ტერორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ტერორი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ




ოთხშაბათს, 31 მარტს, კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი მოხდა საქართველოში - ვლადიმირ პოზნერზე და მის თანხმდლებ პირებზე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებმა ნამდვილი საბრძოლო იერიში მიიტანეს და რომ არა პოლიციის მედგარი წინააღმდეგობა, შეიძლება, საქმე დიდი ტრაგედიით დამთავრებულიყო.
შეტევის მთავარი იდეოლოგი და ორგანიზატორი ამჯერადაც ე.წ. გავრილოვის ღამის მთავარი იდეოლოგი და ორგანიზატორი ელენე ხოშტარია ბრძანდებოდა, რომელმაც, როგორც ჩანს, წინასწარ ,,დაგრუზა" და პატრიოტული მუხტით დამუხტა აქციის მონაწილეები.
აქტივისტები იმ რესტორანს მიადგნენ, სადაც ჩამოსული სტუმრები ვახშმობდნენ და საპროტესტო აქცია დაიწყო.
აქციის მონაწილეებისთვის რომ გეკითხათ, ეს იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეებისა, რომლებიც არ დაუშვებენ ოკუპანტების თარეშს საქართველოში და ყველას, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, საკადრის პასუხს მოთხოვენ.
მშვიდობიანი პროტესტიო, კი ამბობდნენ, მაგრამ რაც 31 მარტს სასტუმრო „ვინოტელთან“ მოხდა, იმას არაფერი ჰქონდა საერთო არც მშვიდობასთან, არც პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებთან.
არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ეს იყო უკიდურესად ეგზალტირებული, აზროვნების უნარდაკარგული, საშიში და სახიფათო ბრბო, რომელიც მზად იყო, ლინჩის წესით გაესამართლებინა პოზნერი და ის პირები, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ პოზნერს ახლდნენ. 
აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი შენობაზე.
მუქარა, გინება, ყვირილი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვები, უკიდურესი აგრესია, კვერცხების სროლა, ქვების სროლა, ცხადია, ხულიგნობას უფრო ჰგავდა, ვიდრე საპროტესტო აქციას, თუმცა დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ ესენი არ იყვნენ ჩვეულებრივი ხულიგნები.
მოკლედ რომ ვთქვათ, რაც 31 მარტს სასტუმრო „ვინოტელთან“ ხდებოდა, ზუსტად, ერთი-ერთში იმეორებდა იმას, რაც 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან მოხდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ორივე ეს აქცია ერთი და იგივე ძალების მიერ იყო მომზადებული და ორგანიზებული.
ნიშანდობლივია ისიც, რომ აქციის მონაწილეები, აქაც და იქაც, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, უცვლელი ხელმძღვანელით - ელენე ხოშტარიათი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფით.
იმის თქმა გვინდა, რომ სიცრუე იყო აქციის მონაწილეთა განცხადება, თითქოს პატრიოტული გრძნობებით გულანთებული მოქალაქეები სპონტანურად შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატავად და თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციის დასაფიქსირებლად.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელსაც, როგორც ვთქვით, შეიძლებოდა უმძიმესი შედეგები მოჰყოლოდა ქართული სახელმწიფოსთვის.
საქართველო შეიძლებოდა ისეთ საერთაშორისო სკანდალში გახვეულიყო, რომელიც მას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მორალურად.
- ამ რუს ღორებს, რომლებიც აქ საჭმელს თქვლეფენ, აქედან უნდა ავახვევინოთ! - გაჰყვიროდნენ აქციის უკიდურესად აგრესიული მონაწილენი და შტურმით ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გადაჯეგვას, რომ რესტორნის შიგნით შეეღწიათ და იქ მყოფი სტუმრებისთვის პირადად მოეთხოვათ პასუხი.
ახლა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ გავეშებულ ბრბოს მოეხერხებინა და მართლა შევარდნილიყო რესტორანში, რა შეიძლებოდა იქ მომხდარიყო?
რა შეიძლებოდა მომხდარიყო და მომხდურებსა და ტურისტების ჯგუფს შორის აუცილებლად მოხდებოდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც, არავინ იცის, რა უბედურებით დამთავრდებოდა.
ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ვლადიმირ პოზნერს, 87 წლის კაცს, ან ჯგუფის რომელიმე სხვა წევრს, ამ ინციდენტის შემდეგ, არავის არაფერი დაემართებოდა?
მართალია, „შტურმავიკები“ სტუმრებს რუს ღორებს კი ეძახდნენ და აქ, ავლაბარში, რუსი ოკუპანტებისგან „იცავდნენ“ აფხაზეთს, თუმცა, სინამდვილეში, ტურისტების საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო რუსი, დანარჩენები ებრაელები და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ.
ვლადიმირ პოზნერი „რუსი“ არ არის, ებრაელია და, ამასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და რამე რომ მომხდარიყო, რუსეთის კი არა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის წინაშე მოგვიწევდა თავის მართლება.
ასე რომ, ავლაბრის „სამხედრო პოლიგონზე“ რუს ოკუპანტებს კი არა, ებრაელებს და სხვადასხვა სახელმწიფოების მოქალაქეებს „ებრძოდნენ“ „პატრიოტი“ აქტივისტები „მთავარსარდალ“ ელიჩკა ხოშტარიას მეთაურობით.
აქტივისტების სამხედრო ოპერაციას მყისვე მოჰყვა სათანადო რეაგირება კრემლიდან: ვაფრთხილებთ რუსებს, საქართველო რუსებისთვის სახიფათო და საშიში ადგილია!
ეს გაფრთხილება კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც მინიმუმამდე დასული რაოდენობა რუსი ტურისტებისა კიდევ უფრო შემცირდება.
ელიჩკა და პუტინის ადმინისტრაცია ისე შეთანხმებულად და შეხმატკბილებულად მოქმედებენ, გაგიკვირდება კაცს.
პოზნერს მდიდარი ბიზნესმენების მთელი ამალა მოჰყვებოდა თან.
მას შემდეგ, რაც მათ 31 მარტს გადახდათ თავს, არც მათი და არც მათი ახლობელ-მეგობრების ფეხი საქართველოში არ იქნება.
ასეთი „სიკეთე“ გაუკეთეს საქართველოს საქართველოსთვის მებრძოლმა „პატრიოტებმა“.
მაინც, რა ამოძრავებთ და რა სურთ ამ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს?
მერწმუნეთ, მათ საქართველოც ფეხებზე ჰკიდიათ და აფხაზეთიც, გავრილოვიც და პოზნერიც, ოკუპაციაც და ბორდერიზაციაც - მათ ერთადერთი გეგმა აქვთ - რაც შეიძლება მეტად დააზარალონ და დააზიანონ საქართველო, მათი მიზანია, შეილახოს ქვეყნის იმიჯი, საბოლოოდ ჩამოიშალოს ეკონომიკა, საქართველო იქცეს არასტაბილურ, სახიფათო და საშიშ ქვეყნად ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის, გაიზარდოს დაძაბულობა, დაპირისპირება, აგრესია მოქალაქეებს შორის, შეირყეს სახელმწიფო სტრუქტურების ავტორიტეტი და ასე თანდათან მომზადდეს ხელსაყრელი ფონი ქაოსისთვის, არეულობისთვის, რევოლუციისთვის.
ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარია, ხოლო ეს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მისი გასამხედროებული დანაყოფი, ფაქტობრივად, ტერორისტული დაჯგუფება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით ეწევა სპეცულაციას, სინამდვილეში კი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.
დროზე გაანეიტრალეთ ეს ტერორისტული დაჯგუფება და მისი პოლიტხელები - დიდი ალბათობით, ფსბ-ს ქართველი თანამშრომლები, სანამ დიდ ავანტურაში არ შეათრევენ ქვეყანას.
31 მარტის ამბებთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გამოაქვეყნა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
„გუშინ და დღეს ნაციონალები ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე. შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ სჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე, როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტი-ვაჟა.
ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ფსბ-ს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად ნაციონალი - ანტი-ვაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო“.
ეხ, ბატონო ირაკლი, თქვენც იტყვით რა - რა ვაჟა, რისი ვაჟა, ესენი ბურჭულაძის და დეისაძის „შემოქმედებაზე“ არიან გაზრდილები და ისე, როგორც საკუთარ სამშობლოსთან ომში არიან გულადები, ორგაზმსაც დედასთან, ანუ საკუთარ სამშობლოსთან ბღლარძუნში განიცდიან.

ვახტანგ ხარჩილავა

,,საერთო გაზეთი"