სტუმარ-მასპინძლობის თურქული ვარიანტი - ორი სავარძელი სამისთვის

სტუმარ-მასპინძლობის თურქული ვარიანტი - ორი სავარძელი სამისთვის




მსოფლიო პოლიტიკა დღეს უკვე ჩიხში შევიდა. პოლიტიკოსები გამოსავალს ეძებენ, რადგან შეიარაღებული დაპირისპირება, ფართომასშტაბიანი ომი არავის აწყობს. თუმცა, დიპლომატიური მოლაპარაკებები ცალკეულ ქვეყნებს შორის, შეიძლება ითქვას, უკვე შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, პოლიტიკაც ეგოისტური გახდა - დიდი, ძლიერი ქვეყნები საკუთარი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნებს შორის მოკავშირეობამ, ალიანსმა ფორმალური სახე შეიძინა. ექსპერტები ღიად აფიქსირებენ, რომ ქვეყნები მხოლოდ საკუთარ იმედზე უნდა იყვნენ. მიზეზად კოვიდპანდემიას ასახელებენ, რომელმაც სამყაროს ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკური ცხოვრება მსოფლიოში, ავად თუ კარგად, გრძელდება.
ვიზიტი, რომელიც თურქეთში განახორციელეს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა, ურსულა ფონ დერ ლიაიენმა და შარლ მიშელმა, სკანდალური აღმოჩნდა. სტუმრობა მასპინძელ ქვეყანასა და ევროკავშირთან ურთიერთობის დარეგულირებას ემსახურებოდა. ორი კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დატოვა ე.წ. „სტამბოლის შეთანხმება“, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას ითვალისწინებს. მიზეზად პრეზიდენტმა დაასახელა ის გარემოება, რომ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ბევრ ქვეყანას არ განუხორციელებია. ამასთან, განაცხადა, რომ თურქეთის კონსტიტუცია იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს. ამის გარდა, კვლავ მწვავედ დგას მიგრანტების პრობლემა, რომლებიც თურქეთის გავლით ჩადიან ევროკავშირის ქვეყნებში.
მაღალი დონის სტუმრები თურქეთმა პატივით მიიღო, წითელი ხალიჩაც კი გაუფინეს, მაგრამ… პრეზიდენტმა ერდოღანმა პირადად მიიღო სტუმრები, პროტოკოლური სურათებიც გადაიღეს. მოლაპარაკებების დაწყებისას აღმოჩნდა, რომ ოთახში მხოლოდ ორი სავარძელი იდგა - ერთზე პრეზიდენტი მოთავსდა, მეორე შარლ მიშელმა დაიკავა, ქალბატონი ფეხზე დარჩა. მასპინძლებმა არც კი შეიმჩნიეს შექმნილი უხერხული სიტუაცია. მდგომარეობა ისევ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განმუხტა - იგი იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა, რომელიც თარჯიმნებისთვის ან სხვა დამხმარე პერსონალისთვის არის პროტოკოლით გათვალისწინებული.
სტუმრების ასეთი მიღება ევროკავშირში თურქეთის მხრიდან ორგანიზადიის დაკნინებად შეაფასეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩაუშოღლუმ განაცხადა, რომ სავარძლები ევროკავშირის მოთხოვნის მიხედვით, განვათავსეთო. შარლ მიშელი თავს დღემდე უხერხულად გრძნობს ანკარაში მომხდარის გამო. მისი თქმით, „…ღამე ცუდად მძინავს, მუდამ თვალწინ მიდგას ანკარაში მომხდარი ინციდენტი და ვწუხვარ. შესაძლებელი რომ იყოს, გამოვასწორებდი“. თავად ურსულას კომენტარი არ გაუკეთებია.
ექსპერტები შემთხვევითობას გამორიცხავენ. მათი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან კრიტიკით განაწყენებულმა ერდოღანმა მსგავსი დახვედრით პირადად ლიაიენს მიანიშნა საკუთარი უპირატესობა. სულ ახლო წარსულში თურქეთი ცდილობდა შეესრულებინა ევროკავშირის მოთხოვნები, მაგრამ ახლა დამოუკიდებლად მოქმედებს. ამასთან, ანკარაში ევროჩინოსნებს მოლაპარაკებების დაწყებამდე წარუდგინეს საკუთარი მოთხოვნების ვრცელი სია. ევროჩინოსნების ვიზიტი უშედეგო აღმოჩნდა, რადგან ერდოღანს ვერ გადაათქმევინეს „სტამბოლის შეთანხმებიდან“ გასვლა.
ვითარება უკრაინის დონბასის რეგიონში კვლავ დაძაბული რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ეძებს მხარდამჭერებს ნატოს წევრ ქვეყნებში. მართალია, ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მაგრამ თეთრი სახლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჯენ ფსაკიმ გასულ კვირას ბრიფინგზე ცივად განაცხადა: „შეშფოთებულები ვართ, დონბასის რეგიონში გართულებული ვითარებით. მართალია, უკრაინას სურს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ საკითხი მხოლოდ აშშ-ის გადასაწყვეტი არ არის, ალიანსის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუჭირონ მხარი!“ ამიტომაც განახორციელა გასულ კვირას ვიზიტი თურქეთში ზელენსკიმ. საინტერესოა, რომ, ვიდრე სტუმარს მიიღებდა, ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა: „…თურქეთი მხარს უჭერს და აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დავეხმარებით დონბასის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარებაში, რაც გათვალისწინებულია მინსკის შეთანხმების ფარგლებში“.
დიდი დრო არ გასულა ჩინეთ-ირანს შორის გაფორმებული შეთანხმებიდან, რაც მსოფლიოს პოლიტიკური საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ამავდროულად გრძელდება შეხვედრები ირანის ბირთვულ პროგრამაში დაბრუნების დასაყოლიებლად. ირანელები თავიანთ პირობებზე მყარად დგანან. მოლაპარაკებები ერთია, მაგრამ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა ირანში სულ უფრო ფართოვდება. გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ დაათვალიერა სრულიად ახალი ცენტრიფუგა, სადაც ურანის გამდიდრებაზე იმუშავებენ. საქმიანობის დაწყების ბრძანებაც გასცა. ამის შემდეგ ორი საათიც არ იყო გასული, რომ ობიექტზე აფეთქების ხმა გაისმა, ელექტროენერგია გამოირთო. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, ზარალი უმნიშვნელოაო, აცხადებენ ირანელები. ინციდენტის გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ორი დღის წინ ამერიკულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, ობიექტზე შეტევა ისრაელმა განახორციელაო. ირანელებს ჯერ არ უპასუხიათ და არც თავიანთი დასკვნები გაუვრცელებიათ. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება მომხდარს.
ამერიკული ცალკეული გამოცემები შეშფოთებულები არიან აშშ-ში შექმნილი დღევანდელი ვითარებით. მათი ინფორმაციით, დღეს თეთრკანიან მამაკაცებზე ნადირობაა გაჩაღებული. ნებისმიერ თეთრკანიანს მოძრაობა `შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანიას~ წევრები მტრებად მიიჩნევენ. უცნაურია, მაგრამ თეთრკანიანებს თვით ჯო ბაიდენმაც გამოუცხადა ომი, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ გამოცემებსა და პოლიტიკოსებზე. „იყო თეთრკანიანი, ახლა აშშ-ში სახიფათო გახდა“, - აცხადებენ ჟურნალისტები. ამიტომაც აპირებენ თეთრკანიანი მოსახლეობის დასაცავად მარშების გამართვას აშშ-ის დიდ ქალაქებში. ექსპერტები შიშობენ, რომ, ადვილი შესაძლებელია, მსგავსმა სიტუაციამ აშშ-ში ახალი სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ვითარებას ამწვავებს ის გარემოებაც, რომ სასამართლო ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ვინმე ფლოიდის სიკვდილში ეჭვმიტანილი პოლიციელის უდანაშაულობა - სამართალდამცველს მუხლი დაბჯენილი ჰქონდა მხარზე და არა კისერზე, როგორც ამტკიცებდნენ ამბოხებულები. ამით განაწყენებული შავკანიანები ახალი დარბევა-არეულობებით იმუქრებიან. ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება რასობრივ დაპირისპირებას აშშ-ში.
დესტაბილიზაცია დიდი ბრიტანეთში ძალას იკრებს. თითქმის ერთი კვირაა, ჩრდილოეთ ირლანდია ცეცხლის ალშია გახვეული. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბრექსიტის მომხრე-მოწინააღმდეგეები, ასევე პროტესტანტები და კათოლიკეები. პოლიციას დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა პირდაპირი შეტაკებები აიცილონ თავიდან. დაშავებულია 70-ზე მეტი პოლიციელი. ირლანდიელი პოლიტიკოსის კონ ბრუტონის განცხადებით, ლონდონმა არ გაითვალისწინა, რომ ბრექსიტი დაანგრევდა 1998 წელს წვალებით მიღწეულ სამშვიდობო ხელშეკრულებას ირლანდიელ რადიკალებთან. თავის მხრივ, შოტლანდიელები დამოუკიდებლობას მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას გეგმავენ. ექსპერტების განცხადებით, ბორის ჯონსონს სამეფო ოჯახის დახმარების დიდი იმედი ჰქონდა კრიზისის დაძლევაში. ახლა, პრინც ფილიპის გარდაცვალების შემდეგ, ძნელია თქმა, დაეხმარება თუ არა დედოფალი თავის პრემიერს.

გია ბურდული
,,საერთო გაზეთი"