სალომე ზურაბიშვილი: სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო!

სალომე ზურაბიშვილი: სიტყვების დრო დასრულდა, საქმის დრო დაიწყო!




საქართველოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ორბელიანების სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტი:

ბატონო პრეზიდენტო,

კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა გადაგიხადოთ იმ ძალისხმევისათვის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

შეთანხმების დოკუმენტზე დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რაც გუშინ დაიწყო გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს ნამდვილად არის და იქნება ყველას გამარჯვება და პირველ რიგში, ამ ქვეყნის გამარჯვება. 

ეს შეთანხმება, რომელიც თქვენი, თქვენი წარმომადგენლის და აშშ-ს დახმარებით მიღწეული შეთანხმებაა, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდაპოლიტიკური წინსვლისათვის.

ამას, პირველ რიგში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოება ნამდვილად დაიღალა და დაძაბული იყო ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და ამ გაუთავებელი არეულობით, ასევე, შეურაცხყოფილიც, რადგან ეს არ არის საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა!

პოლიტიკურმა შეთანხმებამ შედეგები უკვე მოიტანა და ეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა! პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება, რადგან დღეიდან ეს მრავალპარტიული პარლამენტია, პარლამენტი, რომელსაც უკვე შეუძლია, რომ იყოს არა დაპირისპირების, ერთმანეთის სიძულვილისა და ლანძღვის ადგილი, არამედ ადგილი, სადაც მთავარი გამოწვევები, მთავარი საკითხები, რომელიც ქვეყანას მართლაც აწუხებს გადაილახება, რათა ჩვენ მართლაც წინსვლით გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით.

ის უფლებები, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას უკვე ენიჭება, ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელი ქვეყნების დონეზე, რადგან ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც ოპოზიციას ასეთი უფლებები ნამდვილად არ აქვს. ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები.

ასევე, გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში და ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ დოკუმენტზე ხელმოწერისათვის შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია, რომ თუ საჭირო გახდება, (მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება საჭირო) რაღაცა ფორმით მედიაცია შეასრულოს. მე მგონი, საზოგადოების სურვილიცაა, რომ მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო აღარ იყოს.

ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები. აქ საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ ევროპულ დონეზე აყვანას. ერთი - ეს არის სასამართლო სისტემა, მეორე - საარჩევნო სისტემა. ორივე ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედია და ამდენად, ის რაც მოხდება ამ მომავალ კვირებსა და თვეებში, რაც შეიძლება სწრაფად, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ რეფორმების მიღებით, მივიღებთ ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემას, რომელიც პრაქტიკაში გადატანილი იქნება ოქტომბერში, ადგილობრივი არჩევნებისას.

ამ შეთანხმებას არანაკლები შედეგი აქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხითაც. ეს შეთანხმება ასახავს საქართველო - ევროკავშირს შორის უკვე ძალიან მჭიდრო კავშირს. 

ბევრი კრიზისი არსებობს, ალბათ მსოფლიოში იმაზე უფრო მასშტაბური, ვიდრე ის, რაც საქართველოში იყო, მაგრამ ასეთი პრეცედენტი, რომ ევროკავშირის თავმჯდომარე ყველა ძალებითაა ჩართული მის მოგვარებაში - ეს უპრეცედენტოა და თავისთავად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სიახლოვის მანიშნებელია. და ზოგი ისეთი არასასიამოვნო და ზოგჯერ ცოტა საწყენი გამოთქმები, რაც საქართველოს მისამართით ადრე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან ისმოდა, ისიც იმ სიახლოვისა და იმ მეგობრობის აღმნიშვნელია, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს.

უფრო მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. საჭირო იყო, რომ ამისთვის გზა გახსნილიყო და ეს გზა გაიხსნა! ჩვენ ახლა ძალიან კონკრეტულად, ძალიან აქტიურად შეგვიძლია და დავიწყეთ საუბარი იმაზე, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ახალი ეტაპი, რაში შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და ევროკავშირს შორის ეს ახალი სიახლოვე. ეს ნიშნავს ბევრად უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკაში, ინვესტიციების მოსაზიდად, იმ დიდ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელმაც უნდა დააკავშიროს საქართველო, შავი ზღვა და ევროკავშირი, რადგან ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა დღევანდელი საქართველოსათვის. ეს ჩვენი ერთობლივი მომავალია! 

ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კონკრეტული ამოცანის შესრულებას ძალიან მალე და სწრაფად შევუდგებით და ამ მიმართულებით ნამდვილ სამოქმედო გეგმას ავსახავთ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპასთან ასოცირებამ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თავისი სრულყოფილი სახე მიიღოს.

მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ბათუმის, უკვე ცნობილი, საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, ის ასოცირების სამიტად გადაიქცეს. ჩვენ, ევროკავშირთან ერთად, დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები და ვიმსჯელოთ თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ასოცირების ამ ფორმატმა, რომელიც სამ ქვეყანას ევროკავშირთან გვაკავშირებს და რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. 

ასევე, ვისაუბრეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს ორი ფორუმი, რეალურად, ერთმანეთს ავსებს და ორივე ის ძალიან მჭიდრო კავშირებია, რაც ევროკავშირთან გვაქვს და რომელიც ჩვენ სრულყოფილად უნდა ავამოქმედოთ ისე, რომ ამით ჩვენს რეგიონში შემოვიტანოთ მეტი სტაბილურობა და კიდევ მეტი ეკონომიკური განვითარება. 

ამაში ორივეს ინტერესი დევს - ჩვენი და ცხადი არის ევროკავშირის ინტერესი არა მხოლოდ ჩვენ მიმართ, არამედ მთლიანად რეგიონის მიმართ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ის პროგრამები, რომლებიც ადამიანებს ფიზიკურად აკავშირებს და აახლოებს ერთმანეთთან, ანუ კულტურა და განათლება. ეს ის ორი მიმართულებაა, სადაც ჩვენ ძალიან შორს უნდა წავიდეთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა ჩვენმა და ევროკავშირის მოქალაქეებმა იგრძნონ, რომ ნამდვილად ერთ ოჯახს ეკუთვნიან.

მგონი, შემიძლია დღეს ვთქვა, რომ სიტყვების დრო დასრულდა და საქმის დრო დაიწყო! ევროპაც გველოდება და საქართველო მზად არის!