რუსეთის კოვიდკლინიკების ექიმები ანტივაქსერებს რეანიმაციებსა და მორგებში ეპატიჟებიან

რუსეთის კოვიდკლინიკების  ექიმები ანტივაქსერებს რეანიმაციებსა და მორგებში ეპატიჟებიან

რუსეთში კოვიდჰოსპიტლების 11-მა მთავარმა ექიმმა ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს ღია წერილით მიმართა. ექიმები ანტივაქსერებს „წითელ ზონებსა“ და მორგებში ეპატიჟებიან, რათა ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნონ. ღია წერილის ადრესატი 12 ცნობილი პერსონაა, მათ შორის არიან: პოლიტიკოსები, მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები.

რუსეთის სამედიცინო სექტორის გავლენიანი წარმომადგენლები მიმართვაში წერენ, რომ მზად არიან საზოგადოებრივი აზრის ე.წ. ლიდერებს რეანიმაციებსა და მორგებში ექსკურსია მოუწყონ. „იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ, გამოვნახავთ დროს, რომ დაგათვალიერებინოთ „წითელი ზონები“, რეანიმაციები და ჩვენი კლინიკების პათოლოგო-ანატომიური განყოფილებები. იქნებ ამის შემდეგ შეცვალოთ პოზიცია და, შედეგად, ნაკლები ადამიანი დაიღუპება. გელით“, -ნათქვამია წერილში, რომელიც რუსულმა მედიამ უცვლელად გაავრცელა.

ამავე დროს, ცნობილია, რომ რუსეთში მოქმედ ანტივაქსერებს ყურადღება ძალოვანმა სტრუქტურებმა მიაქციეს. „როსზდრავნადზორმა“ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს გადასცა ინფორმაცია 37 აქტიური ანტივაქსერის შესახებ, რომლებიც სოციალური ქსელის მეშვეობით გამოავლინეს. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ეს უწყება აქცენტს იმ სამედიცინო მუშაკებზე აკეთებს, რომლებიც „აქტიურად ავრცელებენ განზრახ ცრუ ინფორმაციას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მავნებლობის შესახებ“. სავარაუდოდ, მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა „ფეიკების შესახებ“ კანონის მიხედვით დადგება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების 33 558 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ასევე, რეკორდულია  სიკვდილიანობის მაჩვენებელი -გარდაიცვალა 1240 ადამიანი.