რომელი მიწის დაბრუნებას აპირებენ ოლგა სკაბეევა და კრემლის სხვა პროპაგანდისტები

რომელი მიწის დაბრუნებას აპირებენ ოლგა სკაბეევა და კრემლის სხვა პროპაგანდისტები

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნების-საქართველოს, უკრაინის და ბელარუსის წინააღმდეგ თავდასხმის სხვა და სხვა მეთოდებს იყენებს-ეს ხისტი და რბილი ტაქტიკების შერწყმაა. კრემლი მუდმივად ცდილობს, დამოუკიდებელი მეზობელი რესპუბლიკები საბჭოთა საზღვრებში დააბრუნოს. ბოლო კვირებში, უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს რუსეთის მხრიდან სამხედრო გააქტიურება საგრძნობლად გაიზარდა და  ესკალაციის მცდელობა დაიწყო. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ მოსკოვი კვლავ „გაყინული“ კონფლიქტების ჩვეულ ტაქტიკას იმეორებს,  როგორც ეს  წარსულში ყირიმში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ე. წ. სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში გააკეთა.
უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გაზრდის შესახებ არაერთი ცნობა  გაჩნდა. რუსეთის ხელისუფლების ნეგატიურმა განცხადებებმა და რიტორიკამ უკრაინისა და ნატოს მიმართ,  იმ დონეს მიაღწია, რომელიც  2014 წელს გვაგონებს-ეს არის წელი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 
ამასთანავე, გარდა იარაღის ჟღარუნისა, კრემლს ევროპასა და უკრაინაში ამოქმედებული აქვს დეზინფორმაციული კამპანიები,  კონსპიროლოგიური ვერსიების გავრცელება, აჟღერებს უტიფარ სიცრუეს და „აგდებს“ მანიპულაციურ სიახლეებს მედია სივრცეში.  მიზანია უკრაინის მიმართ ფეიკ საპროტესტო მოძრაობებისა და ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდა. ყველაფერი პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადების ირგვლივ ტრიალებს-„რუსეთი არასოდეს არავის არ დამუქრებია, არ ემუქრება და არ წარმოადგენს არავისთვის საფრთხეს.“ ამას გვეუბნება  პესკოვი საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც საკუთარ თავზე რუსეთისგან გამოვცადეთ ოკუპაცია, დევნილობა და რეპრესიები.
დიახ, პირიქითაც-კრემლი  მუდმივად წარმოადგენს რუსეთს მსხვერპლის როლში, რომელსაც სხვა ქვეყნები, ასევე ნატო და ევროკავშირი უმიზეზოდ ესხმიან თავს, რადგან „რუსეთი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს“. როცა ყირიმში შეიჭრნენ, მიზეზად რუსეთის მოქალაქეების დაცვა დაასახელეს,  საქართველოში შემოჭრისასაც იგივე მოტივი გამოიყენეს.  როცა პუტინი  ოკუპაციას და ანექსიას ახდენს, შემდეგ ამბობს „თავს ვიცავდითო“. რუსული სამხედრო ბაზიდან გამოტანილი საარტილერიო-საზენიტო დანადგარ „ბუკ“-ით უკრაინაში „მალაიზიური ბოინგი“ ჩამოაგდეს, რის გამოც 298 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, რომელთა ოჯახები მომხდარში რუსეთის სასტიკ დანაშაულს ხედავენ, მაგრამ კრემლი უარყოფს-ტყუილად გვაბრალებთო! ბრიტანეთში სკრიპალები მოწამლეს, უდანაშაულო ინგლისელი ქალიც მოკლეს და ამ შემთხვევაშიც იგივეს იმეორებენ. ზელიმხან ხანგოშვილის მოსაკლავად რუსი „ქილერი“ ბერლინში გააგზავნეს და მთელი მსოფლიოს დასანახად „ჩხუბობენ“, ამ საქმესთან კავშირსაც სულ ტყუილ-უბრალოდ გვიგონებთო.  
მაგრამ, „მარტივი ჭეშმარიტება“ ხანდახან მაინც ეპარებათ ხოლმე, ხანდახან გაუაზრებლად, ხან გააზრებულადაც. ოდიოზურ წამყვანს ოლგა სკაბეევას, რომელსაც ასე უყვარს დროშებზე ფეხით დადგომა, ისეთი აღიარება წამოცდა ორიოდე დღის წინ, რომ კრემლის ყველაზე დიდი კრიტიკოსიც კი ვერ იოცნებებდა.  უკრაინის დედაქალაქ კიევის ამსახველ ვიდეო კადრებს თავის „ტელეგრამ“ არხში ერთ-ერთი რუსული სიმღერის სიტყვები მიაწერა: „ეს მიწა ჩვენი იყო, სანამ ბრძოლაში არ შევყევით. ის გაქრება თუ კი არავისი იქნება. დროა ეს მიწა ჩვენ დავიბრუნოთ.“  და კი,  სწორედ ასე ფიქრობს ვლადიმერ პუტინიც, ოლგა სკაბეევაც ქმრითურთ და კრემლის ყველა პროპაგანდისტიც-იქ, სადაც რუსი არ არის, ის მიწა არავისია და სასწრაფოდ უნდა დაიპყრონ.

მათე შონია