ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ




საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის მეორე კურსის სტუდენტები, პროფესორ კახა ძაგანიას ხელმძღვანელობით, საკანონმდებლო  ინიციატივაზე მუშაობენ. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით არასრულწლოვანთა გადაადგილებას და სადაც არსებობს რამდენიმე პრობლემა - კერძოდ, კანონმდებლობაში აღნიშნულია, რომ კონტროლიორს აქვს უფლება, არასრულწლოვანს, თუ არ აღმოაჩნდება სამგზავრო ბარათი ან ფული, დაატოვებინოს ტრანსპორტი. პროექტს ასევე ხელმძღვანელობს ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, ირაკლი გაბისონია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტგამოცემა „ლიდერი“ პროექტში ჩართულ სტუნდენტებს გაესაუბრა.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი თინათინ ქოქრაშვილი:

„ჩვენი მიზანია, მცირედი წვლილი შევიტანოთ საქართველოს კანონების გაუმჯობესებასა და დახვეწაში. ძირითადად ვმუშაობთ იმაზე, რომ ევროპული კონვენციის დებულებები ავსახოთ ქართულ  სამართლებრივ სივრცეში. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება, ამ შემთხვევაში, ეხება 16 წლამდელ პირებს, რომლებიც მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პრობლემა ის არის, რომ უფლებამოსილ პირს, ე.წ. კონტროლიორს, ქართული კანონმდებლობის მიხედვით, თუ არასრულწლოვან მგზავრს სამგზავრო ბარათი ან ფული არ აქვს, შეუძლია ტრანსპორტიდან ჩაუშვას. ასეთი რეგულაცია, ჩვენი ინფორმაციით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც კანონი ე.წ. კონტროლიორს აძლევს უფლებას, რომ ბავშვი დატოვოს შუა გზაში, ამან ხომ შეიძლება ფატალური შედეგიც გამოიწვიოს"?!

ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი ნიკა ხუფენია:

„აქტიურად ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ არასრულწლოვნები არ დაჯარიმდნენ. უამრავი ფაქტი გვაქვს საქართველოში, როდესაც სკოლის მოსწავლეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან უწევს ჩასვლა იმის გამო, რომ მას არ აქვს სამგზავრო ბარათი. რა თქმა უნდა, აქ გასათვალისწინებელია, რომ კონტროლიორს უნდა ქონდეს რაღაც ბერკეტი, რითიც გაკონტროლდება არასრულწლოვნების უფასოდ მგზავრობის საკითხი, ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთი სურათი, შემდეგ ყველა არასრულწლოვანმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იაროს. ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ სხვადასხვა კანონმდებლობაზე მუშაობას, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უხელფასო სტაჟირებებია, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ, მაგალითად, ქსელურ მაღაზიებში სტაჟირებებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გახდეს ანაზღაურებადი და ეს უნდა დარეგულირდეს საქართველოს კანონმდებლობით“.

ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მეორე კურსის სტუდენტი თამუნა ბოლოთაური:

„მე პირადად იმიტომ დავიწყე ამ საკითხე მუშაობა, რომ თვითონ გავხდი არაერთხელ მომსწრე ფაქტის, როდესაც უბილეთობის გამო ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მოუწიათ ჩასვლა. როგორც ბავშვთა უფლებათა კონვენციის პირველ მუხლში წერია, 18 წლამდე ასაკის მიუღწეველი ადამიანი არის არასრულწლოვანი და ითვლება ბავშვად. იგივე კონვენციის მე-5 მუხლი ითვალისწინებს მშობლების ინტერესებს. ვფიქრობთ, როგორც ბავშვების უფლებები არის დასაცავი, ასევე მშობლების უფლებებიც დასაცავია. გვინდა, ჩაემატოს ქვეპუნქტად კანონში, რომ ბილეთის შემმოწმებელს, ე.წ. კონტროლიორს არ ჰქონდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ბავშვების ჩაყვანის უფლება. ჩვენი აზრია, რომ ამ შემთხვევაში ბავშვები კონტროლიორმა გააფრთხილოს, შემდეგ კი მოხდეს დაჯარიმება და არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატოვება. ჩვენ უშუალოდ 30-ე მუხლს არ ვეხებით, გვინდა ამ მუხლში ჩაემატოს ქვეპუნქტი, სადაც აღნიშნული საკითხი დარეგულირდება. თუმცა, ამ შემთხვევაში არ მივესალმები ბავშვის დაჯარიმების საკითხს - ვფიქრობ, ესეც შესაცვლელია, 10 წლის ბავშვის დაჯარიმება, როდესაც შრომის კოდექსში გვაქვს გაწერილი, რომ 16 წლიდან არის შრომისუნარიანი ადამიანი, უბრალოდ არასწორია. ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული“.