სექსუალური გოგია

სექსუალური გოგია




ექიმმა ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ უთხრა გოგიას, შენთვის სექსი აღარ შეიძლებაო.

- მაიცა, სუ აღარა? - შეიცხადა ამან.

- ჰო, ამ ეტაპზე თავი შეიკავე, თორე შეიძლება გულმა "დაგისტუკოს", - მიუგო ცალყბად ექიმმა.

- ღადაობ, ტოოო?! - გაწითლდა ესა.

- ისე, პოლიტიკასაც თუ დაასვენებ კაი ხნით, არც ეგ იქნება ურიგო, ძმურად გეუბნები, - მიახალა ექიმმა და ღიპზე თითები აათამაშა.

- ატრაკებ! - გადმოეკარკლა თვალები ამას.

- არა მგონია, - გაიხედა უსასრულობაში ექიმმა.

- ესე იგი, რა გამოდის, მაჯობა?! - ლამის გაგიჟდა ესა.

- ვინ?

- იმან!

- ვინ იმან?

- ბიძინამ!

- რომელზე იძახი, შარშან ოღასკურაში რო გადახტა?

- ბიძინამ, ბიჯოოო, ივანიშვილმა, ოეეე! - გაგიჟდა ესა.

- გაჯობებდა, მა რა იქნებოდა? - გაიცინა ცალი ლოყით ექიმმა, გოგიას რო არ დეენახნა.

- რათ უნდა ეჯობნა?! - ჩაეხრინწა ხმა ამას.

- იძახიან, ბევრი ფული აქვსაო, - კვლავ გაიხედა უსასრულობაში ექიმმა.

- ფულია მარტო? კაცობა და ვაჟკაცობა დეიკარგა ვითამ? დროშა ვერ დაკიდენ, ბიჯოოო, დროშა, რა ფულზეა ბაზარი?! - ისევ გაწითლდა ესა.

- ჰი, ჰი, ჰი! - ახვიხვინდა ექიმი.

- ბიძინა იქით იყოს, ჩემ ქვეყანას მაგას ვერ დავუტოვებ საჯიჯგნადა... ბიჯო, ერთი ქალი მყავს დასაკერი, ბავშვობიდან მომდევს მისი დაპყრობის ჟინი, ახლა გამიჩნდა შანსი და შენ მეუბნები, სექსი ,,იოხტურაო"?!

- მე არა, საკუთარი გული გეუბნება მაგას.

- საკუთარი გული მეუბნება, მაი ქალი არ გოუშვა ხელიდან, თორემ ინანებო, დროში8ს ტარი უნდა აღმართო მის ჩაღრმავებულ ადგილზედაო, უფრო სწორედ, ბორცვიან ადგილებზედაო, რა არი აქ გაუგებარი?! - გადმოკარკლა თვალები ისევ ამან.

- მე ჩემი გითხარი, დანარჩენი შენზეა, რავი, დაკერე, - ჩაიცინა ექიმმა და პალატიდან ღიღინით გაუჩინარდა.

 

***

გოგიას მოუსვენრობა დასჩემდა, ძილი გაუტყდა, ბალიშზე თავს დადებდა თუ არა, გონებაში იმ ქალის სახე ამოუტივტივდებოდა და თვალებს მაცდურად უპრაწავდა ხოლმე. არა, ცხოვრებაში ქალებიდა და თვალების პრაწვის მეტი რა უნახავს, მაგრამ ეგეთი? არა, ძმაო, ეგეთი არასოდეს. ბოლოს ისე გაუხდა საქმე, ბალიშზე თავს აღარ დებდა, სავარძელში ჩასთვლემდა, ფეხებს ,,ტაბურეტკაზე" შემოაწყობდა იმ იმედით, შეიძლება აღარ ამომიტივტივდეს, ცოტა ხანს მაინც დავისვენოო, მაგრამ უარესი ემართებოდა, იმ ქალის ხმა ჩაესმოდა, ოღონდ რაღაცნაირად, მონოტონურად, მოდუდუნედ: გოგიიიიიი... გოგიიიი... მოდიიიი!

წავიდოდა, როგორ არ წავიდოდა, განა არ წავიდოდა? ჰეეე... ბარემაც რომ წავიდოდა და სუროსავით შემოეხვეოდა, მაგრამ პარტიის თავმჯომარემ უთხრა, არც კი გაბედო, შეიძლება ორგაზმი საბედისწერო აღმოჩნდეს შენთვისო. არადა, რა იცის პარტიის თავმჯდომარემ, მის სულსა და გულში, მის ორგანიზმში როგორი ჩხუბი მიმდინარეობს? იმის მაგივრად, რომ გაამხნევოს, მხარში ამოუდგეს, ხელი გაუწოდოს, იქით აშინებს, ორგაზმი მოგკლავსო, ფაღარათი დეგემართება და თესლი თვალებიდან წამოგივაო, ყურებიდანაცო. თესლიო, კაცოოო... სპერმატოზოიდი მაინცა თქვი, შე ოჯახაშენებულო, ეგეთი უზრდელობა გაგონილა?!

ერთ დღესაც კი არა და... ერთ ღამესაც გაწყდა მოთმინების ძაფი, დაიცალა მოთმინების ფიალა... აიღო ამან ტელეფონი და დარეკა... არც უყოყმანია, არც არაფერი, სადაც წვრილია, იქ გაწყდესო, ჩაილაპარაკა და გაისმა კიდევაც: ტუუუუ... ტუუუ... ტუუუ... მესამე ტუუუ-ზე გაისმა სანუკვარი ხმა.

- ალიოოო.

- შენა ხარ, ჩემი გულის ფორიაქო?

- რომელი მიჰქარავ მანდა? - ამოიგმინა ქალმა.

- გოგია ვარ, ცოტა ხმას დოუწიე და რაცხა ნორმალური მითხარი ახლა, ხო იცი, მზე და მთვარე შენზე ამომდის დღე და ღამე! - აჩხნავლდა ესა.

- გეიკეთე ერთ ადგილას შენი მზე და მთვარე, გინდა დღისით, გინდა - ღამით, - გადიკისკისა ქალმა.

- ჩვენ უნდა შევხვდეთ, თბილისში ბინა მაქ ნაქირავები, კაი "სპალნა", კაი ,,ქუხნია", ,,ჩაშკა-ლოშკა", ჭაჭა, წითელი ხიზილალა კარაქიან პურზე გადასმული...

- მაიცა, გოგი, ქორწილი გაქ? - აჭყლოპინდა ქალი.

- უნდა დაგიპყრო, ოკუპაცია მწყურია!

- ოკუპანტი ხარ?

- ოკუპანტი ვარ, ოღონდ ევროპიელი!

- ჰი, ჰი, ჰი... ევროპიელი ოკუპანტი ვის გაუგონია, ბიჭო?

- ეხლა გეიგებ, ჩემო კოკორო!

- ხმას დოუწიე, ვინმემ არ გეიგონოს.

- მარტოკინა ვარ, არც დოუწევ და არც არაფერი, პირიქით, ოუწევ!

- კარქი, ხო, იმეეეე!

- ხვალ გამოგივლი ჩემი მანქნით და წევეით თბილისში.

- უთენია ნუ გამეივლი, ხაჭაპურს მაინც გამოვაცხობ.

- უხ, შენ შემოგევლოს გოგია ძია!

როგორც იქნა, გათენდა... ქუთაისში პირველმა მამალმა იყივლა თუ არა, გოგია ჯერ შეხტა, შემდეგ თვალები დააჭყიტა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ,,ტრუსიკის" რეზინი გამწყდარიყო და სძვრებოდა. არადა, არ იყო გაწყვეტილი, საგულდაგულოდ გადაამოწმა. თავში აზრმაც კი გაჰკრა, შეიძლება წუხელ ბერამ თავისი რომელიმე ძმაკაცი მომიგზავნა და ,,ტრუსიკი" შემიცვალაო. თუმცა ეს აზრი განაგდო, ეგენი არც ეგეთი მაგრები არიანო. ჯანდაბას, რაც არი, ეგ არი, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს, ნეტაი ჩემი ,,ტრუსიკის" რეზინი ვის აინტერესებსო? მანქანა დაქოქა. ცოტა ხანს მდუმარედ იჯდა, მატორი გაახურა. ჩაიღიღინა, წავედით, ჩემო ნიკორავო და გახვიხვინდა ტრასაზე.

 ***

გოგიამ საკანში გაიღვიძა. თვალები მუშტებით მოიფშვნიტა. ფეხი გაიქნია, ნებიერად გადატრიალდა და... ძირს ბრაგვანი მოადინა. გულმა ძგერა უყო. წამოჯდა. ჰმ... სადანა ვარო? - იკითხა. არავინ გამოეხმაურა. წამოდგა. ელდა ეცა. ნუთუ? დაუჯერებელია!

- ოეეეე! - დაიღრიალა.

,,კარმუშკა" გაჩხაკუნდა.

- რა იყო, რა გაღრიალებს? - იკითხა მორიგემ.

- რატომ ვარ გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსი აქა?!

- დაგიჭირეს, ბატონო, გაგსკვანჩეს, - მიუგო იმან.

- შეცდომაა!

ამ სიტყვამ გამოაფხიზლა, ტვინში უცებ წამოუტივტივდა, როგორ გადაიშხლართა ,,სპალნაში", როგორ ცლიდა ჭაჭით სავსე ,,რუმკას" ,,რუმკაზე", როგორ დაუწყო ქალმა ალერსი და შემდეგ ვიდეოს გადაღება ტელეფონით. გაახსენდა, რომ სააქაოს აღარ იყო, თითქოს ნირვანაში განისვენებდა, მაგრამ ამავე დროს იტანჯებოდა, ცალი ფეხი კუპრიან ქვაბში ჰქონდა ჩაყოფილი.

- არ ვიცი, ბატონო, მე პატარა კაცი ვარ, მოგიყვანეს, ჩაკეტეო, ჩაგკეტე, გაგეღვიძა, გითხარი, მორჩა კინო.

ტვინში უცებ ამოუტივტივდა ბუნდოვანი კადრები, პოლიციელებმა რომ მიაკითხეს და უთხრეს, ,,ტრუსიკი" ჩაიცვი და წამოდიო. ჩაიცვა, წაჰყვა, სხვა რა გზა ჰქონდა? ჰო, გაახსენდა, რომ ,,ტრუსიკი" ჩაიცვა, ჯერ უკუღმა, მერე წაღმა, გეგონება რეზინი ისევ გაწყვეტილი იყო, მაგრამ მაგის დარდი ვიღასა ჰქონდა?

- ფურცელი და კალამი მინდა სასწრაფოდ!

- რათა? - ჩაეკითხა მორიგე.

- საგანგებოდ უნდა მივმართო საზოგადოებას!

- ეხლავე მოგართვათ?

- დიახ, ეხლავე, დაუყოვნებლივ! - განაცხადა გოგიამ და შემოაწოდეს რა ფურცელ-კალამი, ეგრევე დაჯდა წერადა.

თავიდან ცოტა შეფიქრიანდა, ვერ გადაეწყვიტა, რანაირად უნდა დაეწყო: ამხანაგო საზოგადოებავ... არა, ,,ამხანაგო" ტეხავს, სოციალისტურია, არ ეკადრება. მეგობრებო, ვიღებ კალამს, გიძღვნით სალამს, ვიქნევ ალამს... თითქოს არაუშავს, მაგრამ მაინც ვერ არი იგეთი ლაზათიანი, როგორიც უნდა იყოს. ხელი ჩაიქნია, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს, მხარდამჭერებსა და ძმაკაცებს მივმართავ, ვინც თავი შორს დეიწირა კიდევა, იმის ეგრე და იგრეცა:

,,ჩემო მეგობრებო და მხარდამჭერებო, მოგესალმებით გლდანის ციხის, საკარანტინე კორპუსის 61-ე საკანში მჯდომი ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარი, გოგი წულაია!

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენია.

„თუ გინდა მოწინაღმდეგე გაანადგურო, მას დააბრალე ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“.

ჩვენდა სამწუხაროდ,  ჩვენს ქვეყანაში პატარ-პატარა გებელსები 21-ე საუკენშიც გადმოყვნენ, 1988 წლის შემდეგ ვარ ეროვნულ მოძრაობაში და მის მერე ვაპროტესტებ და ვებრძვი რუსეთისგან საქართველოს გაწეულ ძალადობას. ვებრძვი და ვაპროტესტებ კომუნისტებიდან დაწყებული ბიძინა სულთნით დამთავრებული, ვებრძოდი ყველა ადამიანს ვინც ძალადობდა მეორე ადამიანზე და  ახლაც ვებრძვი ნამახვან ჰესის აშენებას, რამე თუ ვთვლი, რომ ეს არის ძალადობა ბუნებაზე, ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, და ზუსტად აქ მტკიცდება, რომ დღესაც ჩვენ ქვეყანაში ბევრი არიან გებელსები, გერინგები, ბერიები და ასე შემდეგ.

ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიოსნესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს, კი ბატონო, ეგრე იფიქრეთ.

ჩვენ ყველა ერთად ვყვირივართ, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ მე შემხვდა პატიოსანი, უმწიკლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?

არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი.

ჩემო მეგობრებო, ადამიანებო, რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას!

პატივისცემით, თქვენი გოგი წულაია".

გოგიამ ფურცელს სინანულით დახედა, კიდევ ერთხელ გადაიკითხა და თვალთაგან ცრემლები ღაპა-ღუპით წამოსცვივდა. ყველაზე მეტად ბოლო სიტყვებმა იმოქმედა: "პატივისცემით, თქვენი გოგი წულაია". ამის დაწერას არც კი აპირებდა, უნებლიედ ამოუვარდა ტვინიდან და დიახაც, ასეა, მისი სხეული სამშობლოს ეკუთვნის, ხოლო სული კი ზეცას,

გოგია ჯერ აქვითინდა... მერე აზლუქუნდა...

- დედაააა... დედა მინდააა... სახლში მინდააა... ფისი მინდააა!!!

 ***

ამას წინებზე სალომე ასათიანი (ირმა სოხაძის ქალიშვილი) ლაპარაკობდა რადიოში, ქალსა და მამაკაცს შორის სექსი ერთგვარი ჩხუბიაო, დაპირისპირებაა, აგრესიააო, ეგრე სწერია ,,კამასუტრაშიო". ჩხუბის ამგვარი სახეობა ფაქტობრივად ხელოვნებააო.

მეტსაც გეტყვითო, სექსის დროს კბენა, ფხაჭნა და ღრენა ჩვეულებრივი მოვლენაა, აუცილებელიც კი არისო.

ეხლა რა გამოდის?

მაშ, რას ედავებით ქუთაისელ გოგიასა?

ჰა, რას ედავებით-მეთქი?!

კატეგორიულად ვითხოვ, გოგიტა წულაია გასამართლდეს ,,კამასუტრას" დისციპლინის მე-7 თავის, მე13 ქვეთავისა და მე-19 პოზის მიხედვით!

გაუძელ, გოგი!

ნოველა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა გელა ზედელაშვილმა

,,საერთო გაზეთი"