„ქართული ოცნების“ უკანასკნელი მოჰიკანი

„ქართული ოცნების“ უკანასკნელი მოჰიკანი




უკვე გადაწყვეტილია - არჩევნების II ტურის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება _ აი, ამ ჭორს ინტენსიურად ავრცელებენ ნაციონალები სოციალურ ქსელებში, რასაც აქტიურად უბამენ მხარს „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები და მათში მომუშავე ჯიბის ჟურნალისტები.
მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ნათქვამია.
სწორედ ასეა ნაცების საქმეც - მელას, მელიას და მელირებულ მგელს, სააკაშვილს, რაც ელანდებათ, ესენი სიზმრებში ხედავენ და მერე სიზმრად ნანახს ისე ჰყვებიან, როგორც ნამდვილ ამბავს.
ჩვენს მრავალჭირნანახ, მრავალგანსაცდელგადატანილ ქვეყანაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებსაც ამ 30 წლის განმავლობაში იმდენი უბედურება, იმდენი შური, უმადურობა და გაუტანლობა უნახავთ, მსგავს ჭორებს ადვილად იჯერებენ და ამის გამო ვერც გაამტყუნებ - იმდენი ტრაგიკული მაგალითი უდევთ წინ, იმდენ ღირსეულ მამულიშვილს გაუმწარეს ცხოვრება, ეშინიათ, ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილს არ მიაყენონ რაიმე ზიანი ავაზაკებმა.
საქართველოში თუ რაიმეს არ პატიობენ ადამიანებს, პირველ რიგში, არ პატიობენ სამშობლოს სიყვარულს, სამშობლოსათვის თავდადებას და თავგანწირვას.
ჩემი აზრით, შური და ამბიციურობაა ამის მიზეზი - ყველა ქართველს სურს გმირი იყოს, მაგრამ გმირი რომ გახდე, თავგანწირვისთვის მზად უნდა იყო, თავგანწირვა კი ყველას არ შეუძლია და, აი, ვისაც ეს შეუძლია, მისი შურთ, შეიძლება ითქვას, სძულთ კიდევაც.
ამიტომ, როცა შენი ქვეყნისთვის გამორჩეულად დიდ და მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებ, ჯერ შენიანების უნდა გეშინოდეს, მერე - მტრების.
საქართველოს ისტორია სავსეა მსგავსი მწუხარე მაგალითებით _ ჯერ მოგკლავენ, მერე მკვდარს გაგაღმერთებენ, ჯერ ტყვიას დაგახლიან შუბლში, მერე ნატყვიარ თავზე დაფნის გვირგვინს დაგადგამენ.
კონკურენტად, მეტოქედ, სახელის შემცილედ მიაჩნიხართ და ამიტომ ცოცხლები არ უყვართ საქართველოში, თორემ მკვდრებზე მზე და მთვარე ამოსდით.
***
როგორც ვთქვი, საქართველოში ქვეყნის სიყვარული, ქვეყნისთვის თავდადება ლამის დანაშაულს უტოლდება, დანაშაულისთვის კი, ცხადია, სასჯელსაც უნდა ელოდო, როგორც შენიანებისგან, ასევე უცხოთაგან, რომლებსაც ძალიან, ძალიან ეყვარები, თუ შენი სამშობლო მაინცდამაინც დიდად არ გეყვარება და ქვეყნის ინტერესებზე წინ მათ ინტერესებს დააყენებ.
ქართველ ხალხს გულწრფელად უყვარს ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილსაც გულწრფელად უყვარს ქართველი ხალხი და საქართველო.
არ მახსენდება თუნდაც ერთი შემთხვევა ირაკლი ღარიბშვილის არც ისე ხანმოკლე პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში, მას რაიმე ისეთი ნაბიჯი გადაედგას, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან, ეს კი ვიღაც-ვიღაცების თვალში არც ისე მოსაწონი საქციელია. 
ესეც ჩვენი ბედისწერა ყოფილა - თავზე ჩალმა უნდა გეხუროს და ალაჰს უნდა იფიცებდე, გულზე კი ჯვარი უნდა გეკიდოს და ქრისტესთვის უნდა კვდებოდე.
დღეს სხვა დროა, სხვა ჩალმა გვახურავს თავზე - მოდერნიზებული, სტილიზებული ჩალმა, სულ რომ არ ჰგავს ჩალმას და ალაჰსაც ალაჰი კი არა, სულ სხვა სახელი ჰქვია, თუმცა ეს არაფერს ცვლის - ურთიერთობების ქვეტექსტი და შინაარსი თითქმის იგივეა.
ირაკლი ღარიბშვილს არ უკადრია „ჩალმით“ ეარა ამ ქვეყანაზე, მას არ დაუმალავს, რომ მისი უმთავრესი და უპირველესი მოვალეობაა, ემსახუროს ქართველ ხალხს.
- ჩემი უფროსი არ არის ევროპარლამენტარი. ჩემი უფროსია ქართველი ხალხი! - ასე უპასუხა ბატონმა ირაკლიმ რეპლიკას, რომლითაც მას შეახსენეს, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა კრიტიკული მოსაზრება გამოთქვა.
შეიძლება მე არ მახსოვს და იქნებ ვინმემ შემახსენოს: დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ზვიად გამსახურდიას გარდა, ამ 30 წლის განმავლობაში, რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს უთქვამს მსგავსი ფრაზა?
პირველად საქართველოში, ირაკლი ღარიბშვილის პრემიერობის დროს, რეალური სახე მიიღო ლელთ ღუნიას ისტორიულმა ანდერძმა: ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს.
იმ დროს, როცა ჩვენი უ-თავ-ბოლობის და უ-თავ-მოყვარეობის გამო ლამის თავი დავკარგეთ და უთავო მხედრებად ვიქეცით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოხატულმა მკვეთრმა და პრინციპულმა პოზიციამ თავისი ადგილი მიუჩინა ბევრ რამეს და ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დადებითად შეცვალა.
ბევრჯერ მითქვამს და აქაც გავიმეორებ: საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანი დასავლეთთან მიმართებაში დიდი ხანია გაკეთებული აქვს. აქედან გამომდინარე, ზედმეტი და უადგილო მგონია დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის გამუდმებით იმის შეხსენება, რომ ქვეყანამ დასავლურ ორიენტაციას არ უნდა გადაუხვიოს.
სად უნდა გადავუხვიოთ, როგორ უნდა გადავუხვიოთ, როდესაც ამ გადასახვევს კარგა ხანია გავცდით და იმ გზაზე გავედით, რომელიც მხოლოდ წინ მიდის და გადასახვევები და შესახვევები არ აქვს.
საქართველოს, განსაკუთრებით მის ამჟამინდელ ხელისუფლებას, დასავლეთთან მიმართებაში არაფერი აქვს შესაცვლელი, თუმცა დასავლეთს ნამდვილად მართებს, კორექტივები შეიტანოს ურთიერთობის იმ ფორმებში, რომლებიც მას საქართველოსთან აქვს და რომლებიც დიდი ხანია გაცვდა, მოძველდა და არაფრისმომტან ტრაფარეტად და შაბლონად იქცა.
ვრცელი და რთული თემაა ეს და ამჯერად ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ვიტყვი მხოლოდ ერთს: როგორც არ უნდა შეცვალოს მეორე მხარემ დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავინ გვაჩუქებს, ის ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ ჩვენი შრომით და ბრძოლით, ჩვენი პრინციპულობით, ჩვენი ერთგულებით ქვეყნის ინტერესებისადმი.
თუ როგორ უნდა იქცეოდეს ქართველი კაცი მოცემულ ვითარებაში, პოლიტიკოს ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობა ამის ნათელი მაგალითია.
***
თუ ქვეყნისადმი ერთგული სამსახური დანაშაულია, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი „დანაშაული“ აქვს ჩადენილი.
ირაკლი ღარიბაშვილი იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც წინ აღუდგა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მან აღადგინა გაუქმებული ქართული ენის პალატის ბაზაზე ქართული ენის სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა. მის დროს იქნა მიღებული მთის კანონი, რომელმაც საფუძველი დაუდო მთის აღორძინების საშვილთაშვილო საქმეს მისი ინიციატივით მოხდა დავით გარეჯის  თემის წამოწევა. ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპული პოზიციის წყალობით აღკვეთილი იქნა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური, ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა - ლგბტ პრაიდის კვირეულის ჩატარების მცდელობა. მისი ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭის წყალობით, მოკლე დროში მოხერხდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ახალ სიმაღლეებზე აყვანა, ქართული ჯარის გაძლიერება, სამხედრო ტექნიკის უახლესი ტექნოლოგიების იარაღით შევსება და გაძლიერება. ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უნდა დავუკავშიროთ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების ფაქტიც, აგრეთვე „ქართული ოცნების“ სერიოზული წარმატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით მოხერხდა დიდი ხნის განმავლობაში ძებნილი პირების ექსტრადირება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მრავალი მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის დაკავება, რომელიც ფილიგრანული ოსტატობით ჩაატარეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, რითაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართული სახელმწიფო ჩამოშლილი კი არ არის, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ოპონენტები ამბობენ, არამედ ძლიერი და კარგად ორგანიზებული სახელმწიფოა, რომელსაც ძალა შესწევს, ნებისმიერ გამოწვევას პასუხი გასცეს.
ნახეთ, რამდენი „დანაშაული“ აქვს თურმე ჩადენილი ირაკლი ღარიბაშვილს? ასეთ კაცს ბევრი მტერი რომ ეყოლება შინ და გარეთ, რომლებიც მის დასჯას შეეცდებიან, სულაც არ არის გასაკვირი.
***
არ მიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ვთქვა: მე ვარ ის კაცი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის პირველი დღეებიდანვე მონაწილეობას იღებდა ახალი პოლიტიკური მოძრაობის, ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის საფუძვლის ჩაყრაში.
ეს მერე მოაწყდნენ ადამიანები გადარჩენის და იმედის კუნძულადქცეულ ბიზნეს-ცენტრს სოლოლაკში, თორემ თავიდან სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით იქ და ქვეყნის გადასარჩენად თავგადადებული კაცის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით, ახალი საქართველის ისტორიის პირველ სტრიქონებს ვწერდით.
ასე რომ, მე უშუალო მოწმე და თვითმხილველი ვარ, თუ როგორ იწყებოდა „ქართული ოცნება“.
ალბათ, დადგება დრო და აუცილებლად დავწერ ამის შესახებ, ახლა კი ერთ რამეს ვიტყვი: საქართველომ ბოლომდე არ იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და როგორ გადადო მან თავი ქვეყნის გადასარჩენად, როგორ შეაგდო სასწორზე თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე და უსაფრთხოება, როგორ რისკზე წავიდა და როგორი თავგანწირვით გადაეშვა სააკაშვილის ფაშისტურ-კრიმინალურ რეჟიმთან ომში.
ვიღაც-ვიღაცები სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ - ერთი ვერსიის მიხედვით, ივანიშვილი ამერიკელებმა მოიყვანეს, მეორე ვერსიით - რუსებმა გამოუშვეს საქართველოში სპეციალური დავალებით.
ერთიც მტკნარი სიცრუეა და მეორეც - ბიძინა ივანიშვილი არც ამერიკელებს მოუყვანიათ და არც რუსებს - მან თვითონ, დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მიიღო დიდი შინაგანი ჭიდილის და ყოყმანის შემდეგ და ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, რომლებიც 2009–2011 წლებში ახლო ურთიერთობაში იყვნენ ბატონ ბიძინასთან.
გამარჯვების შემდეგ იოლია ამა თუ იმ ფაქტზე საუბარი.
2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ, აბა, ერთი წუთით დავუშვათ, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხებულიყო.
ხომ ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხის წინაშე დადგებოდა ბიძინა ივანიშვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც მის გვერდით იდგა.
ბატონი ბიძინა, როგორც წინდახედული და პრაგმატული ადამიანი, რა თქმა უნდა, შესანიშნავად აცნობიერებდა, რა დამანრგეველი ძალის შეიძლებოდა ყოგილიყო „ნაცმოძრაობის“ სასტიკი და დაუნდობელი შურისძიება, მაგრამ მაინც არ დაიხია უკან.
სწორედ ამ საზომით უნდა შეფასდეს ბიძინა ივანიშვილის გმირობისა და თავგანწირვის მასშტაბები და არა მხოლოდ იმით, როგორ და რანაირად იქნა მიღწეული გამარჯვება.
ამ დიდი ომის მოსამზადებელ ბატალიებში იყო ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური წინსვლისა და განვითარების ბედი პირდაპირ დაუკავშირდა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ოჯახს.
საკმარისი იყო, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ოჯახს სისუსტე გამოეჩინა, ვერ გაეძლო უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხისთვის და კომპრომისზე წასულიყო, ამას შეიძლებოდა ისეთი ბზარი გაეჩინა „ქართულ ოცნებაში“, რომელიც აუცილებლად ნაპრალად გადაიქცეოდა და „ქართული ოცნების“ ახლად შეკრულ მონოლითურ სხეულს რღვევით და დაშლით დაემუქრებოდა.
საქმე ეხებოდა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ნაციონალებმა შეთითხნილი ბრალდებით (გენერალ კაცს ჟანგიანი ავტომატი ჩაუდეს მანქანის საბარგულში) დააპატიმრეს, უფრო ზუსტად, მძევლად აიყვანეს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილს შემოუთვალეს:  დატოვე „ქართული ოცნება“ და შენს სიმამრს ხვალვე გავათავისუფლებთ, შენ კი მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავთო.
მე მახსოვს უკიდურესად შეწუხებული, თვალზე ცრემლმომდგარი ბიძინა ივანიშვილი, სასოწარკვეთილი ხმით რომ ამბობდა: ჩემს გამო დაიჭირეს ეს კაცი, მაგას რომ რამე დაემართოს, როგორ შევხედო ნუნუკას თვალებში?
არადა, საფრთხე რეალური იყო - არ არსებობდა არავითარი გარანტია, რომ ნაციონალები თამაზაშვილს ცოცხალს დატოვებდნენ.
მიუხედავად ამისა, ნაციონალების „ჰუმანურ“ შემოთავაზებაზე ღარიბაშვილის ოჯახისგან მტკიცე და კატეგორიული უარი ითქვა.
ნამდვილი გმირობა ჰქვია იმას, რაც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა ოჯახმა გააკეთა.
ეს იყო არა პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნისთვის დაუნანებლად გადადგმული გმირული ნაბიჯი, რომელიც, საბედნიეროდ, კარგად დამთავრდა.
ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, ბიოგრაფია, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული „ქართული ოცნების“ ბიოგრაფიასთან.
ის, როგორც პოლიტიკოსი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე, „ქართული ოცნებიდან“ იწყება და მასში გრძელდება, როგორც მისი ორგანული ნაწილი.
„ქართულ ოცნებას“ ხშირად საყვედურობენ, თითქოს მას არ გააჩნია მკვეთრად გამოხატული იდეოლოგია და პლატფორმა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
თვალი გაადევნეთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებს, მის გადაწყვეტილებებს და მიხვდებით, რომ ის ზუსტად მიჰყვება იმ იდეოლოგიურ ხაზს, რითაც „ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა და „ნაცმოძრაობის“ მიერ დამკვიდრებული ფსევდო-კოსმოპოლიტური და ფსევდო-გლობალისტური იდეების საპირწონედ თან მოიტანა ეროვნული ფასეულობების და ეროვნული ღირებულებების მსახურების კონცეფცია, როგორც ქართული სახელმწიფოს განვითარების უმთავრესი პრიორიტეტი. „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა ჩვენს ცნობიერებაში ნაცების მიერ განდევნილი დიადი სიტყვა „სამშობლო“ და „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი“.
ამ სამშობლოს „გასაკვირველ“ გრძნობას ემსახურება თხემით ტერფამდე ქართველი კაცი ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი „უკანასკნელი მოჰიკანი“, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ შეწირულთა ლაშქრიდან, რომელმაც 2011–12 წლებში შინაური დამპყრობლების ბანდა დაამარცხა.
***
ერთი ქუთაისელი ძმაკაცი მყავდა, ნამდვილი კოლორიტი, უჭკვიანესი კაცი.
ვიღაცის ნათქვამი რომ არ მოეწონებოდა, ასეთ რამეს ამბობდა ხოლმე: ეშლებათ, ძმაო, ამათ _ სახე მაქვს ცოტა სულელური, თორემ სულელი კი არ ვარ, ესენი მოტყუებას რომ მიპირებენო?!
ჩვენ, „ქართული ოცნების“  მხარდამჭერთა პირველი თაობის წარმომადგენლებს, შეიძლება ცოტა გულუბრყვილო გამომეტყველება გვაქვს, მაგრამ სულელები კი არ ვართ _ ყველაფერს ვხედავთ, ყველაფერს ვაკვირდებით, ყველაფერს ვაანალიზებთ და ერთ მშევნერ დღეს პასუხს მოვთხოვთ ყველაფერზე იმ ადამიანებს, რომლებიც წლებია უკვე იმ საყრდენს უჩხიკინებენ, რომელზეც „ქართული ოცნების“ შენობა დგას.
ვერ გაუძლებს ამდენ ჩხიკინს ეს საყრდენი, ჩამოიშლება ეს შენობა და, პირველ რიგში, თქვენ მოგიყოლებთ ნანგრევებქვეშ, თქვენ, ვისაც გგონიათ, რომ სახლს საძირკველი და საყრდენი არ სჭირდება და მისი აშენების დაწყება ჰაერშიც შეიძლება, ვთქვათ და, პირდაპირ მეათე სართულიდან.
მეათე წელია, „ქართული ოცნება“ არსებობს.
ირაკლი ღარიბაშვილის გარეშე შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე ხანს კიდევ იარსებოს, მაგრამ ეს არ იქნება „ქართული ოცნება“ - ეს იქნება რაღაც სხვა პოლიტიკური ორგანიზაცია ძველი სახელწოდებით.
***
„რა ამოძრავებს კიპარისის ტანს, 
ჩუმი შრიალი საიდან არი?
ქარი არა სჩანს, ქარი არა სჩანს, 
მაინც მწვერვალებს ედება ქარი“.
ქარიც ჩანს, შრიალი კი არა, გუგუნი ისმის და იმასაც ნათლად ვხედავთ, რა ამოძრავებს და რა არყევს ასე ძალუმად „კიპარისის ტანს“.

ვახტანგ ხარჩილავა