რამაზ საყვარელიძე: ხომ არ მუშაობდა გაყალბებაზე თავად „ნაცმოძრაობა“?

რამაზ საყვარელიძე: ხომ არ მუშაობდა გაყალბებაზე თავად „ნაცმოძრაობა“?




გვესაუბრება პოლიტოლოგი,

ფსიქოლოგი

რამაზ საყვარელიძე:

- ბატონო რამაზ, რა ხდება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რის მიღწევას ცდილობს ოპოზიცია?

- ბზეჟინსკის საქართველოში რომ ეცხოვრა, პოლიტიკას საჭადრაკო დაფას, ნამდვილად, არ დაარქმევდა. ქართული პოლიტიკის ხელწერა ჭადრაკს არ ჰგავს, ეს უფრო კრივის სტილისტიკაა. თუმცა, ჭკუა კრივსაც უნდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებში აზრიანი მომენტები გაიშვიათებულია, ეს არის მთელი პრობლემა. როგორც გაირკვა, გასაიდუმლოებულ სიაში ერთ-ერთი მოთხოვნა პლებისციტის ჩატარება გახლავთ, რაც ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. თანაც, იციან, რომ ამის კანონიერი საფუძველი არ არის. ამიტომ, თქვეს კიდეც: მის უდიდებულესობა ხალხს დავეკითხოთ, პლებისციტი დავნიშნოთო. ამ პროცესსაც თავის წესები აქვს, რაც კონსტიტუციაში არის გაწერილი. იგი არაფერს ავალდებულებს, უბრალოდ, პლებისციტის საშუალებით პოლიტიკაში ამა თუ იმ ჯგუფის განწყობები მოისინჯება. მაგრამ, ახალახან, 31 ოქტომბერს ამ ხალხის განწყობები, ხომ გამოაშკარავდა. კი ბატონო, უკლებლივ ყველა არ გავარდნილა არჩევნებზე. არცერთ ქვეყანაში არ არის 100%-იანი დასწრება, მაგრამ არჩევნების ჩატარებულად ჩასათვლელად საჭირო რაოდენობა მივიდა. რა პლებისციტს ვატარებთ?! ანუ, ეს კაპრიზის მიხედვით ტარდება და არა კანონის. ვერც კანონი, ვერც პოლიტიკური ლოგიკა, ახლა, პლებისციტის ჩატარებას ვერ გაამართლებს გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ჭირვეულობს. თუკი ოპოზიციის ჭირვეულობის გამო პლებისციტი მაინც ჩატარდება, შედეგად მივიღებთ გაღიზიანებულ ამომრჩეველს. ეს ხალხი ერთი თვის წინ უკვე იყო არჩევნებზე. პლებისციტიც ხომ ისეთივე გამოკითხვას გულისხმობს როგორიც არჩევნებია. გამოდის, რომ ამ ხალხის ერთხელ მისვლას ანგარიშს არ უწევ და ამომრჩეველს პატივს არ სცემ. გაღიზაინებული ხალხი ოპოზიციასაც შეაგინებს და ხელისუფლებასაც და საერთოდ არ მიიღებს პლებისციტში მონაწილეობას. ამ პროცედურის მიმართ პროტესტი გაუჩნდებათ იმიტომ, რომ ეს მათი შეურაცხყოფაა. გამოდის, რომ ხალხის ერთხელ გამოთქმული აზრი არ გაითვალისწინეს, ეს შეურაცხმყოფელია. მეორეც, დავსვათ კითხვა: ვინ უნდა ჩაატაროს პლებისციტი, ისევ საარჩევნო კომისიამ, ხომ? ოპოზიციას ეს საარჩევნო კომისია არ მოსწონს. ვინ და როგორ უნდა გადაირჩიოს ეს საარჩევნო კომისია? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თავის დროზე თამარ ჟვანია, სწორედ, ოპოზიციის წარდგენილი კანდიდატურა იყო. მათ ჟვანიას დასამტკიცებლად დიდი ბრძოლა დასჭირდათ. რა გარანტია გვაქვს, როცა ახალ კანდიდატურას დაასახელებენ, მან თუ სასურველი შედეგი არ დადო, ოპოზიცია ისევ მოსყიდულობაზე არ ალაპარაკდება. ისინი ვინც მათ წინააღმდეგაა, ყველას რუსეთის აგენტობაში სდებენ ბრალს. ასე, რომ ამ განაჩენს ვერც ახალი კომისია გადაურჩება. რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია გინდ არჩევნების შედეგს, გინდ პლებისციტს და ა.., ამაზე არ საუბრობს. ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს. ამიტომ, ყველა ეტაპზე მოსალოდნელია, საპროტესტო ტალღამ ისევ იფეთქოს. ბოლოსდაბოლოს იქამდე ხომ არ ჩატარდება არჩევნები, სანამ ოპოზიცია არ მოიგებს. პრინციპში, ამ ტიპის პრეტენზიასთან გვაქვს კიდეც საქმე. თან, პრეტენზია იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას ხმების გადათვლაზე უარს ეუბნებიან. ხელისუფლებას ხომ არ უთქვამს არჩევნები გაყალბდაო. ამდენად, იგი ვერ მოითხოვს ხმების გადათვლას. აი, ოპოზიციას კი შეუძლია ამის მოთხოვნა, მაგრამ ამას არ აკეთებს. რატომ? ეს კითხვის ნიშნები გროვდება. ამიტომ, ძნელია იმის პროგნოზი თუ რა მოხდება.

- ხმების გადათვლას რაც შეეხება, ოქმები ხომ ყველა მათგანს აქვს, გადათვალონ, რა პრობლემაა. ამის უკან სხვა რამ ხომ არ იმალება?

- დიახ, მათ, ალბათ, უფრო დესტაბილიზაციის შექმნა სურთ. დიდი ხანია პრეტენზია _ გავიმარჯვეთო, აღარ ისმის. ეს ერთი-ორჯერ მიშამ თქვა. ამოცანა არის დესტაბილიზაცია და ის, რომ პროცესი დროში გაიწელოს. სხვა ლოგიკური გამართლება ქუჩაში დაყენებულ მოთხოვნებს, არ აქვს. იმიტომ, რომ იგივე მოთხოვნები შეუძლიათ პარლამენტის ფორმატში გადაიტანონ და ეს საკითხები იქ, დააყენონ. რა პრობლემაა. პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში დაყენებული საკითხები გაცილებით უფრო მეტი წონის არ იქნება, ვიდრე ქუჩაში წამოსროლილი. ესენი ხომ პოლიტიკოსებიც არ არიან, სანამ მათ უფლებამოსილებას პარლამენტი არ დაამტკიცებს. იქამდე, არიან პოლიტიკური მოტივით ქუჩაში მყოფი ხალხი, მეტი არაფერი.

- ბატონო რამაზ, ხელისუფლება რომც დასთანხმდეს ხელახალ არჩევნებს, ეს რას გამოიწვევს? ვადა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაზაფხულამდე, ალბათ, ვერც ჩატარდება. რა გარანტია აქვთ, რომ ამ დროისთვის მათ სასარგებლოდ იქნება ყველაფერი?

- არ მგონია, მათ ასეთი დალაგებული სურათი და შესაბამისად, მიზანი ჰქონდეთ. უფრო ვფიქრობ, რომ მათი სურვილია თავისი გაიტანონ. პლებისციტიც ამის მცდელობაა - თავისას გაიტანენ, მერე, რა მოხდება, ამაზე აღარ ფიქრობენ. ისინი რომ უფიქრდებოდნენ ამ ყველაფერს რა მოჰყვება, ქუჩაში არ გაიჭედებოდნენ. ახლა, ოპოზიცია ქუჩაშია გაჭედილი და გამოძრომას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

- ხელახალი არჩევნები ნულოვანი ბარიერით ვეღარ ჩატარდება, რაც წესით, არ უნდა აწყობდეთ იმ წვრილ-წვრილ პარტიებს, რომელთაც ბარიერი გადალახეს.

- კი, ასეა. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს სწირავენ. ამ ქუჩის რეჟიმზე ყოფნას, პატარ-პატარა პარტიები ეწირება, თან დიდი ხნით. იმიტომ, რომ ისინი 2024 წლამდე მიაღწევენ თუ არა, კაცმა არ იცის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ `ნაცმოძრაობამ~ საქართველო იმისთვის გაწირა, რომ თავისი კაპრიზი აისრულოს.

- 1%-იანი ბარიერი, თითქმის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ - კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გადალახა, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პარტიები პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო, არჩევნებში 63% მივიღებთო. რეალურად, ხელთ 48% შერჩათ, 15% სადღაც გაქრა და „ქართული ოცნება“ საკუთარი მხარდამჭერების ნაცვლად, ისევ ნაცების ამარა დარჩა?

- გეთანხმებით. თუ გაყალბება მოხდებოდა, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამას თავისი მხარდამჭერი პატარ-პატარა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა. გაყალბების შემთხვევაში მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურიც აღარ შედგებოდა. თუნდაც, მეორე ტური შემდგარიყო, გაყალბების შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. ბევრგან, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა, ხმები მაინც მიიღო. რა, „ქართულმა ოცნებამ“ ჩაუყარა „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ხმები?! ეს შემდეგნაირად შეიძლება ავხსნათ: ერთი ის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბება არ მომხდარა და მეორე _ ხომ არ მუშაობდა გაყალბებაზე თავად „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ვერსიას ხელს უწყობს ის, რომ ვიცით, ნაციონალები ყველა უბანზე იყვნენ დამკვირვებლებად და ოქმებს ხელი მოაწერეს ისე, რომ წინააღმდეგობა არ გამოუვლენიათ. თანაც, ვიმეორებ, ოპოზიციამ უარი თქვა ხმების გადათვლაზე. ხმების გადათვლის შემთხვევაში, გამოვლინდებოდა ჩემი ვერსია, რომ შესაძლოა, არჩევნები ნაციონალების სასარგებლოდ არის გაყალბებული. ლოგიკა გვაიძულებს დავფიქრდეთ: ამიტომ ხომ არ თქვეს უარი ხმების გადათვლაზე ოპოზიციის დიდმა ჯგუფებმა.

- ოპოზიცია ამბობს: მმართველ ძალას ერთპარტიულ პარლამენტში მოუწევს ყოფნაო. თუ ასე მოხდა, ნიშნავს ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და როგორ განვითარდება მოვლენები?

- არა! ჩვენ, ფაქტობრივად, სააკაშვილის დროსაც ერთპარტიული პარლამენტი გვქონდა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დანგრეულა, ამ დრომდე მოვაღწიეთ. ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, ოპოზიციის მხრიდან ისევ თამაშის საბაბს იძლევა. ოღონდ, არ ვგულისხმობ, კეთილ ბავშვებს. დიახ, ეს ბავშვური თამაშის საშუალებას იძლევა, იძახონ, რომ კომუნისტური პარლამენტი ხართო. ფაქტობრივად, მათ ასეთი შეძახილებისთვის უნდათ ერთპარტიულობაზე შეჯერება. თუ შევლენ, ასეთი შეძახილების საფუძველი აღარ ექნებთა. ასეთი რამისთვის ღირს თუ არა, თუნდაც, იმ პატარა პარტიების გაწირვა, არ ვიცი. სხვა ხარვეზი, კრიზისი, ქვეყნის წინაშე არ იქნება იმიტომ, რომ მთავრობა დაამტკიცებს, პარლამენტი მიიღებს, ერთი რაც არის კონსტიტუციურ ცვლილებებს ვერ მიიღებენ, ეს არის და ეს.

- პარლამენტში შესვლა-არშესვლით ვაჭრობა უკვე ტრაგი-კომედიას დაემსგავსა

- კომედიის წინ რა თქვით?

- ტრაგი-კომედიაა-მეთქი.

- აი, მე რაც ტრაგი-ს ნაცვლად მომესმა, მგონი იმას უფრო ჰგავს მათი საქციელი.

- თავის დროზე ყველაფრისთვის თავის სახელი რომ დაგვერქვა და ელჩებიც, ახლა, ნაციონალებს პარლამენტში შესვლას კი არ ეხვერწებოდნენ, არამედ ნება მოეცათ იქ გაგვეშვა, სადაც მათი ადგილია, დღეს სულ სხვა სურათი ხომ არ გვექნებოდა?

- დიახ, ყველაფერს თავის სახელი რომ დარქმეოდა, დღეს ბევრი რამ სულ სხვაგვარად იქნებოდა. ერთ-ერთი, ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევა, უდაოდ, იქნებოდა ის, რომ გვეთქვა: `ნაცმოძრაობა~ ეს არის უამრავი დანაშაულის ჩამდენი კრიმინალური ჯგუფი. თავადაც ხომ იცოდნენ, რომ კრიმინალურ ჯგუფს დაუძახებდნენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათი დევნა დაიწყებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი პირველი, რაც მათი მხრიდან გაკეთდა, ეს იყო დასავლეთთან კავშირი, რათა ამ უკანასკნელს ივანიშვილისთვის წაეყენებინა პრეტენზია - ნაცებთან კოაბიტაცია დაამყარეთ და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხელი არ ახლოთო. ანუ, თავიანთი პოლიტიკური ოპოზიციის სტატუსით მათ იპოვეს საფარველი, ჯავშანი იმისა, რომ სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლებულიყვნენ. დასავლეთმა ივანიშვილს რკალი შემოარტყა, რასაც თავად აღნიშნავს და იგი იძულებული გახდა დაეთმო. მას წინააღმდეგობა რომ გაეწია, მაშინ ამუშავდებოდა უზარმაზარი მანქანა სათაურით - ივანიშვილი რუსეთის პროექტი. ამიტომ, ამ ფორმულიდან თავის ასარიდებლად ბევრი რამ გაკეთდა: დაწყებული იმით, რომ ივანიშვილმა კოალიციაში შეიყვანა პრო-ევროპული ჯგუფები - რესპუბლიკელები და ალასანია, დამთავრებული იმით, რომ მაქსიმალურად კორექტულად შედგა კოაბიტაცია. მერე, აღმოაჩინა, რომ თურმე, კოაბიტაციის დაცვა არც ისე ცუდი რამეა იმიტომ, რომ ნაციონალების სახით სასარგებლო საფრთხობელა შეიქმნა. ასე, რომ კოაბიტაცია მომგებიანი გახდა. ამიტომ, ყველაფერზე თავისი სახელის დარქმევის საშუალება „ქართულ ოცნებას“ თავად ნაციონალებმა არ მისცეს.

- ბატონო რამაზ, რეალურად, თავად ოპოზიცია ხომ არ არის რუსული აგენტურა, მე 5 კოლონა, რომელიც ხელახალ არჩევნებს ითხოვს. რუსეთი გვიახლოვდება და არც ის მგონია, ნატოში ჩვენი შესვლა უხაროდეს?

- არა, რუსეთს ასე ადვილად ვერ გავახარებთ. გეთანხმებით, რომ რუსეთს არც ჩვენი ნატოში შესვლა გაუხარდება, არც ნატოსკენ ჩვენი მოძრაობა და ა.. მაგრამ გარდა ასეთი, ზოგადად, ნათქვამი ვერსიისა, ჩვენ, რამდენიმე კონკრეტული მოვლენა გვაქვს: სააკაშვილმა თავის დროზე სამხედრო მომზადება უკრაინაში სასაზღვრო ჯარებში გაიარა, რომელიც კაგებეს დამორჩილებაშია. თავად სააკაშვილის ბედ-იღბალს - როგორც უკრაინაში, ისე უცხოეთში წასვლას აკონტროლებდა, მეურვეობდა ბიძამისი თემურ ალასანია, ასევე, კაგებეს ჩინოსანი. იგი, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, მინისტრთა კაბინეტის სხდომებს ესწრებოდა, ქართულ პროცესებში ჩართული იყო. ასევე, რუსეთიდან ჩამოყვანილ კახა ბენდუქიძეს ჩააბარეს მთელი ეკონომიკა. მან გადაულოცა საკვანძო სტრატეგიული ობიექტები რუსულ ბიზნესს და ისიც განაცხადა: სტრატეგიული ობიექტი გაუგებარი ცნებააო. ასევე, გრიგოლ ვაშაძეც რუსეთში მომსახურე და შესაბამის სამსახურებთან დაახლოებული პირი, სააკაშვილის ჩამოყვანილია. სააკაშვილის პერიოდში მოხდა ჯერ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ფარგლების გაფართოვება, მერე, კოდორიდან ჯარების გამოყვანა დაუშვეს, ბოლოს ომის წამოწყება და სასწრაფოდ წაგება. შედეგად, მთელი ამერიკული ტექნიკა რუსებს დარჩათ და ის ტერიტორიებიც, რაც გარკვეულწილად, სააკაშვილმა გადასცა. მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა იმისთვის, რომ რუსულ ინტერესებს ემსახუროს. მე, საბუთები არ მაქვს, მაგრამ ეს თანხვედრა მოვლენებში სავარაუდოს ხდის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ეს ადამიანი ხელს უწყობდა რუსულ ინტერესებს. ასევე, ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილი დღესაც ხელს უწყობს რუსულ ინტერესებს, როცა ცდილობს, რომ ოპოზიცია დესტაბილიზაციის კერა იყოს. თუ გვახსოვს, იგივე დარიგებებს სააკაშვილის ბიძა აძლევდა გუბაზ სანიკიძეს. საბედნიეროდ, ეს დარიგებები არ შესრულდა. ასე, რომ გვაქვს ასეთი პროცესი. ამას ვერაფერს ვუზამთ. ერთი რამ გავითვალისწინოთ: „ნაცმოძრაობამ“ მშვენივრად იცოდა, რომ იგი შეიძლება რუსეთთან ურთიერთობაში დაედანაშაულებინათ. ეს ბრალდება ომის მერე გავრცელდა, რასაც ძალიან გაბედული სამხედროები შეეწირნენ მაშინ, როდესაც ესენი გაუჩინარდნენ. დიახ, რადგან იცოდნენ, რომ ეს შეიძლება გაჟღერებულიყო, ამიტომ სანამ სხვები იტყოდნენ, თვითონ დაიწყეს სხვებზე ძახილი: რუსების აგენტები არიანო. ივანიშვილს ეძახიან: რუსული პროექტიაო. სულ აპელირებენ იმით, რომ უცხოელი პოლიტიკოსებიც და დიპლომატებიც ამბობენ: ივანიშვილი რუსული პროექტიაო. ანუ, რუსული პროექტის იარლიყის ინსტრუმენტს ფართოდ იყენებენ და ალბათ, ესეც ერთ-ერთი მექანიზმია, რითაც სააკაშვილს ეს პარტიები „უჭირავს“. ამიტომ, ცდილობენ მისი მითითებები შეძლებისდაგვარად შეასრულონ. თორემ, „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული, როცა ივანოვი საქართველოში ჩამოვიდა, გამოჩნდა, რომ ამ პროცესების აქტიური მონაწილე იყო. აქედან მოყოლებული, რუსული თემა ნაციონალების მოღვაწეობას წითელ ზოლად მიჰყვება.

- მოდით, არჩევნების გაყალბების თემას დავუბრუნდეთ: ნაცებმა 27% ხომ მიიღეს. საინტერესოა, აბა, რამდენი უნდა მოეღო ამ მკვლელების პარტიას? ანდა, ელისაშვილის გუშინ წამოჩიტულ პარტიას მეტი ხმა ეკუთვნოდა?

- ამ კითხვას გამოკვლევებით შეგვიძლია ვუპასუხოთ. ზოგადი კონტურით, პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდა, მეორეზე - „ნაცმოძრაობა“, დანარჩენი პროცენტები პატარა პარტიებმა გადაინაწილეს. ასეთი იყო ყველა გამოკვლევის შედეგი, მათ შორის, ოპოზიციის დაკვეთით ჩატარებულისაც. რის მიხედვით ხელმძღვანელობენ, როცა უფრო მეტს ითხოვენ? - არაფრის მიხედვით. უნდათ, რომ ასე იყვირონ და ყვირიან კიდეც. ოპოზიციას იმის არგუმენტი თუ რამდენი ეკუთვნოდა სინამდვილეში, არ აქვს. ამიტომ, უკავიათ ასეთი პოზიცია: ჩვენ, სიმართლისთვის ვიბრძვით, რათა გაყალბება არ დავუშვათ და არა მაინცდამაინც გამარჯვებისთვისო. თუმცა, ისე იქცევიან, სანამ მათ გამარჯვებას არ ვაღიარებთ, არ ჩერდებიან. ეს როგორ უნდა აღიარო, გაუგებარია. 27% აქვთ ხომ. უნდათ თქვან, რომ ორჯერ მეტი აიღეს და გამარჯვებულები არიან?! ასეთი გაყალბებები არ ხდება. 27%-იანი გაყალბებები სააკაშვილის დროსაც კი იშვიათობას წარმოადგენდა. ამიტომ, ამ პროცესების სერიოზული აღქმა მიჭირს, ლოგიკური საფუძველი არაფერს ეძებნება.

- ბატონო რამაზ, ბოლოს მინდა გკითხოთ: რა ერთობაზეა საუბარი, ამათ იმედზე უნდა იყოს ქართველი ხალხი?

- როგორც ჩანს, არც ერთობა არ არის დამაჯერებელი და არც მათი იმედი არ უნდა გვქონდეს. სანამ სერიოზული პარტიული ძალები არ მომწიფთება და მხოლოდ იმაზე ვიდავებთ: ვის რა პლატფორმა უკავია და არა მათ უნარზე, იქამდე არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. სამწუხარო სურათი ის არის, რომ სახელმწიფოს საჭისკენ მოდიან ადამიანები, რომელთაც უნარი არ აქვთ სახელმწიფოს მართვის კი არა, უმარტივესი რამეების - პატარა ჯგუფის მართვისაც კი. ბრძოლის გამოცდილება აქვთ, ოღონდ, ისეთი რაც თქვენ მოიხსენიეთ - უშარვლოდ და ა.. პოლიტიკური კლასის ამ დღეში ყოფნაც სააკაშვილს უკავშირდება. მან პოლიტიკურ თანამდებობებზე დაიწყო ნაცნობების დანიშვნა - ხან თვითმფრინავში გაცნობილის, ხან ქუჩაში და იმ ხალხის წამოწევა, რომლებიც მართლაც თამაშობდნენ პოლიტიკით. გავიხსენოთ, იმერეთის ახალგაზრდა გუბერნატორი, რომელიც ბოთლში კალმისტრის ჩადების თამაშით ერთობოდა. ანუ, ეს გუნდი არ იყო მომწიფებული საიმისოდ, რომ ქვეყნის საჭესთან დამდგარიყო. სააკაშვილმა კი ისინი სხვადასხვა საჭეებთან დააყენა. სწორედ, იქედან იწყება ქართულ პოლიტიკაში არასერიოზულობის ტალღა და კომიკური პერსონების მოზღვავაება. ამიტომ, ნაცების~განშტოებებსაც არასერიოზულობის ნიშანი ადევთ. ისინი, ხშირად იქცევიან არასერიოზულად, თავშეუკავებლად. იდეები აქვთ მარტო იმიტომ, რომ რაღაც თქვან და არა იმიტომ, რომ იდეას შედეგი მოჰყვეს. დღეს ოპოზიციური სპექტრი მომწიფებული არ არის იმისთვის, რომ სერიოზულ პოლიტიკაში იყოს.

თამარ შველიძე

"საერთო გაზეთი"