ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის TBM-ით ბურღვის სამუშაოები დაიწყო

ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის TBM-ით ბურღვის სამუშაოები დაიწყო




ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, კობში 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვისა და სამშენებლო სამუშაოები დღეს დაიწყო.

გვირაბის მშენებლოობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა TBM (Tunnel boring machine), რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმუმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას.

გვირაბგამყვანი მანქანის საზღვაო გზით ფოთის პორტამდე ტრანსპორტირება დაშლილ მდგომარეობაში განხორციელდა, ხოლო უშუალოდ სამშენებლო მოედნამდე მისი გადაზიდვა, სწორედ რთული კლიმატური პირობებით გამოწვეული უგზოობისა და თავად ტვირთის გაბარიტულობის გამო, ეტაპობრივად გახდა შესაძლებელი. გვირაბგამყვანი მანქანის აწყობა უშუალოდ სამუშაოების წარმოების ადგილას რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პარალელურად კი (მთავარი გვირაბის გვერდით), დაიწყო საევაკუაციო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები.

გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM-ით) ქვეშეთისა და კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები დღეს დაიწყო. უსაფრთხოების მაღალი ხარისხისა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების უზრუნველყოფის გარდა, დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოსახვის (მოპირკეთების) სამუშაოსაც.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმიანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბები იქნება.

პროექტის შესაბამისად, ახალი გზის არეალში, მოხვდება შემდეგი სოფლები: ქვეშეთი, არახვეთი, ზაქათკარი, ბენიანი-ბეგონი, სვიანა-როსტიანი, მუღურე, წკერე და კობი.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო 1 საათით შეამცირებს.

ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით, რაც, ერთი მხრივ განტვირთავს კურორტის საგზაო მოძრაობას და მეორე მხრივ, თავად სატრანზიტო მიმოსვლა იქნება მეტად უსაფრთხო, ვინაიდან ამჟამად სატვირთო მანქანები რთული რელიეფის ვიწრო გზებით მოძრაობენ.

ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (ADB, EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM უწევს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

რთული კლიმატური პირობების გამო, ხადის ხეობაში, ადგილობრივი მოსახლეობა წელიწადში დაახლოებით 100 დღის განმავლობაში გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. დიდთოვლობისა თუ ზვავსაშიშროების გამო გზა ხშირად იკეტება და სადისტრიბუციო, სასწრაფო დახმარების და სატრანზიტო მანქანებიs მოძრაობა შეუძლებელი ხდება. შესაბმისად, ადგილობრივი მოსახლეობას თვეების განმავლობაში არ აქვს სამედიცინო თუ სხვა სოციალური მომსახურების მიღების საშუალება. ქვეშეთი-კობის ახალი გზით უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს გახდება შესაძლებელი.

ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების გარდა, ახალი გზა ეკონომიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია - გაიზრდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი, შეიქმნება ახალი ტურისტული მიმართულებები, რაც ადგილობრივებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. დამატებით, აშენდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზა და

ტურისტული ცენტრი, რაც უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის გადაადგილებას და გაზრდის რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.