილთან საზოგადოებაა დაპირისპირებული. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელი თუ იქნება ის პირობები, რითაც „ნაცმოძრაობა“ ანუ, სააკაშვილის პარტია ხელისუფლებასთან ურთიერთობაში შემოდის, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ივანიშვილს, არამედ საზოგადოებას უნდა უწევდეს ანგარიშს საიმისოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობას“ რაიმე თუ დაუთმო, საზოგადოება იტყვის მასზე უარს. ვისაც დღეს „ქართული ოცნება“ არ მოსწონს, მათი დიდი უმრავლესობა ამ პარტიით უკმაყოფილო სწორედ იმიტომაა, რომ მმართველმა პარტიამ ნაცების მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოავლინა.
- სააკაშვილი ახსენეთ. ბევრი ფიქრობს, რომ რაც 2012 წელს დავიწყეთ, ახლა, ხელახლა უნდა დავიწყოთ, მაგრამ როგორ, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. სამაგიეროდ, არსად წასულა სააკაშვილი თავისი მხარდამჭერებით, მძლავრი ტელევიზიებით. ეს რა არის, ისევ ნაცებს ვაბარებთ ხელისუფლებას?
- ჯერ ერთი, თუ ასე დგას საკითხი - ივანიშვილი აღარ არის და ამიტომ, ხელისუფლებას ნაცებს ვაბარებთ, მაშინ უნდა ჩავაბაროთ-კიდეც. წარმოიდგინეთ, რას მოუტანდა ივანიშვილი თითოეულ ჩვენგანს, რომ არ ყოფილიყო ის ათასობით მოხუცი, ვინც დაიჟინა არჩევნებზე უნდა მივიდეო და პატრონებს თავი საარჩევნო ყუთთან ხელით მიაყვანინა, ასევე, მოიქცნენ ინვალიდები. დიახ, იმ თავგანწირვის სტიმული, რაც ხალხმა 2012 წელს გამოავლინა, რა თქმა უნდა, ივანიშვილი იყო. საზოგადოებამ დაინახა, რომ ასეთი პიროვნება ჩაუდგა ქვეყანას სათავეში და ე.ი. ბრძოლა აზრს იძენდა. მაგრამ ივანიშვილი მარტო რომ მდგარიყო სააკაშვილის წინაშე, ბრძოლას ვერ მოიგებდა. მან მოიგო იმიტომ, რომ მის ზურგს უკან მთელი საზოგადოება დადგა. იგი ახლაც თვლის, რომ საზოგადოებას მოგება შეუძლია. რვა წლის განმავლობაში ნაცებს არცერთი არჩევნები, არცერთი მანდატი არ მოუგიათ. იმიტომ, რომ ეს არ სურდა საზოგადოებას, თორემ, ყველა მანდატის გარშემო ივანიშვილი ხომ არ იბრძოდა. თავად ივანიშვილს აქვს ამ ხალხის რწმენა, რომ მას, უკვე, საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა შეუძლია. თუ საზოგადოებამ თავად არ დაიჯერა, რომ ყოჩის გარეშე რამე შეუძლია და ჩათვალა, რომ თვითონ მხოლოდ ცხვრის ფარაა, ასე, რა თქმა უნდა, სააკაშვილიც გაიმარჯვებს და მასზე უარესიც. გერმანია გაცილებით დიდი ქვეყანა იყო კულტურით და უამრავი სხვა თვისებით, მაგრამ ჩათვალა, რომ ჰიტლერი რასაც ეტყოდა, ეს იყო ჭეშმარიტება და შედეგად, სადამდეც მივიდა კი ვნახეთ.
- რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. ივანიშვილის ეს ნაბიჯი მეტ ლოგიკას ხომ არ შესძენს მის დანიშვნას და ვინ გაიმარჯვებს ამ შემთხვევაში - ნაცები თუ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“?
- ისევ, ძველ თემას ვუბრუნდები. თუ ამ ხალხს ნაცები უნდა, მაშინ მათ აქვთ მეტი შანსი. თუ არ უნდათ ნაციონალები მაშინ „ქართულ ოცნებას“ აქვს მეტი შანსი. ხალხმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი.
- მაინც, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ივანიშვილმა - განაწყენდა "ქართულ ოცნებაზე", ქართველ ხალხზე თუ ორივეზე ერთად?
- არა, იქნებ არც განაწყენდა და როგორც ზემოთ ვთქვი: პოლიტიკური სიახლე უნდა. 8 წელიწადია „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციაშია, ელოდება როდის დაუცდება „ქართულ ოცნებას“ ფეხი და შეცდომას მერე თავის სასარგებლოთ გამოიყენებს. ამ პირობებში, არც „ქართული ოცნება“ ვითარდება. ეს ხომ ოპონენტობა, პოლიტიკური ბრძოლა არ არის, არამედ ფიზიკური. გახსოვთ, ხომ პარლამენტში ბოქლომების დაკიდება, ნივთიერებების დასხმა და ა.შ. ეს ხომ პოლიტიკა არ არის. ნაცები ოპონენტს კი არ აკრიტიკებენ, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ, აბულინგებენ. კრიტიკა და ბულინგი ხომ სხვადასხვა რამეა. ბულინგი ძალადობაა. კრიტიკა არის მოსაზრებათა მწყობრი სისტემა, რომელიც შეიძლება გაითვალისწინო, შეიძლება - არა. პოლიტიკური ოპოზიცია, რეალურად, არ გვყავს. პოლიტიკური მტერი - კი, ბატონო. ამ პირობებში „ქართული ოცნებაც“ ვერ ვითარდება. საჭიროა ნორმალური პოლიტიკური ოპოზიცია. ივანიშვილი სწორედ ამიტომ წავიდა, რათა ნორმალური პოლიტიკური ოპოზიცია გაჩნდეს და ქვეყნის პერსპექტივისთვის თანაბარი რისკი იყოს. ნაცებისთვის ქვეყნის დათმობა არ შეიძლება. ჯანსაღი პოლიტიკური ოპოზიცია თუ გაჩნდება, „ნაცმოძრაობა“ ძირს ჩაიწევს. იქნებ, ეს არის ივანიშვილის წასვლის მიზეზი? იქნებ, იგი თავის წასვლით და ახალი ძალის გაჩენის სტიმულირებით, ისევ და ისევ, ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას უწყობს ხელს? იქნებ, ამ ნაბიჯით ხელს უწყობს არამარტო ნაცების მოშორებას რაც 2012 წელს გააკეთა, არამედ მის ხელისუფლებისაგან კიდევ უფრო მეტად დაშორებას. იქნებ, ცდილობს ნაცები წამყვანი ოპოზიცია აღარ იყვნენ, საერთოდ, აღარ იყვნენ ხელისუფლების ალტერნატივა. ჩემი აზრით, მან ახალი ალტერნატივის გაჩენისკენ გადადგა პოლიტიკიდან წასვლის ნაბიჯი. 

თამარ შველიძე

"საერთო გაზეთი"