უკრაინიდან გამოგზავნილი რუსული ბომბი საქართველოში

უკრაინიდან გამოგზავნილი რუსული ბომბი საქართველოში

საქართველოში რუსული ბომბი დევს, რომელიც უკრაინიდან შემოგვიგზავნეს რუსებმა ცომაიას ტრაილერით.
- მაგას რომ რაიმე დაემართოს, გიუმრის სამხედრო ბაზიდან რუსული ტანკები მყისვე აქ გაჩნდებიანო, - გაგვაფრთხილა ბებერმა არამზადამ - ბუბა კიკაბიძემ.
ვინ ვინ და რუსების საყვარელმა „ჩიტო-გვრიტომ“ დანამდვილებით იცის, რომ ბომბი, რომელიც რუსთავის ციხეში დევს, რუსული წარმოებისაა.
ეს ამბავი პატივცემულმა ბუბამ მაშინაც მშვენივრად იცოდა, როცა „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო პრეზენტაციისადმი მიძღვნილი მიტინგი რუსულ ენაზე შესრულებული „თბილისოთი“ გახსნა, რითაც „ნაცმოძრაობამ“ ძმობისა და მეგობრობის მესიჯი გაუგზავნა მოსკოვს.
- ფონოგრამა აგვერიაო, - თავს იმართლებდნენ ნაცები.
რაღაც ხშირ-ხშირად გერევათ თქვენ ფონოგრამა, ნაცებო, და არა მგონია, ეს შემთხვევით ხდებოდეს.
ფონოგრამა აერია ამასწინათ ანზორ მელიასაც, რომელიც ზუგდიდში, ერთ-ერთ მიტინგზე ღიად და დაუფარავად გამოუტყდა რუსებს სიყვარულში, ხოლო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, ასევე ღიად და დაუფარავად, ქართველები დაადანაშაულა.
ასაკიდან გამომდინარე, ცოტა შეფერთხილი კი ჩანს ბატონი ანზორი, მაგრამ იმდენად გონებასუსტებად ნამდვილად არ არის, რომ ასეთი რაღაცები შემთხვევით წამოცდეს.
ფონოგრამა ჰქონდა არეული მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგაც მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთს და ევროპარლამენტარების ნაწილს მექრთამეობასა და აგენტურულ საქმიანობაში სდებდა ბრალს?
ალბათ, ისიც გემახსოვრებათ, „ნაცმოძრაობამ“ ფეხებზე რომ დაიკიდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და დიდი დავიდარაბით და წვალებით მიღებულ მიშელის დოკუმენტს ხელი რომ არ მოაწერა.
„ნაცმოძრაობის“ გებელსის, ნიკა გვარამიას, გამოხტომებიც გემახსოვრებათ, ბაზრის დედაკაცივით რომ ლანძღავდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს, კარლ ჰარცელს და სხვებს.
სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“, დიდი ხანია, საიდუმლო სიგნალებს უგზავნიან მოსკოვს: ჩვენ თქვენი ვართ, ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ და მზად ვართ, ეს საქმითაც დავამტკიცოთო.
ამტკიცებენ კიდევაც: რასაც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, თავიდან ბოლომდე რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.
უფრო მეტიც, რაც „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში უკეთებია, ყველაფერი რუსეთის სახეიროდ და სასარგებლოდ კეთდებოდა.
თუ თვალს გავადევნებთ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელს, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს რუსეთი „ნაცმოძრაობის“ ხელით უსწორდებოდა ურჩ და გაუტეხელ ქართველ ხალხს.
„ნაცმოძრაობა“ რუსეთის საეგზეკუციო-სადამსჯელო დესანტივით იქცეოდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაებეჩავებინა, დაეკნინებინა, დაესუსტებინა ქართველი ხალხი.
დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ბლიც-ომით დაგვირგვინდა, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსეთისა და „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიფის ერთობლივი სპეცოპერაცია, რომ ე.წ. სეპარატისტული რეგიონები საბოლოოდ ჩამოშორებოდა საქართველოს.
ხშირად სვამენ კითხვას: ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, იმაზე კი არავინ ამახვილებს ყურადღებას, რა მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა „ნაცმოძრაობამ“ კერძოდ კი სააკაშვილმა, ამ ომის დაწყებამდე.
სააკაშვილმა კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთად გამოაცხადა, აღადგინა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, შიგ შეტენა ახალგორი, რომელიც ჯერ კიდევ გუმბარიძის დროს გამოეყო ამ ოლქს; დაადგინა ახალი საზღვრები, ყოველივე ეს საქართველოს პარლამენტს დაამტკიცებინა, რითაც ორივე სეპარატისტული რეგიონი „კანონიერად“ „აღადგინა“ თავის ადმინისტრაციულ საზღვრებში და ასე იურიდიულად, „ნოტარიალურად“ დამოწმებული და ბეჭედდასმული დოკუმენტებით გაუმაგრა და გაუმყარა საფუძვლები იმ ორ სეპარატისტულ რეგიონს, რომ მომავალში მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა გაადვილებულიყო.
ის, რაზეც ახლა ზერელედ და ზედაპირულად ვისაუბრე, აშკარად შეიცავს საკუთარი სახელმწიფოს ღალატის გამაოგნებელ ფაქტებს, თუმცა ამ ფაქტებზე სერიოზული კვლევა და გამოძიება ქართული სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით არ ჩატარებულა და არც სააკაშვილისთვის მოუთხოვია პასუხი ვინმეს აგვისტოს ომში ელვისებური დამარცხებისთვის, რასაც ასობით ქართველი ჯარისკაცის, მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და, რაც მთავარია, საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოჰყვა.
სააკაშვილს 9 მილიონის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებიან, მაგრამ არავინ ედავება იმ უზარმაზარი ზიანის და ზარალის შესახებ, რომელიც მან ქართულ სახელმწიფოს მიაყენა და რომელიც, ალბათ, 9 მილიონს ასჯერ აჭარბებს.
სააკაშვილს არც იმას ეკითხება ვინმე, რატომ, რა მოტივით გასხვისდა ჩალის ფასად ოკუპანტ ქვეყანაზე სტრატეგიული მნიშვნელობის უამრავი ობიექტი.
მოკლედ რომ ვთქვათ, მართალია, სააკაშვილს, თუნდაც ზეპირსიტყვიერად, ბევრ რამეზე ედავებიან, მაგრამ, როცა, ირიბად თუ პირდაპირ, საქმე ეხება რუსეთთან შემხებლობაში ჩადენილ ამა თუ იმ საეჭვო ქმედებას, გამოძიებაც დუმს და ხელისუფლებაც.
ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რომელთა განხილვას აქ არ შევუდგებით, თუმცა ვიტყვით ერთს: სააკაშვილის პოლიტიკური საქმიანობა, მისი კარიერა, მისი ქმედებები, მისი, ერთი შეხედვით ალოგიკური და რებუსული გადაწყვეტილებები, იმდენად მჭიდროდ არის გადახლართული რუსულ პოლიტიკასთან, რომ სააკაშვილის რთული და ავანტურისტული ბიოგრაფიიდან რუსული კონტექსტის ჩამოშორება ამ ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების პანორამულ სურათს სერიოზულად დაამახინჯებს და დააკნინებს.
ერთ საინტერესო ამბავს გაგახსენებთ, რომელიც, შეიძლება, ბევრს არ ახსოვს.
2003 წლის აგვისტოს ბოლო, ან სექტემბრის დასაწყისი იყო.
თბილისში მძლავრი საპროტესტო გამოსვლები სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
პარლამენტის წინ ხალხმრავალი მიტინგი იყო შეკრებილი.
უცებ „რუსთავი 2“-მა პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილი ჩართო.
სააკაშვილი მოსკოვიდან, წითელი მოედნიდან, მიესალმა მომიტინგეებს, გაამხნევა, სიმტკიცისკენ, ერთიანობისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ მალე ჩამოვიდოდა და შეუპოვარ ბრძოლას გააგრძელებდა.
ორიოდე თვეში „ვარდების რევოლუცია“ მოხდა და მოსკოვიდან სპეციალურად ამ მომენტისთვის ჩამოფრენილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, გამარჯვებული სააკაშვილის მარჯვენა მაღლა ასწია, მერე კი ბათუმში გაფრინდა და სააკაშვილის მთავარი ოპონენტი, ასლან აბაშიძე, მოსკოვში თან წაიყოლა.
მოდით და ამის შემდეგ თქვენ თვითონ გააკეთეთ დასკვნმა, ვინ მოახდინა „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, დასავლეთმა თუ რუსეთმა და ვინ ახეირა ამ რევოლუციის შედეგად მოსულმა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ - რუსეთი თუ დასავლეთი?
2003 წლის იმ პირდაპირი ჩართვის შემდეგ, რამდენიც სააკაშვილს დავინახავ, მის ზურგს უკან წითელ მოედანსაც ვხედავ კრემლის კურანტებიანად.
***
- სააკაშვილი პუტინის მძევალია! - გაჰყვირიან მომიტინგეები და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
ამ ადამიანების უმრავლესობამ, ალბათ, 99%-მა, არ იცის, რომ სააკაშვილი პუტინის მძევალი კი არა, პუტინის აგენტია, რომელიც მის საიდუმლო დავალებას ასრულებს - მისი მიზანია, შექმნას დესტაბილიზაცია ქვეყანაში, გამოიწვიოს არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, დაიღვაროს სისხლი, შემდეგ კი, როცა უმართავი პროცესები დაიწყება, სიტუაციის განსამუხტად და მშვიდობის დასამყარებლად, ისევ რუსები შემოვლენ და „დაგვაწყნარებენ“, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებიათ.
შემოვლენო, კი ვამბობთ, მაგრამ შემოსასვლელი რა სჭირთ, დიდი ხანია, აქ არიან უკვე და სულ ერთი ნაბიჯის გადმოდგმა სჭირდებათ, რომ ჩვენს გვერდით აღმოჩნდნენ.
დიახ, რუსული სცენარის მიხედვით ხდება ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, თუმცა ისეა ეს ყველაფერი შეფუთული და მოწოდებული, თითქოს საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების და იმავე დროს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ილაშქრებს, ხოლო ამ საპროტესტო აქციებისა და მიტინგების ორგანიზატორები რუსული ინტერესების განსახორციელებლად კი არ იღვწიან, არამედ დემოკრატიის განსამტკიცებლად და დასავლური ღირებულებების დასამკვიდრებლად.
როგორც არქიფო უხსნიდა ასინეთას, უკუღმაა ეს ყველაფერი, უკუღმაო.
აგინე რუსეთს, უძახე ოკუპანტი, შენს ოპონენტებს რუსეთის მონები უწოდე, თავი დასავლური ორიენტაციის ერთგულ მიმდევრად და რუსეთის შეურიგებელ მტრად გამოაცხადე, მაგრამ საქმით ის აკეთე, რაც რუსეთის ინტერესებში შედის - აი, ის მარტივი და ბანალური სქემა, რითაც სააკაშვილი და მისი გუნდი მოქმედებდა და მოქმედებს დღემდე.
ამ ფარისევლურ, თვალთმაქცურ, დემაგოგიურ სქემაში, ცხადია, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა უმრავლესობას გარკვევა უჭირს.
მათ სჯერათ ის, რასაც „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ეუბნებიან და გულწრფელად მიჰყვებიან იმ პათეტიკურ, გმირულ-ჰეროიკულ ლოზუნგებს, რომლებსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სთავაზობენ.
რუსეთს ნაკლებად ანაღვლებს, ვინ რას იტყვის მასზე, მისთვის სულ ერთია, გვარამია შეაგინებს თუ გაბუნია, ხოშტარია დააყრის ქოქოლას თუ ნოდარიკო მელაძე, მისთვის მთავარია, რომ ამ ადამიანებმა თუ სხვებმა ხელი შეუწყონ დესტაბილიზაციის, ქაოსის, არეულობის პროვოცირებას და ესკალაციას.
სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები, ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები ზედმიწევნით პროფესიონალურად ასრულებენ აგენტურულ-დივერსიული ქსელის სპეციფიკურ სამუშაოს _ აგინებენ რუსეთს და, იმავდროულად, მის საქმეს აკეთებენ.
ასეთი სტილით მოქმედებდნენ ნაციონალები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც.
- დააბრალე სხვას, რაც შენ თვითონ ხარ! - ამ პრინციპს, როგორც თავდასხმის და, იმავდროულად, თავდაცვის საუკეთესო საშუალებას, ნაციონალები სისტემატურად იყენებენ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ერთი ლარის ღირებულების არაფერი დაუთმია რუსეთისთვის, რუსეთუმეობას აბრალებენ ისინი, ვინც ლამის ნახევარი საქართველო რუსებს უფეშქაშა.
„ქართულ ოცნებას“, რომელსაც ერთი გოჯითაც არ გადაუხვევია დასავლური ორიენტაციისთვის, რუსული ორბიტისკენ გადახრას აბრალებენ ისინი, ვინც 2008 წლის პროვოკაციული ომით რუსეთს დიდი ხნით განუმტკიცა პოზიციები საქართველოში და ქვეყნიდან გაყვანილი რუსული ჯარები უკან შემოაბრუნა.
აი, ამ გაუგონარი უტიფრობისა და ფარისევლობის ატმოსფეროში უწევს დღეს საქართველოს იმ ვერაგი მტრის მოგერიება, რომლის სამსახურში, ნებსით და უნებლიეთ, ათასობით და ათიათასობით ქართველი ჩამდგარა და საკუთარ სამშობლოს დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით უტევს.
როგორ უნდა გავაგებინოთ ჩვენ ამ ათიათასობით ქართველს, რომ მტრის მხარეს იბრძვიან, როცა მათი ტვინების გამორეცხვაზე 24 საათის განმავლობაში სამი ტელევიზია მუშაობს და საკმარისია, მათ წინააღმდეგ ვინმემ ხმის ამოღება გაბედოს, ჩვენი დასავლეთელი მეგობრები მყისვე განგაშს ტეხენ: სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, დემოკრატიას ებრძვით თქვენო.
დემოკრატიას კი არ ვებრძვით, თავის დაცვას ვცდილობთ, საკუთარი სახელმწიფოს დაცვას ვცდილობთ, იდეოლოგიური დესანტის ძირგამომთხრელი საქმიანობისგან, მაგრამ ფოტიგები და კუბილიუსები ამის უფლებას არ გვაძლევენ.
ვინ ხართ თქვენ, ჩვენს მეგობრებად რომ ასაღებთ თავს და ამ დროს ჩვენი მტრის ფარული მოკავშირეებივით რომ იქცევით და ხელებზე დემოკრატიის ბორკილებს გვადებთ, რომ ასე შებოჭილებს და შებორკილებს, თამამად გვიბათქუნონ მელიებმა და ხოშტარიებმა, ბოკერიებმა და ხაზარაძეებმა, გვარამიებმა და მელაძეებმა, გრიგოლიებმა და სანაიებმა…
***
სუს-მა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრების ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც სახელმწიფოს მიმართ მიმართულ შეთქმულებაზეა საუბარი.
მადლობა სუს-ს ამ ჩანაწერისთვის, თუმცა აქვე უნდა ითქვას: რატომ მხოლოდ ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრებზე აღმოაჩინეთ შეთქმულების ნიშნები, განა ყოველდღე მსგავს შეთქმულებებს არ აანონსებენ ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები, ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გაურკვეველი წარმოშობის ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები?
მეცხრე წელია, საქართველო მუდმივი შეთქმულებებისა და მუდმივი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს,
მართალია, თავს იმით ვინუგეშებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთხელ ვერ გადაგვატრიალეს და, დიდი ალბათობით, ვერც მომავალში მოახერხებენ ამას, მაგრამ მაინც არა მგონია, დიდად სახარბიელო და სასიხარულო მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ და თვითკმაყოფილებას უნდა მივეცეთ.
გადატრიალებით ვერ გადაგვატრიალეს, მაგრამ იმ ამბავს რა ვუყოთ, ამ გაუთავებელ ორომტირალსა და ძიძგილაობაში ქვეყანა რომ ზარალდება და ზიანდება და ეროვნული ენერგია ამ წუპაკი მამაძაღლების მოგერიებაში რომ იხარჯება, იმის ნაცვლად, რომ ეს ენერგია სახელმწიფოს განვითარებას და წინსვლას მოხმარდეს.
მატერიალურ ზიანს რომ თავი დავანებით, რით შეიძლება აიზომოს ის ფსიქოლოგიური სტრესი, რასაც ეს არამზადები ქვეყნის მოსახლეობას აყენებენ.
ყველანი ვთანხმდებით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ ეს უბედურება უნდა დავასრულოთ, მაგრამ როგორ და რანაირად უნდა დავასრულოთ, ამის შესახებ საერთო დასკვნამდე ვერ მივსულვართ და, ალბათ, ვერც მივალთ, სანამ არ ვაღიარებთ, რომ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური პარტია კი არა, მტერია, ტერორისტული ორგანიზაციაა, მეხუთე კოლონაა, რომელიც მტრის ინტერესებს ემსახურება და მტერთან მჭიდრო კავშირში მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ იმ სამოქმედო გეგმის კონტურებიც გამოიკვეთება, რომლითაც შეიძლება მტერს ისეთი პასუხი გასცე, როგორსაც მტერი იმსახურებს.
***
კარგად დაიმახსოვრეთ, ძვირფასო მეგობრებო, რუსთავის #12 დაწესებულებაში რუსების მიერ შემოგზავნილი ბომბი დევს, რომელიც გზაში ვიპოვეთ და სახლში წამოვიღეთ.
„პრედახრანიტელი“ აქვს ამ ბომბს გაფუჭებული და, ემანდ, ფრთხილად ვიყოთ - მოულოდნელად არ აფეთქდეს…

ვახტანგ ხარჩილავა