უმიწაწყლო

უმიწაწყლო




(დოკუმენტური ნოველა)

სარფის მოსადგომებთან დაბანაკდა, იქითა სარფის მისადგომებთან, თურქეთის მხრიდან. დაბანაკდა რა, ერთი ზურგჩანთა წამოიღო კიევიდან, სადაც სამი ცალი „ტრუსიკი“ და ერთი „რეიტუზი“ უდევს, კბილების სახეხი „ჩოთქიც“ კი დაავიწყდა. გამომყოლმა დააბნია, ჩქარა, თორემ დაგვაგვიანდება, საზღვარზე ჩემი ძმაკაცები შეიცვლებიან, მერე ვეღარ გადავალთო. ძველი „ვილისით“ ძლივს ჩამოაღწიეს. საქულამ (ასე ჰქვია შოფერს) აქამდე მოაცილა, ფული ჩაიჯიბა, მანქანა ამოქოქა, ღმუუუუუო და... ეგრევე გაუჩინარდა, შეეშინდა, ემანდ ხელი არავინ მტაცოსო.
მდინარე ტობაშის ნაპირამდე ასიოდე მეტრი თუ იქნებოდა. მთელი საღამო ჟინჟღლავდა. მიხო ეულად მდგარ ხესთან მიჩოჩდა, ჩანთა კუნწუხზე მიაგდო, მიმოიხედა, გარემო მოათვალიერა, გულის ამოსკვნით ამოიოხრა და მიმოფანტული ჩხრიმლების მოგროვება დაიწყო. ჯიბიდან ასანთი ამოიღო, დანესტილიყო, იწვალა, როგორც იქნა, წაუკიდა. ცეცხლი აბრიალდა, იქაურობა განათდა. სამშობლოს მხრიდან სიომ დაუბერა, ამ სიოს სულ სხვანაირი სურნელი მოჰქონდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ბათუმიდან უბერავდა. როგორ მიხვდა? ჰმ... ის ხომ ეგეთ რაღაცებში პროფესიონალია? სიოს რამოდენიმეჯერ ხინკლისა და სუშის სუნიც შემოჰყვა. მიხომ ნაბოტოქსარი, უკვე მოდღლეზილი ტუჩები გააწკლაპუნა, კაი გვარიანად მოშივნოდა. უნდა მოითმინოს, ხვალ ბათუმში იქნება, ჩვეულებისამებრ დანაყრდება და გაძღება კიდევაც. საერთოდ, ძღომა ძალიან დიდი სიამოვნებაა, ადამიანი ძღომისთვისაა გაჩენილი, – გაიფიქრა გულის კუნჭულში. ხის ქვეშ ერთი მონაკვეთი მშრალი დარჩენილიყო, წვიმას ჯერაც ვერ ჩაეღწია იქამდე. მიხო წამოწვა, მარჯვენა ხელი ყურთბალიშად ამოიდო და ფიქრებში ჩაიძირა. ადრე ასე კარგად არ ესმოდა გიორგი სააკაძისა, ის კი არა, ზოგჯერ ამტყუნებდა კიდევაც, ამხელა გავლენის კაცი როგორ და რანაირად უნდა გაქცუნებულიყო სამშობლოდან? ახლა ესმის. თურმე ყველაფერი შეიძლება დაგემართოს ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, აღმაშენებელი ხარ, მხედართმთავარი თუ დიდი სარდალი. თვითონ ერთიც არის, მეორეც, მესამეც, მაგრამ მერე? ხომ დეემართა ფარცაგი რამე? არაუშავს, ყველაფერს აქვს „სამზღვარი“, მალე მის ქუჩაზეც გამოზაფხულდება, ამოვა მზეი და განათდება. სანამ მზია ბაბო ცოცხალი იყო და რესტორან „წისქვილის“ წილში იჯდა, ეგრე არ უჭირდა, ის სუ არიგებდა, აღებული „რაზგონიდან“ არ გადაუხვიოო. არც უხვევდა, აეგრე მიდიოდა და მიდიოდა დოსტოღრივ. ამ სიტყვის მნიშვნელობა ადრე არ იცოდა, კახეთში უთხრა ერთმა პაპამ და იგრე მეეწონა, მეტი არ იქნება, გადაირია. „დოსტოღრივ“ ნიშნავს პირდაპირს, შარაგზაზე რო გახვალ და გაუბერამ. მზია ბაბომ ანდერძად დაუტოვა, შვილო, შე ვირიშვილო, თუ ერთხელ გაუბერე, აღარ უნდა გაჩერდე, მთელი ცხოვრება უნდა უბეროვო.
ტელეფონმა გაიწკარუნ-გამოიწკურუნა, დახედა, გეეღიმა, „ძირმაგარა“ ურეკავდა.
– ჰო, მურმან, მე უკვე აქ ვარ, აქეთა სარფში.
– მოგესალმებით, ამხანაგო პრეზიდენტო!
– კაი, არ გინდა ეხლა იმნაირობა, ბათუმში როდის გადამიყვანთ?
– მე იღლიაში ძირმაგარა გამომივიდა, ბუასილიც მაწუხებს, ჯელალ ქიქავას დავურეკავ და მოგაკითხავს, ვარშალომიძემ რაო, ვერაო? – დაინტერესდა მურმანი.
– ვარშალომიძე არ უნდა გავრიო ამ საქმეში, მეტყევეები ეგრევე იცნობენ. ჯელალს დაურეკე, თან გააფრთხილე, ფარულად მომაკითხოს, ცხენივით რო იცის ჭიხვინი, არ იჭიხვინოს.
– გავაფრთხილებ, გრიქულ ოღრაშიძეც მოგაკითხავს თავისი „ვოლგით“.
– ჰო, ოღრაშიძე სანდოა, ჩვენი კაცია.
– სანდო კი არა, უსანდოესია, ამხანაგო პრეზიდენტო. ესე იგი, თქვენ იმ ხესთან ხართ, სადაც გითხარით?
– რა თქმა უნდა, ქვემოთა ტოტზე ფოთლები დავითვალე, ზუსტად 243 ცალი გამოვიდა, როგორც მითხარი, – ისევ ამოიხვნეშა მიხომ.
– ჰო, ხვალ დილით წამოგიყვანთ და ერთად ვიგულაოთ ბულვარში, ჩემი ღრმა რწმენით, ესენი დაპატიმრებას ვერ გაგიბედავენ, თქვენ ხართ უძლეველი პიროვნება არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთელ მსოფლიოში, მარჯვენა იღლიაში ძირმაგარა გამამივიდეს, თუ ვტყუოდე! – გახურდა მურმანი.
– მაიცა, თუ ბუასილი გაწუხებს, ბულვარში რანაირად უნდა ვიგულაოთ?
– შორიახლოდან გიყურებთ, თქვენ იგულავებთ, მე კიდევ დავტკბები, წლებია, რაც არ მინახავხართ.
– გენატრებოდი, ძირმაგარ... უი, მურმან? – ენაზე იკბინა მიხომ.
– ძალიან, ჩემო პრეზიდენტო, ფეხებშუა ძირმაგარა გამამივიდეს, თუ ვტყუოდე.
მიხომ ტელეფონი გათიშა. შეამცივნა. ცეცხლიც ნელ-ნელა მინავლდა. პალტო უნდა წამოეღო, არ ინდომა. ლიზამ კი უთხრა, ჩაგიდებო, მაგრამ უარი უთხრა, ეგონა, სარფს გაღმა 100 ათასი მოწამე ქართველი დახვდებოდა და თბილი ტანისამოსიც არ იქნებოდა პრობლემა. მიხო გაოგნდა, არავინ გამოვიდა, თავი არავინ შეიწუხა. არადა, ეგონა, კოლონებით გადაიჭედებოდა საქართველოს გზები და გზაჯვარედინები. ტანში გააჟრჟოლა, ეხლა ერთ ჭიქა ცხელ ჩაიზე მთელ სამეფოს გაცვლიდა. ჰმ... ჩაეცინა, სადღა აქვს სამეფო, რა უნდა გაცვალოს? ლიზამ უთხრა, მეც წამიყვანე, ჩაის თუ არა, ბალბას მაინც მოგიდუღებო. მტკიცე უარი სტკიცა, საქართველოში ბალბის მომდუღებლის მეტი ვინ მყავსო? ლიზა მიხოს ახალი ცოლია, 30 წლისაა, პოლიტიკოსი, უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ წევრია. ოქსფორდის სკოლის საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურაში სწავლობს. მართალია, თაფლაობა ცოტა ხელს უშლის და მიხოც მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ ყველაფერი ახალი კარგია. ეს ჯერ კიდევ ბერძენმა ფილოსოფოსებმა თქვეს ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. მიხოს ჩაეძინა, მისი ხვრინვა რაღაც განსაკუთრებულ მელოდიურობას სძენდა ირგვლივ გამეფებულ წკვარამს.
***
მიხო აქეთა სარფში ხოხიალით გადმოიყვანეს. არა, თვითონ მოინდომა ასე, შეიძლება რუსებმა დაგვბომბონ, თავს ვიცავო, ერთი კაცი ზემოდან თუ დამაწვება, კარგი იქნებაო. სულ ორნი იყვნენ, ერთი მძღოლი თავის ნაცრისფერი „ვოლგით“ და მეორე კიდე ისა... ვინაობის გამხელა დაუშვებელია, დაიჭერენ. ის დააწვა ზემოდან. თან არწმუნებდა, ნუ გეშინიათ, ამხანაგო პრეზიდენტო, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ვართ, აქ რუსებს რა უნდათო? ჰმ... რას მასწავლი, რუსები სად არიან და როგორ არიან, ჩემზე უკეთესად იციო? გამყოლი კი არა და... დამწოლი გაჩუმდა, გულის კუნჭულში გაიფიქრა, ამასთან ლაპარაკიც არ შეიძლება, ამ ჩემისასთანო.
ახლებურმა ბათუმმა აღაფრთოვანა, ერთი-ორჯერ გადმოხტომა დააპირა, მაგრამ „მანქნის“ კარი თოკით გადაურაზეს.
– მართლა მაგარი რაღაცები გაკეთებულა, მაგრამ ჩემი დაწყებული იყო, მე უფრო მაგრად გავაკეთებდი, – აჭყლოპინდა მიხო.
– რას ამბობთ, ამხანაგო პრეზიდენტო, თქვენ დროს რო კეთდებოდა, იმას მაინც სულ სხვა ეშხი ჰქონდა! – მიუგო იმან.
– ეხლა არჩევნებს ჩავატარებთ, ბიძინას დავამარცხებთ და ისევ გაგრძელდება აღმშენებლობა, აააააღღღღყყყყყყყ! – გადაიკისკისა მიხომ.
– ხნუ, ხნუ, ხნუუუუუ! – გადაიხარხარა იმანაც.
– მაიცა, გააჩერეთ, ლაივში უნდა ჩევერთო, – ატყდა მიხო.
– ეგ რაღაა, ამხანაგო პრეზიდენტო? – მოუტრიალდა შოფერი.
– ეეეხხყ, ხედავთ, როგორი ჩამორჩენილები ხართ ბიძინა ივანიშვილის ხელში?
– ჩამორჩენილები კი არა, საშინელ დღეში ვართ, პირდაპირ ვგმინავთ ივანიშვილის უღელში! – აწუწუნდა ის.
– მერე?! – შეჰკივლა მიხომ.
– თქვენი იმედი გვაქვს, ამხანაგო პრეზიდენტო, თქვენ ვერ დაგიჭერენ, ვერ გაბედავენ! – შესძახა იმან.
– ააააახხხხყყყყ... ვინ უნდა დამიჭიროს, ივანიშვილმა? სად აქვს მაგისი თავი? მე ყველგან ვარ, ბათუმშიც, ქუთაისშიც, თბილისშიც, ყვარელშიც!
მოსაღამოვდა, ისევ აცივდა. შოფერმა და იმან კაპოტზე „კალბასი“ დაჭრეს, ბერძნულ ყაიდაზე გამომცხვარი პური ატეხეს, საიდანღაც არყის „რუმკები“ გამოაძვრინეს და 800-გრამიანი „სტალიჩნიც“ დადგეს.
– თქვენ ჩამოსვლასა და ჩვენ დახვედრას გოუმარჯოს, ამხანაგო პრეზიდენტო, – წარმოთქვა იმან.
– მეგონა, დახვედრა უფრო გრანდიოზული იქნებოდა, – ჩაილაპარაკა მიხომ და „რუმკა“ ერთ ყლუპად გამოცალა.
– უნდა გაგვიგოთ, ჩვენ ყოფას გაგებით უნდა მოეკიდოთ, ძალიან მძიმე დროა, გვითვალთვალებენ, გვისმენენ, დაგვდევენ, გვაშინებენ, გვაშანტაჟებენ, გვცემენ, გვაწამებენ, დედებს გვიტყნავენ... არადა ოჯახები გვყამს, ეგრე ხო არ არი?! – წამოუჭარხლდა სახე შოფერს.
იმან თვალები დაუბრიალა, შენ რეებსა ჰბოდამო? შოფერმა თავი ჩაჰკიდა, ქვემოდან დაიწყო ყურება, სახე მოეღრიცა, ქვადარტყმულს დეემსგავსა.
– ეხლა, ამხანაგო პრეზიდენტო, იმ კუნწუხიდან „მარშრუტკა“ ჩამაივლის, ჭუჭუ ღურწკაიას კარტოფილი მიაქვს ხოლმე თბილისში, ნავთლუღის ბაზარში, იქამდე მიგიყვანთ, მერე კიდენა თქვენ იცით... იმედია, უმფროსი რო გახდებით, დაგვიფასებთ ამაგსა და გარჯასა.
მიხოს არ ესიამოვნა ეგეთი დამოკიდებულება, ეგეთმა ბუმბერაზმა, სახელმწიფოს დამაარსებელმა კარტოფილის „მეშოკებში“ გაჩხერილმა უნდა იმგზავროს? თუმცა ხმა არ ამოუღია, ბოღმა გულში ჩაიტრიალა.
ჭუჭუ ღურწკაია სიტყვაძუნწი ადამიანი აღმოჩნდა. მიხოსთვის არც კი შეუხედავს, ძველი „ფორდი“ „პროვოდების“ ერთმანეთზე მიდებით დაქოქა და ღმუუუუუუ... გეზი თბილისისკენ აიღო. მიხოს სახე არ გამოუჩენია, თავზე „კაპიშონი“ წამოიხურა და კარტოფილის „მეშოკზე“ მიდო. ამ დროს ლიზამ დარეკა, ამან უხალისოდ დახედა ტელეფონს, ჯერ არ უნდოდა ლაპარაკი, არ იცოდა, რა უნდა ეთქვა, ხომ არ გაუმხელდა, ჩემ სამშობლოში არავინ დამხვდაო? თუმცა „იესს“ თითი მაინც დააჭირა.
– როგორ ხარ, საკვარელო, თბილისში ხარ უკვე? – გაისმა იქიდან, უკრაინიდან.
– ჯერ არა, მალე ვიქნები, მოსახლეობა რუსთაველის გამზირზე მელოდება, რეგიონებიდან კოლონები თბილისისკენ მოემართებიან, ასი ათასობით ადამიანი დგას ჩემს გვერდით, ივანიშვილი გაქცეულია, ღარიბაშვილი აქ აღარ არი, დანარჩენებიც გარბიან! – ჩამოარაკრაკა მიხომ.
– გილოცავ, საკვარელო... ბაკაკი წკალში კიკინებს?
– ჯერ არა, ბაყაყმა ჯერ არ იცის.
– ცოტა ხანში „ფაცებუუკზე“ ვიდეოს დავდებ, შენ რო ლაპარაკობ ახალ ოჯახზე! – განაცხადა უპრინციპულესად ლიზამ.
– აააახხყყყყ... ჯერ არა! – ამოიგმინა მიხომ.
ბაყაყში სანდრას გულისხმობდნენ, მიხოს ცოლსა, ამდენი შვილების დედასა, ქართველების უმანკო რძალსა, მეგრული სიმღერების უბადლო შემსრულებელსა, ამჯერად კი ქმრისგან უარყოფილსა. სიყვარულმა მე კი არა, გადარია ტარიელიცო, გაიფიქრა ამხანაგმა ყოფილმა პრეზიდენტმა.
***
ჭუჭუ ღურწკაიამ მუჯლუგუნით გააღვიძა მიხო, ისევ არ შეუხედავს, მუქთ კლიენტებს ეგრე ცივად ეპყრობოდა ხოლმე. ამაზე უთხრეს, მერე გადაგიხდის, როცა პრეზიდენტი გახდებაო, ერთხელ უკვე იყოვო. იყო არა, ჩემი ფეხებიო, გაიფიქრა ჭუჭუმ და სიჩქარე „დ“-ში გადართო.
მიხოს ნავთლუღში ტიპი დახვდა, იგეთი შავი იყო, ბუხრიდან წიხლით ჩამოგდებულსა ჰგავდა. მე იმან გამომაგზავნა, გოგია ვარ ჩუტრუკიშვილიო, შეიძლება ვერ გამიხსენოთ, ერთხელ თქვენი ვენახი თავში შავხვდით ერთმანეთსაო... ეგე, მთა მთაი ვერა, თორემა კაცი კაცსა ყოველთვის შაჰხვდებაო. ჰო, გამახსენდიო, მიუგო, ვითომ მართლა გაახსენდა. ეხლა, ამხანაგო ნაპრეზიდანტალო, როგორც დამავალეი, სანზონაში უნდა წაგიყვანოვო. რას ამბობ, ბატონო ჩუტრუკიშვილო, სანზონაში ცოტა იგეთი ხალხი ცხოვრობს, სხვანაირი გაგებისა, იქ რა მინდაო? მომკლავენ, შენ გიჟი ხომ არა ხარო?!
ჩუტრუკიშვილმა დაამშვიდა, მთელი სანზონა ხელში მიჭირავსო, ნუ გეშინია, ბიჭები ცივ ნიავს არ მოგაკარებენო. გაჰყვა. სანაპიროზე გავლისას გული აუფანცქალდა, ლამის ამოუხტა საგულედან. ერთ ხანობას მტკვარში გადახტომაც მოუნდა, მაგრამ ჩუტრუკიშვილმა დაიჭირა. განა თავის მოკვლას ვაპირებო? შეჰღაღადა მიხეილმა. მანამდე ორთაჭალაში მთლად გადაირია, სისხლმა ყივილი დაუწყო, „ვონცეს, ტოოოვო“, _ აღმოხდა უნებლიედ.
სანზონაში რომ მოვიდნენ, უკვე საკმაოდ ბნელოდა. რომელიღაც ორღობეში გადაუხვიეს, ჩუტრუკიშვილმა გადაულაპარაკა, ქვიშხეთის ქუჩაზე ვიმყოფებით, იგეთ სახლში იცხოვრებთ, ისრაელის დაზვერვაც კი ვეღარ მოგაგნებთო. მეორე სართულზე ავიდნენ, მიმყოლმა კარი წიხლით გააღო, ჩუტრუკებმა რომ იციან ხოლმე, ისე. ბინა ვიწრო იყო, მაგრამ მიხოს ფეხებზე ეკიდა, რაში აინტერესებდა? რკინის საწოლზე აყირავდა, გეგონება ზღვის სანაპიროზეაო. ცოტა ხანში ვიღაცა მოვიდა, ცელოფნის პარკით ორი ცალი პომიდორი, ერთი თავი ხახვი, ერთი კიტრი და ერთიც 25-სანტიმეტრიანი „კალბასი“ მოიტანა. ჰო, კიდევ პურიც მოეყოლებინა. მიხოს ძალიან მოშივნოდა. ჭამა, ჭამა და ჭამა, კიტრის ნაფცქვენებიც არ დაუტოვებია. იფ, იფ, მშობლიურ ნაფცქვენებს სულ სხვა სურნელება დაჰკრამსო.
გადაღლილს ეგრევე ჩაეძინა.
დილით კარზე კაკუნი გაისმა. არც უკითხავს, ვინ ხართო, ისევ ჩუტრუკიშვილი ეგონა. გააღო. ზღურბლზე ორი პოლიციელი იდგა, ერთი იღიმოდა, მეორე იბღვიროდა. საერთოდ ეგრეა ხოლმე, პოლიციის ნებისმიერ ეკიპაჟში ერთი კეთილი და სათნოა, მეორე ბოროტი და ნერვიული. როცა ნერვიული ახიპიშდება, კეთილი აწყნარებს, ანუ აბალანსებს. აქაც ეგრე მოხდა. კუშტმა პოლიციელმა უთხრა, შენ თვითონ დაიდებ ბორკილებს თუ წიხლქვეშ გაგიგდო და მე თვითონ დაგადოვო? კეთილმა, მაიცა, ეგრე არ შეიძლება, ადრე ეს პრეზიდენტიც კი იყოვო. ამან, ამ ნერვიულმა, მკიდიაო.
მიხეილს ბორკილები კეთილმა დაადო. რუსთავში წაიყვანეს. მანქანიდან რომ გადმოსვეს, ყინულზე წაქცეული სახედარივით იკრიჭებოდა. ავმა ენებმა თქვეს, კაიფში იყოვო. რა თქმა უნდა, კაიფში იყო, ფხიზელს აქ რა ჩამოიყვანდა?
გიული ბაბომ თქვა, კიევიდან ერთად უნდა გამოვფრენილიყავითო. თუმცა მოვიხედე და აორთქლდაო, კიდე მოვიხედე და უკვე საქართველოში დადიოდა უჩინმაჩინის ქუდითო.
***
მორჩა კინო. ამის შემდეგ დაიწყებს ხვეწნას, ოღონდ გამამიშვით და ყველაფერზე თანახმა გახლავართო. წერილსაც დაწერს ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე – მოდი, შევრიგდეთ, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთო.
არ დაუჯერებენ. არც უნდა დაუჯერონ, ეგ ხომ უმიწაწყლო თაღლითია?
დიახ, თანაც საშიში თაღლითი.
ეს ნოველა ფაქტებზე დაყრდნობით დავწერე. ზუსტად ასე შემოიპარა, როგორც მოგახსენეთ. კიევიდან რომ წამოწანწალდა და ამ ქვეყანაში შემოწანწალდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ამის თაობაზე ყველაფერი იცოდნენ. ჰოდა, რომ იცოდნენ, ამიტომაც ზის მიხო ციხეში.

გელა ზედელაშვილი