უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული?

უმეცრება თუ მიზანმიმართული დანაშაული?




ვინ, რატომ და რა მიზნით გამოსცა საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო, „ქართლის ცხოვრება“ 2008 და 2012 წლებში გაყალბებული სახით?

„ქართლის ცხოვრება,“ როგორც ცნობილია XII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით იწერებოდა და ივსებოდა. იგი არის საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო, რომელიც ერისათვის ყოველთვის წმინდათა-წმინდად ითვლებოდა, ჩვენი წინაპრები კი მას „პატიოსან წიგნად“ მოიხსენიებდნენ.
ამ წერილით შევეცდებით გავაკეთოთ მოკლე ანალიზი ამ უმნიშვნელოვანეს ქართულ და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიზანმიმართული ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით.
როდესაც „ქართლის ცხოვრებაში“ საქართველოში I საუკუნის წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის გავრცელების ამსახველი ისტორიის გაყალბებისა და განადგურების ფაქტები შევნიშნეთ, უდიდესი პასუხისმგებლობით გადავწყვიტეთ მისი ყურადღებით შესწავლა, რამეთუ გულგრილობა და დუმილი ამ უმნიშვნელოვანესი საკითხისადმი, ისტორიული ძეგლის გამყალბებელთა თანამოაზრეობის ტოლფასია.
ამ საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, ქ. ბათუმში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდნენ მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები. ამ ჯგუფის მთავარ ამოცანას წარმოადგენს 2008 და 2012 წლის „ქართლის ცხოვრების“ გამოცემებში ისტორიის გაყალბების ფაქტების არსებობის დადგენა და სამართლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ ჩვენი უმძიმესი სულიერი განცდის შესახებ, იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები, რომელთა მიმართაც მწვავე კრიტიკული შენიშვნების გაკეთება გვიწევს, მათი უმრავლესობა ქართველი ერისათვის და პირადად ჩვენთვისაც, დიდად საპატივცემულო ადამიანებად გვესახებოდნენ, უფრო მეტიც _ გვეიმედებოდნენ.
მიუხედავად ამისა, სამართლიანობა, ეროვნული ინტერესები, პასუხისმგებლობა ღმერთისა და ერის წინაშე ყველაფერზე მაღლა დგას.
„ქართლის ცხოვრება,“ როგორც უკვე შესავალში აღვნიშნეთ, საუკუნეების განმავლობაში იწერებოდა და ივსებოდა. პირველად, სრულყოფილი სახით, იგი დაიბეჭდა 1849 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, აკადემიკოს მარი ბროსეს ხელმძღვანელობით. შემდეგ გამოიცა მარი ბროსეს და დიმიტრი ჩუბინაშვილის მიერ.
მეფის რუსეთის შემდეგ წიგნი „ქართლის ცხოვრება“ სრულყოფილი სახით გამოიცა თბილისში, 1955 წელს, სადაც ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ.
„ქართლის ცხოვრება“ მეოთხედ გამოიცა 2002 წელს აჭარის ა.რ. მთავრობის ინიციატივით, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ წიგნი გამოდის 1955 წელს გამოცემული „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, რომ წიგნის შინაარსი უცვლელად არის წარმოდგენილი და საავტორო უფლება დაცულია.
„ქართლის ცხოვრება“ მეხუთედ და მეექვსედ გამოიცა 2008 და 2012 წლებში, ქ. თბილისში, სადაც იმ გაუგონარ დარღვევებსა და წმინდათა-წმინდა ისტორიის გაყალბებას ვხედავთ, რის შესახებაც ამ წერილში კონკრეტულად გვექნება საუბარი. კერძოდ:
2008 და 2012 წელს გამოცემული „ქართლის ცხოვრებიდან“ სრულიად ამოღებულია ქართველი ერისათვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ისტორიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, „საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად“ იწოდება. ამოღებულია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოგზავნა ღვთისმშობელმა, ყოვლადწმინდა მარიამმა ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში წმინდა მოციქულები. ამოღებულია ანდრია პირველწოდებულის და სიმონ კანანელის ჯერ ტრაპიზონში და შემდეგ დიდაჭარაში შემობრძანება. თუ როგორ აიგო სოფ. დიდაჭარაში პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია საქართველოში. დიდაჭარის შემდეგ დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება მესხეთში, სვანეთში, ქართლში, ტაო-კლარჯეთში, ოსეთში და შემდეგ სკვითების ქვეყანაში _ ეს ისტორია სრულიად ამოღებულია.
წმინდა მოციქულების მიერ საქართველოში, I საუკუნეში ქრისტიანობის ქადაგების ისტორია წარმოდგენილია მხოლოდ სამეგრელოს მაგალითზე და ისიც გაყალბებული, დამახინჯებული ფორმით. შემდეგ კი პირდაპირ IV საუკუნეში წმინდა ნინოს მიერ ქართლის ქრისტიანობაზე მოქცევაზეა საუბარი.
სამეგრელოსთან მიმართებაში, წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ისტორია კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. კერძოდ: სამეგრელოში ქრისტიანობის ქადაგების ისტორია წყდება იქ, როდესაც მოციქულები სამეგრელოში პირველი ქადაგების შემდეგ გაემართებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საქადაგებლად. მეფე ადერკი, რომელიც ამის შესახებ გაიგებს, გაუწყრება თავის ქვეშევრდომებს, „რომელ მშვიდობით განუტევეს ანდრია მოციქული“ და დამალეს ჯუარნი და ხატნი და მეგრელები უკანვე მოაქციეს, ანუ კერპთაყვანისმცემლობაზე დააბრუნეს.
აი ასე, სამეგრელოში წმინდა მოციქულების გამოჩენით და თითქოსდა უშედეგო ქადაგებით მთავრდება I საუკუნეში საქართველოში წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ისტორია. ამ ისტორიის ბრწყინვალე დასასრული, რომ წმინდა მოციქულები, მეფის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკანვე ბრუნდებიან სამეგრელოში და მეგრელებს ქრისტეს რჯულზე კვლავ მოაქცევენ, მეგრელები აქედან მშვიდობით გააცილებენ სკვითების ქვეყანაში, ეს ისტორია მთლიანად ამოღებულია.
როგორც ვხედავთ, ისტორიის გამყალბებლები მკითხველს მიზანმიმართულად უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ წმინდა მოციქულები I საუკუნეში საქართველოში მხოლოდ სამეგრელოში მოსულან ქრისტიანობის საქადაგებლად, საიდანაც ისინი განუდევნიათ და ამით, თითქოსდა, დასრულებულა ეს ისტორია.
ზემოგანხილულიდან, სამწუხარო რეალობა, ფაქტობრივად, მოწმობს, რომ 2008 და 2012 წლის „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, „საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად“ გამოცხადების და საქართველოში I საუკუნეში წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ამსახველი ისტორიის განადგურებით, ისტორიის გამყალბებლებმა ქართველ ერს გამოაცალეს სამოციქულო ეკლესიის საფუძვლები.
უფრო მეტიც: 2008 და 2012 წლის გამოცემებიდან ამოღებულია და განადგურებულია ისტორია 13 წმინდა მამის, მათ შორის დავით გარესჯელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რაც, ასევე, არ უნდა იყოს შემთხვევითი.
ისტორია მოგვითხრობს წმინდა მამების შუამდინარეთიდან საქართველოში მოსვლისა და მის სხვადასხვა მხარეში სამოღვაწეოდ გამგზავრებას; „ხოლო ლოცვითა წმინდისა მამისა იოვანესითა, მოწაფენი მისნი წარგზავნა წინაძღომითა სულისა წმინდისათა, რომელიმე ქართლს და რომელიმე კახეთს, და რომელიმე უდაბნოდ გარესჯად…“ ეს ისტორია 2008 და 2012 წლის გამოცემებიდან სრულიად ამოღებულია.
დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და მიმდინარეობს გამოძიება, ასეთ დროს განსაკუთრებით ყურადსაღებია.
როგორც 2008 და 2012 წლის გამოცემები მოწმობს, ვიდრე სააკაშვილის ხელისუფლება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს თავისი ტერიტორიით აზერბაიჯანის მხარედ აღიარებდა, მას ჯერ, როგორც ჩანს, მეცნიერულად, ისტორიული საფუძველი გამოაცალეს. საქართველოს ისტორიის მთავარი სახელმძღვანელოდან ამოიღეს ის ჭეშმარიტი ისტორია, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ ეყრება საფუძველი ქართულ სამეფოში, ძირძველ ქართულ მიწაზე, ქართულ მართლმადიდებლურ სამონასტრო კომპლექსს. ისტორია, სადაც ყველაფერი ნათელია, გაუგებარი და სადაო არაფერი არის, უპრინციპო მეცნიერების მიერ „ციხე შიგნიდან ტყდება“ გამონათქვამის თანახმად, როგორც ჩანს, სხვა სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ იქნა განადგურებული, რასაც არანაირი გამართლება არ შეიძლება მოეძებნოს.
ვიმედოვნებთ, რომ 2008 და 2012 წლის „ქართლის ცხოვრებიდან“ დავით-გარეჯის ისტორიის ამოღების ფაქტის შესწავლა სასარგებლო სამსახურს გაუწევს შესაბამის უწყებებს და ხელს შეუწყობს დავით გარეჯის სრულფასოვნად საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას.
აქვე უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ „ქართლის ცხოვრებიდან“ ასევე ამოღებულია სხვა მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები, მაგ. დავით და კონსტანტინეს გმირული ბრძოლისა და მათი მოწამებრივი აღსასრულის შესახებ, თუ როგორ დაირაზმნენ რჩეული ქართველები არაბი დამპყრობლების წინააღმდეგ საომრად. ეს ყველაფერი ამოღებულია.
ისტორიის გაყალბების ზემოაღნიშნული ფაქტები არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ საავტორო უფლების დარღვევად, არამედ, როგორც ჩანს, ეს არის იდეოლოგიური ბრძოლის მზაკვრული ფორმა ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანესი ნაწილის განადგურება, რომელსაც საუკუნეების მანძილზე მთავარი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ჩამოყალიბების და ერთიანობის საქმეში.
იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საქართველოსა და მსოფლიოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის გაყალბებას და მის ხელყოფაში, ამ უდიდეს დანაშაულში, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რაიმე მექანიკურ უყურადღებობასთან ხომ არ გვქონდა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში მექანიკური შეცდომა ძნელად წარმოსადგენია.
ტექსტის ყურადღებით გაცნობისას მსგავსი მოსაზრება იმთავითვე გამოირიცხა. ამ აზრის ჭეშმარიტებას თავადვე ადასტურებს 2008 წელს გამოცემული წიგნის მთავარი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი. იგი წიგნის შესავალი ნაწილის დასასრულს განსაკუთრებულ მადლობას უხდის თავის კოლეგას ციალა ქურციკიძეს, რომელსაც წიგნის გამოცემის წინ, დამატებით, ყურადღებით წაუკითხავს გამოსაცემი ტექსტი.
ტექსტზე მუშაობასთან დაკავშირებით, მთავარი რედაქტორი ასევე აღნიშნავს: „ტექსტის დადგენისას მხედველობაშია მიღებული ყველა ტექსტუალური ვარიანტი, რომელსაც შინაარსეული მნიშვნელობა აქვს“. _ მთავარი რედაქტორის ამ განცხადებაშიც ნათლად იკითხება, რომ გამოსაცემი ტექსტის შინაარსი ყურადღებითაა შესწავლილი, გაყალბებული ფაქტების გადასაფარავად კი, სარედაქციო კოლეგია სხვადასხვა გაუმართლებელ ხერხს მიმართავს.
„ქართლის ცხოვრების“ გამოცემაში წარმოდგენილია ძეგლის შემადგენლობა ტრადიციული (ივანე ჯავახიშვილის მიერ შემუშავებული და სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ განხორციელებული) სახით, _ ბრძანებს მთავარი რედაქტორი 2008 წლის გამოცემის შესავალ ნაწილში, რაც აშკარა ტყუილია. ეს წიგნები ჩვენს წინაშეა და საპირისპიროს ადასტურებენ:
სიმონ ყაუხჩიშვილი, 1955 წლის გამოცემაში, თავის შესავალ სიტყვაში ამბობს: „წინამდებარე გამოცემა მიზნად ისახავს: მაქსიმალური სისრულით წარმოადგინოს „ქართლის ცხოვრების“ ტექსტზე საუკუნოთა განმავლობაში წარმოებულ რედაქციულ მუშაობათა სურათი და ხელი შეუწყოს გვიანდელ ნამატთა გამოვლინებას და მაშასადამე, თავდაპირველი ტექსტის აღდგენას.
როგორც ვხედავთ, საუკუნოთა განმავლობაში წინაპართა ნაღვაწი, ნამატი, რომლითაც „ქართლის ცხოვრებას“ თავდაპირველი სახე დაუბრუნდა _ როგორც ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, 2008 წელს „ქართლის ცხოვრების“ წიგნიდან იქნა ამოღებული, ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ყაუხჩიშვილის სახელი კი მხოლოდ მეტი დამაჯერებლობისთვის, ისტორიის გაყალბების ფაქტების გადასაფარავად არის გამოყენებული.
2008 და 2012 წლის გამოცემების გაცნობისას, ნებისმიერი სპეციალისტი თუ უბრალოდ ყურადღებიანი მკითხველი, დაინახავს, რომ წიგნში გათვლილია ნებისმიერი დეტალი _ სიტყვათა შესწორებები, ძველი ტექსტიდან გასწორებები და ა. შ. რაც იმას მოწმობს, რომ საქართველოს ისტორიიდან უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები არ უკავშირდება უნებლიე შეცდომას, ან რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს.
იმ მოსაზრებას, რომ ადგილი აქვს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის მიზანმიმართულ გაყალბებას, დამატებით ადასტურებს შემდეგი ფაქტები:
წიგნი „ქართლის ცხოვრება“ გაყალბებული ისტორიით გამოიცა 2008 წელს, მაშინ, როცა სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმი თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების ზენიტში იყო და არავინ იფიქრებდა ხელისუფლებიდან უახლოეს დროში მათ წასვლას.
ამიტომ, წიგნში ხაზგასმულად, დიდი ასოებით არის აღნიშნული გამომცემლების, მთავარი რედაქტორის, აკადემიკოს როინ მეტრეველისა და სარედაქციო კოლეგიის წევრების: აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის, ქალბატონ გიული ალასანიასა და სხვების გვარ-სახელები.
ასეთი ცნობილი ადამიანების სახელების გაგონებაზე არაერთმა ჩვენმა მეცნიერმა, ვისი უპირველესი მოვალეობა იყო ხმა აემაღლებინა და ეზრუნა მდგომარეობის გამოსწორებისთვის, პირიქით, სიმხდალისა თუ პირადული ინტერესების გამო დუმილი ამჯობინა. სამართლიანობის პრინციპი კი გვეუბნება: „საღი აზრი უნდა ბატონობდეს ავტორიტეტზე და არა პირიქით _ ავტორიტეტი საღ აზრზე,“ მით უმეტეს, რომ საკუთარი ერის ისტორიის გამყალბებელი მეცნიერი ვეღარ იქნება ავტორიტეტული მეცნიერი.
2008 წლის გამოცემასთან ერთად დიდ გაოცებას იწვევს 2012 წლის გამოცემაც, რომლის შინაარსიც იგივეა, რაც 2008 წლის გამოცემისა, იგივე გაყალბებებით, ოღონდ წიგნზე, ამჯერად, აღარ არის მითითებული ინფორმაციები მთავარი რედაქტორის და სარედაქციო კოლეგიის შესახებ. საერთოდ გამქრალია ყველა რეკვიზიტი იმის შესახებ, თუ ვინ იმუშავა ამ წიგნზე, ვის უნდა ვუმადლოდეთ ამ „ღვაწლს.“
ვფიქრობთ, აქ დიდი გამჭრიახობა არ არის საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი აქვს „ქართლის ცხოვრების“ მიზანმიმართულ გაყალბებას _ კერძოდ, როდესაც 2008 წლის გამოცემა, გაყალბებული ისტორიით, მზად იყო განმეორებით გამოსაცემად, ამ დროს 2011–2012 წლებში, სააკაშვილის რეჟიმი სუსტდება და აშკარა დამარცხებისთვის არის განწირული. ამიტომ სარედაქციო კოლეგიამ, უკვე ვეღარ გაბედა თავისი ვინაობის წარმოჩენა, ვინაიდან იცოდნენ, თუ რაოდენ დიდ დანაშაულთან ჰქონდათ საქმე, თუ როგორ უპატიებელ ცოდვასთან ჰქონდათ წილი ნაყარი. ამიტომ, შეცვლილია წიგნის დიზაინი, შინაარსი კი იგივეა, სრული სიზუსტით, როგორც 2008 წლის გამოცემაში.
2008 და 2012 წლის გამოცემა, რომ ერთი და იგივე პირთაგან არის გადაწერილი და გაყალბებული, ამაში დარწმუნდება ყველა, ვინც კი მის შინაარსს გაეცნობა. ამას მოწმობს სხვა მრავალი ფაქტიც, რომლის მითითებაც შორს წაგვიყვანდა. ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმუშაონ.
მეორე ფაქტი, რომელიც ისტორიის გაყალბების მიზანმიმართულ მზაკვრულ ჩანაფიქრზე მიუთითებს, არის შემდეგი:
2008 წლის გამოცემას სარედაქციო კოლეგია უძღვნის საქართველოს პატრიარქის დაბადებიდან 75-ე და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავს.
ასეთი მიდგომა ისტორიის გამყალბებელთა მხრიდან მზაკვრული ჩანაფიქრის დასაფარავად, მეტი დამაჯერებლობისათვის არის გამოყენებული, ისე, როგორც ივანე ჯავახიშვილის და სიმონ ყაუხჩიშვილის სახელების დამოწმება. სწორედ ასეთი შემთხვევის შესახებ აფრთხილებდა უფალი ისეო თავის მოწაფეებს, მათ შორის, ანდრია წმინდას, ვიდრე საქართველოში წამოვიდოდა საქადაგებლად: „ერიდეთ ცხვრის ქურქში მგლებს“.
ესა სიბრძნე, რომელიც, როგორც ვხედავთ, არასოდეს კარგავს თავის აზრს.
ქვემოთ „ქართლის ცხოვრების“ გაყალბების კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვანთ:
2008 წლის გამოცემის შესავალში, მთავარი რედაქტორი სიამაყის გრძნობით აღნიშნავს, რომ „ქართლის ცხოვრების“ გამოცემაზე მუშაობა 2004 წლიდან დაიწყეს, ანუ სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან. თითქოსდა ამ დღიდან მიექცა ამ დიდ ეროვნულ განძს ყურადღება. აქვე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ იგი საუბრობს 2004 წლამდე გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაზე,“ რომელიც კი ოდესმე გამოცემულა სხვადასხვა დროს, მაგრამ არ ახსენებს სულ ორი წლის წინ, 2002 წელს, გამოცემულ „ქართლის ცხოვრებას,“ რომელიც ტრადიციული, სრულყოფილი სახით არის გამოცემული.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას შემდეგი:
„ქართლის ცხოვრება“ ათეული საუკუნეების განმავლობაში მოღვაწე მამულიშვილების, მწერლების, მეცნიერების მზრუნველობით, მათ შორის, სხვა ეროვნების ადამიანების თანადგომით იწერებოდა და ივსებოდა. გამოიცა არაერთხელ, ითარგმნა უცხო ენებზე, ურიცხვ მრისხანე დამპყრობლების ხელში გამოიარა და, მიუხედავად ამისა, ჩვენამდე თავდაპირველი ფორმით მოაღწია. ამასთან დაკავშირებით, ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა“ წინასიტყვაობაში გაკეთებული არის მიმართვა ქართველი ერისადმი:
„პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო, „ქართლის ცხოვრება“ გარყუნილ იყო, რომელიმე მწერალთა მიერ და რომელიმე ჟამთა ვითარებათაგან.
ხოლო მეხუთემან ვახტანგმან (საუბარია ვახტანგ VI-ზე. – ავტ.) შეკრიბა მეცნიერნი კაცნი და მოიხუნა რაცა რამ ქართლის ცხოვრებაები პოვნა, კუალად გუჯარნი მცხეთისანი, გელათისანი, და მრავალთა ეკლესიათა და დიდებულთანი და სხუანიცა წერილნი რომელიმე სომეხთა და სპარსთა და სხვათა ცხოვრებისაგან გამოხვნეს და ისრეთ აღწერეს და შეამოწმეს, და რომელ გარყუნილ იყო გამართეს“.
ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ, სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. 2004 წლიდან „ქართლის ცხოვრება“ კვლავ „გარყუნილ“ იქნა ჟამთა ვითარებათაგან და თანამედროვე „რომელიმე გადამწერთაგან.“
2020 წლიდან, ჩვენს მიერ გაყალბების ფაქტების აღმოჩენიდან, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ გამყალბებელთაგან, ან ვინმე, ვინც პირადი სარგებლობის მიზნით გულგრილად შეხვდა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს და დუმილს არჩევს, შესაძლებელია, თავი იმართლოს ერთი გარემოებით, კერძოდ, იმით, რომ 2008 წლის გამოცემის სარედაქციო კოლეგიამ ისარგებლა XV საუკუნეში გამოცემული „ქართლის ცხოვრებით,“ რომელიც შეიქმნა კახეთის მეფის ალექსანდრე I-ის მეუღლის, ანა დედოფლის შეკვეთით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში, I საუკუნეში, წმინდა მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგების ისტორია ამოღებული ყოფილა. ასეთი არგუმენტის მოშველიება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საფუძვლიანი არგუმენტი და გამამართლებელი „ქართლის ცხოვრების“ გაყალბებისა, რამეთუ ის ისტორიული წერილობითი წყაროები, რომელიც XV–XVII საუკუნეებში გადამწერთაგან იქნა გაყალბებული, შემდგომ, როგორც ვნახეთ, საფუძვლიან წყაროებზე დაყრდნობით, „სწავლულ კაცთა“ კომისიის მიერ გადამოწმებული და გამართული იქნა.
XV–XVII საუკუნეები, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ბნელი დროა საქართველოს ისტორიაში. თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ ვხედავთ ირანის თავგამოდებულ ბრძოლას ქართლ-კახეთის მოსახლეობის, როგორც ქართველი ერის საბოლოოდ გადაგვარება-განადგურების მიზნით.
ყველასათვის ცნობილი ეს ისტორია შემთხვევით არ გვიხსენებია. ეს ფაქტი მოწმობს, რომ, თუ კახეთის დედოფლის ანას შეკვეთით გადაწერილ „ქართლის ცხოვრებაში“ ლეონტი მროველის თხრობიდან გამოტოვებული არის წმინდა მოციქულების მიერ საქართველოში ქრისტიანობის ქადაგების ისტორია, აქ შეიძლება საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ სწორედ ირანის გავლენით, როგორც იდეოლოგიური ბრძოლის ხერხი, შეკვეთილი და განხორციელებული იქნა „ქართლის ცხოვრების“ გაყალბებული ვარიანტი, რამეთუ ქრისტიანული რწმენა იყო მთავარი სულიერი ძალა, რის გამოც შაჰმა ვერ შეძლო ქართლ-კახეთის საბოლოოდ დამორჩილება და განადგურება.
ამ მოსაზრებას შეიძლება ადასტურებდეს ის ისტორიული სინამდვილე, რომ სწორედ ანა დედოფლის შემდეგ პერიოდში ხდება ირანის განსაკუთრებულად აგრესიული პოლიტიკის გატარება ქართველების მიმართ, კერძოდ, კახეთში მეფე-მამის და და-ძმის მკვლელი მირზა ხანის გამოგზავნა, შემდეგ ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული, სადაც შაჰის მთავარი მოთხოვნა ქართველი დედოფლის მიმართ ქრისტეს რჯულის უარყოფა იყო…
სწორედ ამიტომ XVIII საუკუნეში, ვახტანგ VI-მ მიზნად დაისახა გადამწერთაგან „გარყუნილი“ მთელი ტექსტების რედაქტირება მოეხდინათ და აღედგინათ საქართველოს ისტორიის რეალური სახე. ამ მიზნით, როგორც ვიცით, „სწავლულ კაცთა კომისიამ“ თავისი მისია პირნათლად შეასრულა ბერი ეგნატაშვილის ხელმძღვანელობით.
ივანე ჯავახიშვილი „ქართლის ცხოვრებაზე“ მუშაობისას დარწმუნებულა სწავლულ კაცთა კომისიის მაღალ კომპეტენციაში, რაც კარგად აისახა 1955 წელს ყაუხჩიშვილის მიერ გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაში,“ სადაც XV საუკუნეში გადამწერთაგან ამოღებული და გაყალბებული ისტორია აღდგენილია და სრულყოფილად არის წარმოდგენილი.
ამდენად, ამ ისტორიის ჩვენი დროის გამყალბებლებსა და საკუთარი ინტერესების გამო მათ მხარდამჭერებს ანა დედოფლისეული „ქართლის ცხოვრების“ ვარიანტი არგუმენტად არ გამოადგებათ და ამით კიდევ უფრო დაიმძიმებენ დანაშაულს.
როგორც ვხედავთ, XV–XVII საუკუნეებში, საქართველოსთვის უმძიმეს დროს, გადამწერთაგან „გარყუნილ“ _ როგორც ამას ვახტანგ VI-ე უწოდებს, „ქართლის ცხოვრებას“, 300 წლის შემდეგ „სწავლულმა კაცებმა“ თავისი ღირსეული სახე დაუბრუნეს, მის გამყალბებლებს კი ისტორიამ თავისი ადგილი მიუჩინა.
დღეს ვხედავთ, რომ ვახტანგ VI-ის და სწავლულ კაცთა მოღვაწეობიდან კვლავ 300 წლის შემდეგ თანამედროვე გადამწერთაგან „გარყუნილი“ „ქართლის ცხოვრება,“ ისევ ყურადღების ცენტრში ხვდება, იგივე სამწუხარო მიზეზის გამო.
აქვე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ კიდევ ერთი გარემოების შესახებ:
შავბნელი XV–XVII საუკუნეებისაგან განსხვავებით, დღეს, უმაღლესი ტექნოლოგიების, ინტერნეტის ეპოქაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქალაქო, საუნივერსიტეტო, საეკლესიო ბიბლიოთეკებში, ქვეყნის ისტორიის მთავარი სახელმძღვანელო „ქართლის ცხოვრება“ „გარყუნილი“ და გაყალბებული სახით, მთელი 13 წლის მანძილზე, დღემდე, რატომღაც, შეუმჩნეველი რჩებოდა… ამ უდიდეს ცოდვაში აღებული „ვერცხლით“ კი რამდენმა ფუფუნებაში და დიდ პატივში განვლო სიცოცხლე, მაგრამ დღევანდელი დღე მოწმობს, რომ „არა არს დაფარული, რაიცა არა გამჟღავნდეს.“
„ქართლის ცხოვრებასთან“ დაკავშირებული ზემოგანხილული ფაქტები მოწმობს, რომ ქართველი ერის, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის საქართველოს მტრების კრახით მთავრდება. ამის შესახებ თვით ისტორია მოგვითხრობს: „ამ ხელთუქმნელი ხატით ხელში მოაქციეთ ჩემი წილხვედრი ქართველები და თავდებიც ვიქმნები არავინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ“, _ ასე მოუთხრობდნენ საქართველოში მოსული წმინდა მოციქულები – ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი ღვთისმშობლის დანაბარებს ჩვენს წინაპრებს. ასე დამკვიდრდა ეს ბრწყინვალე ისტორია საქართველოსა და მსოფლიოში.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს შემდეგი სახის ღონისძიებები:
1. მომხდარი ფაქტით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი უწყებები, კერძოდ: წიგნის „ქართლის ცხოვრების,“ როგორც ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფისა და საქართველოს ისტორიის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით.
2. აღნიშნული ფაქტი, კერძოდ, წმინდა მოციქულების მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელების ამსახველი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება და გაყალბება შეიძლება შეფასდეს საქართველოსა და მთლიანად კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი ფაქტი: 1980-იანი წლების ბოლოს ავღანეთში, თალიბების მიერ ბუდას ძეგლის აფეთქება, „იუნესკოს“ მიერ შეფასდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად.
ამიტომ მიგვაჩნია, რომ წიგნი „ქართლის ცხოვრება“ (1955 წელს გამოცემული სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით), რომელიც ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „იუნესკოს“ დაცვის ქვეშ უნდა იყოს.
3. საქართველოში მოქმედი ყველა ბიბლიოთეკიდან დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფალსიფიცირებული 2008 და 2012 წლის „ქართლის ცხოვრების“ ამოღება.
4. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ „ქართლის ცხოვრების“ ყოველი შემდეგი გამოცემა ეყრდნობოდეს 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქტორობით გამოცემულ „ქართლის ცხოვრების“ ტექსტს.
ძველი გამოცემები უკვე შელახულია და გამოუსადეგარი ხდება მოხმარებისათვის. გამყალბებელთა ჯგუფი ამ მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა გაყალბებული ისტორიით მის ჩანაცვლებას.

საინიციატივო ჯგუფი:
ნიაზ ბოლქვაძე – საქველმოქმედო ფონდის „წინაპართა მემკვიდრეობის გადასარჩენად“ თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ფილოსოფოსთა საზოგადოების წევრი;
აკაკი ბერიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი-ემერეტუსი;
ჯემალ მიქელაძე – ისტორიის დოქტორი, მხატვარი-არქიტექტორი, ბ.ს.უ. კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ- თანამშრომელი;
ნუგზარ ჩხაიძე – ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი, ბ.ს.უ. კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ალექსანდრე დიასამიძე – გეოგრაფიის დოქტორი;
აკაკი ზოიძე – განათლების აკადემიური დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი;
ნოდარ ბასილაძე – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
შალვა აბაშიძე – ისტორიკოსი, პუბლიცისტი.
ცისანა ანთაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი;
გურამ ფუტკარაძე – მხატვარი, მხატვართა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბათუმის
საპატიო მოქალაქე;
ლილი ბოლქვაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო ახობაძე – ექიმი;
ოთარ ფუტკარაძე – ჟურნალისტი;
მანანა წულუკიძე – პედაგოგი, კულტ. საგანმანათლებლო ორგანიზაცია,, მწიგნობარი“-ს დირექტორი.
ქ. ბათუმი, 23 ივნისი, 2021 წელი

რედაქციისაგან:
სახელმწიფოებრივად უაღრესად მნიშვნელოვან ისეთ საკითხს ეხება აჭარიდან საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოგზავნილი ეს წერილი, რომ მის გამოქვეყნებაზე უარის თქმა ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა.
ჩვენ საშუალება მივეცით ერთ მხარეს, თავისი მკვეთრად კრიტიკული მოსაზრებები გამოეთქვა „ქართლის ცხოვრების“ 2008 და 2012 წლის გამოცემების შესახებ.
ახლა იგივეს ვთავაზობთ მეორე მხარეს, ანუ მეცნიერთა იმ ჯგუფს, რომელმაც დასაშვებად მიიჩნია „ქართლის ცხოვრება“ იმ სახით გამოცემულიყო, როგორც ის 2008–2012 წლებში გამოიცა.
ვფიქრობთ, ჯანსაღი დისკუსიით და კომპეტენტური მოსაზრებების შეჯერებით მივალთ იმ საერთო დასკვნამდე, რომელიც სასარგებლო და მისაღები იქნება ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის.

„საერთო გაზეთი“