სიყვარული ჟამიანობის დროს, ანუ გაუმარჯოს კომენდანტის საათს!

სიყვარული ჟამიანობის დროს, ანუ გაუმარჯოს კომენდანტის საათს!




დრამა ორ ნაწილად

ნაწილი I

- ალო, ალო, ლალი, მე ვარ, გესმის ჩემი?
- მესმის, მესმის… სად ხარ, კაცო, შენ? ვერ ხედავ, ცხრა ხდება უკვე, კომენდანტის საათი იწყება.
- ვიცი, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ნოდარასთან გავიჭედე… დავლიეთ, ეს კიდევ ცუდად გახდა და ვერ მივატოვე.
- ნამდვილად ნოდარასთან ხარ? დამალაპარაკე ნოდარა!
- როგორ დაგალაპარაკო? სასწრაფომ დამამშვიდებელი გაუკეთა და მკვდარივით ძინავს.
- კარგი, კარგი, დარჩი.
- გკოცნი, საყვარელო!
- მეც გკოცნი, ძვირფასო!
კაცმა მობილური გათიშა და ტახტზე მიწოლილ ნახევრად შიშველ ქალბატონს მიუტრიალდა:
- ესეც ასე! ყველაფერი მოგვარდა! ახლა შეგვიძლია დილამდე ვიგრიალოთ, ჩემო სიცოცხლევ!
კაცმა ჭიქები შეავსო და სადღეგრძელო წარმოსთქვა:
- მოდი, გაუმარჯოს კომენდანტის საათს! მოდი, გაუმარჯოს ბატონ ამირანს და ბატონ პაატას, რომლებმაც ეს დიდებული ღამე გვაჩუქეს!

ნაწილი II

- ალო, კაკო, მე ვარ, ლალი.
- რა ხდება, ლალი, ჩემო ანგელოზო? ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა… კარგი ამბავი მაქვს შენთვის… ჩემი ქმარი სახლში ვერ მოდის - კომენდანტის საათი დაიწყო უკვე.
- მარტო ვარ, სიხარულო, მოდი…
ისეთ სიტუაციაში ვარ, ვერ წამოვალ…
- რა მოხდა?
- რა მოხდა და ნოდარასთან გავიჭედე. დავლიეთ. ეს კიდევ ცუდად გახდა, სასწრაფო გვყავდა. დამამშვიდებელი გაუკეთეს და ახლა სძინავს, მაგრამ ექიმმა მითხრა, არ მიატოვო, რაიმე არ მოუვიდესო.
- ესე იგი, ნოდარასთან ხარ? ჩემი ქმარიც თქვენთან არის?
- არა, შენი ქმარი აქ არ არის…
- აბა, ნოდარასთან ვარო, რომ მითხრა…
- ალბათ, სხვა ნოდარასთან არის… ნოდარების მეტი რა არის ამ ქვეყანაზე.
- იცი, რა გითხრა? უნამუსო ხარ, კაკო, უნამუსო და მოღალატე!.. ყველა კაცი ერთია, ყველას დაგაყარეთ მიწა… გაწყდეს თქვენი სინსილა!
ლალიმ მობილური გათიშა.
- ვინ იყო, კაკო? იკითხა დივანზე მიწოლილმა ნახევრად შიშველმა ქალბატონმა.
- არის ერთი, რაში გაინტერესებს? მოდი, შამპანური დავლიოთ _ გაუმარჯოს კომენდანტის საათს! გაუმარჯოს ბატონ ამირანს და ბატონ პაატას, რომლებმაც ეს დიდებული ღამე გვაჩუქეს.

(ფარდა)

ვახტანგ ხარჩილავა