უცნობი ბიძინა ივანიშვილი

უცნობი ბიძინა ივანიშვილი




ამ წერილს ვწერ „უცნობ“ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის დიდი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის საქართველომ. 
- რას ამბობთ, როგორ არ ვიცით, ბრმები და ყრუები ხომ არ ვართ, რომ ვერ ვხედავდეთ, რასაც ეს ადამიანი აკეთებს ქვეყნისთვის, - შემომედავებიან, ალბათ, ვიღაც-ვიღაცები. ბოლოს და ბოლოს, ამ ადამიანს სამ მილიარდ ნახევარი დოლარი აქვს ქვეყნის სასიკეთოდ დახარჯული და სამ მილიარდ ნახევარზე მეტი ღირებულების რა უნდა იყოს?
რა უნდა იყოს და არის ისეთი რამ, რაც სამ მილიარდ ნახევარი კი არა, სამჯერ სამ მილიარდ ნახევარზე მეტიც ღირს, უფრო ზუსტად, ფასი მისი და ღირებულება არ იანგარიშება, არ აიწონება და არ გაიზომება.

***
თავისი არსებობის მანძილზე უამრავი მტერი შემოსევია საქართველოს, მაგრამ თანამედროვე მტრებთან შედარებით, მათ წინააღმდეგ ბრძოლა მაინც უფრო ადვილი იყო, რადგან ამ მტერს მტრის სახე და ფორმა ჰქონდა და არც იმას მალავდა, რომ შენი განადგურება და მოსპობა უნდოდა, მაგრამ როგორ გინდა ეომო მტერს, რომელიც ჯიქურ, ხმლით და თოფით კი არ მოდის, არამედ მოჟონავს, როგორც ბლანტი სითხე, მოჟონავს ყველა ჭუჭრუტანიდან, ყველა ხვრელიდან, ნელ-ნელა გჭამს და გძირავს თავის ბლანტ, მომწამვლელ სითხეში.
რვა წელიწადია ბეწვის ხიდზე გადაჰყავს ბიძინა ივანიშვილს საქართველო და რომ არა მისი გამჭრიახობა, მისი თანდაყოლილი ნიჭიერება და ინტუიცია, ჩვენ ამ ხიდს ვერ გადავივლიდით და ვერც სამშვიდობოს გავაღწევდით...
ბევრ რამეს ვერ ვამბობ და არა იმიტომ, რომ არ ვიცი, არამედ, იმიტომ რომ, შეიძლება, ამით ქვეყნის საქმეს რაიმე ზიანი მივაყენო...
ბევრ  რამეს ვერ ამბობს ბიძინა ივანიშვილიც და არა იმიტომ, რომ სათქმელი არ აქვს ან რაიმეში მართალი არ არის, არამედ, იმიტომ რომ, „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“...
არადა, როგორი ძნელია, როცა ცამდე მართალი ხარ, როცა შენი ხალხის და შენი სამშობლოს წინაშე აბსოლუტურად პირნათელი ხარ და ამ დროს იძულებული ხარ პროვოკატორების, გამყიდველების, მოღალატეების, პატრიოტის ნიღბით შენიღბული აგენტურის ბრალდებებს უსმინო და პასუხი არ გასცე.
დიახ, ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრ რამეს ვერ ამბობს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვერაფერს ვერ უნდა ვხვდებოდეთ და რეალობას სწორად და ობიექტურად ვერ უნდა ვაფასებდეთ?
რეალობა კი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა,  ამ რვა წლის განმავლობაში, საქართველომ სამ დიდ ომში გაიმარჯვა - 2016-ში, 2018-ში და სულ ბოლოს 2020 წლის 31 ოქტომბერს.
„ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვაო, არ მითქვამს - საქართველომ გაიმარჯვა-მეთქი, ვთქვი და არაფერი შემშლია - დიახ, საქართველოს გამარჯვება იყო ეს გამარჯვებები და მათ შორის, 31 ოქტომბრის გამარჯვებაც.

***
ვიღაც-ვიღაცებს ძალიან უნდათ თავი მოვისულელოთ და დავიჯეროთ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ერთი წლის თავზე „კანონიერი ქურდი“ ჯაბა იოსელიანი და „ძველი ბიჭი“ თენგიზა კიტოვანი იმდენად აღენთნენ დემოკრატიისა და თავისუფლების იდეებით, რომ გადაწყვიტეს „დიქტატორი“ გამსახურდია დაემხოთ.
ვიღაც-ვიღაცებს ძალიან უნდათ თავი მოვისულელოთ და დავიჯეროთ, რომ 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ ისევ და ისევ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლმა „პატრიოტებმა“ მოახდინეს, რომლებმაც მოგვიანებით სისხლიანი აუტოდაფე მოუწყვეს საქართველოს.
ახლაც, ოცდაათწლიანი მწარე გამოცდილების მიუხედავად, ვიღაც-ვიღაცებს მაინც ჰგონიათ, რომ ჩვენი გაბრიყვება და გაბითურება ადვილი საქმეა და ურცხვად და უტიფრად გვარწმუნებენ, რომ კგბ-ს ჯარების ეფრეიტორი სააკაშვილი და მისი ბიძა - კგბ-ს ოფიცერი ალასანია ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის იღვწიან. 
სააკაშვილს, რომელმაც თავისი კრიმინალურ-ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ ოცი პროცენტით დაპატარავებული და შემცირებული საქართველო დაგვიბრუნა უკან, ჰყოფნის თავხედობა და კვლავ ხელისუფლებაში თუ არ დამაბრუნებთ, ბოიკოტს გამოგიცხადებთ, საბოტაჟს მოგიწყობთ, ალყაში მოგაქცევთ, ხალხს აგიბუნტებთო, გვემუქრება.
ოპოზიცია კი არა ნამდვილი მტერია ეს გადაგვარებული კაცი, რომელიც აშკარაა, ვის დაკვეთასაც ასრულებს და ვისი ზურგითაც გვაშანტაჟებს. ასევე მტერია ისიც, ვინც მის დირექტივებს ემორჩილება, მაგრამ ისევ ისმის ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ბაგეებიდან მშვენიერი სიტყვა დემოკრატია, რასაც რჩევა თუ თხოვნა მოსდევს:
- არჩევნებიდან არ მოხსნათ - არადემოკრატიულია! 
- მონებს გეძახიან? - არ დაუშალოთ - არადემოკრატიულია! -
- მათი ტელევიზიებიდან დღედაღამ გლანძღავენ, ცილს გწამებენ? - არ აუკრძალოთ - არადემოკრატიულია! 
აი, ასე, დემოკრატიის ბორკილდადებულები, დემოკრატიით ხელფეხშეკრულნი, დემოკრატიით განიარაღებულნი, იძულებულნი ვართ, მტერს ოპოზიცია დავუძახოთ და ის წესები დავიცვათ, რაც ოპოზიციასთან ურთიერთობის საერთაშორისო სტანდარტებით არის დადგენილი.
კიდევ კარგი, ეს დალოცვილი დემოკრატია მხოლოდ მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან წამოგვეწია, თორემ ადრეულ საუკუნეებშიც რომ დემოკრატიაში გვეცხოვრა, ჩვენგან ბუნდღა არ დარჩებოდა _ ჩინგიზ ხანის, მურვან ყრუს, ჯალალედინის მიერ დანიშნული და დაფინანსებული „ოპოზიციები“ დედაბუდიანად მოგვაოხრებდნენ...
გადემოკრატებული ლიპარიტ ბაღვაშების, ყორღანაშვილების, შადიმანების ზეობის ხანაა დღეს საქართველოში. მოღალატეების, საკუთარი სამშობლოს გამყიდველების, უზნეო და უსინდისო ადამიანების გაფურჩქვნისა და აყვავების დრო დამდგარა ჩვენს ქვეყანაში და ისინიც დარბიან მთელ მსოფლიოში, რომ საკუთარი სამშობლო დაასმინონ, დააზიანონ, დაამარცხონ, თვითონ კი სარგებელი ნახონ.
დემოკრატია ვახსენე რამდენჯერმე ცოტა ირონიულ კონტექსტში, მაგრამ არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, თითქოს დემოკრატიის საწინააღმდეგო მქონდეს რაიმე, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენი ძალიან ჭკვიანი და გამოცდილი მტერი დემოკრატიის არსებობას ჩვენს ქვეყანაში ძალიან მოხერხებულად და გონივრულად იყენებს სათავისოდ.
ეს ის მტერია, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს გაშლილი თავისი აგენტურული ქსელი და თითქმის ყველგან, ყველა სახელმწიფოს საკანონმდებლო თუ ადმინისტრაციულ ორგანოში, თითქმის ყველა ავტორიტეტულ საერთაშორისო სტრუქტურაში მის კონტროლს დაქვემდებარებული კადრები ჰყავს, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, ხან საიდან მოგვისევს და ხან - საიდან.
იმიტომაცაა ასე აჭრილი და ალუფხული ყველაფერი ერთმანეთში და ზოგჯერ იმის გაგებაც ჭირს, ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე, სად იწყება ეს მტერი და სად მთავრდება.
ის ყველგან არის განფენილი და განტოტვილი და, როგორც ვთქვი, ყველა ხვრელიდან და ყველა ჭუჭრუტანიდან მოჟონავს... მოჟონავს... მოჟონავს...
აი, ასეთ მტერთან უწევს გამკლავება ბიძინა ივანიშვილს და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან სამჯერ შეძლო ყველაფერ ამაზე გამარჯვება.
ვინმემ იცის, რის ფასად, რა უზარმაზარ რისკებთან შეჭიდების ფასად იქნა მოპოვებული ეს გამარჯვებები, ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანებულიყო?!
ხომ ნათელია, რომ პიროვნული თავგანწირვის და თავდადების გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელი იყო?
ვინც ამას არ აფასებს, ვინც ამის გამკეთებელ ადამიანს ლაფსა და ტალახს ესვრის, როგორ შეიძლება მას ქართველი ეწოდოს?
თქვენი არ არის ეს ქვეყანა? თქვენ, თქვენი შვილები, თქვენი ოჯახები არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში? ქვეყანაში, რომელიც ერთმა კაცმა ამდენჯერ გადაგირჩინათ უამრავ საფრთხეს და განსაცდელს?
დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო და ვერ მოახერხა ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეძლო და მოახერხა - ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივა შეუნარჩუნა.
ეს გააკეთა კაცმა, რომელსაც დიდად არ უყვარს პოლიტიკა და თავის თავს პოლიტიკოსად არც მიიჩნევს, თუმცა არ მესმის, სხვა რა არის პოლიტიკოსობა, მე ვიტყოდი, დიდი პოლიტიკოსობა, თუ არა ის, რასაც ივანიშვილი აკეთებს?!
დაბოლოს, ძალიან დიდ შეურაცხყოფად მივიღებ, თუ ვინმე გამიბედავს და მეტყვის, რომ ეს წერილი ბიძინა ივანიშვილის საქებრად და საამებლად დაიწერა.
ბიძინა ივანიშვილის საქებრად და საამებლად კი არა ბრმებისა და ყრუების თვალის ასახელად და გონს მოსაყვანად დაიწერა, იმ ქართველების გამოსაფხიზლებლად დაიწერა, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ დღეს, ამ ისტორიულ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.
უფრო ზუსტად, თვითმკვლელობაა ეს, სუიციდისკენ მიდრეკილების გამოვლინებაა.
კი, მაგრამ, რა გვჭირს ქართველებს, მაინცდამაინც იმ მზაკვრებს რატომ ვუჯერებთ, რომლებიც თვითმკვლელობისკენ გვაქეზებენ და გვარწმუნებენ, რომ ეს კარგია და ეს არის ხსნა და გამოსავალი?!
ამ ოცდაათი წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მოვიკლათ თავი და რამდენჯერ უნდა გავცოცხლდეთ, რომ კვლავ საკუთარ თავს დავუმიზნოთ ტყვია, რომელსაც მტერი კანფეტივით გვაჩეჩებს ხან სააკაშვილის, ხან - თემურ ალასანიას, ხან - ნათელაშვილის, ხან - ბოკერიას, ხან - გვარამიას და უამრავ სხვა მოღალატეთა და ვიგინდარათა ხელით?!

***
„უცნობ“ ბიძინა ივანიშვილზე მინდოდა უფრო მეტი მეთქვა, ვიდრე ჩვენმა საზოგადოებამ იცის, მაგრამ სათქმელი მაინც ვერ ვთქვი სრულად, რადგან ამ სათქმელის ბოლომდე გახსნის და გამხელის დრო ჯერ არ დამდგარა. თუმცა აუცილებლად მოვა ეს დროც და მაშინ კიდევ უფრო სრულყოფილად წარმოჩინდება განუზომლად დიდი ღვაწლი ადამიანისა, რომელიც თავის ქვეყანას საოცარი ერთგულებით და თავგანწირვით ემსახურა და კვლავაც ემსახურება.

ვახტანგ ხარჩილავა
2020.26.12.