რა არის იგი სინათლე

რა არის იგი სინათლე




ნამოხვანჰესთან დაკავშირებულმა ამბებმა გასული საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა, როცა პატრიოტული გრძნობებით აღტყინებული ადამიანები ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ და იმდენი ჰქნეს, რომ სანახევროდ აშენებული ჰესის მშენებლობა გააჩერებინეს.
ხუდონჰესი დაკონსერვდა და ასე დაკონსერვებული სახით შემოგვრჩა დღემდე, როგორც წინდაუხედაობის და მავნებლობის სიმბოლო, რომელმაც ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებას სერიოზულად შეუშალა ხელი.
როცა პატრიოტულმა ვნებათაღელვებმა გადაიარა და დაბანგული გონება გადაგვეწმინდა, აღმოჩნდა, რომ ამ პროტესტის უკან მხოლოდ პატრიოტული გრძნობები კი არა ერთ-ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის ბიზნეს-ინტერესები იდგა, რომელიც რეგიონში ენერგეტიკის დარგში ლიდერობისკენ მიისწრაფვოდა, ხოლო ხუდონჰესის, როგორც სერიოზული კონკურენტის არსებობა, ამ მიზნის მიღწევაში ხელს უშლიდა.
აი, ასე, ქართველი პატრიოტების დახმარებით, მოიშორეს და საკუთარი ხელით მათვე დაამარხინეს კონკურენტი ობიექტი ჩვენმა ჭკვიანმა მეზობლებმა.
ნამოხვან ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების ქმედებებს რომ ვუყურებ, რატომღაც ეჭვი მღრღნის - ხომ არ მეორდება 90-იანი წლების დრამატული ისტორია დღესაც და რაღაც უხილავი ძალები ისევ ხომ არ ცდილობენ, დააბრკოლონ საქართველოს სწრაფვა ენერგოდამოუკიდებლობისკენ?
ამ ეჭვის საფუძველს მხოლოდ ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციები არ მაძლევს.
ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულმა ქმედებებმა კარგა ხანია ორგანიზებული, კამპანიური ხასიათი მიიღო.
ფაქტობრივად, ებრძვიან ყველანაირი ჰესის - დიდის თუ პატარის, მშენებლობას, ებრძვიან სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა მოტივით, სახელმწიფო კი ვერ ახერხებს წინ აღუდგეს ამ აშკარად ანტისახელმწიფოებრივ, ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად სახიფათო და საშიშ პროცესს.
საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს კითხვა: ვინ დგას ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების უკან?
ვისგან იმართება და ვისგან ფინანსდება ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქციები?
- ჩვენს უკან მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს სიყვარული დგას. - ირწმუნებიან აქციის ლიდერები.
კი, ბატონო, სამშობლოს სიყვარული გასაგებია, მაგრამ ვინ იხდის იმ მილიონებს, რაც შვიდი თვის განმავლობაში ამ აქციების და მიტინგების შესანახად იყო საჭირო?
ერთადერთი, რაც საქართველოში არ ფინანსდება, სამშობლოს სიყვარულია.
სამშობლოს სიყვარული რომ ფინანსდებოდეს, მე და ჩემისთანები ღარიბ-ღატაკები არ ვიქნებოდით, ჩემო ვარლამ.
- ემიგრანტები გვაფინანსებენო, - ბრძანებს ვარლამი.
- რომელი ემიგრანტები, ის ემიგრანტები ხომ არა, „პროლეტარ“ სააკაშვილს რომ უგროვებდნენ ფულს?
რა სჭირთ ამ ემიგრანტებს, მშენებლობის გასაჩერებლად რომ იხდიან მილიონებს, არ შეიძლება ეს მილიონები რაღაცის ასაშენებლად გაიღონ?
უხეში დაანაგარიშებით, ამ 210 დღის განმავლობაში, რაც რიონის ხეობის მცველების აქციები მიმდინარეობს, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია დახარჯული.
კარგი, ვთქვათ, არ არის 10 მილიონი, მაგის ნახევარია, იმ ნახევრის ნახევარი, ჰო, მაგრამ ეს ნახევრის ნახევარიც რომ მილიონებს ურტყამს?
ამ მილიონების გამღებია ჩვენი ღარიბი ემიგრაცია?
ასე რომ, მთავარ დამფინანსებლად ემიგრანტების დასახელება, მე მგონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნამდვილი დამფინანსებლების ვინაობის დამალვას ისახავს მიზნად.
არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა, უაღრესად უსიამოვნო გრძნობები აღმიძრა აქციის მონაწილეთა ულტიმატუმებმა ხელისუფლების მისამართით _ ხვალ 12 საათამდე გაძლევთ დროს, წამმზომი ჩაირთო. თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, მთელი ქალაქის პარალიზებას მოვახდენთო, _ რომ იქადნებოდნენ აქციის ორგანიზატორები.
არ შეიძლება საკუთარი სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი ტონით ელაპარაკო, არ შეიძლება საკუთარ დედაქალაქს და მის მილიონობით მოსახლეობას პარალიზებით დაემუქრო.
ისიც გაუგებარი და სასაცილოა, როცა ამ მრავალრიცხოვანი მიტინგის მთავარ მოთხოვნად ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომა რომ სახელდება.
თითქოს მხოლოდ ნათია თურნავა განკარგავს ამ ქვეყნის ბედ-იღბალს.
გადადგება თურნავა და ყველაფერი გასწორდება?!
არც ის მომეწონა, გოლეთიანმა მოსახლეობას რომ მოუწოდა, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე ნუ წახვალთ, ჩვენთან მოდითო.
- დამოუკიდებლობის დღე გააუქმეთ უკვე, ბატონო ვარლამ თუ არსებული ხელისუფლება დაამხეთ და აღლუმს თქვენ იბარებთ?
„რა არის იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“, - ბრძანა პოეტმა.
იმ სინათლის გვერდით, რომლის სახელითაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები გვესაუბრებიან, რაღაც ბნელი და დაფარული სილუეტები იკვეთება.
ვარლამ გოლეთიანის გამოსვლები ერთი ერთში იმეორებს პოლიტიკაში ახლახან შემოსული ერთი პირის ტექსტებს.
თითქოს ამ პიროვნების სული ჩასახლებულა ვარლამში და ვარლამის პირით ის ლაპარაკობს.
ვისზეა საუბარი და რა პოლიტიკური კავშირები იკვეთება ასპარეზზე ამ ახლადგამოჩენილ მოძრაობასა და ახლადგამოცხადებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას შორის, ამაზე „საერთო გაზეთის“ მომდევნო ნომერში მოგახსენებთ.

ვახტანგ ხარჩილავა

,,საერთო გაზეთი"