რატომ გვაყრის თვალში ნაცარს მეუფე ნიკოლოზი?!

რატომ გვაყრის თვალში ნაცარს მეუფე ნიკოლოზი?!

დიდი ხანია, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) სატელევიზიო გამოსვლებს თუ საგაზეთო ინტერვიუებს თვალს ვადევნებ და, სიმართლე გითხრათ, მის მიმართ, როგორც განსწავლული და ერუდირებული პიროვნების მიმართ, პატივისცემით და ნდობით ვიყავი განმსჭვალული, მაგრამ ბოლო ხანებში სააკაშვილთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ ამ ადამიანისადმი პატივისცემაც დავკარგე და ნდობაც.
პრობლემა ის კი არ არის, მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილს რომ ესარჩლება და ექომაგება - მას, ცხადია, სრული უფლება აქვს, განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანს, ვინც უნდა იყოს იგი, გამოესარჩლოს, დაეხმაროს, სულიერად გაამხნევოს და გვერდით დაუდგეს.
ამის გამო მეუფე ნიკოლოზს ვერავინ უსაყვედურებს, მაგრამ, როდესაც სასულიერო პირი აშკარად დემაგოგიური განცხადებებით მთელი ერის შეცდომაში შეყვანას და მის გაბრიყვებას ცდილობს, ეს უკვე უპატიებელია.
მე არ ვიცი, რა საფუძველი აქვს მეუფე ნიკოლოზს, იფიქროს, რომ საქართველოში მხოლოდ გონებაჩლუნგი და გონებაშეზღუდული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ნებისმიერ სისულელეს იჯერებენ და ჭეშმარიტებად იღებენ.
სასულიერო პირი ადამიანებს მხოლოდ სიმართლეს უნდა ეუბნებოდეს, მეუფე ნიკოლოზი კი სიმართლის ნაცვლად ტყუილს, სიცრუეს, დემაგოგიას გვთავაზობს და ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს მიუხვდება.
მეუფე ნიკოლოზის აზრით, მიხეილ სააკაშვილს უნდა ეპატიოს დანაშაული და ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს. ის ფიქრობს, რომ ყველა ხელისუფალი იგივეს აკეთებს, რასაც სააკაშვილი აკეთებდა და თუ ეს ასეა, მაშინ სააკაშვილი კი არა, ყველა უნდა გავასამართლოთ, თუ გვინდა, ობიექტურები და სამართლიანები ვიყოთ.
– სადღაც უნდა შევჩერდეთ, თორემ სხვაგვარად დაპირისპირებას ვერ აღმოვფხვრით, ეროვნულ თანხმობას ვერასოდეს მივაღწევთ - ახალი ხელისუფლებები მათ წინამორბედ ხელისუფლებებს გაასამართლებენ და ქვეყანა მუდმივი დაპირისპირების რეჟიმიდან ვერ გამოვა, ამიტომ საჭიროა, წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და შეთანხმებას მიაღწიონ - ასეთია მეუფე ნიკოლიზის მოსაზრებები სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დავიწყოთ იმით, რომ მეუფე ნიკოლოზის პირველი „არგუმენტი“, რომ სააკაშვილს განსაკუთრებული არაფერი ჩაუდენია და ყველა ხელისუფალი იმას აკეთებს, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, სრული სიცრუე და დემაგოგიაა.
არ ვიცი, რომელი დროიდან და რომელი ეპოქიდან იწყებს მეუფე ნიკოლოზი ათვლას, მაგრამ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოში ქვეყნის იმ მეთოდებით მართვა, როგორც სააკაშვილი მართავდა, აბსოლუტურად მიუღებელი და არანორმალური მოვლენაა.
ცხადია, სააკაშვილს არა მარტო მე-20, არამედ 21-ე საუკუნეში მოღვაწე ხელისუფალთა შორისაც ჰყავს პროტოტიპები, რომლებიც სისასტიკით და სადიზმით სააკაშვილს ტოლს არ უდებდნენ, მაგრამ მათთვის არავის არაფერი უპატიებია და ყველა მათგანმა ძალიან ტრაგიკულად დაასრულა პოლიტიკური კარიერა.
მეუფე ნიკოლოზი თვალში ნაცარს გვაყრის და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს „ველური“ საქართველოს გარდა არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში პრეზიდენტებს და პრემიერებს არ ასამართლებენ.
შორს ნუ წავალთ, აგერ, ახლახანს არ იყო საფანგეთის პრეზიდენტის სარკოზის სასამართლო?
თუ სააკაშვილი უნდა გავასამართლოთ, რატომ მარტო სააკაშვილი? - სხვებიც გავასამართლოთ! - ბრძანებს მეუფე.
„სხვებში“ მეუფე თუ შევარდნაძეს გულისხმობს, კი, ბატონო, გავასამართლოთ შევარდნაძეც, რომელსაც სააკაშვილზე ნაკლები უბედურება არ დაუტრიალებია საქართველოში.
სააკაშვილი შევარდნაძის გაგრძელებაა, მისი სამართალმემკვიდრეა, მის მიერ ქვეყნის მაოხრებლად დატოვებული „პრინცია“ და მათი ერთდროულად გასამართლება სულაც არ არის ცუდი იდეა.
პოლემიკის ეშხში შესულ მეუფე ნიკოლოზს ზოგჯერ ავიწყდება, რომ მეუფეა და ისე ლაპარაკობს, როგორც ენმ-ის აქტივისტი, რომელსაც მიზნად დაუსახავს, რადაც უნდა დაუჯდეს, გაათავისუფლოს ციხეში გამოკეტილი თავისი საყვარელი ბელადი და ამ „დიადი“ მიზნის მისაღწევად არაფერს თაკილობს _ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ფაქტების იგნორირებას, სააკაშვილის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების „გაპუსტიაკებას“, მოკლედ რომ ვთქვათ, ისე იქცევა, როგორც არ უნდა იქცეოდეს საეკლესიო პირი, მით უმეტეს, ერთ-ერთი ეპარქიის სულიერი წინამძღოლი.
მეუფე ნიკოლოზი პატრიოტის მანტიას ირგებს და გვარწმუნებს, თითქოს სააკაშვილის კი არა, ქვეყნის ბედი აწუხებს, თითქოს ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის იღვწის და სააკაშვილის გათავისუფლებას იმიტომ ითხოვს, რომ ეს თურმე ხელს შეუწყობს ეროვნული თანხმობის, დიდი ეროვნული შერიგების მიღწევას.
გამორიცხავთ თქვენ, მეუფეო, სააკაშვილის გათავისუფლებამ დიდი ეროვნული შერიგება კი არა, დიდი ეროვნული დაპირისპირება გამოიწვიოს?
ეს რომ მოხდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი და რანაირი იქნება თქვენი წილი პასუხისმგებლობა მომხდარის გამო?
ვაპატიოთ, მივუტევოთო, მოგვიწოდებთ თქვენ, მეუფეო, რისი წინააღმდეგიც მე, პირადად, ნამდვილად არ ვარ, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ პატიებასა და მიტევებაში არ არის საქმე და არ შეიძლება თქვენ ეს არ იცოდეთ.
ადამიანს შეიძლება აპატიო მაშინ, როცა ის ჩადენილ საქციელს გულწრფელად ნანობს და პატიებას ითხოვს.
სააკაშვილი არც არაფერს ნანობს და არც არაფრის პატიებას ითხოვს.
ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მის მმართველობას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა.
სააკაშვილი პატიებას კი არა, გათავისუფლებას ითხოვს, რომ კვლავ პოლიტიკას დაუბრუნდეს და იგივე საშინელებები აკეთოს, რაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთა.
აი, ამაში გინდათ თქვენ მას დაეხმაროთ, მეუფეო?
ახალი უბედურებების, ახალი დანაშაულების თანამონაწილე და ხელშემწყობი გინდათ გახდეთ, მეუფეო?
ეს არის თქვენი, როგორც სასულიერო პირის, მისია?
იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც მას აქვს ჩადენილი, უღმერთო და ურწმუნო კაცია სააკაშვილი, რომელიც ძალაუფლების ფლობის მანიაკალური ჟინით არის შეპყრობილი და ამ ჟინმა მას ადამიანური სახე დააკარგვინა.
ის ტრაგიკული პიროვნებაა, როგორც ამბობენ, მას მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს და მის ხელში ძალაუფლება უკიდურესად საშიში და სახიფათოა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის.
ესაა ის სიმართლე, რომლის დაჯერება მის მხარდამჭერებს არ სურთ და, როგორც ჩანს, არ გსურთ თქვენც.
ქვეყანა არ გეცოდებათ, ხალხი არ გეცოდებათ, მაგრამ ეს უბედური კაცი მაინც არ გეცოდებათ, თავის დროზე ბიძისგან და ახლობლებისგან გაწირულს ხელმეორედ რომ წირავთ და კვლავ იქითკენ უბიძგებთ, სადაც მას კარგი არაფერი ელოდება.
ცოტა ხანს ციხეში ჯდომა სააკაშვილისთვის ხსნა და საშველია, რომ განმარტოებით მყოფმა საკუთარი თავის პოვნა შეძლოს.
თუ დახმარება გინდათ, იქნებ, ამაში დაეხმაროთ ამ კაცს, სატანის გზაზე შემდგარი, ღვთის გზაზე მოაბრუნოთ, რჯულზე მოაქციოთ, ცოდვებით ჩაბნელებულ-ჩამჭვარტლული სული ქრისტიანობის მადლით და სინათლით გაუთბოთ და გაუნათოთ.
სცადეთ, მეუფეო, იქნებ, რაიმე გამოგივიდეთ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ თქვენ მაინც სცადეთ, ეს ხომ თქვენი მოვალეობაა.
ქრისტიანობა ვახსენე და, მერწმუნეთ, სააკაშვილს წარმოდგენა არა აქვს, რა არის ქრისტიანობა, მიუხედავადდ იმისა, რომ მართლმადიდებელი ვარო, იძახის და თავის გადაცდომებს გიგა ბოკერიას აბრალებს - ეგ ეშმაკთან წილნაყარი კაცი ჩემს ცდუნებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდაო.
არ გამოუვიდა კი არა, ყველაფერი გამოუვიდა, თუმცა მხოლოდ ბოკერია არ უნდა იყოს სააკაშვილისთვის სულის წასაწყმედად მიგზავნილი ლუციფერი.
ქართველი ხალხი ბუნებით მოწყალე და ლმობიერია და არც სააკაშვილის მიმართ იქნება ხაზგასმულად სასტიკი და ულმობელი, მაგრამ სააკაშვილს ჯერ თავისი „გალობანი სინანულისანი“ აქვს დასაწერი და ეს რომ მოხდება, პატიებასა და მიტევებაზე მერე ვილაპარაკოთ.
სააკაშვილის გამართლება იმ კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის გამართლებას ნიშნავს, რომელმაც უმძიმესი ჭრილობები მიაყენა საქართველოს და რომლებსაც, ალბათ, ვერასოდეს მოვიშუშებთ და ვერასოდეს დავივიწყებთ.
სააკაშვილის გამართლება არ შეიძლება, თუ გულწრფელად მოინანიებს, პატიება შეიძლება, მაგრამ გამართლება - არა!
აი, ამაზე უნდა შევთანხმდეთ ერიც და ბერიც, თუ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოში ახალი სააკაშვილები არ გაჩნდნენ და ქვეყანამ მუდმივად ცოდვის მორევში არ იტრიალოს.
დაბოლოს, ბოდიშს ვიხდი, რომ ამ წერილში სასულიერო პირს ასეთი მკაცრი ტონით ველაპარაკე, მაგრამ ეს ჩემი ბრალი არ არის - მეუფე ნიკოლოზმა თავისი განცხადებებით მის მიმართ პატივისცემა და ნდობა დამაკარგვინა.
რაც მეუფე ნიკოლოზმა გააკეთა, ეს ქართველი ერის შეურაცხყოფაა, მისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა, რაც ყველასთვის, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

ვახტანგ ხარჩილავა