რა მოხდა მაჩაბლის 13-ში, 2007 წლის 21 აგვისტოს, დილის 4 საათზე?

რა მოხდა მაჩაბლის 13-ში, 2007 წლის  21 აგვისტოს, დილის 4 საათზე?




„საერთო გაზეთის“ სტუმარია რეზო მიშველაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:

- ბატონო რეზო, როგორ მოხდა მწერლების მწერალთა კავშირის შენობიდან გამოყრა. გაიხსენეთ ის ისტორია…
- მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სასახლე 1921 წლის 28 თებერვალს მიეკუთვნა საქართველოს მწერალთა კავშირს. მაშინ მწერალთა კავშირი 4 წლის დაარსებული იყო. ის დაარსდა 1917 წელს.
აი, მე ხელთ მაქვს საქართველოს მაშინდელი რევოლუციური კომიტეტის განკარგულება, რომელიც დათარიღებულია 1921 წლის 28 თებერვლით.
„რევკომის დადგენილებით, ე.წ. ხოშტარიას სახლი (მოგეხსენებათ, ეს სახლი სარაჯიშვილის ოჯახმა გაყიდა და ხოშტარიამ იყიდა), რომელიც იმყოფება სერგეევის (ახლანდელი მაჩაბლის) ქუჩაზე, გადაცემულია საქართველოს მწერალთა კავშირისთვის.
ეს ბინა გათავისუფლებულია რეკვიზიის, ჩასახლებისა და შეზღუდვისაგან.
რევკომის თავმჯდომარე შალვა ელიავა.
მდივანი - მიქაძე.
ქვევით მიწერილია: ვადასტურებ არქივის ამ დოკუმენტის სისწორეს დედანთან.
არქივის დირექტორი: ს. ჯაფარიძე“.
მთელი 120 წლის განმავლობაში არავის მოსვლია აზრად, საქართველოს მწერალთა კავშირისთვის ეს შენობა წაერთმია.
მოგეხსენებათ, საქართველოს ახსოვს ავბედითი დღეები _ ომები, რევოლუციები, 37 წელი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თავს დაატყდა ქართულ მხატვრულ ინტელიგენციას, მაგრამ თვით ლავრენტი ბერიასაც კი არ მოუფიქრებია, შენობიდან გამოეყარა მწერალთა კავშირის წევრები.
2007 წლის 21 აგვისტოს, ღამის 4 საათზე, ეს ჩაიდინა საქართველოს მწერალთმოძულე და ქართული ეროვნული ფენომენის დაუძინებელმა მტერმა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც ყაჩაღთა ბანდას, ისე შემოუსია შენობას ზონდერბრიგადები.
ღამის 4 საათზე მაჩაბლის ქუჩის მაცხოვრებლებმა დაგვირეკეს და მივედით იქ კავშირის თანამშრომლები.
ვხედავთ: გადაკეტილია მაჩაბლის ქუჩა. ახლომახლო მცხოვრებლები ფანჯრის ფარდების უკან დგანან და მალულად იყურებიან. რომ გითხრათ, იმწამსვე მოზვავდა ხალხი ქართული მწერლობის ბუდის დასაცავად, მთელი ქუჩა გარეთ გამოეფინა - რატომ არბევთ მწერალთა სახლსო, ტყუილი იქნება. არავინ არ გაჭაჭანებულა, ისეთი ტერორი იყო…
ზუსტად იგივე განმეორდა, რაც იუნკრებს გადახდათ, რუსის მე 11 არმია რომ შემოვიდა და რომ ამოხოცეს ახალგაზრდა მებრძოლები.
იმ დღეს ტაბახმელადან სასწრაფოდ გამოქცეულა კაპიტანი ჯაფარიძე - არიქა, ბავშვებს გვიხოცავენ, საჭმელი და იარაღი გამოგვიგზავნეთო. თითქმის უიარაღოდ იბრძოდნენ თურმე ახალგაზრდები, და დასძენდნენ: იქნება, თბილისში მოგროვდნენ მოხალისეები და წამოგვეხმარონო. მთელ თბილისში განცხადებები გამოუკრავთ - იუნკრებს ვუშველოთო. მეორე დილით, 12 საათზე სერგეევის ქუჩაზე მოგროვებულა მხოლოდ 12 კაცი. მათგან მხოლოდ ორს ჰქონია სანადირო თოფი, ერთს ჰყოლია მხოლოდ ცხენი და სანამ ეს 12 კაცი ტაბახმელას აღმართს ფეხით აჰყოლიან, იუნკრები დაუხოცავთ.
ახლაც ასე ვართ. საჭიროების დროს ერთმანეთის გაწირვა გვახასიათებს, თორემ თუნდაც იმ აგვისტოს რომ გამოსულიყო ხალხი, დაგვდგომოდა გვერდით, სააკაშვილი ამ საშინელებას ვერ ჩაიდენდა.
შფოთვის გარეშე ვერ ვიხსენებ: ღამის 5-ის ნახევარია, ვდავართ მწერალთა შენობასთან და ჩვენს თვალწინ ყრია მთელი ასი წლის განმავლობაში შენახული უძვირფასესი მემორიალური ნივთები და თანდათან ფანჯრებიდან მოცვივა გალაკტიონ ტაბიძის მხრებით მოტანილი კარადა, კონსტანტინე გამსახურდიას სავარძელი, სხვა უნიკალური ნივთები.
მივვარდით სპეცრაზმს - რას აკეთებთ, ბიჭებო, ქართველები ხართ? უცხოელები ხომ არ ხართ-თქო?
- ჩვენო, ბატონოო, გვითხრეს, რომ მწერალთა სასახლეში შეიჭრნენ ლტოლვილებიო და გამოყარეთ ისინიო, მაგრამ რომ წავიკითხეთ ოთახებზე წარწერები: მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მწერალთა კავშირის მდივანი და ა. შ. მივხვდით, რაც გაგვაკეთებინეს, მაგრამ, რა ვქნათ, ჩვენ პატარა ხალხი ვართო.
ერთი მათგანი, რომელსაც თურმე ჩემი ნაწარმოები ჰქონია წაკითხული, მახსოვს, მთხოვა: თუ შეიძლება თქვენთან ფოტოს გადავიღებო…
2007 წლიდან გავიდა 14 წელი და ჩვენ ვიბრძვით შეუჩერებლივ. ხან სასამართლოებში დავდივართ, ხან - პროკურატურაში, იცვლებიან კულტურის მინისტრები, ეკონომიკის მინისტრები. ჩვენ ისევ ისე ვართ.
ქართველმა ხალხმა ისტორიის სანაგვეზე მოისროლა სააკაშვილი, რომელიც კიევიდან, უკაცრავად და, ყეფს და იღრინება, - მაგრამ…
- მაგრამ უხეში სიტყვები ამოვიღოთ ლექსიკონიდანო, თქვენმა კოლეგა მწერლებმა - როგორც იცით, გაემიჯნენ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნებული მიმართვის „უხეშ“ ენას.
- კაცო, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს და მომეცით ნება და საშუალება, რომ ვილაპარაკო!
ყველა ხელისუფლებამ აგვავსო ტყუილებით და ბოლოს იქამდე მივედით, რომ მწერალთა სასახლეში, რომელიც 37 ოთახისგან შედგება, ერთი ოთახი არ მოგვცეს.
- ახლა მწერალთა სახლის დირექტორი ნატაშა ლომოურია.
- ნატაშა ლომოური მიხეილ სააკაშვილის მიერ არის დანიშნული მწერლის სახლის დირექტორად.
ნატაშა ლომოურთან პირადად უარყოფითი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ლიტერატურასთან და მწერლობასთან მას არავითარი კავშირი არ გააჩნია.
ქალბატონ თეა წულუკიანს უფრო მეტი აკავშირებს ლიტერატურასთან - მისი ბაბუა გახლდათ ალიო შანიძე, პოეტი, მწერალთა კავშირის წევრი, ავტორი ლექსისა „ჩემო ტკბილო მეგობარო“.
ახლა ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ მწერალთა ეროვნულ აკადემიაზე. ეს არის მწერალთა კავშირის ორგანული ნაწილი, მწერალთა კავშირის განაყოფი. ჩვენ ერთი სხეული ვართ.
სრულიად ვეთანხმები მწერალთა აკადემიის წერილის პათოსს და აქვე დავძენ: ჩვენც ვაპირებთ სექტემბერ-ოქტომბრიდან აქციების გამართვას მოთხოვნით - მწერალთა შენობა დაუბრუნდეს ქართულ მწერლობას!
შეურაცხმყოფელი ფრაზები არ უნდა იყოს, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: კაცო, მაკვირვებს ზოგიერთი იმ უნიჭიერესი მწერლის გამოსვლა, რომლებიც ამტკიცებენ: ხელი არ მომიწერია და არაფერ შუაში ვარო.
ეს არის შეშინებული, შემკრთალი, უკანდახეული კაცის პოზიცია, მე ხომ არაფერი მომივას მოტივზე.
რას ჰქვია, ხელი არ მომიწერია, რაც იქ წერია, შენ იმას არ ეთანხმები?
მწერალთა კავშირის შენობა მწერლებს რომ უნდა დაუბრუნდეს, არ ეთანხმები?
ხელი არ მომიწერიაო?!
ჩემი ხელმოწერა რომ ყოფილიყო იქ, იმის მიუხედავად, რომ არავის მოუმართავს და არც მომიწერია, მე არ ავტეხავდი განგაშს, რაც უნდა წერებულიყო შიგ.
ზოგი მწერალი პირველად გამოჩნდა ტელევიზორში, მხოლოდ იმის განცხადებისთვის, რომ ხელი არ ჰქონიათ თურმე მოწერილი.
მაგრამ რაც უნდა იყოს და როგორც უნდა იყოს, მწერალთა კავშირის ნებისმიერი ასოციაციის და დაჯგუფების ხელმძღვანელი უნდა იყოს მწერალი და არა ნატაშა ლომოური.
ის რომ აცხადებს, მწერლებს იქ კაბინეტები უნდათო, რას ჰქვია, კაბინეტები გვინდა.
მწერალთა სასახლეში, ახლა მწერალთა სახლს რომ ეძახის ნატაშა ლომოური, თვითონ ხომ აქვს კაბინეტი და მას არ რცხვენია, რომ გალაკტიონ ტაბიძის კაბინეტში ზის?! არ რცხვენია, რომ გიორგი ლეონიძის, იოსებ ნონეშვილის, ან შოთა ნიშნიანიძის კაბინეტში რომ ზის? ეს არაფერს არ ნიშნავს? არ ეპატარავება თავისი თავი იმ კაბინეტში დასაჯდომად და ჩვენ გვიკიჟინებს, კაბინეტები გინდათო?
ბიბლიოთეკის დარბაზი მაინც გახსნან მწერლებთან შეხვედრებისთვის, მაშინ, როცა მწერალი პრესას, წიგნს ვერ ყიდულობს ამ ქესატობის დროს, მივიდეს, დაჯდეს, როგორც ადრე იყო იმ დარბაზში კონსტანტინე გამსახურდია, სიმონ ჩიქოვანი და სხვანი და სხვანი, გადაფურცლოს ახალი ლიტერატურა და დაისვენოს იქაურ გარემოში. ეს შეუძლებელია?
რამ შეაძულათ ასე მწერალი?
ნატაშა ლომოურს, თავისი პარტიული მიკერძოებულობის გამო, მოგეხსენებათ, ის გახლავთ „ნაცმოძრაობის“ თაყვანისმცემელი, ღმერთმა მოახმაროს, მაგრამ ვკითხულობ, როგორ შეიძლება, ლიტერატურის ჟიურიში შეიყვანოს, მაგალითად, შოთა იათაშვილი, რომელიც ერთ ლექსში წერს: დილაა, ვწევარ, ადგომა მეზარება და ლოგინში საკუთარ ასოს ვეთამაშებიო.
რა პოეზიის თემაა, ჩემო შოთა, საკუთარი ასოს თამაში?
ამხელა ჟიურის წევრი კაცი საკუთარ ასოსთან თამაშით უნდა ერთობოდე?
ამას ვაპროტესტებ მე…
აი, ბილწსიტყვაობა სად არის...
„ლიტერას“ ჟიურიში, ასევე, შეუყვანიათ „ნაცმოძრაობის“ წევრი და „ნაცმოძრაობის“ დროს განათლების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ბელა წიფურია, რომელიც სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1200 პროფესორის ქუჩაში გამოყრას. თვითონ ხელმძღვანელობდა, პირადად, ამას.
ამათნაირებს მოუხმობს ნატაშა ლომოური, ამათ აძლევს პრემიებს, ამათ უშვებს ფრანკფურტში და სხვაგან წიგნის ფესტივალებზე. მწერალთა კავშირს კი, ნამდვილად, პასუხისმგებელ პატრონს, ქართველ მწერლებს, მწერალთა სასახლიდან აძევებენ და აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებენ.
ასეთია, ბატონებო, ჩემი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ვიტოვებ იმედს - პატარა ბიჭი არა ვარ, რომ ავღელდე, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ თეა წულუკიანი დაამყარებს წესრიგს - ქართველ მწერლებს დაუბრუნებს მწერალთა სასახლეს.
სხვა მხრივ, კეთილად ბრძანდებოდეთ.
დიდი მადლობა.

ირანდა კალანდაძე

,,საერთო გაზეთი"