რუსთავის ციხეში სააკაშვილი არ ზის, მიშა ტიბეტშია, დალაი ლამასთან

რუსთავის ციხეში სააკაშვილი არ ზის, მიშა ტიბეტშია, დალაი ლამასთან

თუ თვალს ადევნებდით, ბოლო ხანებში რამდენჯერმე დავსვით შეკითხვა: სინამდვილეში, ვინ გვიზის რუსთავის #12 ციხეში-თქო?!
ბოლოს და ბოლოს ეს „უდიდესი“ დილემა მე გავარკვიე.
ერთ-ერთი „მამალი“ ნაციონალი წერდა: ხალხო, ჩვენი მოსე და პატრონი, ჩვენი მიშიკო ის კი არ არის, ვინც დაპატიმრებულია. ის მიშას ორეულია, ხოლო ნამდვილი მიშა ტიბეტშია სალოცავად წასულიო.
ხომ გეუბნებოდით?! სულ ეჭვი გვქონდა, რომ რუსთავის #12 საპატიმროში სხვა კაცი იყო, რადგან ის პატიმარი კაცი შიმშილობდა, მეგრელებს წერილებით „ჩელაზე“ და „დიდოუ ნანაზე“ ელაპარაკებოდა…
ნამდვილ სააკაშვილს შიმშილობა რომ არ შეუძლია, ყველამ ვიცით, რაც შეეხება „ჩელას“, მეგრული სანდრამ იცის, თორემ მიშამ კარგად ქართულიც არ იცის, ვერ ხედავთ, რა ბატიფეხურითაც წერს? მეგრული ფოლკლორი საიდან ეცოდინება, კარგით, რა, ხალხო?!
თანაც, სააკაშვილის მომხრეები ამბობენ: მიხეილი მსოფლიო მოვლენაა, მსოფლიო რეფორმატორი, დემოკრატიის პირმშო და თავისი დროის ვარსკვლავთბიჭუნა, მამაცი, ვაჟკაცი, პატიოსანი, ტრადიციების ერთგული, კარგი მამა და მეუღლე, ქართული სახელმწიფოებრიობის დამცველი და მისი შემოქმედი, კანონშემოქმედი (იუსტიციის მინისტრი ხომ იყო?!) და კანონების პატივისმცემელიო, მაგრამ ის, ვინც დღეს ციხეში ზის, არც კანონის პატივისმცემელია, არც სახელმწიფოებრიობის დამცველი, არც კარგი მამა და ქმარი, იასკოს ამჯობინა ყველა, არც მსოფლიო მოვლენაა, არც სახელმწიფოებრიობის პატივისმცემელი: საზღვარს პატივი არ სცა, საზოგადოების არჩევანს არ აღიარებს და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს ისედაც დაბნეულ ხალხს. ეს რომ მართლა მიშა სააკაშვილი იყოს, სპეტაკი ლიდერი და სამართლიანი, როგორიც წარმოუდგენიათ მის მხარდამჭერებს, ხომ ეტყოდა ხალხს: ხალხო, არჩევნები დემოკრატიული მონაპოვარია. დავემორჩილოთ მას. შევინარჩუნოთ სტაბილურობა, სახელმწიფოებრიობა, პატივი ვცეთ თანამოქალაქის და თანამემამულის არჩევანს, პატივი ვცეთ ჩვენს ქვეყანას!..
ის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მომხრეებს წმინდანად ჰყავთ წარმოდგენილი, ასე იტყოდა ალბათ, ან ასე უნდა ეთქვა, მაგრამ ეს ციხეში მყოფი მიშა სხვანაირად იქცევა, სხვანაირად ლაპარაკობს,  სხვანაირ მესიჯებს აგზავნის, სახელმწიფოს მტრობს, თავის თანაპარტიელებს ინტრიგებში ახვევს, „საწყალ“ სანდრას, უკვე მერამდენედ, შეურაცხყოფას აყენებს… თუნდაც აქედან გამომდინარეც ვრწმუნდები, რომ ეს ის მიშა არაა, ეს მისი ორეულია და ტყუილად იკლავენ თავს „ნამდვილი მიშას“ მხარდამჭერები.
მიშა ტიბეტშია.
სამაგიეროდ, ნიკანორ მელია, „ნაცმოძრაობის“ მთელი „სბროდი“ და ძველი „ნაცმოძრაობის“ განაყოფები არიან აქ, საქართველოში და აქციას აქციაზე აანონსებენ.
ვინ არიან ესენი, ვინც სახელს უტეხენ იმ „წმინდან“ მიშას?
აქციის ორგანიზატორები და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობის მსურველების ნაწილი წინა რეჟიმის შემოქმედები გახლავან, რომელთა კისერს ხალხი მრავალგვარ დანაშაულს ჰკიდებს: მკვლელობებს, ბიზნესმენების რეკეტს, ეკლესიების ნგრევას, ბიუჯეტის თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებასა და ფლანგვას, ტერიტორიების დათმობას და ა. შ. და ა. შ. „რევოლუციონერთა“ მომდევნო ნაწილი, შედარებით ახალგაზრდები ისინი არიან, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - პარლამენტში შევარდნას აპირებდნენ აბსურდული მიზეზით - ვიღაც გავრილოვთან ბრძოლით მთელ რუსეთს ვებრძვითო. საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციის ერთი ნაწილი ებრძოდა რუსეთს საქართველოში და ეს რუსეთი იყო ვინმე გავრილოვი…
„მშვიდობიან რევოლუციას“ აპირებს დღეს ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერი ოპოზიცია, რომელიც თავის დროზე ქუჩაში გამოვიდა არა ქართული ეროვნული ტრადიციების, არამედ სწორედ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დასაცავად. სხვა დროს კი „თეთრი ხმაურის“ ნარკომომხმარებელთა სოლიდარობისთვის.
ამიტომაც მგონია, რომ ნამდვილად სხვა კაცი ზის რუსთავის #12 საპატიმროში, თორემ ის „წმინდანი“ მიშა, ნაცმხარდამჭერები ახალ მოსეს რომ უწოდებენ, ასეთი ხალხის იმედზე როგორ იქნებოდა?
ერთმა ნაციონალმა თავის ფეისბუკზე ისიც დაწერა: სააკაშვილთან მისი პარტიის ძველ წევრებს არ უშვებენ სპეციალურად, რადგან ისინი თუ შევიდნენ, მაშინვე მიხვდებიან, რომ ეს ის მიშა არ არის და მის გარშემო შექმნილი ბუნდოვანი საუკუნეობრივი საიდუმლოება არ უნდა გამჟღავნდესო…
მოკლედ, საერთაშორისო აფიორასთან გვაქვს, ხალხო, საქმე და მიხეილ სააკაშვილი აქაც „გამარჯვებულია“, რადგან, როგორც ამბობენ, ის ტიბეტშია ლამებთან, იქ ლოცულობს და საქართველოსკენ გამოხედვას საერთოდ არ აპირებს…

ირანდა კალანდაძე