სოსო ცინცაძე: ევროპული მედიაციით ჩატარებული შეხვედრები თავიდანვე განწირული იყო

სოსო ცინცაძე: ევროპული მედიაციით ჩატარებული შეხვედრები თავიდანვე განწირული იყო




გვესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე:

- ბატონო სოსო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება არ შედგა. მოდით, ამას უფრო გლობალურად შევხედოთ. ეს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ჭიდილია საქართველოს გამო?
- იცით რა, ამ მხრივ, ვერ ვიტყვით, რომ ეს რუსეთსა და დასავლეთს შორის ჭიდილია. ამ შემთხვევაში, ჩვენ, უნდა გვქონდეს სრული, საიმედო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება პრო-რუსულია, ხოლო ოპოზიცია პრო-დასავლური. ვინაიდან ამის შესახებ სანდო მტკიცებულება არ გაგვაჩნია, ასე ვერ ვიმსჯელებთ. მმართველი პარტია გვარწმუნებს, რომ იგი პრო-დასავლური კურსის მატარებელია და მისი მიზანია ნატო, ევროკავშირი და ა.შ. 2024 წელს ევროკავშირში განაცხადს შეიტანენ. ამიტომ, ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენ, შეიძლება ვისაუბროთ შემდეგზე: ევროპის მედიაციით შემდგარი შეხვედრა, აბსოლუტურად, მოუმზადებელი გახლდათ და თავიდანვე განწირული იყო ჩავარდნისთვის. ამიტომ, პირადად ჩემთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ შეხვედრა მოუმზადებელი იყო. ევროკავშირის პრეზიდენტის ჩამოსვლას არავინ ელოდა. უცებ, ჩამოვიდა და რატომღაც, თვითდარწმუნების მომენტიც ძალიან დიდი იყო. ევროპელებმა ცუდად იცოდნენ, რა სახის წინააღმდეგობა არსებობს, დღეს, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის. ისინი გვეუბნებოდნენ: მიშელმა ბელგიაში რაღაც საოცრება გააკეთა. მათ, წელიწადზე მეტი არ ჰყავდათ მთავრობა. უცებ, საქმეში მიშელი ჩაერია და დაპირისპირებული პარტიები შეარიგა. არგუმენტაცია იმის შესახებ, რომ რაც მან ბელგიაში მოახერხა, იგივეს აქაც გააკეთებს, არავითარ საფუძველს არ ეყრდნობოდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ მიშელს ბელგიაში საქმე ჰქონდა ევროპელებთან. საქართველოში ჩამოვიდა და აქ, საქმე ჰქონდა ადამიანებთან, რომელთა პოლიტიკური კულტურა, ორივე მხარის მეტ-ნაკლები განსხვავებით, ევროპულ რეალობასთან ახლოსაც ვერ მივა. მან, აქ, ნახა აზიური (ცუდი გაგებით), პოლიტიკურ კულტურას, აბსოლუტურად, მოკლებული რეალობა. ევროკავშირს ხომ ელჩი ჰყავს თბილისში. მიშელს სანამ აქ ჩამოვიდოდა, მისგან მასალები უნდა მოეთხოვა. თუნდაც, ელემენტარულად, კობახიძის განცხადებებს გაცნობოდა. 2012 წლის შემდგომ პოლიტიკაში ფიგურანტები ხომ არ შეცვლილა - ეს გახლავთ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. მიშელს უნდა შეესწავლა მათი ურთიერთობა ამ დრომდე. სამ-ოთხ დღეში მოინდომეს ამ პარტიების შერიგება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გამოცდილი პედაგოგი მესამე კლასელ ბავშვებს რომ არიგებს, რომელთაც სკოლის ეზოში იჩხუბეს: აბა, ახლა, ჩამოართვით ხელი, მათაც - ჩამოართვეს; აბა, ახლა, გადაკოცნეთ ერთმანეთი - გადაკოცნეს; ახლა, ერთ მერხთან დაჯექით და მეგობრობა გააგრძელეთო. მიშელი აი, ასეთი შთაბეჭდილებით ჩამოვიდა. ეს დიდი შეცდომა იყო. მეორე შეცდომა ის გახლდათ, რომ დიპლომატიას საჯაროობა არ უყვარს. საკმარისი არ არის ის, რომ მომლაპარაკებელი მხარეები დააფიცეს, მოლაპარაკების შინაარსზე არაფერი თქვათო. ამ დროს, ყველამ იცოდა რა საკითხებზე უნდა ემსჯელათ. ქართული პრესა კი, რომელიც თავისი დონით ძალიან შორს არის ევროპულისგან, მხოლოდ ინტრიგებითა და სკანდალებით იკვებება. ამიტომ, შეხვედრაც კონფიდენციალური აღარ გამოვიდა. კონფიდენციალური გახლდათ 1973 წელს შეხვედრა ოსლოში, როდესაც ისრაელისა და პალესტინის თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ერთ მხარეს იყო რაბინი, მეორე მხარეს - არაფატი. მოლაპარაკება 4–5 თვე გრძელდებოდა და ამის შესახებ არავინ იცოდა. ევროპელმა პაპარაცებმაც კი, რომლებიც, ლამის, ლოგინქვეშ ძვრებიან, ვერაფერი გაიგეს. საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა და რაბინიც და არაფატიც ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ჩვენთან, მსგავსი არაფერი ყოფილა. ევროპას, იგივე, მიშელს უნგრეთიც ეყოფა თავზესატეხად, ასევე, ესპანეთი თავისი პრობლემებით და ა.შ. გარდა იმისა, რომ ისინი, ყველანი ევროპელები არიან, კომპრომისზე წასვლა მათ არსებობას საფრთხეს არ უქმნის. ჩვენთან კი რა საკითხზე მიდის დავა? - ხელისუფლების შეცვლაზე. ყველამ ვიცით ოპოზიციის მიზანი რაც არის - არა ის, რომ ქვეყანა ერთად მართონ. არა! მათ სურთ, რომ ხელისუფლება ჩაანაცვლონ. რას ნიშნავს ქართულად ჩანაცვლება? ეს არ გახლავთ ევროპული ჩანაცვლება, სადაც რომელიმე პარტია არჩევნებს წააგებს და ამას მშობიარობასავით არ განიცდის, რადგან მას უახლოეს არჩევნებში რეალური შანსი აქვს მოსახლეობის გული მოიგოს და კვლავ გაიმარჯვოს. ეს ევროპის კლასიკაა. კი, ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე, 1945 წელს არჩევნები წააგო და ლეიბორისტები მოვიდნენ, მაგრამ ისინი მხოლოდ ერთი ვადით მართავდნენ ქვეყანას, მერე, ისევ ცვლილება მოხდა. ჩვენთან როგორი პრაქტიკაა? - ერთი შეცვლა განხორციელდა, რომელიც ევროპულს ჰგავდა. ეს გახლდათ 2012 წლის არჩევნები. ჩვენთან, დაპირისპირების მთავარი პრინციპი თავიდანვე დაირღვა. ბრძოლაში აუცილებელია შეურიგებლობა და სიმკაცრე. მაგრამ როცა ბრძოლა დამთავრდება და მშვიდობიანი პერიოდი დაიწყება, მაშინ, უკვე, შეურიგებლობას თანამშრომლობა, კომპრომისები, მიმტევებლობა ცვლის, ვინაიდან ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას საჭიროებს. ჩვენთან, ეს, გამორიცხულია. შურისძიების ფაქტორი ყველაზე საშიშია. ეს ემოციაც არ არის, არამედ ინსტიქტი და ასე, მხოლოდ ცხოველი მოქმედებს. ჩვენ, პოლიტიკური შურისძიების ისტორია, ტრადიცია გვაქვს. ერთი მეფე ქვეყნის სათავეში რომ მოვიდოდა, მეორეს თვალებს თხრიდა, ერთმანეთს ხოცავდნენ. გამსახურდია ძალით გადააგდეს და რა მერე, შერიგდნენ? დღესაც არის ეს ფენომენი - ზვიადისტები და შევარდნაძისტები. ახლა, უკვე, გვყავს მიშისტები და ბიძინისტები. ამიტომ, მათი შერიგება, პრაქტიკულად, თავიდანვე, გამორიცხული იყო. ეს შეიძლებოდა, მაგრამ არა ევროპელების ჩარევით. რატომ? - მე არ ვარ პოლიტიკოსი, პოლიტკორექტულობის ბორკილები არ მადევს და შემიძლია ვთქვა: დღეს, ლიდერები პრინციპებისთვის, იდეალებისთვის არ იბრძვიან.
- ბატონო, სოსო, რა შეიცვალა ამერიკის არჩევნების შემდეგ მსოფლიოში?
- 2020 წლის ამერიკის არჩევნების შემდეგ, ცივილიზებული დასავლეთი გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. ბაიდენმა პრინციპების ერთგულების ტრადიციული, ამერიკული, ობამასდროინდელი კურსი აიღო. ტრამპს შიშველი პრაგმატიზმი ჰქონდა. ბაიდენი, დღეს, იდეოლოგიზირებულია, მისთვის მთავარია იდეები. ვიცით, რომ საუდის არაბეთი ამერიკისთვის, ტრადიციულად, რეგიონში, ისრაელთან ერთად, ნომერ პირველი მოკავშირეა. ბაიდენმა, უკვე, გაიფუჭა საქმე საუდის არაბეთთანაც და ისრაელთანაც. იმიტომ, რომ ერთსაც და მეორესაც პრინციპებით უდგება. კი, საუდის არაბეთი ამერიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო საყურადღებოა ადამიანის უფლებები. 1997 წელს ტრამპმა „ფოქს ნიუს“-ს ინტერვიუ მისცა. კომენტატორი შეეკითხა: პუტინი მკვლელიაო? ტრამპმა უპასუხა: მე, პატივს ვცემ პუტინს. მკვლელები მსოფლიოში ძალიან ბევრია, ჩვენთანაც არიანო. მაგრამ ბაიდენმა პირდაპირ თქვა: პუტინი მკვლელიაო. ნახეთ, რა ამბავი ატყდა. ეს რას ნიშნავს? - ბაიდენი იდეალებს მიჰყვება, ევროპა კი ისევ - ინტერესებს. ამაზე მეტყველებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გერმანიის „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“. თვით ტრამპმაც კი, რომელიც პრაგმატიკოსი იყო, კომკავშირელ გოგოს - მერკელს ვერაფერი მოუხერხა. ყველამ იცის, რომ `ჩრდილოეთის ნაკადი 2~-ით ევროპა, ძალიან დიდი ხნით, რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევა. მაგრამ, ეს, გერმანიისთვის ფინანასურად მომგებიანია. გაზსადენის ჰაბი გაკეთდება და გერმანია გამნაწილებელი იქნება. გერმანიას, დღეს, არ აინტერესებს იდეალები. ევროპა ამ გზით მიდის. ამიტომაც არის, რომ ბაიდენმა ევროპასთან შერიგების ნაბიჯი გადადგა, მაგრამ მისი კურსი მაინც უფრო იდეოლოგიზირებულია, ევროპის კი - უფრო ინტერესებზეა დაყრდნობილი.
- ბატონო სოსო, როგორ ფიქრობთ, რას შეცვლიდა ევროპის ნაცვლად ამერიკელი მედიატორები რომ ჩამოსულიყვნენ მოსალაპარაკებლად?
- ეჭვი არ მეპარება, ამერიკელი მედიატორები რომ ჩამოსულიყვნენ, მოლაპარაკება სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა. ოპოზიციის აზრით, ევროპელების ზეწოლა საკმარისი არ იყო. დიახ, საკმარისი არ იყო. წარმოგიდგენიათ, ღარიბაშვილი ბრიუსელში ამბობს: არავითარი ვადამდელი, არჩევნები 2024 წელს ჩატარდებაო და ამ დროს, თბილისში მოლაპარაკებას აწარმოებ - იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. ეს უკვე სიყალბე, პირფერობაა. ეს არ არის დიპლომატია. შვედი დიპლომატი რისთვის დატოვეს? ტყუილად იყო, რა გააკეთა? არადა, ლამის საქართველოს პასპორტი გაუკეთეს. ამიტომ, ვიმეორებ, ეს მოლაპარაკებები უპერსპექტივოა. კი ბატონო, პარლამენტის წევრების ინტელექტი ძალიან დაბალია, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ,,ქართულ ოცნებაში" ჭკვიანი ხალხი არ არის. არიან პრაგმატიკოსები, რომლებიც ფიქრობენ: ევროპა იჭრაჭუნებს, საყვედურს გამოთქვამს, აღშფოთდება, მაგრამ ვითარებას შეეგუებაო. დასავლეთის ნაწილი ამბობს: ეს თავისუფალი არჩევნები იყო და რას ერჩითო. ოდირის განცხადებაში კი წერია: კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდაო. 
თამასა ძალიან მაღლაა აწეული. საკითხი დგას ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნაზე. მთელ ამ ფონს შლეიფად მისდევს ერთი დრამატული რეალობა: საქართველოში, დღეს, კეთილდღეობის მთავარი გარანტი არის არა წარმატებული ბიზნესი, არამედ პოლიტიკაში, თანაც, მმართველ პარტიაში ყოფნა. ცივილიზებულ მსოფლიოში ასე არსად ხდება. იქ, გამორიცხულია ხელისუფლებაში ღარიბი ადამიანი მოვიდეს და რამდენიმე წელში მილიონერი გახდეს. ასე, მარტო საქართველოში ხდება. ამიტომ, ხელისუფლების დაკარგვა უსიამოვნო ფაქტია.
- თქვენ ახსენეთ, ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების ჩანაცვლებააო. როგორ ფიქრობთ, მას ამის გაკეთება ცივილიზებულად სურს?
- აქ, ხელისუფლება ცივილიზებულად არ შეიცვლება. 2012 წლის ფენომენი აღარ განმეორდება. დღეს ირკვევა, რომ ნელ-ნელა ოპოზიციამ დასკვნები გააკეთა, მაგრამ უფრო სერიოზული დასკვნები მმართველმა პარტიამ გამოიტანა. ამიტომ, ვშიშობ, ღმერთმა ქნას რომ ვცდებოდე, მაგრამ 2012 წელი, ანუ ხელისუფლების მშვიდობიანდ გადაბარება. 

თამარ შველიძე
,,საერთო გაზეთი"