საქართველოს ასაოხრებლად გადმოსხმული იდეოლოგიური დესანტი

საქართველოს ასაოხრებლად გადმოსხმული იდეოლოგიური დესანტი




ჩვენთან ზოგიერთმა დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სინდისისგან თავისუფლებად მიიჩნია და ეთიკური ნორმები, როგორც შემაწუხებელი აღვირი, ისე გადააგდო და ახლა შლეგივით, აღვირახსნილი, გურულად ვიტყვი, დაშტიალობენ.
ამის ნათელი და თვალსაჩინო მაგალითი ქართული სატელევიზიო სივრცეა.
აბა, იქ მიდის თუ მიდის თავპირისმტვრევა.
ამასწინათ, ტვ 1-ზე „რეაქციაში“ გრიგოლიამ გამოაცხადა: „იმედს“ კატეგორიულად არ ვუყურებო.
მეც ძალიან მიჭირს, ქ-ნ ინგა, ტვ-1 და „მთავარის“ ყურება, მაგრამ, როგორც ჟურნალისტი, ბავშვობაში „რიბი ჟირს“ რომ გვასმევდნენ, ისეთი ძალდატანებით ვუყურებ ზოგჯერ ტვ 1-ს, რადგან მუდმივად რომ ვუყურო, ვიცი, ნერვები ძალიან გამიფუჭდება და თავს ვუფრთხილდები.
ხოდა, ინგა გრიგოლიამ ამასწინათ, თავის, როგორც თვითონ თვლის, კრიტიკულ, სინამდვილეში კი, აშკარად მიკერძოებულ მედიაგარემოში მიწვეულ თანამოაზრეებთან ერთად „იმედის“ გადაცემა დაგმო – წამყვანები თვალებში შესციცინებდნენ ბერას და აუდიტორიასო, ირონიული ბოღმით შეაქო იქაური ჟურნალისტები და ტაშს შემოჰკრა.
ჩემს ტვინს აშკარად „რესტარტი“ სჭირდება, რავა ყველაფერი ახსოვს?! მათ შორის, 2007 წელს „იმედის“ დარბევა და ატირებული, ნაცემი, დარბეული და დატერორებული ჟურნალისტები.
გრიგოლიას მაშინ არც ტაშის შემოკვრის თავი ჰქონდა და არც როგორც ახლა – თვალების ქაჩვის – მიშა იყო „იმედის“ კარზე მომდგარი, დუჟმორეული...
სად უკრავდა მაშინ და ვის უკრავდა ტაშს, სად, რომელ ეთერში გაჰყვიროდა მედიის ჩაგვრაზე, თავისი თავი ქართული მედიის საკუთარი ძუძუთი გამომზრდელ დედად რომ მიაჩნია და მაღლიდან რომ გველაპარაკება?!. ან იგივე ნოდარ მელაძე და სხვა „მელაძუები“, ეს ვითომ ჟურნალისტები, სინამდვილეში, ხან მიშას, ხან – გრიშას ბოღმის მატერიალიზატორები, როგორც ქვევრებს, რასაც ჩასძახებენ, იმას რომ ამოიძახებენ.
ბერა ივანიშვილის ჩანაწერიო, აღშფოთებული იყო ქ-ნ ინგას აუდიტორია, ეს სადისტები და მანიაკებიო. ბერას ჩანაწერზე რომაა აღშფოთებული ეს ვითომდა ელიტარული და ხელშეუხებლად თავმიჩნეული მედიასივრცე, ნეტა, მაშინ რატომ არ უძღვნიდნენ აღმაშფოთებელ გადაცემებს, როცა გამომცემლობა „სამშობლოდან“ ასობით ჟურნალისტი ქუჩაში გამოგვყარეს სააკაშვილის ზონდერებმა და კოსტავას ქუჩაზე დაყრილ ნაწერ ფურცლებს რომ დავდევდით ქუჩა-ქუჩა ჩვენ, თქვენი კოლეგები, გრიგოლია და გრიგოლიას სტუმრებო, სად იყავით მაშინ? მაგრამ თქვენ მაშინ სოლიდარულები რატომ იქნებოდით, ჩვენ ხომ თქვენ კოლეგებად არ მიგაჩნივართ, რადგან სხვის დაკრულზე არ ვცეკვავთ და არ გვიმღერია.
ეს როგორო, აბა, ჩვენ ვის „დაკრულზე ვმღერითო“? – იკითხავთ.
ამასწინათ არქივში რაღაცას ვეძებდი და 2007 წლიდან 2012-მდე „საერთო გაზეთის“ ნომრები გადავათვალიერე. აი, ამას ჰქვია უკომპრომისო და უშიშარი ბრძოლა და არა იმას, ზოგიერთები სხეულის უკანა, განსაკუთრებულად გასქელებულ ადგილებს რომ აქანავებთ ვიღაც დორბლიანისთვის თავის მოსაწონებლად, ფულის გადმოსაგდებად რომ მერე ისევ კურტუმოები ისქელოთ.
ქართული ე.წ. ოპოზიციური მედიასივრციდან ხან „ჯანგოს“ კანტორა „კავკასიიდან“, ხან – ნიკუტას „მთავარიდან“, ხან – „პირველიდან“ (დააკვირდით დასახელებებს – „პირველი“, „მთავარი“. ყველას პირველობა და მთავარობა რომ უნდა) მუდმივად ისმის მოწოდებები დამხობისკენ, რევოლუციისკენ.
ეს არ არის მედია. ეს არ არის დემოკრატია. და საერთოდ, ეს არაფერი არ არის. ეს არის საღამოს, საჭიროკნოდ თავშეყრილ, რაღაცით დაუკმაყოფილებელ დაბოღმილ დედაკაცთა და „ქალოია“ კაცთა ჭორაობის საჯარო ჩვენება, რომელიც უკვე ყელშია ამოსული.
გასულ კვირას ლევან მამალაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა დამაჯერებელი ცნობები, სააკაშვილი ნოდარ მელაძის და მისი გადაცემის ჟურნალისტის ლიკვიდაციას გეგმავსო.
საკმაოდ მშვიდად შეხვდა ამას სატელევიზიო მედია, თვით ნოდარ მელაძეც არ შეწუხებულა დიდად, რაც იმის ეჭვს აჩენს, ხომ არ იცოდნენ მამალაძეზე გაცილებით ადრე ეს ამბავი, როგორც ნიკოლოზ გვარამიამ, ხალხში „ნიკუტად“ წოდებულმა, რომელმაც მოგვიანებით გამოაცხადა, მისი ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობას რომ გეგმავდა რუსეთი - ეს მე კარგა ხნით ადრე ვიცოდიო. სამართლებრივ მხარეზე აღარ შევჩერდები, რომელიც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. აქ სხვა რამეა საკითხავი: გაბუნიას მკვლელობა თუ ჰქონდა რუსებს ჩაფიქრებული, რატომ ვერ მოახერხეს, მსოფლიო დაზვერვის კორიფე ნიკუტასი შეეშინდათ და უკან დაიხიეს, თუ გაბუნიასი, ენის მოჩლექვით, საყვარლად რომ გველაპარაკება „ვაჟკაცი გაბუ“ ტელეეკრანიდან? რუსეთის უშიშროებამ და დაზვერვამ თურმე გაბუნიას ლიკვიდაცია ვერ შეძლო... ჰაჰააა, რუსებს გაბუნიას ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ, ისე მიალიკვიდაციებდნენ, გაბუსგან ბუნდღაც არ დარჩებოდა.
აი, მიშას კი ნამდვილად ექნებოდა ასეთი განზრახვები, რადგან არაერთხელ ჩაუდენია მსგავსი რამე. ჯერ ციხეებში, ქუჩებში უდანაშაულო ყმაწვილების ხოცვით, სამეგრელოს ტყეებში ადამიანების წამებით, თავისი მეგობრის და თანამებრძოლის ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ეჭვმიტანილობით, „დაუცველ“ ჟურნალისტებზე ზეწოლით, ქვეწოლით და სექსუალური შეურაცხყოფებით დამთავრებული.
რომ გითხრათ, აღარაფერი მაკვირვებს-მეთქი, არ ვიქნები მართალი, ცხოვრება ისე სავსეა პარადოქსებით. მათ შორის ის, თუ რას ელიან, რას აპირებენ და რას მოელიან ხვალინდელი დღისგან ეს ე.წ. ჟურნალისტები.
რა უნდათ?!
მშვიდობიანი რევოლუცია და  როგორც თვითონ ამბობენ, ამ გზით ხელისუფლების შეცვლა, რითი და ვისით ცვლიან – მელია-ბოკერია-ბარამიძე-უგულავა-მაჭუტაძე-ნათელაშვილ-ბურჯანაძით, ხოლო მედიაჰეგემონებად ნიკუტა-მელაძე-გრიგოლია-„ჯანგო“-გაბუნია-ჟიჟილაშვილით?
ეს მართლა დემონი მიშა, როგორც ჩანს, კვლავ არ ანებებს თავს იმ ადამიანებს, რომლებიც ისევ მისი ფსიქოლოგიური ტერორის გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს არის მიჯაჭვულობა მწამებლისადმი, მაზოხისტური თვითგანცდა. ეს არის სინდრომი, დაავადება, ეს არის ისტერიკა, ასეთ ავადმყოფობაში მყოფ ხალხს ე.წ. „რბილი“ სახელმწიფო ძალა, ანუ ცხოვრების და განვითარების ნორმალური მდგომარეობა არ აკმაყოფილებთ და არ მოსწონთ.
და სახეზეა შლეგი სააკაშვილის კიდევ ერთი და დიდი დანაშაული, რომელსაც ხან იყენებენ, ხან – თავად დგამს სპექტაკლებს საკუთარი თავის გამოსაჩენად, რომ არ დაავიწყდეთ მსოფლიოს პოლიტიკურ მოთამაშეებს, ეს მავნებლობის დაუღალავი გენერატორი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც უსამშობლო კაცუნა – გლობალისტების სათამაშო ტიკინა.
მიშა ვეღარ და აღარ დაბრუნდება, ასაკობრივი პრობლემებით და ახალგაზრდული თავქარიანობით გონებადახშულო ზოგიერთო მოჟურნალისტო და არამოჟურნალისტო მოექსპერტო და მოპოლიტიკოსო ელემენტებო!
მესმის, რომ მძიმე მემკვიდრეობისგან გათავისუფლება ადვილი არაა, მაგრამ რეალურად შეხედეთ დღევანდელ დღეს – იმ კოშმარიდან მართლაც დამოუკიდებელ, უსაფრთხო საქართველოში რომ გაგეღვიძათ 2012 წლის 31 ოქტომბერს, მესმის, რომ ისევ სიზმარი გგონიათ, მაგრამ არაა სიზმარი. ქვეყნის შიგნით თავისუფლება არის, ბატონებო და ქალბატონებო და საკუთარი თავის ჭამას თავი დაანებეთ – სასარგებლო რამე აკეთეთ მომავლის საქართველოსთვის.
სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებულო ქართული სატელევიზიო მედიის ზოგიერთო წარმოამდგენელო, რა გინდათ თქვენ: მოვიდეს სააკაშვილი – დაგარბიოთ, გაწამოთ, ამოგხოცოთ?
მართლა მაზოხისტები ხომ არ ხართ, თქვე უბედურებო, „ქართულ ოცნებას“ იმაში რომ ადანაშაულებთ, ზედმეტი ტ.. თამაშის უფლებას რომ გაძლევთ და როგორც გინდათ, ისე რომ დაპარპაშობთ ნაძარცვ-ნაყაჩაღარი ფულით გახსნილ მედიასივრცეში?! რა აღგზნებადობა დაგემართათ ისეთი, მოძალადე დამაოკებელი რომ გინდათ მაინცდამაინც... თუ მართლა მტრები და მტრებთან შეკრულები არ ხართ, რომელ დასავლეთს და რომელ აღმოსავლეთს აწონებთ თავს მუდმივი დაძაბულობის ჩვენებით, ვითომ თავის გამოჩენით, დემოკრატობანას თამაშით.
ნეტა იცოდეთ, რა სასაცილოები ჩანხართ შორიდან.
ნეტა იცოდეთ, რამდენს დაგცინით ცივილიზებული სამყარო და თანამედროვე მედია მსოფლიოში?!..
თვითლიკვიდაციის რეჟიმი ჩაგერთოთ, თქვე უბედურებო?!
რაღაცა რომ გინდათ, ვხვდებით, მაგრამ რაა ის რაღაცა, რაც არ გასვენებთ და სინამდვილეში, ნორმალური ადამიანების ენაზე, საბოტაჟი, რევოლუციის მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირება და პირდაპირი მტრობა რომ ჰქვია?!
ისეთი რა შხამი გასვეს, რა ჩიპი ჩაგიყენეს, რა ფულზე და რა პრივილეგიაზე გაყიდეთ ქვეყნის სიმშვიდე და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა?!
სალაპარაკო და საკრიტიკოზე მეტი რა აქვს ხელისუფლებას. ისეთი ხელისუფლება ხომ ბუნებაში არც არსებობს, რომელსაც საკრიტიკო არ აქვს და საქმეზე რომ ილაპარაკოთ, იმის მაგივრად, მტრის გულის გასახარად, ერთმანეთს ღრღნით, ეთერებიდან ხალხს ერთმანეთს აჭმევინებთ, თავად კი იმავე ეკრანებიდან მუშტებს იქნევთ.
ესაა თქვენი ჭკუით დემოკრატია და თანამედროვე აზროვნების სიღრმე და სიმწიფე?!
ესაა ფსიქიატრიული კლინიკა!
30-წლიანი ტანჯვის, სავალი გზების ძიებით დაღლილ, სისხლდამშრალ, შვილებდაკარგულ, გზადაბნეულ ქვეყნას უფსკრულისკენ რომ უბიძგებთ და ამას გაყიყინებული მუცლებით, თვითკმაყოფილი იერით ფუფუნებაში ჩაძირულები რომ ლაპარაკობთ, ნერვიც არ გიტოკდებათ?
სამართალი ურმით დადის, ქვეყანაში სამართალი აღარაა, თქვენი გამკითხავიც აღარ დარჩება აქ, ისე შეაძულეთ ახალგაზრდასაც და ძველგაზრდასაც ამ ქვეყანაში ცხოვრებაც და რაოდენ სამწუხაროა, რომ ცოდვის ეს ტვირთი ქართული სატელევიზიო მედიის კისერზეა...

ირანდა კალანდაძე
"საერთო გაზეთი"