რობერტ სტურუა: ქალებმა 37 წელი დაიწყეს!

რობერტ სტურუა: ქალებმა 37 წელი დაიწყეს!




მეტად უცნაური დრო დადგა დალოცვილ დედამიწაზე... მაგალითად, დღეს ნებისმიერ ქალს შეუძლია ხელი დაადოს ნებისმიერ კაცს და განაცხადოს, ეს ტიპი 10, 20, 25 წლის წინათ ჩემზე ძალადობდა, უნდა დაისაჯოსო და დაისჯება კი არა, სარზე გასვამენ, პალოზე ჩამოაცვამენ, სიკვდილს მოანატრებენ, დედას უტირებენ. თქვენ უკვე იცით, რამდენ ცნობილ ადამიანს აუგეს უკვე ,,ანდერძი" და ჩამოართვეს ეპოლეტები. ამაზე სხვა დროს დაწვრილებით მოგახსენებთ, ამჯერად იმაზე უნდა გითხრათ, რაც საქართველოში ხდება: მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ მასზე ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური თანაცხოვრების დროს სისტემატურად ძალადობდა, მაშინაც კი, როდესაც ის ორსულად იყო. ბესო ზანგური ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას. ნინუცა მაყაშვილმა ძალადობის შესახებ ,,რუსთავი 2"-ის გადაცემის – „ფარული კონვერტის“ დროს ისაუბრა.

როდესაც მსგავს ფაქტებზე ალაპარაკდებიან ხოლმე, საზოგადოებაში ეგრევე ჩნდება შეკითხვა - აქამდე სად იყო? აქამდე რატომ არ იჩივლა? აქამდე რატომ არ განაცხადა? მაყაშვილი ამბობს, რომ მაშინ  ძალადობაზე არ უსაუბრია, დრო არ იყო სწორი:

,,ახლა დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მემარტივება ამაზე საუბარი, ვიდრე მაშინ“.

კარგი, დავუშვათ, ესეც დავიჯერეთ... დავუშვათ, ბესო ზანგური მართლაც მოძალადეა, ხომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია? დიახ, არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მუშაობს, ვერ იმუშავა, არ ამუშავდა, არ აამუშავეს და ეგრევე დაიწყო ზანგურის მორალური განადგურება - ჯერ იყო, კულტურის ახალმა მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, თეატრიდან უნდა წავიდესო, შემდეგ კი ყველა სპექტაკლიდან მოხსნეს, სადაც თამაშობს ან ოდესმე უთამაშია. დიახ, მსახიობი ზანგური გააქრეს, მორჩა, აღარ არსებობს და ეს მაშინ, როცა უდანაშაულობის პრეზუმფცია ისევ არსებობს. რაკი არსებობს, ყველა ვალდებულია, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. როდესაც სასამართლო იტყვის, რომ ზანგური დამნაშავეა, ამის შემდეგ შეიძლება ,,ჩავქოლოთ", ,,დავხვრიტოთ", ,,ჩამოვახრჩოთ" და სულაც სარზე გავსვათ, ან დავაპატიმროთ. თუმცა, ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ეგეთი დემოკრატიულ-პლურალისტული რაღაცები არ მუშაობს.  

ავი ენები ამბობენ, რომ ეს სკანდალი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას მოსაშორებლად აგორდა. ინტრიგის მოყვარულთა საყურადღებოდ უნდა განვაცხადო, რომ მაგარი მიგნებაა, აშკარად ნიჭიერი ,,რეჟისორის" დაგეგმილია - ,,ნაცებმა" ხაფანგში გააბეს მსახიობი, წყალი შეუყენეს დიდ რეჟისორს და პროვოკაციაზე წამოაგეს კულტურის მინისტრი. ხედავთ? ესენი ცდილობენ, სამი კურდღელი დაიჭირონ, თუ არ დაიჭირეს უკვე. როგორ, რანაირად უნდა ჩამოიშორონ ბესო ზანგურის თემით რობერტს სტურუა? ყველამ იცოდა, რომ რეჟისორი თავის ფავორიტ მსახიობს გამოექომაგებოდა და ასეც მოხდა, სტურუამ სოციალურ ქსელში ერთი ამბავი ატეხა:

,,როცა კაცს კლავთ და არ ხართ მის დანაშაულში 100%-ით დარწმუნებული, ყველაფრის ღირსნი ხართ! სასტიკი სასჯელისა!

ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!

და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები! წინათ, ქალი, ქმარი რომ მიატოვებდა, ჰომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია, დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბავენ! ვაშა, ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს"!

ამას მოჰყვა თავდასხმა სტურუაზე, აზვირთდა და გადმოვიდა რისხვანი არასამთავრობოთა ,,სამართლიანობისა" ბაბუცაისა პატარაიას ლოცვა-კურთხევითა. რეჟისორმა იმავე დღეს ასეთი რამ დაწერა:

,,მე ისედაც მივდივარ და ვაცხადებ, ახმეტელი ბერიამ დახვრიტა, მე კი გადარეულმა ისტერიჩკებმა, ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოიწყვეთ ორგიები, არ მაინტერესებს, მორჩა, მივდივარ, გადავიხვეწები, მშვიდად სიკვდილი მინდა".

დამეთანხმებით, ეს ძალიან ცუდი განცხადებაა. როგორც ჩანს, ბატონ რობერტს შთააგონეს, რომ სწორედ ახლა, სწორედ ამ წუთებში არ უნდა დათმოს და კიდევაც შეცვალა ,,ჩვენება", არსად არ მივდივარ, ვერ მოგართვით, ყველაფერი კარგად იქნებაო. თუმცა მაინც მოხდა ერთი ამაზრზენი ფაქტი - დიდ რეჟისორს საკუთარი ხელით მოახსნევინეს ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან. თავად ზანგური ამ ყველაფერს ასე ეხმაურება:

,,ყველაფერი ისე გაიშიფრა, ხელი არ გამინძრევია! ეს მიზანმიმართული დარტყმაა რუსთაველის თეატრსა და რობერტ სტურუაზე!!! ძალიან ბევრი მოჰყვებით ამ ნანგრევებში თქვენი არასწორი სოლიდარობით!!! დადექით და თქვით, რატომ არ გიყვართ ეს თეატრი და თუ არ გიყვართ, რატომ ხართ ააქ? გამაგებინეთ, რაში დაგჭირდათ ჩემი გარევა ამხელა ვაქხანალიაში? ჩემგან ნურაფერს უცდით, მე არაფერს ვიტყვი ნინუცაზე, ის ჩემი შვილის დედაა!!! მაგრამ ვინც აყევით ამ საზიზღარ პიარკამპანიას და დუჟმორეული ლანძღავთ რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს, მესმის ნინუცა მაყაშვილის და მისი ოჯახის წევრების, მაგრამ სოლიდარული ტიპები დამლაიქებლებიანად რატომ ვერ იტანთ რობერტ სტურუას ან რუსთაველის თეატრს? ამიხსენით. არა, მე მკიდია, ახსენით საჯაროდ! ეს ნაციონალური მანქანა ტროლ-ბოტებიანად როდის უნდა დასრულდეს"?!

ბესო ზანგური გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენეს, თანაც ვადაზე ადრე, ან საერთოდ უსამართლოდ. აქედანაც გამოჩნდა, როგორი დაუნდობელია ჩვენი საზოგადოება, აგრესიული და ზოგ შემთხვევაში მკვლელიც კი. ვუყურებ მიმდინარე მოვლენებს და სრულებით აღარ მიკვირს, რაც მოხდა 1937-იან წლებში. არ ვიცი, ადრე მიკვირდა, ახლა აღარ!

სხვათა შორის, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილმაც დაასკვნა, რომ ეს არის რობერტ სტურუას ჩაქოლვის პროცესი, იურისტები აღნიშნავენ, რომ სტამბულის კონვენციამ და საერთასორისო კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა, ჩივილი დასწრებაზე იყოს, ცილისწამების მსხვერპლი, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მორალურად განადგურდეს და ხანგრძლივი დროით აღმოჩნდეს ციხეში.

გადის დღეები, თეატრიდან ,,განკვეთილი" ზანგური დეპრესიაშია, ის მადლობელია, რომ დედა გათიშულია, ანუ კომაშია და ვერაფერს ხედავს:

,,მადლობა განგებას, რომ დედა გათიშულია და ვერ ხედავს ყოველივეს".

სანამ ამ წერილს დავასრულებდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ძალადობაში მხილებულ მსახიობ ბესო ზანგურის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე დაიწყოს – ამჯერად, საუბარი არ არის 11 წლის წინ ოჯახში ძალადობის ფაქტზე. ,,კურიერის" კამერამ ბესო ზანგურის მხრიდან, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო. დაუკვირდით ამ ინფორმაციის წყობას: ,,კურიერის" კამერამ სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო... შესაძლოა, მის წინააღმდეგ საქმე კიდევ ერთ დანაშაულზე აღიძრას. რა უნდა გადაეღო ,,კურიერის" კამერას შემთხვევით? სიუჟეტით დავინტერესდი, ვნახე, გავოგნდი, საერთოდ არაფერი აჩვენეს, არც დაფარული, არც დაუფარავი, არც მინიშნებით, არც მიუნიშნებლად, არც ისე, არც ასე, არც იმნაირად, არც ამნაირად, საინფორმაციოს წამყვანმა გამოაცხადა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ და ეგ იყო. ისევ უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისევ ჩაფლავებული კანონი. გადაცემის წამყვანი გვეუბნება, ვიდეო ჩვენმა ჟურნალისტმა ნახა, შეიძლება საქმე გარყვნილებასთან გვქონდესო. სხვათა შორის, ამ სკანდალში ,,რუსთავი 2" საეჭვოდ ფიგურირებს - ყველაფერი გავარვარებულ ,,ნაციონალ" ია ფარულავას გადაცემიდან დაიწყო და შემდეგ ამავე ტელევიზიაში გაგრძელდა. აშკარად ჩანს ვიღაცის ხელი და ინტერესი.

რა უნდათ რობერტ სტურუასგან, ბოლოს და ბოლოს, რამდენჯერ უნდა გააძევონ თეატრიდან? ის 2011 წლის 15 აგვისტოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. თეატრიდან რობერტ სტურუას გაშვებას წინ უძღვოდა რეჟისორის დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯაროდ გაკეთებული ქსენოფობიური განცხადებები. გაიგონეთ? სტურუა თეატრიდან ქსენოფობიური განცხადებების გამო გაუშვა ნიკა რურუამ. დიახ, ნიკა რურუამ, რომელმაც 1991-1992 წლების გასაყარზე რუსთაველის პროსპექტი გადაბუგა, პარლამენტის შენობა ჩამოანგრია, კანონიერი ხელისუფლება გააძევა და შემდეგ სამეგრელოც დააწიოკა. არა, წესით ეს ამბავი დაუჯერებელი უნდა იყოს მომავალი თაობებისთვის... როგორ შეიძლებოდა ასეთი დამნაშავე კულტურის მინისტრი ყოფილიყო? როგორ შეიძლებოდა, დამნაშავეს გაეთავისუფლებინა რეჟისორი ქსენოფობიის გამო? აი, ეს გახლავთ ცნობიერებისა და ფასეულობების აღრევა, რამაც ქართული საზოგადოების ნაწილი ძალიან მაგრად გამოაშტერა.

როგორც ჩანს, ეს ამბავი ასე მალე და ასე იოლად არ დასრულდება. მე მაინც მჯერა, რომ სამართალმა პური მაინც უნდა ჭამოს. ვნახოთ, იმედია, საკაცეთს აუცილებლად დაიფარავს უფალი ავ დედაკაცთა თავდასხმებისგან. რასაკვირველია, ძალადობა არის ყოვლად მიუღებელი, ყოველი მოძალადე უნდა დაისაჯოს შესაბამისად, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს პოლიტიკური თუ სოციალური ანგარიშსწორების იარაღი.

გელა ზედელაშვილი

,,საერთო გაზეთი"