სოსო მანჯავიძე: კაცობრიობა ციფრულ-ეპიდემიოლოგიური დიქტატურისკენ მიდის

სოსო მანჯავიძე: კაცობრიობა ციფრულ-ეპიდემიოლოგიური დიქტატურისკენ მიდის




გვესაუბრება პოლიტოლოგი, ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე:

- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, ქართულ პოლიტიკაზე დღეს რა ძალები ახდენდენ გავლენას?
- პირველი, ეს არის არასამთავრობო სექტორი, რომლის დაფინანსებაზე, სხვათა შორის, დიდწილად არის დამოკიდებული მთელი ოპოზიციური მოძრაობა, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებში გადარიცხული თანხების გარკვეული ნაწილი გადაედინება ტელევიზიებში, მედია კი გახლავთ საქართველოს ოპოზიციის არსებობის ერთადერთი საშუალება. სხვაგვარად იგი არ არსებობს. ოპოზიცია საქართველოში არის, როგორც მედიაპროექტი.
თანხები, ძირითადად, მოდის სოროსის ფონდიდან და ამ ფონდთან აფილირებული ქსელებიდან, დასავლეთის სხვადასხვა საელჩოდან, ევროკავშირიდან და აშშ-დან. მიღებული თანხები გადაედინება მედიაში და პოლიტიკურ სპექტრში. საუბარია ათეულმილიონობით დოლარზე ყოველწლიურად.
რუსეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერის და მით უფრო, დაფინანსების აქტივობა საქართველოში არ ჩანს, თუმცა რუსული სპეცსამსახურები, სავარაუდოდ, მუშაობენ სიტუაციის თავიანთ სასარგებლოდ განსავითარებლად. აქვე არ დაგვავიწყდეს ჩვენი მეზობლები - თურქეთი და ირანი.
ამ სიტუაციაში ე.წ. ექვსეულის თურქეთი-ირანი-რუსეთი-აზერბაიჯანი-სომხეთი-საქართველოს პროექტის განხორციელების პერსპექტივა მოსვენებას არ აძლევს აშშ-ს, რაც ევრაზიაში ძალთა გადაჯგუფების წინაპირობა იქნება. აღნიშნული პროექტი თუ განხორციელდა, ეს იქნება შტატების დასასრული ევრაზიაში. ყოველივე ეს, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია აშშ-ისთვის და საწინააღმდეგოდ ისინი აქ თავიანთ ინსტრუმენტებს იყენებენ.
- კერძოდ, რა ინსტრუმენტებია ეს?
- საქართველო უნდა იყოს იმ ე.წ. „ცეცხლოვანი სარტყელის“ ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ისინი რუსეთის გარშემო ხაზავენ, იგივე, „ანაკონდას რკალი“, დისკონტური სარტყელი, RING, როგორც რგოლი, ნატოს გაფართოების კონცეფცია და ა. შ.
ახლაც იგივე სცენარის განხორციელება სურთ, როგორც, მაგალითად, 2014 წელს მიმდინარეობდა საუბრები, რომ სამხედრო მხარდაჭერა გამოგვეჩინა უკრაინაში მიმდინარე პროცესებისთვის. ამისთვის კი, საჭიროა, ისეთი ხელისუფლება იყოს საქართველოში, რომელიც პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, რათა მან მეტი რესურსი დახარჯოს და არ იყოს სიმშვიდე სამხრეთ კავკასიაში. ამისთვის იგზავნება ის უზარმაზარი თანხები, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.
სომხეთის საკითხიც ზუსტად ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
დასავლეთი და აშშ არ გაჩერდებიან და არც სომხეთში შეწყდება დუღილი ისევე, როგორც საქართველოში.
- სააკაშვილი რა როლს თამაშობს ამ პროცესებში?
- სააკაშვილი, ჩემი აზრით, თავის დროზე რუსეთის სპეცსამსახურების გავლენაში იმყოფებოდა, მისი ზედმეტსახელებიც ცნობილია, მაგალითად, «Буйвол» და სხვ. თუმცა, როგორც ცნობილია,  სსრკ-ის დროინდელი კადრები გადაბირებული იქნენ. ამასთანავე, რუსეთში, როგორც ჩვენთან, არ არის ერთგვაროვანი სიტუაცია და სააკაშვილიც აფილირდა რუსეთის ლიბერალურ ძალებთან.
ეს ძალები პირდაპირ კავშირში არიან იმ მსოფლიო საფინანსო სისტემასთან, რომელიც განაპირობებს მსოფლიოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოველმოქმედებას. თუმცა უკვე ამ სისტემის რღვევა მიმდინარეობს, რასაც აუცილებლად მოჰყვება უდიდესი მსხვერპლი, ომები და უბედურებები. ამის აშკარა გამოხატულებაა პანდემია და მასთან დაკავშირებული პროცესები.
ციფრულ-ეპიდემიოლოგიური დიქტატურისკენ მიდის კაცობრიობა.
ქაოსი, რაც მთელ მსოფლიოშია შექმნილი, ჩვენთანაც აისახება ისე, როგორც წვეთში აისახება ოკეანე _ ერთი მხრივ, გვაქვს მუმლის, კრაზანების ბუდე, რომლებიც არ ფიქრობენ, მათი დამანგრეველი მოქმედებების შედეგად რა შეიძლება მოხდეს, მეორე მხრივ, სახელმწიფოს სათავეში მოქცეული ადამიანები, რომელთა არაეფექტური მოქმედებების გამო მუხა _ სახელმწიფო ხე, არის გამოშიგნული, დასუსტებული და ხალხი ვდგავართ სცილასა და ქარიბდას შორის ოპოზიციისა და ხელისუფლების შემყურე. ჩვენ ვცდილობთ, ხე არ წაიქცეს, რადგან ყველა ამ ხეზე ვზივართ, მაგრამ, რა ვქნათ, როცა ესენი არ იღლებიან დესტრუქციული მოქმედებებით?!
რაზე უნდა ილაპარაკო, საერთოდ, რომელ პროდასავლურ პოლიტიკოსობაზე, როცა სააკაშვილმა და მისმა ,,ნაცმოძრაობამ" საქართველოში არსებული ძირითადი სტრატეგიული ობიექტების უმრავლესობა რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს.
- აქ სააკაშვილის, როგორც თქვენც თქვით, დღევანდელი პატრონები, რუსი ლიბერალები, სად ჩანან, რა გარიგება შეიძლება ყოფილიყო ეს?
- ქართული აქტივები, რომლებიც შეისყიდეს რუსულმა კომპანიებმა, არ არის წმინდად რუსული. მათი მთელი კაპიტალი დასავლეთთან არის მიბმული, ხოლო რუსული ოლიგარქატი, რომლებმაც შეისყიდეს საქართველოში არსებული სტრატეგიული კობიექტები, ოფშორებთან არიან დაკავშირებული. ოფშორებს კი აკონტროლებს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვა. ამ აქტივებისადმი მხარდაჭერა არის რუსეთზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი. კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი ერთია: რუსეთმა ვერ უნდა მოახერხოს სამხრეთ კავკასიის მეთვალყურეობა. აქ მთავარია საქართველო, რადგან სამხრეთ კავკასიის ცენტრი სწორედ საქართველო გახლავთ.
მაგრამ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ: რომ არ ყოფილიყო აფხაზეთის და ცხინვალის პრობლემა, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა რუსეთთან?!
რაც მოხდა, სწორედ ეს იყო სპეცსამსახურების მიზანი.
სეპარატისტულ რეგიონებში მოხდა ის, რაც ხელს აძლევდა, პირველ რიგში, დასავლეთს და შედეგად, ყველაზე მეტად დავზარალდით ჩვენ.
ბევრი ფაქტორის ზემოქმედებით, საბოლოო ჯამში, ქართველთა რაოდენობა შემცირდა ორჯერ, იგივენაირად, როგორც, დაახლოებით, თემურ ლენგის შემოსევების დროს.
ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე, ელემენტარულად, ამოვწყდით და დემოგრაფიული კატასტროფის ინერციას დღემდე ვერ ვაჩერებთ.
აღარ გვაქვს აღარც ეკონომიკა, აღარც განათლება, აღარც კულტურა და საერთოდ, ვიმყოფებით სრულ დეგრადაციაში.
სიტუაციას ართულებს რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა. რაც ერთი და იგივე ძალის მიერ იყო ინსპირირებული და წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ ამოცანას, განდევნილიყო რუსეთი სამხრეთ კავკასიიდან.
სააკაშვილი რაში სჭირდებათო, მკითხეთ.
სააკაშვილის არსებობის პირობებში, შეუძლებელია საქართველოსა და რუსეთს შორის თუნდაც რაიმე სახის კომუნიკაცია და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დასავლეთისთვის. ეს არის რეგიონის გეოპოლიტიკური ამოცანის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი და სააკაშვილი აქ არის ინსტრუმენტი.
- დასავლეთი საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერი არ გამოდის? ანუ თავისი ინტერესებისთვის გვიყენებს?
- დასავლეთი არის ჩვეულებრივი გეოპოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესების შესაბამისად. ეს არ არის პარადოქსი. ასეა მიღებული სამყაროში და ჯერჯერობით, ასე მოქმედებს ნებისმიერი დიდი სუპერგაერთიანება. ამაში გასაკვირი არც არაფერია.
ყოველივე ამას ჩვენ ობიექტურად უნდა ვუყურებდეთ. ობიექტურობა მოითხოვს, რეალურად აღვიქვათ ფაქტები და მოვლენები და არა ილუზორულად.
სააკაშვილი რუსული „სადგისია“, მაგრამ რუსეთის საწინააღმდეგოდ თუ გამოიყენებენ, რატომაც არა?!
როგორადაც მოქმედებს, ყველა ვხედავთ და მიუხედავად უამრავი დანაშაულისა, მაინც თავისუფალია. მას, რა თქმა უნდა, იცავენ. მისნაირი ტიპის პოლიტიკური ცხოველის გაზრდა საკმაო დროს მოითხოვს.
- და ამ „ცხოველით“ მოხიბლული არიან მისი გულშემატკივრები აქ და, სხვათა შორის, უკრაინაშიც.
- ესენი პროვინციალები არიან. მათ მოსწონთ, რომ მათი კერპი, მიუხედავად მორალური და ზნეობრივი სიმახინჯეებისა, თეთრ სახლში, იქ, ამერიკა-ევროპაში, „დიდ ბიძიებთან“ არის დაფასებული.
მერე რა, რომ ის გარეწარია, მატყუარა, მშიშარა, ლაჩარი და სასტიკი, ის ხომ დიდ საჰიბებთან, დიდ ბატონებთან არის მიღებული? მას დარბაზის კარზე იღებენ. ეს არის პროვინციალიზმით შეპყრობილი, გონებადახშული მრევლის მთავარი არგუმენტი სააკაშვილისადმი სიყვარულში.
- ბატონო სოსო, ამ დღეებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი იყო ჩამოსული საქართველოს შიდა პრობლემების დალაგებაში დასახმარებლად, თუმცა შედეგი მაინც არ დადგა, რა ხდება სინამდვილეში?
- ამ მოლაპარაკებებზე, ფაქტობრივად, განმეორდა „ჩიტო, ჩიტო, ჩიორას“ ზღაპარი. ხელისუფლებამ სულ ტყუილად „გადაყარა ბარტყები“. შედეგი იყო ნული.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი დაუთმო ოპოზიციას, რისი დათმობაც შეიძლებოდა, მაგრამ, ბოლო მომენტში, პატივცემულმა აკო მინაშვილმა მაინც უარი თქვა. მოგეხსენებათ, მინაშვილი ამ მოლაპარაკებებში სააკაშვილის უშუალო დირექტივით ჩაერთო, ის მისი პოზიციის გამხმოვანებელი გახლდათ.
მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გამოვიდა „სიბრძნით გამორჩეული“ მარგველაშვილი, „ახალი სოკრატე“ და ბრძანა, საქართველოში დემოკრატია უკან მიდის, აშშ-ის ქმედითი ჩარევაა საჭიროო.
საქართველოში, რა თქმა უნდა, მის პიროვნებას სერიოზულად არავინ განიხილავს, მაგრამ რეგალიებით მარგველაშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტია, ამიტომ მესიჯი ამერიკელებისთვის სერიოზულად აღიქმება. ჩვენთან, ცხადია, მარგველაშვილს დუშეთის რამდენიმე მაცხოვრებლის გარდა არავისზე არ აქვს გავლენა, მაგრამ ამერიკის სენატში არ იციან მისი სიბრიყვის შესახებ.
- ხელისუფლებას არც პოლიტპატიმრების თემა დაუთმია და არც საპარლამენტო არჩევნების…
- დიახ, და ამის გამო გამოაცხადა უარი აკო მინაშვილმა. „ქართული ოცნება“ ამაზეც რომ დათანხმებულიყო, ეს ნიშნავდა ხელისუფლების ნებაყოფლობით ლიკვიდაციას.
„ქართული ოცნების“ ნარატივი ისაა, რომ მან ჩაატარა დემოკრატიული არჩევნები გაყალბების გარეშე, არ ჰყავს პოლიტპატიმრები, ანუ დემოკრატიული ხელისუფლებაა, მაგრამ თუ იტყვის, რომ ჰყავს პოლიტპატიმრები, ანუ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ახორციელებს, განაცხადებს, რომ გააყალბა არჩევნები, მაშინ ვადამდელი უნდა დანიშნოს, ანუ საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოს. სხვა საფუძველი ვადამდელ არჩევნებს არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თვითმკვლელობა უნდა განახორციელოს. „ნაცმოძრაობა“, ამ ხნის განმავლობაში, სულ ცდილობდა ხელისუფლება ამ კონდიციამდე მიეყვანა. 
მოლაპარაკებიდან გამოსულ დანიელსონს აშკარად შეშლილი სახე ჰქონდა.
დასავლეთს არ სურს აქ არეულობა. მით უფრო, რომ ჩვენთან აშკარაა დღეს საფრანგეთის პოლიტიკური გავლენები. საფრანგეთი, მოგეხსენებათ, ევროპაში პოლიტიკური დომინანტია. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება საფრანგეთის კეთილგანწყობით სარგებლობს. ბოლოს და ბოლოს საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი პრეზიდენტი გვყავს. მმართველი პარტიის დამფუძნებელი საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერია.
რაც შეეხება დანიელსონს, მას, სავარაუდოდ, ჰქონდა დირექტივა, რომ შეთანხმება მოეხდინა საქართველოს პოლიტიკურ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის; არ წავალ საქართველოდან, სანამ შეთანხმებას არ მივაღწევთო, მაგრამ ვერ გაუძლო შექმნილ ვითარებას. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ გრიგოლია-გვარამიას პოლიტიკურ შოუებს, ამ საშინელ პანოპტიკუმს, ზოოპარკს, მაგრამ დანიელსონის შვედური გონებისთვის, როგორც ჩანს, ეს საკმაოდ მძიმე აღსაქმელი იყო. მას თავიდან თუ აბსოლუტურად დალაგებული სახე ჰქონდა, ორიოდე დღეში ის სავსებით დინამიური გაუხდა, აშკარა შეშფოთებას გამოხატავდა მისი არაბალანსირებული მიმიკები…
- რით შეიძლება დასრულდეს ყოველივე ეს, ბატონო სოსო?
- მართალი გითხრათ, პროგნოზი არ მაქვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ყოველივე ამას დასასრული არ ექნება, სანამ საქართველოში არ ჩატარდება პოლიტიკური სისტემის სრული რეფორმა.
დღევანდელი საპარლამენტო მოდელი არის კომიკური. ასე პარლამენტი ნორმალურად ვერ დაკომპლექტდება. ამაზე არაერთხელ ვისაუბრე, თუნდაც თქვენი გაზეთის ფურცლებიდან.
საკონსტიტუციო რეფორმა ხელახლა არის ჩასატარებელი, დასახვეწია საარჩევნო სისტემა და თუ ეს არ განხორციელდა, საქართველოში არასდროს არ იქნება სტაბილური განვითარების შესაძლებლობა.

ირანდა კალანდაძე
,,საერთო გაზეთი"