ქუთაისში სფფ-ის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში სფფ-ის იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს




21 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ლევან კობიაშვილმა, კახა ჭუმბურიძემ, ალექსანდრე იაშვილმა, აკაკი ალადაშვილმა და ზაზა ზამთარაძემ ქუთაისში იმერეთის რეგიონის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. პროექტის დეტალებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი, ზაზა ლომინაძე, იმერეთის რეგიონის ვეტერან ფეხბურთელებთან და საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მშნებლობის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი: „ქუთაისში ფეხბურთის ფედერაცია მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აქ შენდება საფეხბურთო აკადემია ოთხი სტანდარტული ზომის მოედნით, სადაც ორი ასაკობრივი გუნდი იცხოვრებს. აღნიშნული აკადემია იქნება იმერეთის და ზოგადად, საქართველოს საფეხბურთო ცენტრი. დამეთანხმებით, რომ ქუთაისს არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი გაუზრდია ეროვნული ნაკრებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ფეხბურთის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში“.

პროექტის მიხედვით ადგილზე ორი ხელოვნური და ორი ბუნებრივსაფარიანი მოედანი მოეწყობა. ოთხივე მოედანი აღიჭურვება განათების სისტემით, ორ მოედანზე კი მოეწყობა ტრიბუნა. აკადემიის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, სადაც გასახდელები, სასადილო, საკონფერენციო, სავარჯიშო და სხვადასხვა ადმინისტრაციული ოთახები მოეწყობა.

პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული ინფრასტრუქტურით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმერეთის აკადემიის 14 და 15-წლამდე გუნდები ისარგებლებენ. აკადემიის აღსაზრდელების გარდა, კომპლექსის გამოყენება ადგილობრივ საფეხბურთო სკოლებს, მოყვარულთა და ქალთა გუნდებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიწა ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა. აღნიშნული პროექტი ფეხბურთის ფედერაციის, ფიფას პროგრამა FORWARD-ისა და უეფას HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდება. ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დასრულება 2022 წლის შემოდგომაზე იგეგმება.