რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ლელთ ღუნიას ყოველდღე კლავენ?

რა ხდება იმ ქვეყანაში, სადაც ლელთ ღუნიას ყოველდღე კლავენ?




დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტელეგადაცემებს ვადევნებდი თვალს და უცნაური რამ აღმოვაჩინე - თითქმის ყველა არხს ის ადამიანები ჰყავდა მოწვეული სტუმრად, რომლებსაც ლომის წილი აქვთ შეტანილი დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომში, რომლის შედეგად დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება დაამხეს, პრეზიდენტი გამსახურდია ქვეყნიდან გააქციეს, უზენაესი საბჭო დაშალეს, ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვიეს.
ამ შინაურმა დამპყრობლებმა, უცხო ქვეყნების დახმარებით და წაქეზებით, ფაქტობრივად, დაიპყრეს საკუთარი სამშობლო და ერთ წელიწადში მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ძირი გამოუთხარეს.
აი, ამ „გმირული“ საქციელის ჩამდენ ადამიანებს ეპატიჟებოდნენ 26 მაისს ქართული ტელევიზიები და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტის _ დამოუკიდებლობის დღის შესახებ კომენტარებს და შეფასებებს სთხოვდნენ და ისინიც, ეს დამნაშავეები და კრიმინალები, ურცხვად და უტიფრად ცდილობდნენ, გაემართლებინათ ის უდიდესი დანაშაული, რაც მათ საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინეს.
ისინი ლაპარაკობდნენ, როგორც გამარჯვებულები, ოღონდ იმას ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს გამარჯვება საქართველოს დამარცხებით მოიპოვეს.
დამარცხებულ საქართველოში გამარჯვებული რომ ხარ, ამაზე დიდი ცოდვა და ბოროტება არ არსებობს, მაგრამ ეს რომ იგრძნო და გაიაზრო, ეს რომ მოინანიო, სინდისი უნდა გქონდეს.
26 მაისს ნანახმა უმსგავსობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს კანონიერი გზით არჩეული ხელისუფლების დამხობის ტრაგიკულ ფაქტს ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება არ მიეცემა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, მანამდე ქართული სახელმწიფო წინ ვერ წაიწევს, მანამდე საქართველო იქ, 90-იან წლებში არის გაყინული და დამუხრუჭებული.
ბევრჯერ ვთქვი, ბევრჯერ დავწერე, მაგრამ, მოდით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“, ანუ ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, არა მარტო „ნაცმოძრაობის“ ცხრაწლიანი რეჟიმი დაამთავრა, არამედ დაასრულა სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსული შევარდნაძის რეჟიმიც, ანუ, ფაქტობრივად, დაამთავრა კრიმინალური ძალების ხელისუფლებაში ყოფნის 20-წლიანი ციკლი, რითაც აღადგინა სამართლიანობა და იმ პერიოდს მიუახლოვდა, სადაც გაწყდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ მიმავალი გზა.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ არ ისურვა თუ ვერ მოახერხა ამ სახელმწიფოებრივად უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვების სათანადოდ გაფორმება, ამ გამარჯვებისთვის ზუსტი პოლიტიკური შეფასების მიცემა, რის გამოც ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებად დახურდავდა.
სააკაშვილი შევარდნაძის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა, მისი გაგრძელებაა, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობაა“ „მოქკავშირის“ ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებული ლენცოფა, შევარდნაძის ხელით დარგული, მის მიერვე მორწყული და მოვლილი, მის მიერვე ნალოლიავები.
„ნაცმოძრაობა“ შევარდნაძის მიერ საქართველოსთვის ნობათად დატოვებული შურისძიებაა…
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შანსი, აღედგინა ძალადობრივი გზით გაწყვეტილი ქართული სახელმწიფოებრივობის ჯაჭვი და თავისი მოღვაწეობა ჯაჭვის იმ რგოლისთვის გადაება, სადაც ის გაწყდა.
როგორც ვთქვით, „ქართულმა ოცნებამ“ მოკრძალებული გზა აირჩია და „ნაცმოძრაობაზე“ გამარჯვების დაფიქსირებით დაკმაყოფილდა, თუმცა აქაც ვერ შეძლო, ბოლომდე მიეყვანა ეს გამარჯვება და, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი უამრავი უმძიმესი დანაშაულის გამო ყველანაირი საფუძველი ჰქონდა, „ნაცმოძრაობა“ საერთოდ გაეშვა პოლიტიკური ასპარეზიდან, მან მაინც კოაბიტაციის კომფორტული ზონა აირჩია საურთიერთოდ.
გაშვებას ვინ ჩივის, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ მიერ სახელმწიფო დროშად გამოცხადებული პარტიული დროშაც კი არ შეცვალა, არ შეცვალა არც ჰიმნი, ანუ პირდაპირ გააგრძელა იმ სახელმწიფო ატრიბუტიკის ქვეშ საქმიანობა, რაც „ნაცმოძრაობამ“ დაგვიტოვა, რითაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს „ნაცმოძრაობა“ არსადაც არ წასულა, თითქოს „ნაცმოძრაობა“ კვლავ ხელისუფლებაშია და ქვეყნის „აღმშენებლობას“ განაგრძობს.
სულ ტყუილად ვაფრთხილებდი „ქართულ ოცნებას“ ამ რამდენიმე წლის წინათ:
„სააკაშვილის ჰიმნით,
სააკაშვილის დროშით,
ვერ გაიმარჯვებს ქვეყანა
სააკაშვილთან ომში.
გამარჯვებულის პოზით
მორჩით ხის ხმლების ლესვას!
რაც ვერ გაიგეთ პროზით,
იქნებ, გაიგოთ ლექსად:
სააკაშვილის ჰიმნით,
სააკაშვილის დროშით,
სულ წაგებული ვიქნებით
სააკაშვილთან ომში!“
განა იმდენი არ მესმის, რომ არ შეიძლება ხელისუფლებების ცვლილებების კვალდაკვალ გამუდმებოთ ცვალო სახელმწიფო ჰიმნი და სახელმწიფო დროშა, მაგრამ იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ხელისუფლების მემკვიდრეობას ირგებ ტანზე და ვის დანატოვარს უგრძელებ სიცოცხლეს?
26 მაისისადმი მიძღვნილ სატელევიზიო გადაცემებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე კი იყო საუბარი, მაგრამ არსად ჩანდნენ გამსახურდიას და კოსტავას ერთგული თანამებრძოლები და მხარდამჭერები, ჩვეულებრივი რიგითი ქართველები თავიანთი არაჩვეულებრივი ბიოგრაფიებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
ისინი არ ჩანდნენ, სამაგიეროდ, როგორც ზემოთ ვთქვი, ჩანდნენ ისინი, ვინც თავისუფლებისთვის მებრძოლი ეს ადამიანები დაამარცხა. მათთან ერთად დაამარცხა საქართველო და ერთი წლის თავზე ნანატრი დამოუკიდებლობა თავზე ჩამოგვამხო.
ისინი ლაპარაკობდნენ, როგორც გამარჯვებულები და ხშირ-ხშირად ახსენებდნენ ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილს, მათ იდეოლოგიურ მამას და გურუს, რომელიც ფილოსოფიურ ახსნას და გამართლებას უძებნიდა მათ ავაზაკურ საქმეებს და კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს კანონზომიერ მოვლენად თვლიდა.
მე არ ვიცი, რა ხარისხის და რა ღირებულებისაა მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ რუსეთში მოღვაწე ამ ადამიანმა, რომელიც 90-იანი წლების ტრაგიკული მოვლენების პერიოდში მოულოდნელად გააქტიურდა, ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა იმ საბედისწერო 90-იან წლებში.
ამბობენ, მამარდაშვილი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან, რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან და მათ დავალებებს ასრულებდაო, მაგრამ თუნდაც არ ყოფილიყო ეს ასე, ფაქტია, რომ, რაც მან გააკეთა, ეს იყო დიდი მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
მამარდაშვილი მარტო არ ყოფილა, მას ზურგს უმაგრებდა ქართული ინტელიგენციის წარმომადგენელთა მთელი არმია, რომელსაც შევარდნაძემ მოგვიანებით გულითადი მადლობა გადაუხადა „პროვინციული ფაშიზმის“ დამარცხებაში შეტანილი წვლილისთვის.
თავზარდამცემი და გამაოგნებელია, როცა 90-იან წლებში მომხდარ ტრაგედიაზე ფიქრობ და იმ ბოროტების მასშტაბებს აანალიზებ, რომლებმაც ქვეყანა სრულ კოლაფსამდე მიიყვანა, მაგრამ კიდევ უფრო თავზარდამცემი და გამაოგნებელია, რომ ამ ბოროტების ჩამდენებს და აღმსრულებლებს ეს ყველაფერი შერჩათ და ოცდაათმა წელმა ისე ჩაიარა, არავისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ.
როგორც ვთქვით, ისინი გამარჯვებულები არიან, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოპოვებით გამოწვეული სიხარული და აღტყინება არ შეარგეს და ერთი წლის თავზე ცეცხლითა და მახვილით გაუსწორდნენ.
რა თქმა უნდა, ახლად დამოუკიდებლობამიღებული სახელმწიფოს პირველ ხელისუფლებას შეცდომები ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო იმ მასშტაბის შეცდომები, რომელთა აღმოსაფხვრელად აუცილებლად ომი უნდა დაგვეწყო და ქვეყანა დაგვენგრია.
დროთა განმავლობაში ეს შეცდომები გასწორდებოდა, ბოლოს და ბოლოს, თუ პრობლემებს თავს ვერ გაართმევდა, ამ ხელისუფლებას გადავირჩევდით და სხვას ავირჩევდით, მაგრამ არა, მაინცდამაინც ტანკებით, ბეტეერებით, ტყვიამფრქვევებით, ავტომატებით უნდა გადაგვებუგა და ამოგვეშანთა ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან იყო დაკავშირებული.
არა იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდია „დიქტატორი“ იყო, არა იმიტომ, რომ ქვეყანაში „პროვინციალური ფაშიზმი“ მძვინვარებდა თურმე და დემოკრატიის განვითარებას საფრთხეს უქმნიდა, არამედ საქართველო სამაგალითოდ დაისაჯა იმის გამო, რომ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გავბედეთ და უარი ვთქვით იმ ჩარჩოებზე, რომელიც სამოქმედო არეალად მოგვიზომეს.
გლობალისტურ იდეოლოგიაში არანაირად არ ჯდებოდა ის ფორმულა, რაც ახალდაბადებულმა სუვერენულმა სახელმწიფომ, საქართველომ, თავისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების მთავარ მიზნად და ამოცანად დაისახა _ ენა, მამული, სარწმუნოება.
ამიტომაც გადაწყვიტეს სასწრაფოდ, ოპერატიულად, ჩანასახშივე მოეშთოთ ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ და განაჩენი მალევე სისრულეში მოიყვანეს.
ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციად იქცა.
ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ერთი დღით არ შეწყვეტილა გააფთრებული ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
ოცდაათი წელია, ყოველდღე კლავენ ლელთ ღუნიას, რომელიც დაჭრილ-დაჩეხილი, სისხლისგან დაცლილი მაინც ჯიუტად იმეორებს: ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს!
ოცდაათი წელია, ყოველდღე ცდილობენ, წაშალონ საქართველოს ფარზე აზიდული სამი უძვირფასესი სიტყვა: ენა, მამული, სარწმუნოება.
ჩვენ დღეს თავიდან გვაქვს მოსაპოვებელი დამოუკიდებლობაც და თავისუფლებაც.
2012 წელს, როგორც ვთქვი, ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შეძლო დაემარცხებინა საქართველოს დამოუკიდებლობის დამმარცხებელთა ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმი, თავის შევარდნაძიან-სააკაშვილიანად, მაგრამ საქართველოს უფლება არ მისცეს, ბოლომდე გაემარჯვა ამ ბოროტ ძალაზე, რომელიც 21 წელი ნელ-ნელა და დაგემოვნებით ანადგურებდა საქართველოს.
2012 წელს ასპარეზზე გამოჩენილი პოლიტიკური ძალა, ეს იყო ახალი ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ედგა სათავეში.
სწორედ ამიტომ ამოიღეს ივანიშვილი მიზანში და ზუსტად იმ მეთოდებით სცადეს მისთვის ანგარიში გაესწორებინათ, როგორც ზვიად გამსახურდიას გაუსწორდნენ.
სიტყვებიც კი არ შეუცვლიათ, ზუსტად იმ სიტყვებით „ამკობდნენ“ ივანიშვილსაც, რა სიტყვებითაც გამსახურდიას „ამკობდნენ“, რაც იმის დასტურია, რომ ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ არ დამთავრებულა და არც დამთავრდება მანამ, სანამ ბოლომდე არ გვიწამლებენ და „მოძველებული“ და „დრომოჭმული“ იდეებისგან არ „განგვკურნავენ“.

ვახტანგ ხარჩილავა
,,საერთო გაზეთი"