ქართულ მიწას ჯალათთა ცრემლების არ სჯერა!

ქართულ მიწას ჯალათთა ცრემლების არ სჯერა!




საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამა წლის 21 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ სერიული მკვლელი, ცნობილი ჯალათი მეგის ქარდავა, რომელიც თავს უკრაინას აფარებდა, საქართველოს გადმოეცემოდა.

ქარდავა საქართველოდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაუჩინარდა. 2013 წლის თებერვლიდან კი საქმეები აღიძრა და ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 2017 წლის ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა მეგის ქარდავა დააკავეს. ის რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტით ცდილობდა უკრაინაში შესვლას, თუმცა ჩავარდა. 2018 წლის დეკემბერში უკრაინის სასამრთლომ ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.

მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავაზე ,,მზრუნველობა’’ აღარ გამოუვიდა, ეგრევე უარყო:

„მეგის ქარდავა ვინ არის, ვიცი ტელევიზიით. ცხოვრებაში ამ ადამიანს არ შევხვედრივარ. მეგისი - უცნაური სახელია, ხომ? მე ნამდვილად არ ვიცნობ ამ პიროვნებას და არც ის ვიცი, უკრაინასთან რა კავშირშია“.

ადამიანს, რომელიც 2006 წელს იყო მე-7 საპყრობილის დირექტორი, 2007-2009 წლებში სინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე (!!!), 2009-2012 წლებში - სამხედრო პოლიციის უფროსი, მიხეილ სააკაშვილი არ იცნობდა? იცნობდა კი არა, ის გახლდათ მისი აჩრდილი, ის ასრულებდა ყველა ბნელ და ბინძურ საქმეს, რასაც კი დაავალებდნენ - თუ უბრძანებდნენ, ზოგს აწამებდა, ზოგს კლავდა, ზოგს ტყ...ნავდა (ოღონდ ნამდვილად!).

რომ არა მიხეილ სააკაშვილი და მისი სადისტური ბუნება, მისი ავადმყოფური მოთხოვნილებები, მისი არაადამიანური გადახრები, მისი ფსიქიატრიული პრობლემები და ჩვენი ქვეყნის ჩათრევა მორიგ ავანტიურაში, ალბათ ბევრი ახალგაზრდა (ვინც მის ხელქვეითად მუშაობდა) გადაურჩებოდა არა მხოლოდ სასჯელს, არამედ ჯალათის სახელსაც. ისინიც ერთ დროს ჩვეულებრივი ბიჭები იქნებოდნენ, სამეგრელოში გაიზარდნენ, სოფელში, იქნებ კარგი მეურნეებიც გამოსულიყვნენ? იქნებ თოხი იყო მათი ბედი და არა ავტომატი და ,,დუბინკა“? იქნებ ფერმაში რძე უნდა დაეღვარათ ძროხების წველისას და არა სისხლი ამ პატიოსან დედამიწაზე?!

ახლა კი... არ ვიცნობო, არ გამიგიაო, იმდენი ვიცი, რამდენიც თქვენ იცითო... სააკაშვილის დავთრების მიხედვით, მე და თქვენ უფრო მეტი ვიცით მეგის ქარდავას შესახებ, ვიდრე თვით სააკაშვილმა, რომელმაც მისი ექსტრადიციის საკითხის გააქტიურებისთანავე ჯერ სტრასბურგის სასამართლოს ადამიანის უფლებათა განყოფილებაში სცადა საქმის ჩაწყობა, შემდეგ კი გაეროს ანალოგიურ კანტორას გამოაცემინა რაღაც სარეკომენდაციო წერილი, სადაც ეწერა: აისერიო, მისერიო, მისერ, თუ შეიძლება, უკრაინიდან საქართველოში ჯალათის გადაგზავნა 3 თვით შეაჩერეთ, მაგის საქციელზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობასო. ექსტრადიციის საკითხი თითქოს რამდენიმე დღით შეყოვნდა, ,,ნაცებმა’’ და მათთან გათანაბრებულმა პირებმა ეგრევე დასცეს ყიჟინა, მიხოს ავტორიტეტმა გაჭრა, მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა, მეგისი არ გადმოაცემინა, ეხლა რაღას იტყვით ქოცებოვო? ყველაზე მეტად უდღეური თეა თუთბერიძე აქტიურობდა, რომელიც ახალაიების ზეობის პერიოდში ბნელ და საეჭვო თემებს ,,აპრავებდა’’, ძირითადად ციხეებში დაწანწალებდა და სისხლის კვალს შლიდა. იცის სააკაშვილმა (თუთბერიძეებმაც იციან), რომ მეგის ქარდავას ჩამოყვანა საქართველოში ნიშნავს მისი ,,მიზნებისა და ამოცანების’’ საბოლოო განადგურებას - მეგისმა ბევრი იცის, მეგისს სამხილებიც აქვს, მტკიცებულებებიც. როდესაც ის უკრაინაში ყალბი პასპორტის გამო დააკავეს, მაშინ თქვა, აქედან გამომიხსენით, თორემ გუდას თავს მოვხსნიო. გამოიხსნეს, კამერიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, რაც ფაქტობრივად არაფერია. ის კი არა, ბოლო თვეებში პოლიტიკურ თავშესაფარსაც უჩალიჩებდნენ, მაგრამ ვეღარ გაჭრა ბოლომდე მიხეილ სააკაშვილის ,,ავტორიტეტმა’’, ვეღარ იმოქმედა ნიუ-იორკიდან გაკეთებულმა ყალბმა განცხადებებმა - ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივითა და მონდომებით სამართალი აღსრულდა!

სხვათა შორის, სააკაშვილს ხშირად აქვს ხოლმე თვითგამოთაყვანების პერიოდი (ისედაც გამოთაყვანებულია, მაგრამ თვითშემოქმედებითი გამოსირებულობა მაინც სხვა რამეა), თავის დროზე დათა ახალაიაზე თქვა, არ ვიცნობ, არც გამიგიაო. დათას ძმაზე, ბაჩო ახალაიაზე არ უთქვამს, არ ვიცნობო, მაგრამ არც მასთან ახლობლობაზე დასცდენია ორიოდ სიტყვა. არადა, გახსოვთ, განმუხურში რუს ჯარისკაცებს რომ მიუხტა სააკაშვილი და იბრიქებოდა? გემახსოვრებათ, მაშინდელი ინფორმაციის თანახმად, რუსებმა პატრიოტთა ბანაკს ალყა შემოარტყეს. სააკაშვილი, ახალაიები და მათნაირები გალეშილები მივარდნენ, კოკაინი ჰქონდათ ნაყნოსი, მთელი ქვეყანა საშიშროების წინაშე დააყენეს. ასე თამაშობდა მიხეილი ყოველთვის, რა უნდოდა ე.წ. პატრიოტთა ბანაკს რუსი ჯარისკაცების სიახლოვეს? ამას ყოველთვის ფეხებზე ეკიდა სხვისი შვილების ბედი, ბუჩქებისკენ მოუწოდებდა და არა წიგნებისკენ.

არ ვიცნობო, ამბობს ყოფილი პრეზიდენტი, როცა თითქმის ყველა ავაზაკი ორ-ორჯერ მაინც ჰყავს დაჯილდოებული, მათ შორის ავადმყოფი ქარდავა!

2010 წელს ვახტანგ გორგასლის ორდენი უბოძებია, 2012 წელს - ღირსებისა და რა დამსხურებისთვის? უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის. როგორც ორდენების ,,განკარგულებაში’’ წერია, მეგის ქარდავას ჯილდოები  სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.

დიახ, ასე აჯილდოებდა სააკაშვილი თავის ბნელ ხელქვეითს, რომელსაც ახლა სამართალი ადანაშაულებს სერგო თეთრაძის და გიორგი ჩიკვატიას წამებაში, მისჯილი აქვს 9 წელიწადი. შემდეგ მოდის კასრების საქმე (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობა) მისჯილი აქვს 9 წელიწადი. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე (წამება), მისჯილი აქვს 7 წელი და 6 თვე.

ციხის ბუნტის საქმე (დამამცირებელი მოპყრობა) - 3 წელი და 9 თვე. ბელა როგავას საქმე (დამამცირებელი მოპყრობა) - 3 წელი და 9 თვე.

მიმდინარე საქმეები: ელბერდ კობერიძის წამება, რომან დუმბაძის მკვლელობა, ელდარ ქობალიას, მერაბ ყოლბაიას და კობა მატკავას წამება, მალხაზ არქანიას წამება, სერგო თეთრაძის საქმეში გაფლანგვის ეპიზოდი.

მეგის ქარდავა სააკაშვილის ხელისუფლებაში პირველივე დღეებიდან გამოჩნდა (2003 წელს), ძმებმა ახალაიებმა მიიყვანეს და თავიანთ ,,სასტავში’’ ჩაწერეს, როგორც საიმედო არსება (ადამიანს ვერ იტყვით). სადაც ბაჩო ახალაია მუშაობდა, ესეც იქ გადადიოდა, გადაჰყავდა და დიდ პატივშიც ჰყავდა. სხვათა შორის, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნები იმ ვიდეოშიც კარგად ჩანს, მეგის ქარდავას ქორწილი რომ არის აღნუსხული. მართალია, ჩვენი სასიქადულო მომღერლები ამბობენ (ცხონებული თემურ წიკლაური ამბობდა), მეგისი ვინ არის, პირველად გვესმის, არასდროს გაგვიგონიაო, მაგრამ არქივს ვერაფერს უზამენ, არქივი ყველაფერს იტევს და იტანს, ის არ წითლდება. პრინციპში, მხოლოდ არქივი? არც ესენი წითლდებიან, არც ამათ აწუხებთ სინდისი და ნამუსი. ისე, რაღა დაგიმალოთ და შეიძლება არც კი ტყუიან... სააკაშვილი და ახალაიები მერაბ სეფაშვილს ვის ქორწილში ამღერებდნენ, ყველას ხომ ვერ დაიმახსოვრებდა? არ გამოვრიცხავ, ამათ იმ მიწისქვეშა ,,საჯალათოშიც,, ჰქონდეთ ჭიქა აწეული, მეგის ქარდავამ რომ მოაწყო (სააკაშვილის დავალებით) სამეგრელოს ტყეებში. რატომაც არა? ის ხომ ყველაზე სექსუალური ,,უწყება’’ იყო მიხეილის ხელისუფლებაში?  

მეგის ქარდავას იმედი ჰქონდა, რომ სააკაშვილი უკრაინაში თავშესაფარს გაუჩალიჩებდა, მაგრამ მოტყუვდა, ის ზუსტად იმ დაწესებულებაში შეაბრძანეს, სადაც უამრავი პატიმარი უწამებია და გაუუპატიურებია.  

როგორც გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე აცხადებს, მეგის ქარდავას ასევე ,,წვლილი’’ მიუძღვის მამამისის მკვლელობაშიც, ის იყო ზედამხედველი:

,,ამას მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ვამბობ. მოწმესაც ხომ გააჩნია? თავად ახალაიას და ქარდავას მარჯვენა ხელი ლაპარაკობს ამას. მისი თქმით, მამაჩემის მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე ზუგდიდში მეგის ქარდავამ დაიბარა და დაავალა, თბილისში მანქანით წაეყვანა ორი სპეცრაზმელი - თემურ ჯგერენაია და გია ფაჩულია იმ მიზნით, რომ მოეკლათ გურამ შარაძე. თბილისში დახვდებოდათ გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ და მკვლელობის დეტალურ გეგმას გააცნობდა. მეგის ქარდავამ მოწმეს გადასცა იარაღი და ხუთი ათასი ლარი პრემია. მოწმემ, რომელიც იქამდე არაფერზე ამბობდა უარს, გადაწყვიტა, არ შეესრულებინა დავალება და ავადმყოფობა მოიმიზეზა. მიუხვდნენ და პასუხად, სამეგრელოს მაშინდელმა გუბერნატორმა, თენგის გუნავამ სცემა, მერე დაიჭირეს, სწორედ, იმ იარაღის უკანონოდ შენახვის გამო, რომელიც თავად მისცა ქარდავამ, ფულიც ჩამოართვეს, ციხეში გაუშვეს. დავალებიდან ერთ კვირაში გურამ შარაძე მოკლეს“.

თქვენ წარმოიდგინეთ, მიუხედავად ამდენი დამტკიცებული დანაშაულისა, ქარდავა თავს მაინც უდანაშაულოდ მიიჩნევს (არ გაგიკვირდეთ, სააკაშვილის მოწაფეა), სანამ საქართველოში ჩამოაფრენდნენ, სოციალურ ქსელში მისმა მეუღლემ მეგისის სახელით წერილი გამოაქვეყნა, მიმართავდა სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩემი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცავითო. დაიცვეს, სულ ციმ-ციმ ჩამოაბრძანეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მეგისი უფრო შორს წავიდა, მისი მტკიცებით, ექსტრადირების პროცესი დააჩქარეს, ეს მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების აქტიაო, სამაგიეროდ ,,ქოცხელისუფლებამ’’ უნდა გადასცეს უკრაინას პოლიტიკური პატიმრებიო. შემდეგ კი ეს გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციული რუსული ღვარძლისა და ზიზღის პროპაგანდაზე დაფუძნებული წინასაარჩევნო კამპანიისთვისო. რა შუაშია აქ რუსული ღვარძლი და ზიზღის პროპაგანდა? მე პირადად არ გამიკვირდება, თუკი ხვალ მეგის ქარდავა განაცხადებს, ჩემი პროდასავლური იდეებისა და მიზნების გამო მებრძვიან, სწორედ ამიტომ დამაპატიმრეს, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარი გახლავართო. არც ის გაგიკვირდეთ, ევროპარლამენტარი კუბილიუსი რომ გამოვიდეს და თქვას, მეგისის გამოხედვაში აშკარად იგრძნობა ღრმად ევროპული ტრადიციები, დღევანდელობა და მომავალიო.

მეგის ქარდავამ დაწერა: ,,წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას - რაც სახეზეა“.

აჰა, ხომ გეუბნებოდით, ასე იზამს-მეთქი? ქალბატონ ვიოლა კრამონს ჯერ საგანგებო განცხადება არ გაუკეთებია? გააკეთებს, არ ინერვიულოთ. კუბილიუსიც მალე გამოეხმაურება ამ ამბავს. უბრალოდ აქ ერთი პრობლემაა,  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, მეგის ქარდავას ექსტარდირების საქმე არ შეიმჩნიონ. არც მათი ე.წ. ტელევიზიები აშუქებენ, საერთოდ არ ახსენებენ. ასეთია მათი დამოუკიდებელი პოლიტიკა. ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინულ ფილიალში სერიოზული განხეთქილებაა, განსაკუთრებით მეგის ქარდავას უახლოეს გარემოცვაში. კულუარული ინფორმაციით, საქართველოში მსჯავრდებულ დავით ჭაკუას ძმა - უკრაინაში მცხოვრები დიმიტრი ჭაკუა და მისი საახლობლო აღშფოთებულები არიან მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო - მეგის ქარდავას არ ვიცნობო. აღშფოთების საგანია: „ეხლა აღარ სჭირდება და ამიტომ არ იცნობს’’?!  

გიგი უგულავამ განაცხადა, ქარდავას არ ვიცნობ და ვნანობ, სანამ ძალაუფლება მქონდა, ასეთები არ გავაქრეო. როგორც იტყვიან, ესეც ემიჯნება, ეს ვირეშმაკა. აშკარად შეეტყო თბილისის ყოფილ ,,უმფროსს’’ უგუნებობა, არც ამას აწყობდა ჯალათის ჩამოყვანა, რას დაწერს და რას ილაპარაკებს, ვინ იცის? წესით, ბევრს უნდა აეწვას კუდი!

მეგისმა ფეხი დადგა თუ არა ქართულ მიწაზე, მუხლებზე დაეცა და ემთხვია.

თუმცა!

ქართულ მიწას ჯალათთა ცრემლების აღარ სჯერა, ის უნდა დაისაჯოს სამუდამო პატიმრობით. იმის ნაცვლად, რომ მოინანიოს, უკვე აცხადებს, პოლიტპატიმარი გახლავართო.

გელა ზედელაშვილი