რა ქენი, გუდუნა, ეს?!

რა ქენი, გუდუნა, ეს?!




ვუყურე ბატონ ,,ვოზდუხის" (გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატების წარმოდგენას) შოუს!

მომხრეებს არ გეწყინოთ, მისი ლაპარაკი, მიზნები და ამოცანები დიდად არ განსხვავდება თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუს მიზნებისა და ამოცანებისგან.

ნიგერიის რომელიღაცა უბნის მეფე ხო არი ,,ვოზდუხა", ეს ,,მასკოვებიდან" ჩამოსული უარესია... ისაო, მე თბილისში დავიბადე და გავიზარდეო, ყველაზე კარგად ვიცი, რა სჭირდება თბილისსო.

ჩემი აზრით, ოგბუნუჯუს წაჰკბინა, შენ თბილისელი არ ხარ, კონკურენციას ვერ გამიწევო. არც ეგეთი ჰომოფობიურობა ვარგა - მერე რა, რომ  ოგბუნუჯუ თბილისში არ დაიბადა და არც გია ხუხაშვილი ცხოვრობს მის მეზობლად? ბატონ გიას მაგისთვის რომ გაეწია რეკომენდაცია, განა ეგ კი ვერ გახდებოდა ბიზნეს-ომბუდსმენი, შინაგანი მინისტრი და შემდეგ კიდე პრემიერ-მინისტრი? აი, ეგ არი, პატრონი გინდა, გლეხი კაცითვინ არავინ არალი!

ოგბუნუჯუ იძახის, ყველაზე კარგად მე ვიცი, რა სჭირდება თბილისსო, ესეც იძახის, ყველაზე უკეთესად მე ვიციო. გამოდის, კახა კალაძემ არაფერი იცის, ხომ? ან იცის, მაგრამ ცუდად.

სხვათა შორის, ადრე გახარია ცოტა უფრო თავმდაბალი მეგონა, ასე არ ყოფილა, ადამიანი მეტეხიდან რომ გადმოგძახებს, მე ყველაფერი ყველაზე უკეთესად ვიციო, იმას პოლიტიკურად ძალიან დიდი წერტილი აქვს დასმული!

რაც შეეხება მის მოწაფეებს (მერობის კანდიდატებად წარდგენილებს), ისინი პატარა ,,ვოზდუხები", ანუ მინი-გახარიები არიან, რომლებიც ,,უჩიტელს" ისე ბაძავენ, თუ არ შეხედავთ, ხმითაც კი ვერ განასხვავებთ. ამ წუთას ქემოკლიძეს ვერავინ სჯობნის, მაგრამ იმედია, სექტემბრის ბოლომდე ხმას ყველა დაინაზებს და მიხვრა-მოხვრასაც დაამუღამებს, მთავარი პლასტიკა და შეხედულებებია.

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო... ოგბუნუჯუ და გახარია კი ჰგვანან პროგრამებით ერთმანეთს და არ გამოვრიცხავ, უცებ ერთმანეთს რომელიმე სასტუმროშიც ,,დეემთხვნენ", მაგრამ მაინც ვფიქრობ, 2-ში მათ შორის დიდი ჯახი იქნება.

ავოიე... ვნახოთ! 

ამან, ამ კაცმა კალაძის დამარცხება განიზრახა და ამით ჩაიტარა პოლიტიკური ჰარაკირი. ეს არის მისი უდიდესი შეცდომა. შეიძლება რაღაცა დაგავალონ, მგრამ ყველაფერი კი არ უნდა შეასრულო?!

ხუმრობა იქით იყოს!

ეს ვინ ყოფილა, ხალხო?

ირაკლი კობახიძე იძახის, ჩვენმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძეს ტვინი გაუბურღა, გინდა თუ არა, შევხვდეთო. კახა არ არის ის კაცი, უარი ეთქვა, ბოლო-ბოლო, იფიქრებდა, შეიძლება რაღაც გაჭირვება ადგას, ეგებ დახმარება სჭირდება, ეგებ სააკაშვილმა გამოიჭირა რამეშიო? მაინც ყოფილი თანაგუნდელია, ქართველები ისედაც ცოტანი ვართ, რატომ არ უნდა შეხვედროდა?

თუმცა!

შეხვედრასაც გააჩნია, ბატონმა გახარიამ თავიდან ხელები გაასავსავა, არაო, არ შევხვედრივარ, როგორ გეკადრებათო? სანამ შაქროს მამალი სამჯერ იყივლებდა ტიბაანის ბოლოში, გახარია ცხრაჯერ ჩაუშვეს თანაპარტიელებმა, შეხვდა, კაცო, შეხვდა და ჯიგრულადაც ელაპარაკაო. 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: ,,თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებამდე გიორგი გახარია შეხვდა კახა კალაძეს. იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით. ამის შემდგომ მისწერა არაერთგზის. გახარია ურეკავდა კახა კალაძეს მთელი დღის განმავლობაში და წერდა, სადაც უნდოდა, იქ შეხვდებოდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და შედგა ასეთი შეხვედრა გახარიასა და კახა კალაძეს შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, კახა კალაძეს ეს ტელევიზიით გაეგო, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში“.

ანუ რა გამოდის?!

გიორგი გახარიამ, ზედმეტსახელად ,,ვოზდუხმა" კახა კალაძესთან შეხვედრა იმიტომ მოინდომა, რომ ,,ქართული ოცნებისთვის" მაყუთი დაეცინცლა? არა, მართლა ასე გამოდის, ხომ? აბა, ირაკლი კობახიძე, დეპუტატი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ასეთ რაღაცას ხომ არ მოიტყუება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან სახიფათო საკითხია - ტიპს პირდაპირ ადებენ ხელს, ფული მოითხოვაო, ხომ შეიძლება სასამართლოში იჩივლოს? არა, კობახიძე ასე ჰაიჰარად ვერ დაადანაშაულებდა, შანსი არ არი, დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებები ბლომად აქვს.

ყოფილ პრემიერს შანსი არ აქვს, რა უნდა, რის გაკეთებას ცდილობს? ჩემი აზრით, მან სცადა ფულის გაკეთება, მაგრამ რაკი კახა კალაძემ უარით გამოისტუმრა, მიადგა ,,ნაციონალებს". ესე იგი, რაც ვერ მიიღო ,,ოცნებისგან", მიიღო ,,ნაცმოძრაობისგან" და დაადგა კიდევაც ღალატის მორიგ ,,აღმართს".

ყველანაირი გამოკითხვებისა და კვლევების თანახმად თბილისში (60-65%) კახა კალაძე ლიდერობს. ეს არ გახლავთ ხელოვნური მონაცემები, ეს არის ბუნებრივი პროცენტი, რაც ამ ადამიანმა თავისი შრომით დაიმსახურა. რომ არა საზოგადოების ნაწილის სიბნელე და ბოღმიანობა, ,,მიჰა ჰამოდიანობა", მეტსაც იმსახურებს. ფაქტობრივად, რაც კალაძე დედაქალაქის მერია, ქუჩაში ცხოვრობს. ეს ძალიან კარგად იცის გიორგი გახარიამ, ცოტა ხნის წინ თავადვე აქებდა, უზადო მენეჯერი, კარგი ადამიანი და მეგობარიაო (მეგობრებში დაიწყე ფულის კეთება, ბიჭო?!).

რა შეუძლია გააფუჭოს ბატონმა გახარიამ?!

თუ ვიფანტაზიორებთ, მას შეუძლია, თბილისის მერის არჩევნები გადაიყვანოს მეორე ტურში, კალაძეს უნდა წაართვას ხმების რაღაც რაოდენობა. აი, სწორედ ამიტომ მოითხოვა ,,მაყუთი", მაგრამ რაკი სამი თითის კომბინაცია უჩვენეს, წავიდა ე.წ. ვაბანკზე. დავუშვათ, მან მოახერხა ,,ოცნების'' ხმების მიტაცება (მისი ამომრჩეველი ძირითადად ,,ოცნებაზე" გაბრაზებული ხალხია) და დაინიშნა მეორე ტური კალაძე-მელიას შორის, მერე? არაფერი, კახა კალაძე მაინც მოიგებს, უბრალოდ მისტერ ,,ვოზდუხი" შექმნის არასასიამოვნო (დროებით) პრობლემას ,,ნაციონალების" სასარგებლოდ.

სხვათა შორის, გახარიას რომ ჰგონია, არც მთლად ეგრეა საქმე - ამ არაკაცური ნაბიჯით მან ძალიან გაიფუჭა საქმე თავისსავე მომხრეებში. სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორიც ,,დათა თუთაშხიას" ფინალში - რა ქენი, გუდუნა, ეს?!

დიახ, ბატონი ,,ვოზდუხი" (დამავიწყდა, დასაწყისშივე ამეხსნა, რატომ ჰქვია გახარიას ,,ვოზდუხი"... როგორც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, ეს ზედმეტსახელი პარტიაში შეარქვეს უაზრო ტრაბახისა და ტყუილი დაპირებების გამო) ამჟამად გუდუნას როლშია - გაატუტუცეს ნიკანდრო ქირიებმა, გააცუცურაკეს, ფულს დაახარბეს და იმდენად დაახარბეს, აშშ-ს ერთ-ერთ სასტუმროში მიხოსთან ერთად ეძინა კიდევაც. გამოვიდა მეორე დღეს და იბლაყუნა, დამთხვევა იყოო, შემთხვევითობას ჰქონდა ადგილიო.

ჰა, ჰა, ჰა!

ხალხო, ამხელა აშუშუში გახარია და სააკაშვილი ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვნენ, თან ერთი ღამით. მიხოს ჰკითხეს, მართლა ერთად იყავითო? კი, წუხელ ერთად გვეძინა ჩახუტებულებსაო. ვითომ იხუმრა, აქეთ გაგვაშაყირა.

ტიპი გადადგა ცამოწმენდილზე, მელიას ვერ დავიჭერო. რაღაცა ჰქონდა ჩაფიქრებული, ეგონა, ,,ნაცები" მელიას დაპატიმრების შემდეგ 300-ათასიან აქციებს ააგორებდნენ, ამ ხელისუფლებას დაამხობდნენ და თვითონაც გმირად წარმოჩინდებოდა. სპექტაკლი არ შედგა, სცენარი თავზე გადაახიეს. ამხელა კაცმა იმდენი არ იცის, რომ საქართველოში გმირები ასე ჰაიჰარად, თანაც არაფრისგან არ იქმნებიან. შენა, ძმაო, ფულიც აკეთო და კაი კაცის როლიც ითამაშო, ეგრე არ გამოდის.

ის გადადგა!

და ეს გადადგომა ბიძინა ივანიშვილმა ღალატში ჩაუთვალა!

რატომაც არ უნდა ჩაეთვალა?

როდესაც სახელმწიფო გაბარია, რეიტინგიც გაქვს, პატივისცემაც, სახელიც და ერთი ქეციანი ე.წ. პოლიტიკოსის დაპატიმრების გამო გარბიხარ, ეს ღალატია. თუნდაც წმინდა ადამიანური კუთხიდან შევხედოთ, ვინ დაგიჯერებს, რომ ეს უანგაროდ გააკეთე? არ გააკეთე უანგაროდ, შენ მანამდე გაიყიდე და მანამდე მოგცეს დავალებები. თუმცა, ვინც დავალებებს გაძლევს, ან უბრალოდ თამაშობს, ან კიდევ შენსავით გამოყ...ევებულია!

გახარია წაგებულ თამაშში ჩაერთო!

თუმცა წაგებულ თამაშშიც ფულს აკეთებს!

ასეთი თამაშები ცუდად მთავრდება!

ჩემი აზრით, არჩევნების შემდეგ ის ისევ რუსეთში გადაიხვეწება.

რატომ? იმიტომ, რომ მას სოციალურ ქსელებში უკვე წამოაძახეს, პარტიის წევრებს მანქანები და ბინები რომ გააყიდინე მომავალი თანამდებობების სანაცვლოდ, იმ ფულს ახლა რომ ხარჯავ, დაბრუნებას რანაირად აპირებო?

აქ ჩნდება კითხვა: თუკი გახარიას ,,მავნები" აფინანსებენ, ანუ ,,ნაცებმა" მოისყიდეს, მაშინ რატომღა უნდა გაეყიდინებინა პარტიული ბოსებისთვის მანქანები და სახლები? ჯერ ერთი, საკითხავია, ,,ნაცებმა'' რის სანაცვლოდ გადაიბირეს და მეორეც - რატომ უნდა დახარჯოს მხოლოდ თვითონ, სხვებმაც ხომ უნდა გაიკრან ჯიბეებზე ხელი? მოვა დრო, გახდება ეს კაცი ხელახლა პრემიერი (გვერდები არ აუდგეთ იქამდე), ჩამოურიგებს ხელახლა თანამდებობებს და იქიდან ამოიღებენ დღევანდელ დანახარჯებსაააა... გასაგებია? პოლიტიკა მსხვერპლს ითხოვს, გენაცვალეთ, მა როგო გინდათ, ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტია?!    

ზემოთ გითხარით, გახარია გუდუნას პოზიციაშია-მეთქი... გუდუნა არასრულწლოვანი იყო და გააბრიყვეს, ეს სრულწლოვანია და საკუთარი ნებით გაბრიყვდა. არადა, ჰქონდა მას ყველაფერი - რეიტინგიც და სიმპატიებიც. აღარაფერი დარჩა, იგივე დაემართა (შეიძლება უარესიც), რაც სხვებს, გაფუყულები რომ მოდიან ,,ქართული ოცნებიდან" და ამტკიცებენ, მალე უმრავლესობით მოვალთ ხელისუფლებაშიო. ეს დაავადებაა, უმეტესობა ვერ გადაურჩა ამ ვირუსის შეყრას... უყურეთ, როგორ იბღვირებიან ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და სხვები, აწი ჩვენი დრო მოვიდა, ,,ოცნება" არჩევნებს რომ არ აყალბებდეს, ქვეყანას ავაყვავებდითო.

ჰა, ჰა, ჰა!

ამათი აყვავებული არ გაიშვა ლილოს ბაზრობამდე!

რას გვპირდება გახარია თბილისის მერობის შემთხვევაში? კი ჰგავს პროგრამით თავის ძირითად კონკურენტს, ნიგერიელ უნჯგუბუნჯგუს, მაგრამ მაინც აქვს რაღაც განსხვავებული - მეო, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ თბილისი უნდა იყოს მეგაპოლისიო, დედაქალაქის გარშემო უნდა აშენდეს მეგაპოლისებიო.

ამონარიდი ვიკიპედიიდან: ,,მეგაპოლისი (მეგაქალაქი) - საქალაქო განსახლების ყველაზე მსხვილი ფორმა. სტიქიურად ყალიბდება მეზობლად მდებარე დიდი რაოდენობით საქალაქო აგლომერაციების შეზრდის შედეგად. მისი ძირითადი მახასიათებელია ხაზოვანი განაშენიანება, რომელიც ძირითადად სატრანსპორტო მაგისტრალებს მისდევს. ტერმინი პირველად გამოიყენეს 1957 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოსტონიდან ვაშინგტონამდე გადაჭიმული ურბანიზებული არეალის აღსაწერად, რომელსაც ბოსვაშის სახელით იცნობენ".

ესე იგი, გახარია ტრასების აქეთ-იქიდან დაიწყებს სახლების (კორპუსების) მშენებლობას და განავითარებს მეტროს ხაზებს.

ვერ გაიგეთ, ხომ? უკეთესად აგიხსნით: მაგალითად, ლილოდან რომ გავდივართ, სანამ სართიჭალაში მივალთ, მინდვრებია, ტრასაა, ჯართის ჩამბარებელი პუნქტებია... აი, აქ უნდა გავაშენოთ ცათამბრჯენები და თბილისს შემოვუერთოთ სართიჭალა, როგორც კონგლომერატი. მერე გადავალთ პატარძეულისკენ, მერე ბადიაურისკენ, მელაანისკენ და ასე შემოურთდება კახეთი დედაქალაქს ახალ მეგაპოლისად. რაც მთავარია, მეგაპოლისებში უნდა განვიღარდეს რესტორნები, კაზინოები და ღამის ბარები.

გახარიას იდეებმა ერთი ამბავი გამახსენა: 2005 წელია, მიშა გულაობს, თავზე შარავანდედი ადგას, ხელქვეითები ფეხქვეშ ეგებიან. ერთ დღესაც მის კაბინეტში სხედან ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები, ანუ ამათნაირები, ხუთნი თუ ექვსნი არიან. მიშა იძახის, ძაან მაგარია, მთელ მსოფლიოში პატივს გვცემენ, ყველგან გვეძახიან, მაგრამ მაინც მეჩვენება, რომ ანგარიშს არ გვიწევენო, რაღაცა გვინდა ისეთი, ჩვენი გავლენა რომ გვქონდესო.

ვანოს უთქვამს, მე მაქ მაგარი იდეა, დღეს მსოფლიოში ანგარიშს უწევენ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ატომური იარაღი გააჩნიათო.

მერეო? - უკითხავთ დანარჩენებს.

რაღა მერე, ვიყიდოთ ერთი ატომური ბომბი, დავდოთ სადმე და რაკი ეცოდინებათ, რომ ატომურ იარაღსა ვფლობთ, ანგარიშსაც გაგვიწევენო.

მიშას მოსწონებია, გადარეულა, იმ კვირაში ვიყიდოთ, კლიენტები მოძებნეთო.

ადეიშვილს უთქვამს, არ გამოვა, გაეროში გვიჩივლებენ და წაგვართმევენ, მაგაზე უკეთესია, ტრიუმფალური თაღი ავაშენოთ და მთელი მსოფლიო გავაოცოთო, ფრანგებს მოვუჯოკროთო.

მიშას ესეც მოსწონებია, როდის დავიწყოთო?

ირაკლი ოქრუაშვილი ამდგარა (მაშინ ჯერ კიდევ ჭკუაზე იყო) და უკითხავს, თქვენ შიგ ხომ არა გაქვთო? აი, მაგის მერე შეიძულა მიშამ და ამიტომაც ჩამოვარდა მათ შორის შუღლი. შემდგომში მიშას ტვინი გაუბურღეს, ტრიუმფალური თაღი არ გინდა, ორთაჭალის მისადგომებთან სამუსიკო თეატრი ავაშენოთ... კი არ ავაშენოთ, ორი ცალი ცისფერი ლულა დავდოთ, შიგ მუსიკა ავაჟღეროთ, დირექტორად სოფო ნიჟარაძე დავნიშნოთ, ყველა გაოცდება, მთელი დუნია გადაირევაო. დაიწყეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არ დააცადა. ისეთი რამის მშენებლობა დაუწყიათ, ვერაფერში რომ ვერ გამოიყენებ, ავტობუსის ბილეთებსაც კი ვერ გაასაღებ, აღარაფერს ვამბობ ნესვზე, საზამთროსა და ბადრიჯანზე.

როგორცა სჩანს, მეგობრებო, ბატონ გახარიას (,,ვოზდუხს") გადაწყვეტილი აქვს, მიხეილისებურად გააოცოს მთელი მსოფლიო, ოღონდ ატომური იარაღით და ტრიუმფალური თაღით კი არა, მეგაპოლისებით, მეტროებით და... ჩემი ფეხებით!

კიდევ კარგი, 001%-იანი შანსი აქვს, თორემ ძაან მაგრად აწეწავდა თბილისსა და მის შემოგარენს!

კახეთში ეგეთებს პირდაპირ ეუბნებიან ხოლმე: ,,ტრაკი დააყე, შე ჩემა"!!!

P.S. კახა კალაძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დაურეკა და სთხოვა შეხვედრა:

,,სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე, რა უნდოდა. მე შევხვდი ადამიანურად, ამდენი ხანი ერთად ვმუშაობდით, რა პრობლემა იყო? მითხრა, ჩემი კანდიდატურის დაყენებას ვაპირებ და არ მინდა, ეს ტელევიზიით გაიგოო. დასამალი არაფერია, მერიაში მოვიდა თათბირის დაწყებამდე''.

საერთოდ ასეა, როცა ადამიანს ფული უნდა და ვერ ამბობს, ბოდიალს იწყებს ხოლმე. არ გამოვრიცხავ, გახარიას ჯერ კიდევ ჰქონდეს სირცხვილის ოდნავი გრძნობა ჯერ კიდევ ჰქონდეს შემორჩენილი.

არა, მაინც რა ქენი, გუდუნა, ეს?!

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი''